ნა ნე ნი ნო ნუ
ნეკ ნელ

ნეკრესი 

ქალაქი (ქც 1: 29,4).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 29,4; 33,10; 65,15; 137,16), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 114,9; 545,10-12, სქ. 2.3), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 199,15), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1963: 91), აბობოს ნეკრესელის მარტვილობა (ძქალძ 1963: 241, 241), ცხოვრება შიოსი და ევაგრესი (ძქალძ 1971: 123, 124). XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართლ-კახეთის ... 1903: 253; საქ. სიძ. 1910: 512; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 395), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 71), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 31).

მდებარეობს ყვარლის მუნიც-ში, ყვარლის დასავლეთით, 8 კმ-ის დაშორებით, ყვარელ-თელავის შარაგზის მარჯვენა მხარეს.

ძვ. წ. II ს-ში ნეკრესს აშენებს მეფე ფარნაჯომი (ქც 1: 29,2-4). იმავე საუკუნის ბოლოს არშაკმა „განაშუენა“ ქალაქი ნეკრესი (ქც 1: 33,10,11). ახ. წ. IV ს-ში ნეკრესის ზღუდე გაამაგრა მირიან მეფის მამამძუძემ, მირვანოზმა (ქც 1: 65,14). IV ს-ის ბოლოს მეფე თრდატი ნეკრესში აშენებს ეკლესიას (ქც 1: 137,16; მქ 1963: 91). ვახტანგ გორგასალმა თავის მემკვიდრე დაჩის მისცა ქალაქი (ქც 1: 199,15). V ს-ის ბოლოს ნეკრესი სპარსელებმა დალაშქრეს (ჭილაშვილი 2000: 8). VI ს-ში ქალაქში ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდა. აბიბოს ნეკრესელმა ეპისკოპოსმა, რომელიც აქტიურად იბრძოდა ცეცხლთაყვანისმცემელთა წინააღმდეგ, ქალაქში მდგარ მაზდეანთა ტაძარში წყლის დასხმით ჩააქრო წმინდა ცეცხლი, რის გამოც ირანელებმა ის სიკვდილით დასაჯეს (ძქალძ 1963: 245). საქალაქო ცხოვრება აქ მეტ-ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობდა თემურ-ლენგის შემოსევებამდე (XIV ს). გვიან შუა საუკუნეებში ნეკრესი კვლავ ფუნქციონირებს, მაგრამ არა როგორც ქალაქი, არამედ როგორც საეპისკოპოსო ცენტრი, რომელიც ფლობდა სასპასპეტო დროშას. ნეკრესის სადროშოში შედიოდა გაღმა მხარე ელისენითურთ (ქც 4: 545,17,18). ნეკრესის მონასტერში სამეცნიერო-საგანმანათლებლო მუშაობა განსაკუთრებით გამოცოცხლდა XVIII ს-ის 40-50-იანი წლებიდან და არ შეწყვეტილა XIX ს-ის ათიან წლებამდე. ამ პერიოდში ნეკრესში მოღვაწეობდნენ: ივანე ჯორჯაძე, ნიკოლოზ ნეკრესელი, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი, ამბროსი მიქელაძე და სხვა (ბეჟანიშვილი 1976: 67). წყაროებში ნეკრესი ზოგჯერ ნელქარადაა მოხსენიებული (ქც 1: 29,4, 33,10).

1984, 1986-1989, 1996-1998 წწ. ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ლ. ჭილაშვილი, ხოლო ამჟამად ხელმძღ. ნ. ბახტაძე).

ნაქალაქარს უკავია კავკასიონიდან გამომავალ ორ კონცხს შორის არსებული ვაკე და ნაწილობრივ დღეს ტყით დაფარული ფერდობი. კონცხებს შორის მანძილი 1,2 კმ-ია. აღმოსავლეთ კლდოვან კონცხზე – „ნაზვრევ გორაზე“ განლაგებულია ნეკრესის ადრექრისტიანული ხანით დათარიღებული არქიტექტურული ანსამბლი (ჭილაშვილი 2000: 6).

ნაქალაქარის ტერიტორიაზე საგულვებელია ადრე ბრინჯაოს ხანის სამოსახლოს ნაშთები. ამაზე მიუთითებს შემთხვევით აღმოჩენილი სამარხეული მასალა – მომცრო ზომის ქილები (ჭილაშვილი 1968: 63-65). შემდგომი პერიოდი უკავშირდება ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარს.

ნაქალაქარის დასავლეთით, ნაქალაქარსა და სოფ. შილდას შორის მდებარეობს მაღალი კლდოვანი სერი „ქალიაყვანა“, სადაც შემორჩენილია თითქმის კვადრატული მოყვანილობის (4,6X4,9 მ) ნაგებობის ქვედა ნაწილი. დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები მონგრეულია. შემორჩენილი კედლების სისქეა 1,15 მ. ისინი ნაგებია დიდრონი ფლეთილი ქვებით. შესაძლოა ნაგებობის ნაშთის სახით საქმე გვქონდეს რომელიღაც წარმართულ (მაზდეანურ?) გოდოლთან. ტოპონიმ „ქალიაყვანას“ უკავშირებენ ინდური პანთეონის ქალღმერთის – „ქალის“ სახელს. ამ კულტის ჩვენში შემოსვლას კი არიელების მოძრაობას (ჭილაშვილი 2000: 35-37).

ნაქალაქარის ტერიტორიის გარეთ, „ნაზვრევი გორის“ ქვეშ, გაშლილი ველის ცენტრში, რომელსაც მოსახლეობა „საკირეებს“ უწოდებს, ექსპედიციამ შეისწავლა ცეცხლის ტაძარი. ძეგლი საძირკვლის დონეზე იყო შემორჩენილი. ნაგებობაში გამოიყო ორი სამშენებლო ფენა. ზედა წარმოდგენილია ციხე-სასახლის სახით. ქვედა კი რთული გეგმარების ცეცხლის ტაძარია. ორივე ფენის ნაგებობების სამშენებლო მასალაა რიყის დიდრონი ქვები და ფლეთილი ლოდები კირხსნარზე. აგური გამოყენებულია მხოლოდ ზედა ფენის ნაგებობაში. ქვედა ფენის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ მას დააშენეს ციხე-სასახლე (ჭილაშვილი 2000: 61).

ქვედა ფენის ნაგებობის არქიტექტურული სივრცე ვითარდება ანსამბლის ცენტრში არსებული ოთხკუთხა ნაგებობის ირგვლივ. მის ოთხივე კედელს ებჯინება აფსიდიანი ნაგებობები. ოთხკუთხა შენობა თითქმის კვადრატულია (9,5X8 მ). მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილი იყო ბაქანი (2,8X1,6 მ). იატაკი მოგებულია აგურით. მთლიანად ანსამბლი კვადრატული გეგმისაა 50X50 მ.

აღმოსავლეთის აფსიდიან ნაგებობაში კარი აღმოსავლეთ კედელშია. შენობის სამხრეთითა და ჩრდილოეთით განლაგებულია ორ-ორი სათავსი და ერთი კორიდორი ჩრდილოეთით მდებარე სათავსებს შორის. ნაგებობის სამხრეთითა და ჩრდილოეთით მოწყობილია თანატოლი სათავსები. სამხრეთით მდებარე მეორე ოთახს პირველთან საერთო აქვს ჩრდილოეთის კედელი. შესასვლელი ოთახებს შორის დატანებული კორიდორიდანაა. ჩრდილოეთით მდებარე მეორე სათავსი იზოლირებულია მეზობელი ოთახისაგან კორიდორით. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. სათავსების ფართობია 7X4 მ.

დასავლეთის აფსიდიან ნაგებობაში მანძილი აფსიდის რკალის წვერიდან კარის ღიობამდე 9,5 მ-ია. ნაგებობის სიგანეა 6,8 მ. აფსიდის სამხრეთით ორი სათავსია მოწყობილი. ერთი მას უშუალოდ ებჯინება. კარი აფსიდიანი ნაგებობის სამხრეთის და სათავსის დასავლეთის კედელს შორისაა. ღიობის სიგანეა 1,5 მ. ოთახის ფართობია 6X3 მ. მეორე ოთახისაგან ის გამოყოფილია 1,5 მ სიგანის დერეფნით. ამ ოთახში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული კორიდორის მეშვეობით, სადაც ისეთივე სიგანის (1,5 მ) კარის ღიობია, როგორიცაა კორიდორისა და პირველი ოთახის კარი. ოთახის ფართობია 6X4 მ. დასავლეთის აფსიდიან ნაგებობას ჩრდილოეთითაც ეკვრის ორი სათავსი. პირველი ანალოგიურია აფსიდიანი ნაგებობის სამხრეთით არსებული სათავსისა (6X3 მ). კარი აქვს დასავლეთის კედელში. მეორე ოთახი დიდია (9X6 მ). კარი აქვს აღმოსავლეთი კედლის ბოლოს. ოთახებს შორის კორიდორია.

სამხრეთის ნაგებობას აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მოწყობილი აქვს თანაბარი სიდიდის სათავსები კარის ღიობით, პირველ შემთხვევაში ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, მეორეში სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში.

ჩრდილოეთის აფსიდიანი ნაგებობაც მსგავსი გეგმარებისაა, იმ განსხვავებით, რომ აფსიდი მიმართულია სამხრეთისაკენ. მასაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს მიშენებული აქვს დამოუკიდებელი სათავსები. ოთხივე აფსიდიანი ნაგებობის ჯვრისებური განაწილებით ოთხკუთხა ნაგებობის ირგვლივ, მიღებულია ერთი მთლიანი არქიტექტურული სახე. ტაძარი ნაგებია მსხვილი ფლეთილი ქვით კირხსნარზე. კედლების სიგანეა 1,5-1,55 მ. ასევე სტანდარტულია კარის ღიობების სიგანე, გარდა აფსიდიან ნაგებობაში შესასვლელებისა და განისაზღვრება 1,5 მ-ით. ასეთივე სიგანისაა ყველა დერეფანი და ირგვლივი კორიდორი. ოთხკუთხა ცენტრალურ ნაგებობაში დადასტურებული ბაქანი მიუთითებს მის საკურთხევლობაზე. აფსიდიანი ნაგებობებისა და დერეფნების გარდა ყველა კარის ღიობი მოწყობილია ოთახის კუთხეში. ასეთი 10 ღიობია. ანსამბლის ნებისმიერ ოთახში მოხვედრა შეიძლებოდა გარე დერეფნის კარებიდან და აფსიდიანი ნაგებობების ირგვლივ მოწყობილი კორიდორიდან. გარდა ცენტრალური ოთხკუთხა ნაგებობისა, არსად იატაკზე აგურფენილი არ შემორჩენილა.

განათხარი მასალა ცოტაა, ძირითადად თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მათგან გამოიყოფა წითელპრიალა ნატეხები, აგრეთვე მოთეთროდ გამომწვარი ყელწიბოიანი და ყურიანი დოქების ფრაგმენტები. არქეოლოგიური მასალა თარიღდება ახ. წ. პირველი საუკუნეებით, ვიდრე IV-V სს-მდე. ზედა ფენის შენობა, ციხე-სასახლე აგებული უნდა იყოს IV ს-ის დასაწყისში. ის მტრის ხელითაა დანგრეული V ს-ის ბოლოს. დანგრევა შეიძლება სპარსელთა შემოსევას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება ქვედა ფენის, ცეცხლის ტაძარს, ის უნდა აეგოთ ახ. წ. II ს-ში, ხოლო IV ს-ის დასაწყისში ის ქრისტიანების მიერ ჩანს დანგრეული (ჭილაშვილი 2000: 60-72).

მაზდეანური ტაძრის გათხრებისას გამოვლენილ მცირერიცხოვან არქეოლოგიურ მასალას შორის აღსანიშნავია თიხის ქილის ქვედა ნაწილი ფსკერზე სამფეხა სადგრის ნაშთით. ჭურჭელი გამოყენებული უნდა ყოფილიყო რომელიღაც რიტუალის შესასრულებლად. იმავე დანიშნულებისა ჩანს რკინის ორკაპი და ნალისებური მოყვანილობის ნივთი მოკაუჭებული ბოლოებით (ჭილაშვილი 2000: 73-75).

ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში ადგილ „ნაგებებთან“, რომელსაც მეორენაირად „სამარხების სერსაც“ უწოდებენ, გაითხარა მრავალფენიანი ძეგლი, წარმოდგენილი სასახლის, მარნის, საცხოვრებლისა და ეკლესიის სახით. ექსპედიციამ პირველ რიგში შეისწავლა ვრცელი სათავსი, რომელიც ნაგები იყო ფლეთილი ქვებით. წყობაში აგური არ დასტურდება. არ აღმოჩენილა კრამიტიც. ეს არის ოთხკუთხა ნაგებობა, რომლის კედლების პერიმეტრზე (გარდა სამხრეთი კედლისა) განლაგებულია საწნახლები და ცისტერნები. ძეგლი წარმოდგენილია რამდენიმე სამშენებლო ფენით. ყველაზე ქვედა ფენა ოთხკუთხა ნაგებობაა, რომელიც პირობითად შეიძლება სასახლე-დარბაზს მიეკუთვნოს. მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ის მარნად უქცევიათ და მასში საწნახელ-ცისტერნები აუშენებიათ. მესამე ფენა უფრო ვრცელ არეს მოიცავს. არსებულ ნაგებობას დასავლეთი მხრიდან მთელ სიგრძეზე მიაშენეს თაღედით დამშვენებული და კამარულად გადახურული პორტიკი, რომლის იატაკის დონე გაცილებით მაღლაა, ვიდრე მარნისა. სასახლე-დარბაზი მოიცავდა 400 კვმ ფართობს. სახურავი ეყრდნობოდა ქვით ნაგებ სვეტებს. შესასვლელი ჰქონდა დასავლეთიდან, რომელიც ქვით ნაგებ ორ სვეტზე მდგარა. რამდენიმე ნასვეტარი გამოვლენილია ინტერიერშიც. სვეტები ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვებით და გადალესილია მტკიცე ხსნარით. ერთი კარი ჰქონია ჩრდილოეთ კედელშიც. სასახლე-დარბაზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ აქ მარანი მოუწყვიათ. ჩრდილოეთის კარი ამოუქოლავთ და კედლებზე საწნახელ-ცისტერნები მიუშენებიათ. სულ გამოვლენილია ხუთი საწნახელი და ორი ცისტერნა. საწნახელები ნაშენია დიდრონი ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. გალესილია მტკიცე ხსნარით. ჭრილში თითქმის ნახევარწრიულია. დატანებული აქვს რკინისა და თიხის მილები. საწნახელების სიგრძეა 6-6,5 მ (ჭილაშვილი 1990: 118-120). ცისტერნა №1 ჩრდილოეთიდან ეკვრის მეორე საწნახელს. მისი ზომებია 3,4X1,82 მ. ცისტერნის კედლები მარნისა და საწნახელის კედლების მსგავსადაა ნაგები. კედლები შიგნიდან გალესილია. იატაკი მოგებული ყოფილა ქვის ფილებით. ცისტერნის ჩრდილოეთ კედელში დატანებულია ორმხრივ ქვებით შემოლაგებული არხი, რომლითაც თიხის მილები შემოდიოდა ჩრდილოეთით მდებარე სათავსოდან. მეორე ცისტერნა მდებარეობს პირველის გვერდით. მათ შორის არსებულ კედელზე ღარიანი კრამიტებით არხია მოწყობილი. მეორე ცისტერნა პირველზე დიდია. გათხრებისას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის – ძირითადად კერამიკის ცალკე შრეებად წარმოდგენა ვერ ხერხდება. თიხის ნაწარმში ჭარბობს წითელპრიალა და ჩალისფრად გამომწვარი ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც ზოგადად ადრე შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. აქ გამოვლინდა IV-V სს-ის კერამიკული ნაწარმიც. კორდოვან ფენაში აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის ნიმუშებიც (ჭილაშვილი 1990: 123).

ყველაზე მნიშვნელოვანია აქ გამოვლენილი ქვაზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერები. წარწერა №1 აღმოჩნდა 1986 წელს. სასახლე-დარბაზის ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთი მონაკვეთის ქვედა ნაწილში. წარწერიანი ქვა (სიგრძე 46 სმ, სიგანე 17,5 სმ, სისქე 7-7,5 სმ) ჩაშენებული იყო კედელში მეორადი გამოყენებით. ამდენად, ქრონოლოგიურად წინ უსწრებს სასახლე-დარბაზის ფუნქციონირებას. წარწერა ამოკვეთილია ოთხ რიგად. იკითხება „აბაზა გივ ჩ“. პირველი ორი ასო შეიძლება გადმოსცემდეს საკუთარ სახელს „აბაზა“. წარწერა №2 ამოჭრილია ქვაზე (სიგრძე 68 სმ, სიგანე 12-14,5 სმ). წარწერა ერთსტრიქონიანია. იკითხება „ლევაკი“. წარწერაში გადმოცემულია საკუთარი სახელი. ის აღმოჩნდა 1986 წელს. №1 საწნახელის სამხრეთი კედლის თავზე. ის ქვა-სტელა უნდა ყოფილიყო. წარწერა №3 აღმოჩნდა 1987 წელს. შესრულებულია ამოკაწვრით, სტელაზე, რომელიც ჩაშენებული იყო №1 საწნახელის დასავლეთ კედელში (ქვის სიგრძე 69 სმ, სიგანე 20-23 სმ). წარწერა ოთხსტრიქონიანია. იკითხება „თობულ(ა) სამანი“. პირველ სიტყვაში ალბათ საკუთარი სახელი უნდა ამოვიცნოთ. მეორე შეიძლება იყოს რიცხვითი სახელი ან „სამანი“, მიჯნის აღმნიშვნელი სიტყვა. წარწერა №4 აღმოჩნდა 1987 წელს ნამარნალის წმენდისას. ის ქვის სტელის ნატეხია (შემორჩენილი ნაწილის ზომაა 35X19 სმ). ორსტრიქონიანი წარწერა დაზიანებულია და მხოლოდ ცალკეული ასოები გაირჩევა. წარწერა №5 აღმოჩნდა 1987 წელს ნამარნალის თხრისას. ესეც სტელის ნაწილია (33X21 სმ). ის დაზიანებულია და მხოლოდ რამდენიმე ასოს მოხაზულობა შეიმჩნევა. წარწერა №6 აღმოჩნდა 1987 წელს ნამარნალის თხრისას. ის შესრულებულია ქვევრის პირზე, გამოწვამდე. შემორჩენილია მხოლოდ წარწერის ნაწილი ორ სტრიქონად. იკითხება „მბ ესე ჭური დავრგე“ (ჭილაშვილი 1990: 124-129). წარწერებზე არაა გამოსახული ქრისტიანული სიმბოლო-ჯვარი ან ვედრება-შეწყალება მოხსენიების თაობაზე. ისინი სხვადასხვა დროს ჩანს შესრულებული. ქვევრის წარწერა მარნის ფუნქციონირების დროისაა და ის შეიძლება VI ს-ს მიეკუთვნოს. რაც შეეხება დანარჩენ წარწერებს, ძეგლის გამთხრელი ლ. ჭილაშვილი მათ მიიჩნევდა წინაქრისტიანული ხანისად (ჭილაშვილი 1990: 133,134). სასახლე-დარბაზი მწყობრიდან გამოსულა V-VI სს-ის მიჯნაზე, „საკირეების“ ციხე-დარბაზთან ერთად. VI ს-ში სასახლე-დარბაზი მარნად გადაუკეთებიათ. მარნის მახლობლად ექსპედიციამ 1988-1989 წწ. გათხარა სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც დათარიღდა VI ს-ით. ეკლესია ფუნქციონირებდა განვითარებულ შუა საუკუნეებშიც (ჭილაშვილი 1990: 135).

1998-1999 წწ. ნაქალაქარის ცენტრალურ უბანში, ადგილ ჭაბუკაურში გაითხარა ხუთი წყვილი სვეტით შედგენილი სამნავიანი უაფსიდო ბაზილიკა სამკვეთლოთი და სადიაკვნეთი. ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს პორტიკი. ეკლესიაში აღმოჩნდა ჭრაქი, რომელიც მაზდეანური ტაძრიდან უნდა იყოს წამოღებული. არაა გამორიცხული, რომ ეს სწორედ ის ეკლესიაა, რომლის აგება წერილობითი წყაროების ცნობით მეფე თრდატს მიეწერება IV ს-ის ბოლოსათვის (ქც 1: 137,16; ჭილაშვილი 2000: 72).

ექსპედიციამ 1986 წ. შეისწავლა ქალაქის ზღუდის მონაკვეთი, რომლითაც გამოიკვეთა მისი სამხრეთის ნაწილის ფარგლები. ზღუდის მონაკვეთი გამოვლენილია დაახლოებით 260 მ მანძილზე, ნაწილი დასავლეთის მონაკვეთში, ნაწილი აღმოსავლეთის მხარეს ვიდრე „ნაზვრევ გორამდე“. ზღუდის საძირკველი მსხვილი ქვებით, მშრალი წყობითაა ნაშენი. შემორჩენილია ქვების ერთი ან ორი რიგი. კედლის სიგანეა 1,8 მ. ზღუდის გასწვრივ აღმოჩენილი წითელკეციანი კერამიკული ნატეხების მიხედვით, შეიძლება ის ძვ. წ. II ს-ით დათარიღდეს, რასაც წერილობითი წყაროებიც ადასტურებს (ქც 1: 29,4; ჭილაშვილი 2000: 9). ნეკრესის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ნეკრესის წინაქრისტიანული სამლოცველოების რიგში ექცევა „ნაზვრევ გორაზე“ არსებული სამონასტრო კომპლექსის IV ს-ით დათარიღებული მცირე ბაზილიკად წოდებული ძეგლის ქვედა ფენის ნაგებობა, რომელიც ქრისტიანობის დამკვიდრების ჟამს ეკლესიად გადაუკეთებიათ. ქრისტიანობამდე ეს ნაგებობა მითრეუმი უნდა ყოფილიყო (ჭილაშვილი 2000: 45). მცირე ბაზილიკა (4,6X3,8 მ) გამოირჩევა ბევრი თავისებურებით. ის მინიატურულია და არა აქვს შიდა, თავისუფლად მდგარი ბოძები. შესასვლელები გვერდით ნავებშია აღმოსავლეთიდან. შუა ნავი ძლიერ ვიწროა, მოკლე და მაღალი. ის კოშკის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნაგებობის ქვეშ ცარიელი სივრცეა, რომელიც კრიპტადაა მიჩნეული. მცირე ბაზილიკა ნალისებური აფსიდით აღმოსავლეთითაა დამხრობილი, მაგრამ ასეთი დამხრობა მეორადი, ე.ი. გადაკეთების შემდგომი პერიოდის უნდა იყოს. ქვედა ფენის მთლიანი არქიტექტურული სივრცე თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე დამხრობილი ნაგებობის სახით, რაც გამორიცხავს, რომ ის ეკლესია იყო. ნეკრესობის დღესასწაული იმართება 25 დეკემბერს, მითრას დაბადების დღეს (შემდგომ ეს თარიღი ქრისტეს შობას დაუკავშირდა). ამასთან, ნეკრესობის დღესასწაულს, როგორც აუცილებელი ატრიბუტი, თან სდევს ღორების შეწირვა, რაც არ შეიძლება ქრისტეშობის რიტუალში ჩაითვალოს. ტახი „ავესტას“ მიხედვით მაზდეანურ სარწმუნოებას უკავშირდება. საინტერესოა ადგილის სახელი „ნაზვრევი გორა“. „ნაზვრევი“ „ზორვიდან“ მიღებული სიტყვაა. „ზორვა“ კი სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „კერპთა მიმართ შეწირვაა, კმევაა“. „ნაზვრევი გორა“ მაზდეანთა მთავარი შესაკრები ადგილი, ხოლო IV ს-ში ბაზილიკა, წინაქრისტიანულ ხანაში მაზდეანური სამლოცველო უნდა ყოფილიყო (ჭილაშვილი 2000: 44-48).

IV ს-ის ბაზილიკის აღმოსავლეთით VI-VII სს-ის მიჯნაზე აუგიათ მონასტრის მთავარი ტაძარი, რომელიც წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას. თითოეული ნავი ერთმანეთისაგან კედლითაა გამოყოფილი. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვებით. კუთხეებსა და ყველა კონსტრუქციულ ნაწილში შირიმია გამოყენებული. ფასადები სადაა. საკურთხეველი ღრმაა. მის ორივე მხარეს სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ხოლო მათ გაგრძელებაზე მოცემულია აფსიდებით დასრულებული გვერდითი „ეკლესიები“, რომლებიც გაერთიანებულია დასავლეთის მინაშენით. ამგვარად, ცენტრალური ეკლესიის ირგვლივ იქმნება სამმხრივი გარშემოსავლელი, რომლის სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები ეზოსკენ გახსნილი იყო მრგვალ სვეტზე დაფუძნებული თაღედით. მოგვიანებით სამხრეთის თაღედი და მთავარ ეკლესიაში გამავალი სამხრეთის კარი ამოუქოლავთ. ეკლესია აგებულია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მოუხატავთ XVI ს-ში. ინტერიერის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში გამოსახულნი არიან მხატვრობის დამკვეთები – კახეთის მეფე ლეონი (1520-1574) და მისი მეუღლე თინათინი (ელიზბარაშვილი 1986: 10).

კომპლექსს ჩრდილო-დასავლეთიდან IX ს-ში დაემატა გუმბათიანი ეკლესია, რომელიც ნაგებია ფლეთილი ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმი. სახურავი კრამიტისაა. მცირე ზომის გუმბათქვეშა კვადრატი სრულდება მაღალი გუმბათით. საკურთხეველი ხუთწახნაგაა. დანარჩენი სამი მხრიდან ეკლესიას აქვს ვიწრო გარშემოსავლელი (ელიზბარაშვილი 1986:12).

VIII-IX სს-ის მიჯნით დათარიღებული ეპისკოპოსის სასახლე მდებარეობს გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, ხევის პირას. სასახლე გეგმით გრძელი სწორკუთხედია. ის შედგება სამი ნაწილისაგან. ამათგან პირველი საცხოვრებელია, მეორე ე. წ. „მარანი“, მესამე კვლავ საცხოვრებელი თუ მისაღები კამაროვანი დარბაზია. სასახლის ორსართულიანობა ჩანს დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან. პირდაპირ მეორე სართულზე მოხვედრა შეიძლება ჩრდილოეთის ტერასიდან. ამ მხრიდან სასახლე ერთსართულიანად აღიქმება. სამხრეთი ფასადის ორივე სართულზე მაღალი, თაღოვანი სარკმელებია. პირველი სართულის მთავარ დარბაზში შემორჩენილია რვაწახნაგა სვეტი, რომელსაც ეყრდნობოდა ზედა სართულის იატაკის სისტემის მთავარი კოჭები. სასახლის კედლებში მოწყობილია მრავალი ნიში და დიდი ბუხრები (ელიზბარაშვილი 1986: 13; ვაჩნაძე 1989: 111-121). სასახლის გაგრძელებაზე, აღმოსავლეთით მარანია. მის შემდეგ, იმავე ღერძზე დამხმარე სათავსოა. მარნის თავზე XVI ს-ში ააშენეს ოთხკუთხა გეგმის მქონე ოთხსართულიანი კოშკი, რომელშიც მოხვედრა შეიძლებოდა მარნიდან. სართულშუა გადახურვა ხისაა. მხოლოდ ქვედა, ძალიან მაღალ სართულს აქვს კამაროვანი გადახურვა. კოშკის ოთხივე კედელს ზედა სართულზე ფართო თაღოვანი სარკმლები დაუყვება. ანსამბლი გარშემორტყმულია ქვის გალავნით, რომელშიც შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთ მხარესაა. გვიან შუა საუკუნეებში კომპლექსს შეემატა მცირე ზომის დარბაზული სამლოცველო (ელიზბარაშვილი 1986: 13, 14).
 
ბიბლიოგაფია: ბაგრატიონი 1986: 71; ბაქრაძე 1875: 112; ბეჟანიშვილი 1976-1977: 64-68; ბერიძე 1974; ბახტაძე 2009: 21; გიულდენშტედტი 1962: 31; ელიზბარაშვილი 1986; ვაჩნაძე 1989: 111-121; მქ 1963: 81-163; საქ. სიძ. 1910: 512; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 395; ქართლ-კახეთის ... 1903: 253; ქც 1: 29,4, 33,10, 65,15, 137,16, 199,15; ქც 4: 114,9; 545,10; ყაუხჩიშვილი 1951; ჩუბინაშვილი 1959: 37-45, 173-176, 321-325, 531, 532; ძქალძ 1963: 240-248; 1971: 123, 124; ჭილაშვილი 1968; 1990: 103-138; 2000.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9