ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნასტაკისი 

ნასტაგისი (ქც 1: 18,5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 18,5), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ბაგრატიონი 1941: 199), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1963: 81; ქრონიკები 1892: 12), XVI ს-ის ისტორიული საბუთი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 54, 55), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 55, 189).

მდებარეობს თანამედროვე ნასტაკისის ველზე, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მდ. ქსნის შესართავთან. ნასტაკისის ველს ჩრდილოეთიდან საზღვრავს სავანეთის ქედი, სამხრეთიდან მდ. მტკვარი, დასავლეთიდან მდ. ქსანი, აღმოსავლეთიდან ნასპარსევის ხევი.

არსებობს მოსაზრება, რომ ნასტაკისი, ნასტაგისი წარმოიშვა სიტყვიდან დასტაგირი, რაც ირანული წარმოშობისა უნდა იყოს და ნიშნავს დამხმარეს, შემწეს. ზოგი მეცნიერი ნასტაკისს ქალაქ სარკინეს ერთ-ერთ უბნად, მის სამეურნეო რაიონად მოიაზრებს (ჭილაშვილი 1968: 91-101), ზოგი კი – მცხეთის სასოფლო გარეუბნად (ბერძენიშვილი 1964: 318). ერთი მოსაზრებით ელინისტურ ხანაში ნასტაკისი დაკავშირებული იყო სამადლოსთან და ერთ ქალაქს წარმოადგენდა (გაგოშიძე 1967: 81-86; 1970: 41-46). ალ.ბოხოჩაძის აზრით კი, ნასტაკისი-სამადლოს ნაქალაქარი არის „ძველი მცხეთა“ (ბოხოჩაძე 1978: 5-26).

ისტორიულ წყაროებში ნასტაკისი პირველად იხსენიება ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შესახებ თხრობისას: „... დასცა ვენახი და რუი გამოიღო ქსნით, და დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუისაითა. და ჰრქვან ადგილსა მას ნასტაგისი“ (მქ 1963: 81). XVI ს-ში ნასტაკისი შიომღვიმის მონასტრის მფლობელობაში შედიოდა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 54, 55). 1771 წ. მდ. მტკვრისა და ქსნის შესართავთან იოჰან გიულდენშტედტი სოფ. ნასტაკისს იხსენიებს (გიულდენშტედტი 1962: 55).

ნასტაკისის ველზე 1952 წ. ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვები ჩაატარა ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით (ბერძენიშვილი 1960: 173-176). 1964-1972 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. ჭილაშვილი, ი. გაგოშიძე) ჩაატარა დაზვერვები და მცირემასშტაბიანი გათხრები. იგივე ტერიტორიაზე 1972-1996 წწ. მუშაობდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ალ. ბოხოჩაძე).

მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, რკინიგზის სატვირთო სადგურის მშენებლობის დროს დაინგრა შუაბრინჯაოს ხანის ყორღანი. შემორჩენილია მხოლოდ თიხის შავპრიალა ჭურჭლის ფრაგმენტები და ბრინჯაოს ჭურჭლის ფრაგმენტი (ბოხოჩაძე ... 1973: 76).

ველის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმართულია ნასტაკისის გორა, რომლის აღმოსავლეთ კალთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეისწავლეს ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულისა და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის ნამოსახლარი. აქ გაითხარა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმართული, გეგმით სწორკუთხა საცხოვრებელი ნაგებობები. სათავსოები ნახევრადმიწურს წარმოადგენს, ქვედა ნაწილი ქვიშაქვის ფილებითა და ფლეთილი ქვითაა ნაგები, ზედა – თიხით შელესილი წნულია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შენობებს ჰქონდა ბანური გადახურვა. იატაკი თიხატკეპნილია, აღმოსავლეთის კედლის გასწვრივ, 2,6 მ-ის სიგანეზე, მოგებულია ქვიშაქვის ფილებით. სახლების ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში სამნაწილიანი სამეურნეო ღუმელი ყოფილა, ხოლო ღუმლის სამხრეთით კერა იყო გამართული. ძვ. წ. IV ს-ის დასასრულს ნამოსახლარზე გაჩნდა ქალაქური ტიპის დასახლება, რომელმაც ახ. წ. VIII ს-მდე იარსება. ძვ. წ. IV-II სს-ის ნაგებობები გეგმით სწორკუთხაა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ წაგრძელებული. ნაგებია რიყისა და ქვიშაქვის ფლეთილი ქვით თიხის ხსნარზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იატაკი თიხატკეპნილია. ნაგებობების ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმელია გამართული. აქ აღმოჩნდა მოწითალოდ გამომწვარი, წითელი და თეთრი საღებავებით მოხატული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. შემდეგ ეტაპზე, გვიანანტიკურ ხანაში აუგიათ მრავალსენაკიანი ნაგებობები. მათი საძირკველი ქვიშაქვისა და ტუფის დიდი ზომის ქვებითაა გამართული, რომელზეც კედლები ალიზის აგურითაა ამოყვანილი და თიხითაა შელესილი. IV-VII სს-ით დათარიღებულ ფენაში კი შემორჩენილია რიყის ქვით ნაგებ შენობათა ნაშთები, წითლად გამომწვარი და წითლად ანგობირებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ნასტაკისის ველის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაითხარა I-III სს-ის 2 ნაგებობა. გეგმით სწორკუთხა შენობების საძირკველი გამართულია დაუმუშავებელი ქვიშაქვის კვადრებით, კედლები ამოყვანილია ალიზის აგურით. გადახურული ყოფილა წითლად შეღებილი ღარიანი და ბრტყელი კრამიტით. ამ ნაგებობების მახლობლად გამოვლინდა ქვიშაქვაში გამოკვეთილი საკურთხევლები და ბომონი. აქვე აღმოჩნდა ეკლესია, რომელიც III ს-ით თარიღდება. ეკლესიის საძირკველი ნაგებია რიყის ქვითა და ფლეთილი ქვიშაქვით, ხოლო კედლები ალიზითაა ამოყვანილი. შესასვლელი ჩრდილოეთის კედელშია. აღმოსავლეთით აქვს ნალისებრი აფსიდა. ეკლესია გადახურული ყოფილა წითლად შეღებილი კრამიტით.

IV-VIII სს-ის ფენაში გაითხარა ე. წ. სპასპეტის სასახლის ნაშთები, სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები და სამაროვანი. სასახლის კომპლექსში შედის მრავალსენაკიანი შენობა, დარბაზი და აბანო. ნაგებია რიყის ქვითა და თიხით. თარიღდება IV-V სს-ით. მრავალსათავსიანი შენობა 15-მდე გეგმით ოთხკუთხა სენაკისაგან შედგება. მათ ცენტრში ოთხკუთხა კერა იყო გამართული. ამავე შენობაშია მარანი 20 ქვევრით და ეკლესია. აბანო გეგმით სწორკუთხაა, აქვს ჰიპოკაუსტი. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჰქონდა.

სამნავიანი ბაზილიკა (16,7X10 მ) თარიღდება V-VI სს-ით. საძირკველი, რომლის სიგანე 1 მ-ია, ნაგებია ქვიშაქვის დიდი ზომის ქვებით, კედლები ამოყვანილია ალიზით (შემორჩენილია 0,5 მ-ის სიმაღლეზე). ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია 3 სვეტით. შუა ნავის აფსიდაში აღმოსავლეთ კედელთან მიდგმული იყო ალიზით ნაგები, თიხითა და გაჯით შელესილი ტრაპეზის ქვა (0,4X0,4 მ). მოგვიანებით ეკლესიისათვის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მინაშენები აუგიათ. VI ს-ში ამ ტაძრის ნანგრევებზე აუშენებიათ სამეკლესიანი ბაზილიკა (13,5X9,8 მ), რომლის კედლები აგებული იყო რიყის, ქვიშაქვის, კრამიტის ნატეხებითა და ალიზის აგურით. იატაკი კრამიტით ყოფილა მოგებული. მოგვიანებით ბაზილიკისათვის ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ სამსათავსიანი შენობა. VIII-IX სს-ში სამხრეთი კედელი დაუნგრევიათ და ქვაყუთები ჩაუდგამთ.

ნასტაკისის ველზე 200-ზე მეტი სამარხია გათხრილი. თარიღდება ანტიკური ხანითა და ადრე შუა საუკუნეებით. ანტიკურ ხანაში გავრცელებული ყოფილა ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი ორმოსამარხები, ქვევრსამარხები, რიყის ქვით ნაგები სამარხები და ქვაყუთები. სამარხებში აღმოჩნდა შავად და წითლად გამომწვარი, სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების წითლად ან თეთრად ანგობირებული, წითელი საღებავით მოხატული თიხის ჭურჭელი, სამკაული: სამაჯურები, გემიანი ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლე რგოლები და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები და მძივსაკიდები. აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოსა და ვერცხლის ზარაკები, მონეტები და სხვ.

ადრე შუა საუკუნეებში მიცვალებულები იკრძალებოდნენ ქვაყუთებში, კრამიტსამარხებში. აქვე აღმოჩნდა ფლეთილი ქვითა და დუღაბით ნაგები აკლდამა (2,4X1,55მ), რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. იატაკი ქვითა და კირხსნარითაა მოსწორებული. კედლების გასწვრივ ქვით ნაგები სასთუმალიანი დასასვენებლებია მოწყობილი. აკლდამაში აღმოჩნდა 30 ჩონჩხი, 4 ბეჭედი და 2 რგოლი.

ნასტაკისის უსახელო მთის ჩრდილოეთით, ქსნის ციხის ხევში, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, 200 მ-ის დაშორებით გაითხარა კერამიკის გამოსაწვავი ქურები. აგებულია აგურით. შემორჩენილია მხოლოდ ქვედა განყოფილება. ერთ-ერთი ქურის ფართობია 8,4 კვ მ (ბოხოჩაძე ... 1973: 75-77; ბოხოჩაძე ... 1974: 54-59; ბოხოჩაძე ... 1976ა: 66-78; ბოხოჩაძე 1978: 5-26; ბოხოჩაძე ... 1980: 187-209; ბოხოჩაძე ... 1981: 143-159; ბოხოჩაძე ... 1982: 93-106; ბოხოჩაძე ... 1982ა: 44-51; ბოხოჩაძე ... 1982ბ: 111-118; ბოხოჩაძე, მირიანაშვილი 1984: 53-59; ბოხოჩაძე, მირიანაშვილი 1985: 51-53; ბოხოჩაძე ... 1995: 110-113; ნარიმანიშვილი 1990ა: 85-110).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1941: 199; ბერძენიშვილი 1960: 173-176; 1964: 318; ბოხოჩაძე ... 1973: 75-77; ბოხოჩაძე 1974: 54-59; ბოხოჩაძე ... 1976ა: 66-78; ბოხოჩაძე 1978: 5-26; ბოხოჩაძე ... 1980: 187-209; ბოხოჩაძე ... 1981: 143-159; ბოხოჩაძე ... 1982: 93-106; ბოხოჩაძე ... 1982ა: 44-51; ბოხოჩაძე ... 1982ბ: 111-118; ბოხოჩაძე, მირიანაშვილი 1984: 53-59; ბოხოჩაძე, მირიანაშვილი 1985: 51-53; ბოხოჩაძე ... 1995: 110-113; გაგოშიძე 1967: 81-86; 1970: 41-46; გამყრელიძე 2010: 175; გიულდენშტედტი 1962: 55, 189; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 54, 55; მქ 1963: 81; ნარიმანიშვილი 1990ა: 85-110; ქრონიკები 1892: 12; ქც 1: 18,5; ჭილაშვილი 1968: 91-101.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9