შა შე ში შო შტ შუ შქ შხ
შილ შინ შიო

შილდა


(ქც 4: 552,8; 568,3; 618,22; 616,28). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 552,8; 568,3; 618,22; 616,28), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 242; ქართ. სამართ ძეგ. 1965: 199; 1970: 180, 955, 1036, 1114; 1977: 59, 111-113, 122; 1981: 123, 664; 1985: 312, 346, 429), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 214), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 71), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 86), კ. კოხის „ბრძოლის ველზე გასვლა“ (კოხი 1981: 224, 238).

მდებარეობს ყვარლის მუნიც-ში, მდ. ჩელთის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. შილდის ტერიტორიაზე.

წყაროებში იხსენიება XIV ს-დან (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 180). XV ს-ის მეორე ნახევარში კახეთის მეფე გიორგი I-მა (ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII – 1446-1466 წწ. კახეთის მეფე – 1466-1476 წწ.) გააუქმა ერისთავობა და მათ ადგილას მოურავები დანიშნა. ერთ-ერთი მოურავი შილდა-ყვარელში დასვა (ქც 4: 568,3). XVIII ს-ში შილდას ხშირად ესხმოდნენ თავს ლეკები (ქც 4: 616,28, 618,22, 625,7). XVIII ს-ის ბოლოს შილდაში ცხოვრობდა ნეკრესის მიტროპოლიტი ამბროსი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1114).

1936 წ. სოფ. შილდაში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. VII ს-ის ქვის სამარხი, რომელშიც გამოვლინდა: ბრინჯაოს „კახური ტიპის“ სატევრისპირები (2ც); „ცენტრალურ-ამიერკავკასიური“ ცულის მსგავსი საკიდი; წალდის ფორმის რკინის საკიდი. ნივთები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (ჯაფარიძე 1957: 203, 204).

1976 წ. სოფ. შილდის მახლობლად, აღმოჩნდა ძვ. წ. XIV-XII სს-ის სამლოცველო, სადაც ზედაპირულად აიკრიფა დიდი რაოდენობის ბრინჯაოს ნივთები. 1976-1978 წწ. სამლოცველო შეისწავლა ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ.ფიცხელაური).

შილდის სამლოცველო მდებარეობს ალაზნის ველზე, ენისელი-ყვარლის გზის მარჯვენა მხარეს, „ქალიაყვანას“ მთის სამხრეთით, ადგილ „ბურჟიაანთ ნავენახარის“ ტერიტორიაზე. იქ გაითხარა ოვალური გეგმის ნაგებობა (34X32 მ). კედელი ნაგები იყო მშრალი წყობით, ფლეთილი ქვით, ორპირად, რომელთა შორის ჩაყრილი იყო წვრილი ქვა (შემორჩენილი სიგრძე 26 მ, სიგანე 1,5-2,1 მ). სამხრეთ-აღმოსავლეთი კედელი განადგურებულია. ნაგებობას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჰქონდა შესასვლელი – რიყის ქვების ორი პარალელური რიგი (სიგრძე 3,4 მ. მათ შორის მანძილი 4 მ). შესასვლელში ჩაფლული იყო ნაცრით სავსე თიხის ჭურჭელი. სამლოცველოს სამხრეთ ნაწილში დაფიქსირდა 3 ორმო. №1 ორმოში აღმოჩნდა ასზე მეტი თიხის ჭურჭელი (მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი ქოთნები, ქილები), ბრინჯაოს შუბისპირი და შუბისპირის იმიტაცია. №2 ორმოში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს მახვილის იმიტაციები (9 ც). №3 ორმოში გამოვლინდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. სამლოცველოს ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა დერგი, რომელშიც იდო ბრინჯაოს 72 შუბისპირი, შედგენილტარიანი სატევარი, უმბონები. სამლოცველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რომელიც სავსე იყო ერთმანეთზე შედუღებული ბრინჯაოს ნივთებით: „ცენტრალურ-ამიერკავკასიური“ ცულის იმიტაცია (3 ც), საკიდები – ფრინველებისა და ცხოველების გამოსახულებით, ღილები, სარდიონის, მინისა და ბრინჯაოს მძივები. სულ სამლოცველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა 3457 ნივთი (მაისურაძე 1993: 12-34; მაისურაძე, ფანცხავა 1984). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

შილდის სამლოცველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერატორ ირაკლის (610-641) ოქროს მონეტა (აბრამიშვილი 1989: 25).

შილდაში დგას ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი, რომელშიც შედის სამეკლესიანი ბაზილიკა, კოშკი, გალავანი და საცხოვრებელი ნაგებობები. ეკლესია თარიღდება V-VI სს-ით. ნაგებია ფლეთილი ქვით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამი მხრიდანაა (ჩუბინაშვილი 1959: 157). ეკლესიას შემოუყვება გეგმით მრავალკუთხედი, ორიარუსიანი გალავანი. ქვედა იარუსი ყრუა, ზედა – საბრძოლო. გალავნის დასავლეთით, კედელში დგას კოშკი, რომლის ქვედა სართულში შესასვლელია. შესასვლელის ჩრდილოეთით და სამხრეთით რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობა იდგა. ეკლესიასა და გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს შორის სამსართულიანი, ოთხკუთხა კოშკია. გალავანი, საცხოვრებელი ნაგებობები და კოშკი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (ზაქარაია 1962: 54-61).

შილდაში კიდევ რამდენიმე ეკლესიაა: „შალუაანთ“ X ს-ის ეკლესია და წმიდა გიორგის განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია. ამავე ეკლესიასთანაა გვიანი შუა საუკუნეების კოშკი (ბარნაველი 1959: 118).

შილდაში დგას XVIII ს-ის მეორე ნახევრის ციხე-გალავანი, რომლის კუთხეებში მრგვალი კოშკებია ჩართული. უკეთაა შემონახული სამხრეთ-დასავლეთი კუთხის კოშკი. მისგან შემორჩენილია 4 სართული. შესასვლელი აქვს პირველ და მეორე სართულზე ცალ-ცალკე. მეორე და მესამე სართულების კედლებში სათოფურებია, მეოთხეზე – სალოდეები. გალავნის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ჩართულია ოთხკუთხა კოშკები, რომელთა პირველი სართული ციხე-გალავანში შესასვლელებს წარმოადგენს. გალავნის აღმოსავლეთ კედელში კიდევ ერთი კარია (ზაქარაია 1962: 128-132).

შილდაში გვიანი შუა საუკუნეების კიდევ რამდენიმე კოშკია: „ბეჟიკელაანთ ციხე“, „ბუშელაანთ ციხე“, „მამუკელაანთ ციხე“, „უთურაანთ ციხე“ (ბარნაველი 1959: 118).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1989: 25; ბაგრატიონი 1983: 86; ბაგრატიონი 1986: 71; ბარნაველი 1959: 118; ზაქარაია 1962: 54-61, 128-132; კოხი 1981: 224, 238; მაისურაძე 1993; მაისურაძე, ფანცხავა 1984; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 242; ორბელიანი 1981: 214; ქართ. სამართ ძეგ. 1965: 199; 1970: 180, 955, 1036, 1114; 1977: 59, 111-113, 122; 1981: 123, 664; 1985: 312, 346, 429; ქც 4: 552,8; 568,3; 618,22; 616,28; ჩუბინაშვილი 1959: 157; ჯაფარიძე 1957: 203, 204.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9