ნა ნე ნი ნო ნუ
ნიკ ნინ ნიქ ნიჩ ნიჯ

ნიჩბისი


(ქც 4: 340,5,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 340,5,8,12; 389,11; 396,26; 512,4), XI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 47, 68; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 10, 21; 1970: 569; 1977: 607, 614, 634; 1985: 738; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 165; საქ. სიძ. 1910: 260; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 125, 184, 372), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 43), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 239), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 29), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 51), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986:34, 44), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 134), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 55, 273).

ვახუშტი ბაგრატიონი ნიჩბისის შესახებ გადმოგვცემს: „ხევი ნიჩბისისა, გამოდის დიდგორს, დის ჩდილოთ, ერთვის მტკუარს სამხრიდამ. ნიჩბისს არს შენობა დიდი და მონასტერი მცირე ... ამ ნიჩბისის წყლის შესართავზედ, მტკუარზედ. არს კოწახურას ფონი, მუხრანს გამსვლელი“ (ქც 4:340,5,8).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მცხეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 12 კმ-ზე, მდ. ნიჩბისწყლის (მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, თანამედროვე სოფ. ქვემო ნიჩბისის ტერიტორიაზე.

ისტორიულ წყაროებში ნიჩბისი მოიხსენიება XI ს-იდან. 1072 წ. გიორგი II-მ (1072-1089) სოფ. ნიჩბისი შიომღვიმის მონასტერს შესწირა. 1170 წ. გიორგი III-მ (1156-1184) განუახლა მონასტერს შეუვალობის სიგელი ნიჩბისზე. 1490 წ. ქართლის მეფე კონსტანტინე II (1478-1505) ნიჩბისში იდგა და ბარათაშვილებს ეხმარებოდა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1520 წ. მუხრანში დაბანაკებული კახეთის მეფის, ლევანისა (1520-1574) და მამია გურიელის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალი ქართლის მეფე დავით X (1505-1525) ნიჩბისში დადგა. 1615 წ. ქართლის მეფემ ლუარსაბ II-მ (1606-1615) ნიჩბისი ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს გადასცა. XVIII ს-ში ნიჩბისმა მრავალჯერ განიცადა ლეკების შემოსევა. ამავე საუკუნის ბოლოს სოფელში 7 კომლიღა ცხოვრობდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 10,21; ქც 4: 389,1; 396,26; გვასალია 1983: 123).

1914 წ. კავკასიის მუზეუმში (შემდგომში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ჩააბარეს ნიჩბისის ხეობაში შემთხვევით მოპოვებული ბრინჯაოს სამაჯურები გველისთავისებური დაბოლოებებით. თარიღდება I ათასწლეულის შუა ხანებით (ირემაშვილი 1967: 63). 1936 წ. სოფ. ნიჩბისის განაპირას მიწის დამუშავების დროს დაზიანებულ სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს იტალიკური სურები (2 ც), მინისა და ვერცხლის რგოლები (4 ც), ვერცხლის აბზინდა არწივის თავის გამოსახულებით, პართიის მეფეების გოტარზეს (40/41-51) 6 დრაქმა და მითრიდატე IV-ს (130-147) 1 დრაქმა, რომის იმპერატორის ავგუსტუსის (ძვ. წ. 63-ახ. წ. 14) 2 დენარი. მასალა ინახება. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (აბრამიშვილი 1974: 74, 79, 90, 104, 108; ლორთქიფანიძე 1964: 243-250). 1957 წ. სოფ. ახალი ნიჩბისის განაპირას, მიწის დამუშავებისას დაინგრა გვიანანტიკური ხანის მდიდრული სამარხები. მასალის ერთი ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), მეორე ნაწილი – დიდი მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში (ირემაშვილი 1967: 63).

1957-1960 წწ. სოფ. ქვემო ნიჩბისის სამხრეთით 5 კმ-ზე, წიწილასწყაროს ხევში, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. უგრელიძე) გათხარა ნატბეურის მინის საწარმო. სახელოსნო მიშენებული იყო კლდეზე. შენობის აღმოსავლეთ კედელთან გაითხარა მინის სადნობი ქურა – შემორჩენილი იყო საცეცხლე, ჰაერსადენი საკანი, მინის სალღობი აბაზანა და საკვამლე ხვრელი. აქვე აღმოჩნდა ქვასანაყი, რკინის კავი და დანა, ნედლეული – კაჟი და მარგანეცი; გადანაყარში დაფიქსირდა მინის ჭურჭლისა და სამაჯურების ფრაგმენტები, მინის წვეთები. აქ აღმოჩენილი მონეტების მიხედვით ნატბეურის სახელოსნო თარიღდება XIII ს-ის მეორე ნახევრითა და XIV ს-ის დასაწყისით (უგრელიძე 1961: 11-14).

1961 წ. სოფ. ქვემო ნიჩბისის მახლობლად, ნასოფლარ ზეუბანში აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული მონეტების განძი (1460 ც). ქართული მონეტები მოჭრილია მეფეების – დემეტრე I-ის (1125-1156), გიორგი III-ის (1156-1184), გიორგი III-ისა და თამარის (1184-1207), ლაშა-გიორგის (1207-1223) სახელით. 15 ქართული მონეტის ატრიბუცია ვერ მოხერხდა. გარდა ქართული მონეტებისა ნიჩბისის განძში აღმოჩნდა შირვანული, ილდიგიზიდური და დარუბანდული მონეტები (34 ც). განძი დაფლულია რუსუდანის მეფობის (1223-1245) დროს, სავარაუდოდ, 1122-1126 წლებში (კაპანაძე 1969: 80-96).

1971 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქსნის ექსპედიციამ (ხელმძღ. ი. გაგოშიძე) სოფ. ქვემო ნიჩბისში გათხარა გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული ციხე-დარბაზი. იგი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, მდ. ნიჩბისისწყლის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVII ს-ით. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. ამჟამად, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული გალავნისა და აბანოს ნანგრევები. გალავანი გეგმით მართკუთხაა, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში ჩართულია კოშკები; გალავნის სამხრეთი კედელი შემორჩენილია 7-8 მ-ის სიმაღლეზე, ქვედა ნაწილი ყრუა, ზედას საბრძოლო ბილიკის დონეზე აქვს სათოფურები და სალოდეები. ეზოში დგას სამსართულიანი კოშკი, რომელიც გეგმით ოთხკუთხაა. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აბანო (7,8X13,3 მ). იგი შედგება გასახდელის, საბანაო ოთახისა და საქვაბე განყოფილებისაგან. აბანოში კერამიკული მილებით შეყვანილი იყო წყაროს წყალი (გაგოშიძე 1972: 36).

1983 წ. მდ. მტკვრისა და ნიჩბურას შესართავთან, ადგილ „ბორნისთავზე“, მდ. ნიჩბურას მარჯვენა ნაპირზე, მშენებლობის დროს დაზიანდა მრავალ-ფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ვრცელდება 7 ჰა-ზე. 1984 წ. მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) დაიწყო ძეგლის შესწავლა. გაითხარა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარის ფრაგმენტები, ბაზალტისა და რიყის ქვისაგან დამზადებული შრომის იარაღები, მოყავისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი მცენარეული ჩანართებით. ნამოსახლარი თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულით (აფაქიძე ... 1997: 65-70). იქვე აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ფრაგმენტები და სამეურნეო ორმოები, რომლებშიც დაფიქსირდა კერამიკის ფრაგმენტები, ობსიდიანის ანატკეცები, მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა საქონლის ძვლები (აფაქიძე ... 1995: 88).

გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანზე გაითხარა რამდენიმე ათეული ქვაწრიანი და წრიულქვაყრილიანი ორმოსამარხები. თარიღდება ძვ. წ. XIV-XII სს-ით. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ თავით ჩრდილოეთისაკენ, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს ფოთლისებური სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, ირმის რქის ძირის კვერთხისთავი და სხვა (აფაქიძე ... 1987: 51; აფაქიძე ... 1995: 85-89; აფაქიძე ... 1997: 65-70).

იმავე ტერიტორიაზე გაითხარა გვიანანტიკური ხანის სამაროვანი და ნამოსახლარი. ორმოსამარხებში აღმოჩნდა მოვარდისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი და სხვადასხვა მასალის სამკაული. სამაროვანი თარიღდება II-III სს-ით (აფაქიძე ... 1987: 49; აფაქიძე ... 1995: 88; აფაქიძე ... 2004: 77).

სოფ. ქვემო ნიჩბისის განაპირას, სამხრეთით, მთის ფერდობზე დგას „კიკოლაანთ საყდარი“. ეკლესია დარბაზულია (5,8X4,3 მ). თარიღდება X ს-ით. ნაგებია ფლეთილი ქვით, აქვს ნახევარწრიული აფსიდა. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო.

სოფლის სამხრეთით მდ. ნიჩბურას მარჯვენა ნაპირზე დგას წმინდა ნიკოლოზის გუმბათიანი ეკლესია (16,7X15 მ). თარიღდება XVI-XVII სს-ით. ძლიერ დაზიანებულია. ნაგებია ფლეთილი და თლილი ქვით, აგურით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა, რომლის ორივე მხარეს განლაგებულია გეგმით მართკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე. XVIII ს-ში ეკლესიის ქვედა ნაწილს გასამაგრებლად შემოავლეს თლილი ქვის კედელი.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) დაცულია ხატი, რომლის პირი მოხატული იყო, მაგრამ დღეს აღარაფერი შემორჩა; ზურგი ვერცხლითაა მოჭედილი და ზედ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა: „...დიდო მღვდელთ მოძღვარო ნიკოლოზ, შემწე გვეყავნ სარდალ-სახლთუხუცესის შვილს ზაალს და თანამეცხედრესა ჩემსა მარიამს, რომელთა მოვაჭედინეთ ოქროთა და თვალმარგალიტით ცოდვათა ჩვენთა მისატევებლად და ძეთა ჩვენთა წარსამართებლად და მშობელსა ჩემისა, ქართლთა და კახთა მფლობელსა, მეფის შაჰნავაზის დის, ბატონის შვილის დედისიმედის სულის საოხად აღვაშენეთ საყდარი წმიდის ნიკოლოზისა სანახებსა ქართლისა ნიჩბისს სახლთუხუცესმა ზაზამ და ზაალ. ქორონიკონსა ტ-გ (1675 წ.)“. წარწერაში მოხსენებულია ზაზა და ზაალ ციციშვილები (საყვარელიძე 1975: 27, 28; მაისურაძე 1990: 67-75).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1974: 74, 79, 90, 104, 108; აფაქიძე ... 1987: 49-51; აფაქიძე ... 1995: 83-89; აფაქიძე ... 1997: 65-70; აფაქიძე ... 2004: 70-80; ბაგრატიონი დავით 1941: 29; ბაგრატიონი 1983: 51; ბაგრატიონი 1986: 34, 44; გაგოშიძე 1972: 36, 37; გვასალია 1983: 123; გიულდენშტედტი 1962: 55, 273; დადიანი 1962: 134; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 125, 184, 372; კაპანაძე 1969: 80-96; ლორთქიფანიძე 1964: 243-250; მაისურაძე 1990: 67-75; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 165; ორბელიანი 1981: 239; საქ. სიძ. 1910: 260; საყვარელიძე 1975: 27, 28; უგრელიძე 1961: 11-14; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 47, 68; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 10, 21; 1970: 569; 1977: 607, 614, 634; 1985: 738; ქც 4: 340,5,8,12; 389,11; 396,26; 512,4; ჩხეიძე 1913: 43.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9