ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნადარბაზევი

  1. (ქვემო ქართლის) (ქც 4: 323,10).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 323,10), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 50).

    ვახუშტი ბაგრატიონი ნადარბაზევის შესახებ გადმოგვცემს: „ჭივჭივის წყალი სდის ბენდერის მთასა და მოდის სამხრით; არს ვენახოვანი, ხილიანი, არამედ მთისკენ არა. ამის სადინს არს ნადარბაზევი, თამარ მეფის ნასასახლევი. აქა არს ტბა მცირე“ (ქც 4: 323,8-11).

    მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიც-ში, თეთრი წყაროს ჩრდილო-დასავლეთით, 11 კმ-ის დაშორებით, თეთრი წყარო-ივანოვკის გზაზე.

    1948-1949 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) თეთრი წყაროს მუნიც-ში აწარმოებდა ფართო დაზვერვით და გათხრით სამუშაოებს. ნადარბაზევსა და მის მიდამოებში ექსპედიციამ გამოავლინა სხვადასხვა პერიოდისა და ხასიათის მრავალი ძეგლი (ლომთათიძე 1989: 22-45). ნადარბაზევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1,5 კმ-ის დაშორებით, გზის პირას მიაკვლიეს პატარა ყორღანს, რომლის სიმაღლეა 0,7 მ, დმ 50 მ. ნადარბაზევის მახლობლად, ნასოფლარ ტყემლარადან აღმოსავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით, ე. წ. უნაგირა გორაზე, ტყის კორდზე გამოვლინდა 3 მცირე ზომის ყორღანი, რომელთა სიმაღლეა 0,7 მ, დმ 6 მ. ნადარბაზევიდან 200-ოდე მ-ის დაშორებით მდებარეობს ნასოფლარი, რომლის დასავლეთით, 800 მ-ის დაშორებით მცირე სოფლის ნაშთები და დარბაზული ტიპის პატარა ეკლესიაა, ნაშენი მოზრდილი, კარგად გათლილი კვადრებით. სავარაუდოდ, ეს სოფ. ავაზანი უნდა იყოს. ნასოფლარ ნადარბაზევის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით, მდ. ტორნეს შენაკადის მაღალ ნაპირზე განფენილია დიდი ნასოფლარი. შენობათა შორის შეიმჩნევა ძველი ეკლესიის ნანგრევი. შესაძლოა ეს სოფ. გვარეთი იყოს. ნადარბაზევის სასახლის ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე, ხშირ მუხნარში დიდი ნასოფლარია. იქ შეიმჩნევა საცხოვრებელი შენობების ნაშთები და გალავანში მოქცეული შენობა, ალბათ ადგილობრივი ფეოდალის სასახლე. მის მახლობლად დგას დარბაზული ტიპის ეკლესია. სასახლე და ეკლესია XIV ს-ზე გვიანი არ ჩანს. ნასოფლარი სავარაუდოდ ძველი ტყემლარა უნდა ყოფილიყო. მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. ჭივჭავას ნაპირზე შემორჩენილია ნასოფლარის ნაშთები და სასაფლაო. ნადარბაზევის სამხრეთ-დასავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით, ე. წ. უნაგირა გორაკზე, ტყეში დიდი ნასოფლარია, რომელიც თითქოს გალავნითაც ყოფილა გამაგრებული. ნადარბაზევის დასავლეთით, 1,5 კმ-ზე, მდ. ტორნეს შენაკადის მარჯვენა მხარეს მონასტრის ნანგრევებია, რომლებიც IX-X სს-ის უნდა იყოს. ეკლესიის ირგვლივ შემორჩენილია საცხოვრებელი შენობები და გალავნის ნაშთები. ერთი ნაგებობა სამშენებლო წარწერის მიხედვით სატრაპეზოს წარმოადგენს. ნასოფლარ ტყემლარას (?) აღმოსავლეთით, მდ. ჭივჭავას ნაპირას გამოკვეთილია მცირე გამოქვაბული, რომლის ზომებია: სიგრძე 6 მ, სიგანე 2,5 მ, სიმაღლე 2 მ (ციციშვილი 1979: 47; 1979ა: 5).

    ნადარბაზევის ახლომახლო, დაზვერვების შედეგად მიკვლეული ძეგლებიდან ზოგიერთი არქეოლოგიურადაა შესწავლილი. 1949 წ. ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხარა თამარ მეფის ნასასახლევად მიჩნეული ნადარბაზევის სასახლე და მისგან ორასიოდე მ-ით დაშორებული ნასოფლარი, რომელსაც პირობითად „ნადარბაზევის ნასოფლარი“ ეწოდა (ლომთათიძე 1974: 120-134).

    ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) 1949 წ. მცირე მასშტაბის, ხოლო 1953-1956 წწ. სისტემატურ გათხრებს აწარმოებდა ნადარბაზევის მახლობლად, მდ. ჭივჭავას მარჯვენა ნაპირზე მდებარე ნასოფლარ „ნაჭივჭავებზე“ (გძელიშვილი 1964ა: 731). 1957-1959 წწ. იმავე ინსტიტუტის თეთრი წყაროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. გობეჯიშვილი) გათხარა ჯერ კიდევ 1952 წ. დაზვერვების შედეგად მიკვლეული №2 ყორღანი. სამარხის მახლობლად გამოვლინდა კიდევ 6 ყორღანი, რომელთაგან ერთი (№4), ექსპედიციამ 1961 წ. შეისწავლა. ერთი ყორღანი განძის მაძიებლებს გაუთხრიათ (გობეჯიშვილი 1980: 15-33).

    ნადარბაზევის ყორღანი №2 მდებარეობს თეთრი წყაროდან ივანოვკისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ლოგრაშენის სათიბ-საძოვრებში, უსახელო ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირის ზემოთ, ნადარბაზევის მახლობლად. ყორღანის სიმაღლეა 4 მ, დმ 70 მ-მდე. ყრილი წაგრძელებული იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ყრილი დასაკრძალავი კამერის თავზე შედგებოდა კულტურული ნაშთების შემცველი ქვის ე. წ. „ჯავშნისაგან“, რომლის შუაგული ჩაწოლილი იყო სამარხ კამერაში (8,6X5,4X2,2 მ). ამ ქვაყრილის ზემოთ დაზვინული იყო 3 მ სისქისა და 10-12 მ დმ-ის კულტურული ნაშთების შემცველი შავი ჰუმუსური თიხის ყრილი. ყორღანის ყრილის გარეთა ნაწილი შედგებოდა თითქმის უმინარევო მოწითელო-მოოქროსფრო თიხისაგან. ყრილში ჩაშვებული იყო შუა საუკუნეების 3 უინვენტარო სამარხი. ყორღანის დასაკრძალავი კამერა სწორკუთხა ორმოა, რომლის იატაკი მოსწორებულია ქვის წვრილი ნატეხებითა და მიწით. წაბლისფერი თიხით მოლესილ-მოსწორებულ ბაქნებზე, სამარხეული ნივთების ქვეშ ჭილოფის ფრაგმენტები და მისი ანაბეჭდები აღმოჩნდა. სამარხის ჩრდილო კედლის შუა ნაწილიდან 1 მ-ის დაშორებით გამოვლინდა მიცვალებულის თითქმის მთლიანად დაშლილი ჩონჩხი, რომელსაც არ ახლდა კისრის მალებისა და თავის ქალის ძვლები. მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, ფეხებით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. ძვლებს ემჩნეოდა წითელი საღებავის კვალი. კერამიკული მასალა სამ ჯგუფად იყო გაბნეული სამარხის დასავლეთ ნაწილში. თიხის ნაწარმი წარმოდგენილია შავპრიალა ზედაპირისა და ვარდისფერი სარჩულის მქონე დერგებით, მცირე ზომის ზედაპირნაპრიალები თხელკეციანი ჭურჭლის ნატეხებით. იქვე აღმოჩნდა ძვლის ისრისწვერის ნატეხი და ბრინჯაოს სამჯერადი ხვია-რგოლის ფრაგმენტი. გარდა ამისა, სამარხში აღმოჩნდა: ობსიდიანისა და მოთეთრო კაჟის ისრისწვერები, შურდულის ქვები; რქის, ძვლისა და თეთრი პასტისებური მასალის მინიატურული ნივთები, რომლებზეც სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებია ამოღარული: ჯვარი, რომბები, სწორკუთხედებით შედგენილი ბადეები, ღარები და სხვ. ერთმანეთზე მიჟანგებული სპილენძის მცირე საგნების ჯგუფი; ძვლის სამი ისრისწვერი, ჰემატიტის ბირთვი, სპილენძის ყუამილიანი ცული; ბრტყელი ცული, სატეხი, სადგარი, სატევარისპირი, ვერცხლის სატევრისპირი; ძვლის სამი ცილინდრული მოყვანილობის ნივთი; ქვის სალესი; საბეგველი და სხვ. ყორღანი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულით ან ძვ. წ. III-II ათასწლეულის მიჯნით (გობეჯიშვილი 1980: 133).

    აღწერილი სამარხიდან აღმოსავლეთით, 1 კმ დაშორებით მდებარეობს ყორღანი №4, რომელიც №2 ყორღანთან ქვის ბილიკით იყო დაკავშირებული. სამარხის ქვამიწაყრილის სიმაღლეა 1,5 მ, დმ 28-31 მ. კრატერისებული ღრმულის ქვემოთ მდებარეობდა დაუმუშავებელი ქვის ფილებით შეკრული უსახურავო დიდი სამარხი, რომელიც ყრილის ლოდებითა და მიწით იყო ამოვსებული. კედლები შედგენილია 4-6 ლოდითა და წვრილი ქვებით. დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. მისი ზომებია: სიგრძე 3,5 მ, სიგანე 2,5 მ. სამარხის შუაგულში ამოღებულია კუთხეებმომრგვალებული ორმო, რომლის სიგრძეა 1,1 მ, სიღრმე 0,6 მ. არც ორმოში და არც მის გარეთ მიცვალებულის ჩონჩხი არ აღმოჩენილა. სამარხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან გამოვლინდა მორგვზე გამოყვანილი ნაცრისფერკეციანი პატარა ქოთანი. მასთან ერთად აღმოჩნდა ცილინდრული ფორმის სასმისის ქვედა ნაწილი. ცოტა მოშორებით გაფანტული იყო სარდიონის 40 მძივი. ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, იატაკის დონესთან შედარებით 10 სმ-ით მაღლა აღმოჩნდა მრგვალ-ბრტყელი მოყვანილობის ტალკის მძივი, რომლის ორივე გვერდზე ამოკვეთილია ოთხ-ოთხი წრე, შუაგულში წერტილით. აღწერილი მასალიდან სრულიად განსხვავდება შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი კერამიკის წვრილი ნატეხები, რომლებიც ეკუთვნის რამდენიმე სხვადასხვა ჭურჭელს. მათ არ ემჩნევა მორგვზე დამზადების კვალი. ორმოს ძირზე ნაპოვნია გიშრის მძივი. სამარხში აღმოჩნდა სამი ცალი ოქროს მრგვალი მძივი, ობსიდიანის ფრაგმენტები, ხის დამუშავებული ფრაგმენტები, ურმის ხის დეტალები (ღერძი, თვალი, უღლის რიკი და სხვ.), ჭილოფის ფრაგმენტები და მისი ანაბეჭდები. სამარხის ზედა დონის თხრისას გამოვლინდა ბრინჯაოს ღერო. სამარხეული მასალა ორი სხვადასხვა პერიოდისაა. პირველი ჯგუფი გვიანბრინჯაოს ხანისაა და ეკუთვნის იმ მიცვალებულს, რომლის სამარხისთვისაც გამოუყენებიათ უფრო ადრინდელი ყორღანი. მერე ჯგუფის ნივთები შუა ბრინჯაოს ხანისაა და თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით (გობეჯიშვილი 1980: 30-33). ყორღანების არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

    ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი მდებარეობს თეთრი წყაროს ჩრდილო-დასავლეთით, 11 კმ-ის დაშორებით, შემაღლებულ ადგილზე, რომელიც 4-5 მ სიმაღლის, ამჟამად საკმაოდ დანგრეული გალავნითაა შემოზღუდული და მოიცავს 2,8 ჰა ფართობს. გალავნის კედლების ორივე პერანგი თლილი ქვაა, რომელთა შუა ქვაღორღი და სქელი დუღაბია. გალავანს ოთხი თუ არა, სამი ჭიშკარი მაინც უნდა ჰქონოდა. მთავარი ჭიშკარი, რომლის სიგანეა 2,9 მ, სამხრეთიდანაა, სასახლის მთავარი ფასადის პირდაპირ. სასახლისაკენ მიმავალი გზა მოკირწყლულია ნაპირებზე მსხვილი და შუაში წვრილი ქვებით. გალავნის შიგნით არაერთი ნაგებობა ყოფილა. მათგან მხოლოდ ორია შედარებით უკეთ შემორჩენილი. პირველი შენობა სასახლეა. ის გეგმით მოგრძო ოთხკუთხედია (17,77X12,8 მ), რომელსაც ოთხი კარი აქვს. სამი კარი დარბაზს გარეთა სივრცესთან აკავშირებდა, მეოთხე გადიოდა დამხმარე სადგომში. შესასვლელებს თაღოვანი ტიმპანი ჰქონიათ. დარბაზი ნათდებოდა ექვსი სარკმლით, რომლებიც განლაგებულია სამივე შესასვლელის ორივე მხარეს. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების კუთხეებში წყვილ-წყვილად დატანებულია ოთხი სწორკუთხა ნიში. სასახლის კედლები ამჟამად 5-6 მ სიმაღლისაა, მაგრამ თავდაპირველად სასახლე გაცილებით მაღალი ყოფილა. კედლების შიდაპირი ნაშენია ბაზალტის დიდი ქვებით, რომელთა ზედაპირი კარგადაა გათლილი, მაგრამ კიდეები უსწორმასწოროა და ერთმანეთთან მჭიდროდ ვერაა მიჯრილი. საფიქრებელია, რომ დარბაზი შელესილი და შესაძლოა მოხატულიც ყოფილიყო. დარბაზში გამოვლინდა სვეტის ოთხი ბალიში. სამი მათგანი ბაზალტის გათლილი მსხვილი კვადრია, მეოთხისთვის გამოუყენებიათ ბუნებრივი კლდე, რომლის ზედაპირი ოდნავ გათლილია და მიცემული აქვს ბალიშის ფორმა. დარბაზის შიდა გადახურვა, ეტყობა, ჰორიზონტალური იყო. სასახლის ზედა სართულის კვალი არ ჩანს, თუმცა არაა გამორიცხული, ის ორსართულიანი ყოფილიყო. დარბაზის გარეთ, გალავნის ტერიტორიაზე და ზოგიერთი გვიანდელი შენობის კედლებში აღმოჩნდა ოთხი მოზრდილი ბაზისი, რომლებიც თავის დროზე დარბაზის სვეტებს უნდა ჰკუთვნებოდა. სვეტების ფრაგმენტები არ შემორჩენილა. დარბაზის ფასადები შემოსილია დამუშავებული ბაზალტის ქვებით, ჰორიზონტალური რიგების ნაწილობრივ დაცვით. დარბაზს დასავლეთიდან ეკვრის დამხმარე სადგომები, რომელთანაც იგი დაბალი კარითაა დაკავშირებული. შესასვლელი აქაც სწორკუთხა ფორმისაა, ტიმპანით. სადგომის ზომებია 7,2X6,4 მ. დამხმარე სადგომის კედლები დარბაზის კედლებთან კონსტრუქციულად არაა დაკავშირებული, მაგრამ ორივე ერთდროულადაა აგებული. სასახლის კედლებზე მორთულობის ელემენტები არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით მთავარი კარის თაღის მარტივ პროფილიან იმპოსტებსა და აღმოსავლეთის ფასადზე მარჯვენა სარკმლის დაბალი რელიეფით შესრულებულ თავსართს. სახურავი ორფერდა ჰქონია. გადახურული ყოფილა ბრტყელი კრამიტით, რომელთაგან ზოგიერთზე რელიეფური სტილიზებული ყვავილია გამოსახული. სასახლე IX-X სს-ით თარიღდება და მიჩნეულია მეფის ან რომელიმე დიდი ფეოდალის საზაფხულო რეზიდენციად. ის XI-XIII სს-ში ინტენსიურად ყოფილა გამოყენებული (ციციშვილი, ზაქარაია 1955: 101-106).

    სასახლის დასავლეთით, ოციოდე მ-ის დაშორებით მეორე ნაგებობაა, რომელიც გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია (17,05X6,12 მ). კედლები ოთხიოდე მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. შენობის შესასვლელი სამხრეთიდანაა. ის სწორკუთხაა და შიგნიდან ტიმპანიც ახლავს. შესასვლელში მოწყობილი ყოფილა საკეტის სისტემა, კედელში დატანებული სპეციალური მრგვალი ქვით, რომელშიც მაგრდებოდა კარის ჩარჩოს თავი. გვერდით კედლებში შემორჩენილია ურდულის ბუდეები. შენობის სარკმლებიდან ორი შემორჩენილია შესასვლელის ორივე მხარეს. ნაგებობის კედლებში დატანებულია სხვადასხვა ზომის თაღოვანი მაღალი ნიშები. მათგან ხუთი დასავლეთის, სამი აღმოსავლეთის და ორი ჩრდილოეთის კედელშია. იატაკი მოგებული ყოფილა მომწვანო ფერის თხელი ქვის ფილებით. კედლების გარეპირი ისევეა შემოსილი, როგორც სასახლის კედლები. გარედან შენობის კედლებს შემოვლებული ჰქონია თლილი ქვის ერთსაფეხურიანი ცოკოლი. შენობა სასახლის დამხმარე ნაგებობას წარმოადგენდა. ამ შენობასა და სასახლეს შორის სწორკუთხა გეგმის (5,1X2,77 მ) აგურის ნაგებობის ნანგრევია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. შენობა აბანოს ან წყლის აუზს წააგავს. სასახლის ტერიტორიაზე შეიმჩნევა სხვა ნაგებობებიც, მაგრამ მათი ფუნქციის განსაზღვრა არ ხერხდება (ციციშვილი, ზაქარაია 1955: 107, 108).

    ნადარბაზევში აღმოჩენილია წყალსადენი, რომლის სათავე მდებარეობს სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ექვსიოდე კმ-ის დაშორებით. ტრასა ჩამოდის მთის ფერდობზე, გადის დაბლობზე და ამოდის ბორცვზე, რომელზეც განლაგებულია სასახლის ნაგებობები. მილსადენი ადგება სასახლის გალავანს ჩრდილოეთიდან, გადის მის ქვეშ და მიემართება ზევით, უვლის სასახლეს სამხრეთი მხრიდან 15 მ-ის მანძილზე და იკარგება ახლოს მდებარე აგურის შენობასთან. მილსადენი შედგენილია ცალკეული კერამიკული მილებისაგან (სიგრძე 45 სმ). წყალსადენი აგებულია მძლავრი ჭავლის პრინციპზე, რაც მიღწეულია მილსადენის კვეთის თანდათანობით შემცირებით. შესაბამისად წყლის წნევისათვის გასაძლებად იზრდება მილების კვეთის სისქე. მილსადენის მოსაწყობად ნიადაგსა და კლდეში გაჭრილია ქვის ფილებით შემოღობილი 18 სმ-ის სიგანის არხი, რომელიც დუღაბის სქელი ფენითაა ამოლესილი. მილებს ზემოდან ფარავდა 8 სმ სისქის ქვიშის ფენა, რომელიც გადახურულია მომწვანო ფერის ფილაქნით. წყალსადენის მიმართულების შესაცვლელად ადგილ-ადგილ გამოყენებულია მკლავები – სპეციალურად დამზადებული მოღუნული თიხის მილები. წყალსადენი აგებული უნდა იყოს XII-XIII სს-ის მიჯნაზე (ციციშვილი 1950: 527-534).

    ნასასახლევის ტერიტორიაზე გათხრები რამდენიმე ადგილას წარმოებდა: საკუთრივ სასახლეში, მასთან ახლოს მდგარ დამხმარე ნაგებობაში, აბანოსა თუ აუზში, მოგრძო სვეტებიან ნაგებობაში, გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარ ჭიშკართან, გალავნის ჩრდილო ნაწილთან. გათხრები შეეხო წყალსადენსაც. სასახლის გაწმენდისას გამოვლინდა სამი ფენა, მათგან ზედა ორი XIX-XX სს-შია წარმოქმნილი და ამდენად ინტერესმოკლებულია (XIX ს-ში ნასასახლევი რუსის ჯარს ყაზარმად გამოუყენებია. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ნანგრევებს დღესაც „ყაზარმებს“ უწოდებს). სულ ქვედა, მესამე ფენის არქეოლოგიური მასალა XI-XIII სს-ს განეკუთვნება. სასახლისა და დამხმარე ნაგებობების გათხრებისას აღმოჩნდა ვერცხლის გაცვეთილი მონეტა და ლაშა-გიორგის (1207-1222) სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტა. მოუჭიქავ თიხის ჭურჭელს შორის გვხვდება: წითლად გამომწვარი, რელიეფური სარტყლებით შემკული ქვევრებისა თუ ქოცოების ნატეხები, დერგების ფრაგმენტები, ჯამი და სხვ. მოჭიქული ჯამების ნატეხებში სჭარბობს ცისფრად მოჭიქული ნიმუშები. არის მწვანედ და სოსნისფრად მოჭიქული ცალებიც, რომელთა ორნამენტი წარმოდგენილია ამოღარული მარტივი გეომეტრიული სახეებითა და კლაკნილი ხაზებით. შედარებით ნაკლებია მრავალფრად მოჭიქული ჯამები. განათხარ კერამიკაში გვხვდება კრამიტები, რომელთა საშუალო ზომაა 20X35 სმ. კრამიტები მოყვანილობით ნაკლებტრაპეციულია. აკეცილი გვერდები მცირედაა შემაღლებული. ფართო ბოლოში აქვთ დაბალი, გარდიგარდმო ღობე. კრამიტების ერთი ნაწილის ფართო ბოლოზე წარმოდგენილია ძლიერ სტილიზებული სამყურა ყვავილისა თუ ფოთლის რელიეფური გამოსახულება. ამგვარი კრამიტი უნდა დაწყობილიყო მხოლოდ სახურავის გამოსაჩენ, განაპირა ნაწილებში. გათხრებისას აღმოჩნდა მინის სხვადასხვა ფერის (მეტწილად შავი) სადა და გრეხილი სამაჯურები, აგრეთვე სარკმლის მინის ფრაგმენტები (ლომთათიძე 1989: 34-37).

    სასახლის გალავნიდან 200-ოდე მ-ის დაშორებით მდებარეობს ნასოფლარი, სადაც 1949 წ. გაითხარა მისგან ჩრდილო-დასავლეთით, განაპირას მდებარე სწორკუთხა ნაგებობა, რომლის ყველაზე უფრო მაღალი კედელი შემორჩენილი იყო ჩრდილო-აღმოსავლეთით. განივი კედელი თანდათან დაბლდებოდა და სამხრეთ-დასავლეთ ბოლოში მიწასთან იყო გასწორებული. კედლები ნაშენია მოშავო-რუხი ანდეზიტ-ბაზალტის დიდი დაუმუშავებელი ლოდებით, რომლებიც ერთმანეთზე ცუდად იყო მორგებული. წყობა მშრალია. ფართო შესასვლელი შენობას გრძივ კედელში ჰქონია. ნაგებობის გათხრებისას გამოვლინდა კერამიკის ნატეხები, რომელთა შორის მოუჭიქავი ჭურჭელი სჭარბობდა. აქვე აღმოჩნდა ორი აგური (30X30X3 სმ; 25X25X4 სმ). შენობის ჩრდილო-დასავლეთ კედელთან გამოვლინდა მოჭიქული ჯამი და მომწვანო მინის სუსტად გრეხილი სამაჯურის ნატეხი. ნაგებობაში აღმოჩნდა მინის ჭურჭლის ნატეხები და ხელსაფქვავის ზედა ქვის ფრაგმენტი. ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელთან ჩადგმული იყო თონე, რომელსაც გარშემო წიბო შემოუყვებოდა (თონის ზომებია: სიმაღლე 0,67 მ, დმ 0,7-0,8 მ, კედლის სისქე 3-5 სმ). სოფელს არსებობა უნდა შეეწყვიტა XIII ს-ის მეორე ნახევარში ან XIV ს-ში (ლომთათიძე 1989: 40-42).

    ნასოფლარი „ნაჭივჭავები“ მდებარეობს მდ. ჭივჭავას მარჯვენა ნაპირზე, ნადარბაზევიდან 6 კმ-ის დაშორებით. „ნაჭივჭავები“ ნასოფლარის პირობითი სახელია. ნასოფლარზე გათხრილი ერთი ნაგებობა შედგება ხუთი ოთახისაგან. მათგან ერთი დარბაზია, რომელშიც კერა იყო გამართული. დანარჩენები დამხმარე სათავსოებია, სადაც აღმოჩნდა კერები, თონეები, სამეურნეო დანიშნულების ორმოები, ქვევრები. ნაგებობა ერთსართულიანია, ბანური გადახურვით. კედლები ქვის მშრალი წყობითაა ნაშენი. ნაგებობას წინ დერეფანი ჰქონია. შენობის გათხრებისას გამოვლინდა მოუჭიქავი ხელადები, დოქები, ყურიანი და უყურო ქოთნები, ფიალები, ჯამები, აგრეთვე ერთფრად და მრავალფრად მოჭიქული ჯამები.

    აღნიშნული ნასახლარის ჩრდილოეთით, 20 მ-ის დაშორებით გაითხარა მეორე ნასახლარი, რომელიც მშენებლობის ტექნიკით არ განსხვავდება აღწერილი ნაგებობისაგან. დაქანებული რელიეფის გამო დარბაზში კიბით შედიოდნენ. მის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა ქვებით შედგენილი ოთხკუთხა კერა. დარბაზი სამეურნეო დანიშნულების სათავსოებს უკავშირდებოდა შიდა კარით. დამხმარე ნაგებობებში გამოვლინდა ქვებით შედგენილი ოთხკუთხა კერები და სხვადასხვა ზომის თონეები. ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა თონე. რამდენიმე ადგილას გამოვლინდა სვეტის ქვის ძირები. ნაგებობის შესასვლელ კართან უწესრიგოდ იყო დაფლული ორი მოზრდილი და ორი ბავშვის ჩონჩხი. განათხარი მასალა წარმოდგენილია მოუჭიქავი ჭურჭლის ფრაგმენტებით. მინის ნივთებიდან გვხვდება სამაჯურის ნატეხები, ძვლის ნივთებიდან – სადგისი. რკინის ნივთებში გამოირჩევა: ლურსმნები, დანის, აბზინდისა და ნამგლის ფრაგმენტები.

    ნასოფლარის დასავლეთ უბანში გაითხარა ერთი ნასახლარი და ორი ეკლესია. ნასახლარი შედგებოდა დარბაზისა და დამხმარე სათავსოებისაგან, სადაც აღმოჩნდა სვეტის ქვის ძირები. არქეოლოგიური მასალა ფორმა-ზომებითა და შემკულობით ძირითადად სხვა ნაგებობებიდან მომდინარე მასალას იმეორებს. ეკლესია ნაგებია ქვით. წყობა მშრალია. აფსიდაში აღმოჩნდა ყვითელი ტუფის პრიზმული მოყვანილობის სატრაპეზო ქვა. იქვე გამოვლინდა ანდეზიტის პატარა სტელა, რომელზეც ხელებია გამოსახული და ყვითელი ტუფის კანკელის მრგვალი სვეტის ფრაგმენტი. ნასოფლარის ცენტრში მდებარეობს მეორე ეკლესიის ნაშთი (2,8X5,05 მ), რომლის კედლები კირის დუღაბითაა ამოყვანილი და ანდეზიტის გათლილი კვადრებით ყოფილა მოპირკეთებული. საკურთხეველი იატაკიდან ორი საფეხურით იყო ამაღლებული. იატაკი მოგებული ყოფილა ქვის ფილებით. ეკლესიის სამხრეთით, კედლის წინ აღმოჩნდა ყვითელი ტუფის ოციოდე დამუშავებული ფრაგმენტი, აგრეთვე ღარიანი და ბრტყელი კრამიტის ნატეხები. კანკელის ორნამენტის მიხედვით, ეკლესია XIII ს-ით თარიღდება. კანკელის ფრაგმენტის ქვეშ აღმოჩნდა ანდეზიტის ქვა, რომელზეც ადამიანების, ცხოველების, ფრინველებისა და ჯვრის სქემატური გამოსახულებებია წარმოდგენილი.

    მდ. ჭივჭავას მარცხენა ნაპირზე გამოვლინდა წისქვილის ნაშთები. ნასოფლარის ამ უბანზე, ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა ქვის კანკელის ფრაგმენტები. ერთ-ერთი ქვა შემკულია რელიეფური ჯვრითა და მის აქეთ-იქით გამოსახული წმინდანებით. კედლის სამხრეთ კედელთან გამოვლინდა ორი უინვენტარო სამარხი. ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა: ქვევრების, ქილების, დოქების, ხელადების, ქოთნების, ქვაბქოთნების, ხუფების ნატეხები. აგრეთვე მოჭიქული ღარისებური კრამიტის ნატეხები, მინის სამაჯურები, რკინის ნალი, ლურსმანი, კავი, სალესი ქვები, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ძვლები. ნასოფლარი XI-XIII სს-ით თარიღდება. ნასოფლარის თხრისას სხვადასხვა ადგილას, ქვედა ფენებში ხშირად ჩნდებოდა შავპრიალა ჭურჭლის ნატეხები, ნავისებური ხელსაფქვავები, ობსიდიანის ანატკეცები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განვითარებული შუა საუკუნეების ნასოფლარი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე ყოფილა გაშენებული (გძელიშვილი 1954: 311-319; 1956: 89; 1956ა: 667-672; 1964ა: 731-736).

    ნასოფლარის სამაროვანზე, რომელიც იქვე მდებარეობს, გვხვდება ბრტყელი და ქანდაკოვანი საფლავის ქვები, მათგან ერთი საფლავი 1940 წ. შეისწავლეს. მასიური ქვის ბრტყელ ზედაპირზე გამოსახულია ორი ადამიანი. მათ შორის ამოღარულია სამი შვეული, პარალელური ხაზი. მარცხნივ გამოსახული ადამიანი გულხელდაკრეფილია, მის მარჯვნივ კომბალი, ყელთან კი ხელადის მსგავსი ჭურჭელია წარმოდგენილი. მარჯვნივ მდგარს, მარჯვენა ფეხთან აქვს ერთი სატევარი, მარცხენა ფეხთან გუთანი, ზემოთ კი ისევ სატევარი, კულა და ორი მრგვალი საგანი. საფლავის ქვას აღმოსავლეთით ედგა სწორკუთხად ამოკვეთილი ქვა, რომელშიც, როგორც ჩანს, ქვისავე ჯვარი მდგარა. თითქმის უშუალოდ ლოდის ქვეშ აღმოჩნდა რკინის ცული. სამარხში აღმოჩნდა ორი მიცვალებული, რომელთაგან ერთი ქრისტიანული წესით იყო დაკრძალული, მეორე მიცვალებულის მხოლოდ თავი იყო ჩასვენებული. სამარხი უინვენტაროა. სავარაუდოდ, თარიღდება XIV-XV სს-ით (ლომთათიძე 1989: 43, 44). „ნაჭივჭავების“ არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილი სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
  2. (შიდა ქართლის) (ქც 4: 511,26).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 511,26), მატიანე ქართლისა (ქც 1: 313,14), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (სიმონ მეფის არზა ... 1980: 161; ქრონიკები 1897: 332; საქ. სიძ. 1909: 297; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 160; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 119-121; 1970: 617, 692, 1058, 1061, 1062; 1972: 522), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39).

    მდებარეობს გორის მუნიც-ში, უფლისციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კვერნაქის თავზე.

    მეფე ბაგრატ IV (1027-1072) ოსთა მეფე დურღულელს ნადარბაზევს შეხვედრია „დიდი ზეიმითა და პატივითა“ (ქც 1: 313,14). XVIII ს-ის 30-იან წლებში ნადარბაზევთან ქართველ-ოსმალთა და ლეკთა რაზმებს შორის ბრძოლა ქართველ-ოსმალთა გამარჯვებით დამთავრდა (ქც 4: 511,20-27).

    ნადარბაზევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

    საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნადარბაზევია ცნობილი. კერძოდ: სამუხრანბატონოში (ბაგრატიონი 1986: 33); მდ. თეძმის ხეობაში (ბაგრატიონი 1986: 31); ხაშურის მუნიც-ში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში (სძა 1990: 440); ჯავის მუნიც-ში, მდ. ჯეჯორის ხეობაში (გიულდენშტედტი 1962: 105; 1964: 67; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 79, 80) და სხვ.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 31, 33, 39, 50, 78; გიულდენშტედტი 1962: 105; 1964: 67; გობეჯიშვილი 1980: 15-30; გძელიშვილი 1954: 311-319; 1956: 89-96; 1956: 667-672; 1964ა: 731-736; ლომთათიძე 1966ა: 7; 1974: 120-131; 1977: 128, 133; 1989: 30-45; ლორთქიფანიძე 1935: 333; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 160; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 79, 80; საქ. არქ. 1992: 200, 201; სძა 1990: 440; საქ. სიძ. 1909: 297; სიმონ მეფის არზა ... 1980: 161; ქართლ-კახეთის მონასტრების ... 1903: 68; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 119-121; 1970: 617, 692, 1058, 1061, 1062; 1972: 522; ქრონიკები 1897: 332; ქც 1: 313,14; ქც 4: 323,10; 511,26; ციციშვილი 1950: 527-534; 1979: 47; 1979ა: 5; ციციშვილი, ზაქარაია 1955: 101-114; ჯაფარიძე 1991: 145.
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9