ნა ნე ნი ნო ნუ
ნიკ ნინ ნიქ ნიჩ ნიჯ

ნინოწმიდა


(ქც 1: 199,1; ქც 4: 114,1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 199,1), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 114,1; 468,13,23; 529,12; 607,7), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 512; 1967: 205; ქართლ-კახეთის ... 1903: 123, 142; საქ. სიძ. 1910: 208; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 91; მცირე ქრონიკები 1968: 43; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 113; 1981: 332), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 7), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66), XVII ს-ის რუსული დოკუმენტი (მასალები ... 1937: 413), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 19, 21, 23, 57, 259, 261).

ვახუშტი ბაგრატიონი ნინოწმიდის შესახებ გადმოგვცემს: „დასავლით ერთვის იორს ნინოწმიდის ხევი ... ამ ხევზედ არს ნინოწმიდა, ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი, რომელი აღაშენა გორგასალ და დასუა ეპისკოპოზი, და ზის აწამდე, მწყემსი ამ ქვეყნისა ქისიყადმდე“ (ქც 4: 529,10-14).

მდებარეობს საგარეჯოს მუნიც-ში, გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე, დღევანდელი სოფ. ნინოწმიდის ადგილას.

ბ. მჭედლიშვილის აზრით, სოფელს ამ სახელის შერქმევამდე უნდა რქმეოდა ბოდი და წმინდა ნინოც აქვე უნდა დაეკრძალათ (მჭედლიშვილი 1986: 54). ვახტანგ გორგასალმა V ს-ის მეორე ნახევარში ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი ნინოწმინდაში დააარსა (ქც 4: 529,10-14). 1693 წ. ნინოწმინდასთან გაიმართა ბრძოლა კახელებსა და ქართლელებს შორის. გამარჯვება კახელებს დარჩათ (ქც 4: 607,5-9; მცირე ქრონიკები 1968: 43).

ნინოწმიდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება 1932 წ. აქ შემოსული, ნინოწმიდაში აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოს ხანის ბრინჯაოს ე. წ. „კახური ტიპის“ სატევარი (ფიცხელაური 1956: 121; 1973: 186). იმავე წელს მუზეუმს შეუძენია ბრინჯაოს თავგახსნილი სამაჯურების კოლექცია ნინოწმიდიდან. სამაჯურების უმრავლესობა შემკულია გველის თავის გამოსახულებებით. ისინი ძვ. წ. VII-VI სს-ს მიეკუთვნება (დავლიანიძე 1983: 64-66). ძვ. წ. VI-IV სს-ით თარიღდება 1953 წ. მუზეუმში შემოსული ნინოწმიდაში აღმოჩენილი წითლად გამომწვარი ფიალა (დავლიანიძე 1983: 29). მისი თანადროული უნდა იყოს ამავე კოლექციაში შემავალი შავად გამომწვარი ხელადა, წითლად გამომწვარი ჭურჭლის ფრაგმენტი და ცისფერი მინის მძივი. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში) ინახება ნინოწმიდაში აღმოჩენილი გვიანანტიკური ხანის ბრინჯაოს ბალთა, რომლის ჩარჩო შემკულია წნული ორნამენტით. კუთხეებში მოთავსებულია დაბალი კოპები. ბალთაზე გამოსახულია ფანტასტიკური თავმობრუნებული ირემი და ირმის თავი (ხიდაშელი 1972: 87). საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება ნინოწმიდაში, ადგილ „კოშკისგვერდაზე“ ნაპოვნი ახ. წ. III ს-ის ვარახარნ I-ის ვერცხლის დრაქმა (ჯალაღანია 1979: 11). საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) ინახება ოქროს ხატი, რომელიც მეფე არჩილს (1664-1675) შეუმკია და შეუწირავს წმინდა ნინოს ეკლესიისათვის 1677 წელს. ხატი 1795 წ. განუახლებია ნინოწმიდელ მიტროპოლიტ საბა ტუსისძეს, რაზეც მიგვითითებს ხატის ზურგზე არსებული წარწერა (ბარნაველი 1962: 112, 123).

სოფელში შემორჩენილ სამონასტრო კომპლექსს შემოუყვება ხუთკუთხა გალავანი, რომელშიც ხუთი ნახევარწრიული კოშკია ჩაშენებული. გალავანის ორ ორსართულიან კოშკს შორის მოქცეული შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის კოშკების ქვედა სართულები ყრუა, მეორე სართულზე სათოფურებია მოწყობილი. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან სამრეკლოა. აქვე მდგარა ეპისკოპოსის სასახლე. ჩრდილოეთ კედელთან სხვადასხვა ნაგებობის ნაშთებია (სასახლე, მარანი). კომპლექსის ცენტრში შემორჩენილია VI ს-ის ტაძრის ნანგრევები. კერძოდ, ნაგებობის აღმოსავლეთი მხარე და დასავლეთი კედლების ნაწილი. ინტერიერი მოხატული ყოფილა. ტაძარი რამდენჯერმე შეუკეთებიათ (XI-XII, XVI-XVII, XVIII ს-ის მეორე ნახევარი). ტაძარი საბოლოოდ დანგრეულა 1824 და 1848 წელს მიწისძვრის დროს. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ხუთი წარწერაა. მათგან ოთხი ასომთავრულია. ერთი შესრულებულია უცნობი დამწერლობით, რომელსაც ა. შანიძე „ჰერულს“ უწოდებდა (შანიძე 1938: 54). ამ წარწერის ცალკეული ასოები მიაგავს ბერძნულს (ყაუხჩიშვილი 1951: 318, 319). ასომთავრულით შესრულებულ X ს-ის წარწერებში მოხსენიებულნი არიან მლოცველები: კაცია, თევდორე, სტეფანე და მამაი, ბაკურდუხტი (ქართ. წარწ. კორ. 1980: 313-316). ტაძრის დასავლეთის შესასვლელ კარში აშენებულ კარიბჭეში 1617 წ. დათარიღებული მხედრული წარწერაა: „განვაახლე ანდრონიკაშვილმა ნინოწმიდელმა ნიკოლოზ გარე აგურთა, დავახატვინე კანკელი და შევამკე და აღვაშენე კარის ბჭე“ (ბარნაველი 1962: 112).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 66; ბარნაველი 1962: 112, 117-121, 123, 124; ბაქრაძე 1875: 114; გიულდენშტედტი 1962: 19, 21, 23, 57, 259, 261; გულისაშვილი 1884: №225; დავლიანიძე 1983: 29, 64; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 91; მასალები ... 1937: 413; მცირე ქრონიკები 1968: 43; მჭედლიშვილი 1986: 51-57; საქ. სიძ. 1910: 208; ფიცხელაური 1959: 121; 1973: 186; ქც 1: 199,1; ქართლ-კახეთის ... 1903: 123, 142; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1113; 1981: 332; ქართ. წარწ. კორ. 1980: 313-316; ქრონიკები 1897: 512; 1967: 205; ქც 4: 114,1; 468,13,23; 529,12; 607,7; ყაუხჩიშვილი 1951: 318, 319; ჩხეიძე 1913: 7; ხიდაშელი 1972: 87; ჯალაღანია 1979: 11; ჩუბინაშვილი 1959: 232-246, 497-500, 524, 525; შანიძე 1938: 54, 55.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9