ნა ნე ნი ნო ნუ
ნიკ ნინ ნიქ ნიჩ ნიჯ

ნიქოზი


(ქც 4: 175,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 114,6; 175,21; 370,1,6; 374,2), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 199,6), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 38,4), „წმიდა რაჟდენის წამება“ (წამებაი რაჟდენისი 1946:246), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 80), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 21), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 246), XVI-XVIII სს-ის ის-ტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 165; ქართულ-სპრასული ... 1955: 343-345; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 8, 109, 184, 326; 1953: 113; მასალების საქ. ეკ. ისტ. 1938: 154; 1953: 92, 93; 1955: 105, 136; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 977, 979, 991, 1115; 1972: 362, 470, 523; 1974: 40, 41, 326; 1981: 137, 245, 299, 309, 479, 567, 613, 653; 1985: 109, 160, 510, 620), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177, 207, 279).

მდებარეობს ქ. ცხინვალიდან სამხრეთით, 3 კმ-ის დაშორებით, მდ. დიდი ლიახვის ნაპირზე. სოფელი იყოფა ზემო და ქვემო ნიქოზად.

ვახტანგ გორგასალს (V ს.) ნიქოზში აუშენებია ღვთაების ეკლესია. იქვე დაუსვამს ეპისკოპოსი, რომლის სამწყსო სხვა ტერიტორიებთან ერთად დვალეთსა და გლოლაღებსაც მოიცავდა. ეკლესიაში დაუკრძალავთ წმინდა რაჟდენის ნეშტი. წარმოშობით ის სპარსი იყო, ცეცხლთაყვანისმცემელი. ქრისტიანობის მიღებისათვის სპარსელებმა აწამეს (ქც 1: 199,6-8; ქც 4: 370,1-5; წამებაი რაჟდენისი 1946: 246). ნიქოზში გარდაცვლილა და იქვე დაუკრძალავთ თამარ მეფეზე უიმედოდ შეყვარებული ოვსთა ერთ-ერთი მეფე (ქც 2: 38,1-5; ქც 4: 175,21). 1614 წ. შაჰ-აბასი (1587-1629) კახეთის აოხრების შემდეგ ქართლში გადმოვიდა და ნიქოზს მიადგა (ცხოვრება ... 1980: 80). ქართლში მოთარეშე ლეკებს თეიმურაზ II-მ (1744-1762) და ერეკლე II-მ (1744-1798) ბრძოლა გაუმართეს ცხინვალთან. ღამით ლეკის ჯარი ნიქოზში გამაგრდა. მეორე დღეს აიყარნენ და ახალციხისაკენ წავიდნენ (ორბელიანი 1981: 246).

ნიქოზი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება 1914 წ. შემოსული ნივთები, აღმოჩენილი ნიქოზის მიდამოებში: 1. ბრინჯაოს ოვალურგანივკვეთიანი სამაჯური, რომლის გახსნილი თავები ერთმანეთზე გადადის. შემკულია ამოღარული გეომეტრიული ორნამენტით. 2. სამაჯური, მრგვალზურგიანი, გახსნილი თავები ერთმანეთზე გადადის. 3. სახელურის ნატეხი ღეროზე რელიეფური სარტყლითა და მომრგვალებული თავით. 4. რკინის ბოძალი (არქ. მას. კატ. 1955: 47). ბრინჯაოს სამაჯურები და სახელურის ნატეხი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება. რკინის ბოძალი განვითარებული შუა საუკუნეების უნდა იყოს. გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება ამავე კოლექციის ბრინჯაოს ფირფიტა (28-14:5), წმიდანის გამოსახულებით.

ზემო ნიქოზის ცენტრში, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე აღმართულია ღვთაების ეკლესიის კომპლექსი, რომელშიც შედის ეკლესია, სამრეკლო და ეპისკოპოსის სასახლე. ღვთაების გუმბათიანი ეკლესია (16,7X11,5 მ), ჯუანშერისა და ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აუგიათ (ქც 1: 199,6-8; ქც 4: 370,2-5). ეკლესია რამდენჯერმე ისეა გადაკეთებული, რომ მასში V-VI სს-ის სამშენებლო ფენების დადგენა გაძნელებულია. თავდაპირველად ის დარბაზული ყოფილა. ეკლესია შიგნიდან და გარედან შემოსილია თლილი ქვებით. მოგვიანებით შიგნიდან შეულესავთ. შესასვლელი ჰქონია დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთი და დასავლეთი მკლავები შედარებით დაგრძელებულია. ოთხივე მკლავში სარკმელია. გუმბათი ეყრდნობა აღმოსავლეთი კედლების კუთხეებსა და დასავლეთი კედლის შვერილ პილონებს. გუმბათის ყელში რვა სარკმელია. ეკლესიის ფასადი ორნამენტირებულია. ნაგებობა გადახურულია ლორფინით. მოგვიანებით ეკლესიის ოთხივე კეხზე ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავები დაუდგამთ (მაკალათია 1971: 45-49; სძა 1990: 68, 69). ეკლესია თარიღდება V-XI სს-ით (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 12). მის ფასადზე ძნელად გასარჩევი ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერებია. სამხრეთ ფასადზე X ს-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე ამენ. მიქაელ ეპისკოპოზმან აღვაშენე წმიდაი ეკლესიაი“ (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 12; ქართ. წარწ. კორ. 1980: 188).

სამრეკლო მდებარეობს კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ნაგებობა ორსართულიანია (5,45X5,35 მ). ფასადები შემოსილია რუხი ფერის გათლილი ქვებით. სამრეკლოს პირველი სართული ჭიშკარია, დასავლეთის კედელზე ჯვრის სამი გამოსახულებით. ფასადებზე რამდენიმე გაურკვეველი ასომთავრული წარწერაა. ზოგიერთში მოხსენიებულია სამრეკლოს ამშენებელი კალატოზები. მეორე სართული ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატურია. სართული ოთხივე მხარეს გახსნილია ორ-ორი შეისრული თაღით. ოთხივე ფასადის ფრონტონის კეხზე დგას ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავის გამოსახულება. თარიღდება XVI-XVII სს-ით. სამრეკლოს ორივე მხრიდან ებჯინება ქვის გალავანი (სძა 1990: 69).

ეპისკოპოსის სასახლე გალავნის გარეთაა, სამხრეთ-აღმოსავლეთით. გეგმით სწორკუთხაა (11,2X21მ), ორსართულიანი. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი ჰქონია ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. პირველი სართულის სამხრეთ კედელში სარკმელი და ბუხარია. მეორე სართული განათებული ყოფილა თაღოვანი სარკმლებით. სამხრეთ კედელში შემორჩენილია ბუხარი. სასახლე თარიღდება IX-X სს-ით (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 74), სხვა მოსაზრებით X-XI სს-ით (სძა 1990: 69).

მთავარანგელოზის გუმბათიანი ეკლესია (8,5X5,3 მ) აღმართულია სოფლის ცენტრში, ძველ სასაფლაოსთან. ნაშენია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. აფსიდაში, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო სარკმელია. დასავლეთი მკლავი შედარებით მოგრძოა. გუმბათი ეყრდნობა გრძივი კედლებიდან გამოწეულ პილონებს. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახულია გველეშაპთან მებრძოლი, ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი. გუმბათის ყელზე, ჩრდილოეთით, სამი ლომია გამოსახული. ფასადზე აქა-იქ ჩუქურთმიანი ქვებია ჩადგმული. ეკლესია გადახურული ყოფილა ლორფინით. თარიღდება X ს-ით (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 70-72; სძა 1990: 68). ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე X ს-ის ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, სახელითა ღმრთისაითა, მე მიქაელ ნიქოზელ ებისკოპოზმან აღვაშენე წმიდაი ეკლესიაი, რომელ არს სახელი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი, საყოფელი წმიდისა ღმრთისმშობელისაი და წმიდათა მთავარანგელოზთაი სალოცველად სულისა ჩემისათვის“. მის ზემოთ ამოკვეთილი ყოფილა კიდევ ერთი წარწერა, რომელშიც მოიხსენებოდა მიქაელ ეპისკოპოსი. წარწერის ნაწილი ამჟამად გადაშლილია. გუმბათის ჩრდილოეთი სარკმლის ზემო ქვაზე, ლომის ორ გამოსახულებას შორის ამოღარულია ოთხ-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მიქაელ ეპისკოპოსის დისწული იოვანე (ქართ. წარწ. კორ. 1980: 186, 187).

ქვემო ნიქოზის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას რიყისა და ტუფის ქვით კირხსნარზე ნაგები კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია (8X5,5 მ). შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით თაღოვანი სარკმლები ჰქონია. ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით. აღმოსავლეთ ფასადზე სამმაგი რელიეფური წრე და მათ ზემოთ ჯვარია გამოსახული. ეკლესია თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (სძა 1990: 114).

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიაა (8,5X6 მ). ნაგებია რიყისა და ტუფის ქვით კირხსნარზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით აქვს თაღოვანი სარკმლები. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები შირიმის ქვის პილასტრებით ორადაა გაყოფილი. აღმოსავლეთის ფასადზე გამოსახულია ჯვარი და დაზიანებული ასომთავრული წარწერა. ეკლესიის ლავგარდანი შირიმის ქვისაა. ეკლესია თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (სძა 1990: 115).
 
ბიბლიოგრაფია: არქ. მას. კატ. 1955: 47; ბაგრატიონი 1986: 41; ბაქრაძე 1875: 112, 113; გიულდენშტედტი 1962: 177, 207, 279; გორგიჯანიძე 1926: 21; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 8, 109, 184, 326; 1953: 113; მაკალათია 1971: 45-49; მასალები კავკ. არქ. 1894: 179-182; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 154; 1953: 92, 93; 1955: 136; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 165; მეგრელიძე 1952: 279, 280, 291; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 11, 12, 70-74; ორბელიანი 1981: 246; რჩეულიშვილი 1946: 6, 7; სძა 1990: 68, 69, 114, 115; ქც 1: 199,6; ქც 2: 38,4; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 977, 979, 991; 1972: 362, 470, 523; 1974: 362, 470, 523; 1981: 137, 245, 299, 309, 479, 567, 613, 653; 1985: 109, 160, 510, 620; ქართულ-სპარსული ... 1955: 343-345; ქართ. წარწ. კორ. 1980: 71, 186, 187; ქც 4: 114,6; 175,21; 370,7 374,2; ცხოვრება ... 1980: 80; წამებაი რაჟდენისი 1946: 246.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9