(ქც 4: 542,სქ.5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:542,სქ.5), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 73; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 131, 166; 1985: 47), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (1983: 86), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 27, 259, 261), კ. კოხის „ცნობები საქართველოს შესახებ“ (კოხი 1981: 231).
მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, სიღნაღიდან 5 კმ-ის დაშორებით.
1950 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნინო ბერძენიშვილი) სოფ. ნუკრიანის მახლობლად ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ „ალექსაანთ ყურეში“ შეისწავლა ორმოსამარხი, რომელიც მასში აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის მიხედვით, ძვ. წ. XI-X სს-ით დათარიღდა. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (სიღნაღის მუზეუმი) (ფიცხელაური 1965: 23).
1961 წ. იმავე ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) სხვა პუნქტებთან ერთად დაზვერვებს აწარმოებდა სოფ. ნუკრიანის მიდამოებშიც. ექსპედიციამ ნუკრიანის მახლობლად, მინდორში მიაკვლია წელში გამოყვანილ რიყის ქვის იარაღებს, „ქვის თოხებს“. სოფლის სამხრეთით, ადგილ „ნახაზინარში“ შეისწავლა დანგრეული ყორღანი, სადაც 1954 წ. ბრინჯაოს სატევარი იყო აღმოჩენილი. ექსპედიციამ გვიან-ბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვნებს მიაკვლია ნუკრიანის მახლობლად ადგილ „ჭოტორსა“ და „ბასკოლიანთან“. ამავე პერიოდის ნამოსახლარები დადასტურდა ადგილ „ნაქალაქართან“ (ფიცხელაური 1962: 25, 26).
1975-1976 წწ. ექსპედიციამ სოფ. ნუკრიანის მიწებზე შეისწავლა სხვადასხვა პერიოდისა და ხასიათის არქეოლოგიური ძეგლები: ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის ყორღანები, გვიანი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები, შუა საუკუნეების ნამოსახლარი (ფიცხელაური ... 1979: 18-21; ფიცხელაური ... 1979ა: 39, 43, 44).
სოფ. ნუკრიანის მინდვრებში ადგილ „დიდსერებსა“ და „ხრამებზე“ აღმოჩნდა პალეოლითური ხანის ქვის იარაღები (ფიცხელაური ... 1979: 18).
სოფლის სამხრეთით, ადგილ „ნახიზანარში“ 1954 წ. მეცხვარეებს დაუნგრევიათ ქვაყრილიანი სამარხი აკლდამა. კამერა ნაგები იყო ფლეთილი ქვებით მშრალად. გადახურვა ხის უნდა ჰქონოდა. სამარხში აღმოჩნდა ადამიანისა და მსხვილფეხა საქონლის ძვლები. აგრეთვე ბრინჯაოს ბრტყელი სატევრის პირი, მრგვალი მხრებითა და გახვრეტილი ყუნწით. სამარხი თარიღდება ადრეული ბრინჯაოს ხანის დასასრულით. სატევარი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ფიცხელაური 1965: 36; საქ. არქ. 1992: 176).
„ხრამების“ №1 ყორღანის მიწაყრილის სიმაღლეა 1 მ, დმ 20 მ. ორმოში ჩაშვებული იყო ძირითადი სამარხის თითქმის თანადროული სამარხი რამდენიმე ჭურჭლითა და ბრინჯაოს ნივთებით. ძირითად სამარხ ორმოში აღმოჩნდა ოთხთვალა ეტლზე ჭილობში გახვეული კრემირებული მიცვალებულის ფერფლი და თიხის ჭურჭელი. სამარხი გაძარცული იყო. თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანით. №2 ყორღანი, რომლის სიმაღლე 2 მ, დმ კი 40 მ იყო, გაუძარცვავთ მასზე შუა საუკუნეების სამარხების გამართვისას.
„დიდსერების“ №1 ქვაყრილიანი ყორღანის სიმაღლეა 0,75 მ, დმ 15 მ. ყორღანის ორმოში მიცვალებული მჯდომარე პოზაში დაუკრძალავთ. სამარხში აღმოჩნდა მსხვილფეხა საქონლის მთლიანი ჩონჩხი, წვრილფეხა საქონლის ძვლები, თიხის ათამდე ჭურჭელი, საკინძის ქვის თავი და ბრინჯაოს სატევრისპირი. №2 ქვაყრილიანი ყორღანის სიმაღლეა 0,5 მ, დმ 20 მ. უორმო ყორღანი კოლექტიური გამოდგა. შეიცავდა ადრებრინჯაოს ხანის ღარიბულ ინვენტარს (ფიცხელაური ... 1979: 18, 19; საქ. არქ. 1992: 207).
სოფლის კუთვნილ მიწებზე, ადგილ ვაისწყალთან მდებარე დანგრეული ქვაყრილიანი ყორღანის სამარხი ორმოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა დიდი ჭურჭლის ნახევარი და რამდენიმე მცირე ზომის ჭურჭელი, რომლებიც შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება (ფიცხელური ... 1979ა:39). ადგილ ჩალიანისთავის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე და მის მიმდებარე ვაკეზე მდებარეობს ნასახლარი, რომელსაც 9-10 ჰა ფართობი უკავია. იქ აიკრიფა ზედაპირული მასალა და ჩატარდა მცირე მასშტაბის გათხრები. ნასახლარის ზედა ფენა დაზიანებულია სამიწათმოქმედო სამუშაოების შედეგად. ზედა ფენის შენობები ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. ზედაპირულ მასალაში გამოირჩევა ქვის თოხები, კაჟის ნამგლის ჩასართები და სხვ. ყველაზე მრავალრიცხოვანია წვრილმარცვლოვანი თიხისაგან დამზადებული, შავად და მონაცრისფროდ გამომწვარი, ზედაპირნაპრიალები კერამიკის ფრაგმენტები, შემკული ამოკაწრული კონცენტრული წრეებით, სოლისებური ნაჭდევებითა და სხვ. გვხვდება მსხვილმარცვლოვანი კეცის მქონე ჭურჭელი, რომელთა მხრები შემკულია ამოკაწრული კონცენტრული ხაზებით, ძირზე შემოუყვებათ ღრმა ნაჭდევები. ნაცროვანი ფენის ქვეშ, რომელიც აღწერილ მასალას შეიცავდა, გამოვლინდა უფრო ძველი, ქვედა ფენა. მასზე გაიწმინდა მოგვიანო სამეურნეო ორმოებითა და ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულის ორმოსამარხებით ნაწილობრივ დაზიანებული ნაგებობა, რომლის კედლები თიხით მოლესილი სარ-ლასტისა ყოფილა. ნაგებობის ჩრდილოეთი კედელი ნახევარწრიულია. ქვედა ფენაში გამოვლინდა შუა ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ჩანს, ნასახლარის რომელიღაც ნაწილი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში ყოფილა ათვისებული. ზედა ფენის №1 ნაგებობაში გამართულია საკურთხეველი, რომლის შიდა ნაწილი ქვებითაა შევსებული. საკურთხევლის კიდეები აწეულია. ერთ მხარეს გააჩნია ღარი, რომელიც უერთდებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე თიხის „ბორდიურის“ მქონე ნაცრიან ორმოს. საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ფართო და ღრმა ნაცრიანი ორმოა. მის ფსკერზე აღმოჩნდა ქვის ხელსაფქვავი, ობსიდიანის მოზრდილი ანამტვრევი და თიხის ჭურჭლის გვერდის ნატეხები. ნაცრით შევსებული ორმოები საკურთხევლის სხვა მხარესაც გამოვლინდა. ზოგიერთ მათგანში მიკვლეულია ხელსაფქვავები. ნაგებობის დასავლეთ ნაწილში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, სამხრეთ ნაწილში კი თიხის შელესილობის ფრაგმენტები, ქვის ხელსაფქვავები, კაჟის ნამგლის ჩასართები. შედარებით მცირე მასალა გამოვლინდა ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. შენობა თარიღდება შუა ბრინჯაოდან გვიან ბრინჯაოზე გარდამავალი ხანით. ვაკე ადგილას განლაგებულ ნასახლარზე გვიანი ბრინჯაოს პირველ ეტაპზე ცხოვრება წყდება. ახალი ნასახლარები ჩნდება ორ, ერთმანეთისაგან 700 მ-ით დაშორებულ ბორცვზე, რომელთაც პირობითად ეწოდათ B და C სხვა ნასახლარები. ნასახლარისაგან განსხვავებით ისინი თავდაცვისათვის გამაგრებული ნასახლარებია. მიკვლეულია მათი სამაროვნებიც, რომელთაც შესაბამისად მიეცათ ინდექსი B1 და C1 (ფიცხელური ... 1979: 19-21).
ნასახლარის სამაროვანზე შეისწავლეს სამ იარუსად განლაგებული 16 ორმოსამარხი. ზედა ფენის სამარხები სამიწათმოქმედო სამუშაოების გამო დაზიანებულია. ისინი მიწის ზედაპირიდან 0,1-0,3 მ სიღრმეზეა განლაგებული. მეორე იარუსის სამარხები 0,8 მ, მესამე იარუსისა კი 1,6 მ სიღრმეზე მდებარეობენ. ქვედა იარუსის სამარხები ნასახლარის ზედა ფენის თანადროულია და მიეკუთვნება გვიან ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპს. სამაროვნის მასალებს შორის საინტერესოა ქვედა იარუსის №2 სამარხში აღმოჩენილი ცილინდრული მოყვანილობის პასტის საბეჭდავი სიცოცხლის ხის გამოსახულებით. ჩალიანთხევის C სამაროვანზე, რომელიც მდებარეობს ვიასწყლის „ნაქალაქარის“ მახლობლად, გაითხარა 41 სამარხი. ზოგიერთ ადგილას ისინი სამ იარუსად იყო განლაგებული. ზოგ სამარხში მიცვალებული დაუკრძალავთ ხის სარეცელზე, რაზეც მიუთითებს ის გარემოება, რომ მიცვალებულის ჩონჩხი დაფიქსირდა სამარხეული ინვენტარის ზემოთ. სამარხებში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი და სამკაულები, ბრინჯაოს შუბისპირები და სატევრები. სამაროვანი თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით (ფიცხელაური ... 1979ა: 43; კობაიძე 1984: 108-132).
ჭოტორის სამაროვანი მდებარეობს ნუკრიანის მახლობლად ადგილ ჭოტორში. 1962 წ. წვიმისაგან ჩამორეცხილ ფლატეში შემთხვევით აღმოჩნდა ორმოსამარხი, რომელშიც გამოვლინდა ბრინჯაოსტარიანი და რკინისპირიანი „კახური ტიპის“ სატევარი. ნივთი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (სიღნაღის მუზეუმი) (ფიცხელაური 1973: 70).
ნუკრიანის მიდამოებიდან ცნობილია სხვა შემთხვევითი აღმოჩენებიც. 1958 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა შეიძინა ნუკრიანის მახლობლად სხვადასხვა დროსა და ადგილას აღმოჩენილი ნივთები: მოწითალოდ გამომწვარი ქილა და ორყურა კოჭობი; მონაცრისფროდ გამომწვარი ქვაბქოთანი, რომელსაც ყურები დაძერწილი აქვს პირსა და მუცლის ზედა ნაწილზე; ბრინჯაოს ბოლომომრგვალებულ სატევარს პირის ორივე მხარეს დაუყვება დაბალი ქედი. ტარი ბოლოვდება დაფანჯრული თავით. სატევრის სიგრძეა 33 სმ. თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით (ფიცხელაური 1973: 180). იმავე მუზეუმში ინახება 1972 წ. ნუკრიანთან აღმოჩენილი ბრინჯაოს შუბისპირი, რომელსაც პირზე ქედი დაუყვება. მასრა შემკულია რელიეფური სარტყელით. შუბისპირი თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 86; ბაგრატიონი 1986: 68; გიულდენშტედტი 1962: 27, 259, 261; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 73; კობაიძე 1984: 108-131; კოხი 1981: 231; საქ. არქ. 1992: 176, 207; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 131, 166; 1985: 47; ქც 4: 514, სქ. 5; ფიცხელაური 1959: 117; 1962: 25, 26; 1965: 23, 36, 39, 43; 1973: 71; ფიცხელაური ... 1979: 18-21; ფიცხელაური ... 1979ა: 39, 43, 44.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.