ნა ნე ნი ნო ნუ
ნოკ ნოს ნოღ ნოხ

ნოკორნა

ნოტკორა, ნადოკრა, ნოდოკრა, ნაკორნა (ქც 4: 532,7).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „წამება არჩილისი“ (ქც 1: 248,7), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 532,7; 534,20, სქ. 5; 536,7), XII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 264; 1897: 197, 244, 319, 375, 413; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 151; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 197, 387; 1970: 235; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 51; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 73-75), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 65, 66), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 139).

ვახუშტი ბაგრატიონი ნოკორნის შესახებ გადმოგვცემს: არაგვსა წირდალის ხევის შესართავის „ქუეით ერთვის არაგუს ნოკორნის ხევი ... ამის თავს არს ნოკორნა, მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, დიდი. ესე აღაშენა ... მეფემან არჩილ და ყო მონასტრად. შემდგომად წამებისა მისისა ცოლმან მისმან დაფლა წმიდა გუამი მისი მუნ“ (ქც 4: 534,16-22).

მდებარეობს თიანეთის მუნიც-ში, თიანეთიდან 29 კმ-ის დაშორებით, ერწოს ველის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოფ. სიონთგორთან.

წყაროებში პირველად მოხენიებულია VIII ს-ის ამბების თხრობისას (ქც 1: 248,7). ის წყაროებში სხვადასხვა ფორმითაა მოხსენიებული: ნოკორნა, ნოტკორა, ნადოკრა, ნოდოკრა, ნაკორნა. სოფ. ნოკორნა მცხეთის სვეტიცხოვლის კუთვნილება იყო (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 199). ის შედიოდა ერწო-თიანეთის საეპისკოპოსოში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 235). ნოკორნა-ნოტკორა ძევს ერწოს საზღვარზე. აქ გადიოდა არაგვიდან ერწოში შემავალი ერთ-ერთი გზა (ბერძენიშვილი 1964: 177).

ნოკორნის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

არჩილის სამონასტრო კომპლექსი დგას მაღლობზე. შედგება ორი ეკლესიისაგან, კოშკის, მარნისა და საცხოვრებელი სათავსოს ნანგრევებისაგან. პირველი ეკლესია დარბაზულია. მოპირკეთებულია შირიმის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ტრაპეზის შირიმის ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის შიგნით სამარხია, რომელსაც მიაკუთვნებენ მეფე არჩილ II-ს (719-745). პ. უვაროვას აღწერით სამარხს ეფარა ქვის ფილა, რომელზეც ამოკვეთილი იყო სამმკლავა ჯვარი. ქვას ვინაობის აღმნიშვნელი წარწერა არ ჰქონია (უვაროვა 1904: 125, 126).

მეორე ეკლესია, რომელიც ამჟამად ძლიერ დანგრეულია, იდგა პირველისაგან ჩრდილო-აღმოსავლეთით. ის დარბაზული ტიპის უნდა ყოფილიყო. ჰქონია შირიმის ქვის კარნიზი. XVII-XVIII სს-ის სწორკუთხა კოშკი დასავლეთი კედლით მიდგმულია პირველი ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე, ხოლო ჩრდილოეთი კედლით მეორე ეკლესიაზე. კოშკი ხუთსართულიანია. ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან, მეორე სართულზეა. მეორე სართულზე შეისრული თაღებია. კოშკს აქვს სათოფურები (უვაროვა 1904: 125, 126; ჯორბენაძე 1981: 20-23). მარანი ეკლესიების ჩრდილოეთითაა. აქვს საწნახელის განყოფილება და გუმბათიანი სათავსო, სადაც რვა ქვევრი იყო შემორჩენილი. აგებულია რიყის ქვით. საცხოვრებელი კომპლექსი პირველი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთითაა. მისგან შემორჩენილია საძირკველი. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შეინიშნება გალავნის ნაშთები (ჯორბენაძე 1981: 22). სოფ. სიონთგორსა და არჩილის მონასტერს შორის ნასოფლარია (რამიშვილი, ჯორბენაძე 1978: 149, 150).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 65, 66; ბერძენიშვილი 1964: 177, 179; დადიანი 1962: 139; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 166; რამიშვილი, ჯორბენაძე 1978: 149, 150; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 51; უვაროვა 1904: 6, 7, 125, 126; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 197, 387; 1970: 235; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 73, 75; ქრონიკები 1892: 264; 1897: 197, 244, 319, 375, 413; ქც 1: 248,7; ქც 4: 532,7; 534,20, სქ. 5; 536,7; ჯორბენაძე 1981: 20-23.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9