ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნავარძეთი 

ციხე (ქც 4: 752,14,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 752,14,15; 759,18,19; 869,21,24,26; 870,3; 891,2,18), XI, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ისტ. საბ. 1913: 42-44, 61; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 160, 161; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 40; პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 45), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 177), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 301).

ვახუშტი ბაგრატიონი ნავარძეთის შესახებ გადმოგვცემს: „სუერის ხევის შესართავს ზეით, ყვირილის ჩდილოთ კიდურსა ზედა, არს ნავარძეთს ციხე“ (ქც 4: 759,17-19).

მდებარეობს ჭიათურის მუნიც-ში, ჭიათურიდან 4 კმ-ის დაშორებით, მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ნავარძეთის ტერიტორიაზე.

წყაროებში მოხსენიებულია XI ს-იდან (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 40). 1709 წ. იმერეთის მეფე გიორგი VI-მ (1703-1711) ნავარძეთის ციხე აიღო (ქც 4: 870,3). 1740-1741 წწ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ (1720-1752) ვახუშტი აბაშიძე ნავარძეთის ციხეში გამოამწყვდია (ქც 4: 891,2,3; ორბელიანი 1981: 45; დადიანი 1962: 177). ნავარძეთზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა (ბერძენიშვილი 1964: 17, 19, 22).

ნავარძეთის ტერიტორიიდან ცნობილია რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი. 1958 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყვირილის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ.თუშაბრამიშვილი) სოფ. ნავარძეთში „სამელე კლდეში“ მიაკვლია ქვის ხანის ძეგლს (თუშაბრამიშვილი 1959: 8, 9).

1964 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის არგვეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. აბრამიშვილი) „სამელე კლდის“ გამოქვაბულებში აღმოაჩინა რკინის გამონამუშევრები. გამოქვაბულის წინ გამოვლინდა რკინის საწური ქურის ნაშთი, რომელიც ადრერკინის ხანით თარიღდება. ქურის ქვეშ აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ზოომორფული ყური. დაზვერვებმა გამოავლინა რკინის წიდები, თიხის საბერველი მილის ნატეხები; ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი კონუსისებრი სასმისისა და პირშეზნექილი თიხის ჯამის ნატეხები (აბრამიშვილი 1965: 34-41).

საქართველოს ხელოვნების სახ. მუზეუმის საირხის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ჯ. ნადირაძე) დაზვერვების შედეგად ნავარძეთის ბორცვზე მიაკვლია I ათასწლეულის პირველი ნახევრის ნასახლარს (ნადირაძე 1990: 9).

1964-1967 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყვირილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. თუშაბრამიშვილი) შეისწავლა ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ძეგლი „სამელე კლდე“, სადაც გამოვლინდა 2,5 მ სისქის ფენა, რომელშიც გამოიყო სამი ჰორიზონტი. არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია კაჟის პრიზმული ნუკლეუსები, დანისებური ლამელები, საფხეკები, ფოთლისებური ისრისპირები, შუბისპირები. სადგისები და მახათები ლულოვანი ძვლისგანაა დამზადებული. იქვე აღმოჩნდა რქის თოხისმაგვარი მიწის საჩიჩქნი იარაღი. კერამიკის ნატეხები ძირითადად მსხვილმინარევიანი თიხისაგან დამზადებული ქოთნისებური და ქილისებური ჭურჭლებისაა. გამოვლენილი მასალა მიეკუთვნება ნეოლითს, ენეოლითსა და ადრებრინჯაოს ხანას. ძეგლი თარიღდება ძვ. წ. VI-IV ათასწლეულით (ჯავახიშვილი 1971). ნავარძეთის ძეგლებზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახ.საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრი).

მდ. ყვირილას მარცხენა ნაპირზე შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ციხე გვირაბით მდინარესთან ყოფილა დაკავშირებული. მის ტერიტორიაზე მდგარა ეკლესია და სასახლე. სოფელში შემორჩენილია მიძინების – „თირის ეკლესია“. მის მახლობლადაა გამოქვაბულები და ნანგრევები. ნავარძეთიდან 3 კმ-ის დაშორებით, სოფ. რგანთან მდებარეობს დარბაზული ეკლესია, ნაგები შირიმის თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. სამხრეთის სარკმლის თავზე არსებულ მხედრულ წარწერაში მოიხსენიება ერისთავი აბუბნასრი. აღნიშნული ეკლესია აუგიათ ნავარძეთის მოსახლეობას, რაც აღნიშნულია ასომთავრულ წარწერაში (ბოჭორიძე 1995: 207-209). ნავარძეთის ამჟამად დანგრეულ წმინდა გიორგის ეკლესიაში ინახებოდა ეტრატზე ნუსხახუცურით ნაწერი სახარება. სოფელში დგას გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია.
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1965: 39-42; ბერძენიშვილი 1964: 17, 19, 22; ბოჭორიძე 1976: 207, 208, 250, 258, 278; გიულდენშტედტი 1962: 301; დადიანი 1962: 177; თუშაბრამიშვილი 1959: 8, 9; ისტ. საბ. 1913: 42-44, 61; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 160, 161; ნადირაძე 1990: 9, 20, 140; ორბელიანი 1981: 45; საქ. არქ. 1992: 230, 251, 252; ქც 4: 752,14,15; 759,18,19; 869,21,24,26; 870,3, 891,2,18; ჯავახიშვილი 1971.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9