ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნავთლუღი


(ქც 4: 338,16). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 338,16), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (სიგელები ... 1891: 128; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 50, 341, 342; 1981: 821; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 67, 130, 241, 242; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 157-159), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 29, 79, 81), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 17, 65).

ვახუშტი ბაგრატიონი ნავთლუღის შესახებ გადმოგვცემს: „ტფილისის სამხრეთ-აღმოსავლით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი კიდესა მტკურისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღების“ (ქც 4: 338,16).

მდებარეობს ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დედაქალაქის ერთ-ერთი უბნის – ნავთლუღის ტერიტორიაზე.

ნავთლუღი და „ნავთის ადგილს“, „სანავთეს“ ნიშნავს (გამყრელიძე 2001: 26-39). სოფ. ნავთლუღი ქალაქისპირა დასახლება იყო. XVIII ს-ის 60-იან წლებში ერეკლე II-მ (1744-1798) გაპარტახებული სოფელი ხელმეორედ დაასახლა. ააგო ციხე-გალავანი, რის შემდეგ ნავთლუღს ერეკლეს ციხე ეწოდა (ბერიძე 1977: 149-153).

1950 წ. ნავთლუღში, მდ. მტკვარსა და ორხევს შორის, ნავთიჭალაში, გზის მშენებლობის დროს აღმოჩნდა გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. ქორიძე) გათხარა რვა ორმოსამარხი. 1955 წ. იმავე სამაროვნის ტერიტორიაზე, თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სადაზვერვო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ტყეშელაშვილი) გათხარა ერთი გვიანი ბრინჯაოს ხანის ორომოსამარხი. ყველა სამარხი ინდივიდუალურია. მიცვალებულები დაკრძალულია ორმოსამარხებში, კიდურებმოკეცილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთისაკენ. ზოგიერთი სამარხი გადახურული იყო ფილაქვებით. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი: ფოთლისებური სატევარი, შედგენილტარიანი ე. წ. „კახური ტიპის“ სატევარი; მასრაგახსნილი, მასრაზე რელიეფურსარტყლებიანი და მთლიანმასრიანი შუბისპირები; ბრტყელი ცული; ნესტრისებური ისრისპირები, ცხენის აღკაზმულობა; ბრინჯაოს ლაგმები (2 ც). საყოფაცხოვრებო ნივთებიდან გვხვდება სპილენძის ქვაბი; ბრინჯაოს მახათი. სამკაული ბრინჯაოსია: საკისრე რკალი; მრგვალგანივკვეთიანი სამაჯური; ნახევარსფერული და ხუთკოპიანი საკინძი; თავხვია საკინძი; ცხვრის თავის სტილიზებული გამოსახულებით შემკული საკინძი; ბრინჯაოს მილაკისებური, ძვლის მრგვალი და სარდიონის ნაპობი მძივები. თიხის ჭურჭელი ლეგა-მონაცრისფროდ და მოშავოდაა გამომწვარი. ესენია: დერგები, ქოთნები, დოქები, სასმისები, ლანგრები და ჯამები. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. XIII-XI სს-ით (ქორიძე 1955: 152-209; ტყეშელაშვილი 1966: 34-40).

ნავთლუღში დგას წმინდა ბარბარეს XIX ს-ის ორი ეკლესია. ერთი ნაგებია ქვით, მეორე – აგურით (ბერიძე 1977: 152, 153).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 29, 79, 81; ბერიძე 1977: 149-153; გამყრელიძე 2001: 26-39; გიულდენშტედტი 1962: 17, 65; თბილისის ისტორია 1990: 339, 340; მასალები საქ. ეკ. ისტ., 1938: 67, 130, 241, 242; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 157-159; სიგელები ... 1891: 128; ტყეშელაშვილი 1966: 34-40; ფიცხელაური 1973: 62; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 50, 341, 342; 1981: 821; ქორიძე 1954: 6-56; 1955: 152-209; ქც 4: 338,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9