(ქც 4: 352,22). მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 352,21-23).
მდებარეობს კასპის მუნიც-ში, მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფელი აღაიანის ტერიტორიაზე. ებჯინება თხოთის მთის ჩრდილოეთ კალთას. აღაიანს სამხრეთიდან ეკვრის 800 კვმ ვაკე, ე. წ. რიყიანები, რომელიც გამოყოფს სოფ. აღაიანს პატარა დასახლებული უბნისაგან. მას ახალი უბანი ან კომუნა ჰქვია.
აღაიანის მინდორი ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო შიდა ქართლის ერთ-ერთი დაწინაურებული სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით აღაიანის მინდორი გამოყენებული ყოფილა ზამთრის საძოვრებად (ქც 4: 352,22). ამ მხარემ ძლიერი აოხრება განიცადა შაჰ-აბას I-ის (1587-1629) დროს. 1625 წ. ყარჩიხა-ხანის სარდლობით ყიზილბაშთა ლაშქარი აღაიანის ველზე დაბანაკდა. მათ განზრახული ჰქონდათ იქვე მყოფი კახელების ჯარის მოტყუებით განადგურება. კახელებმა შეიტყვეს რა ეს ამბავი, ხმლით გაიკაფეს გზა (ჯამბურია 1964: 125, 126).
სოფ. აღაიანში ხშირია შემთხვევითი არქეოლოგიური აღმოჩენები. 1928 წ. სოფლის ახალ უბანში, „კომუნის“ ტერიტორიაზე წარმოებული მიწის სამუშაოების დროს გამოვლინდა თიხის სარკოფაგი, რომელშიც ადამიანის ძვლებთან ერთად იყო ოქროს სამკაულები და ორი მონეტა. სამარხეული ინვენტარი დათარიღებულია IV-V სს-ით (მაკალათია 1941: 90). 1958-1962 წწ. გზის სამუშაოების დროს აღმოჩნდა მასალა, რომელიც ძირითადად სამარხეულია და მიეკუთვნება გვიანბრინჯაოსა და ანტიკურ ხანას. ნივთები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
(№№17-58, 47-58, 5-59, 10-60, 17-61, 26-61, 2-62) და კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 1952 წ. მიწის სამუშაოების დროს უპოვიათ არწივის ოქროს გამოსახულება (ნივთის ადგილმდებარეობა უცნობია). 1961 წ. თხოთის მთის ქვედა ტერასაზე 1 მ სიღრმის თხრილში წააწყდნენ გვიანბრინჯაოს ხანის სამარხეულ ნივთებს (ბარამიძე 1974: 124-136). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (№№26-61, 1-10) და კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (№723, №728). მათთან ერთად აღმოჩნდა ანტიკური ხანის ხელადა. 1962 წ. 3 მ სიღრმეზე დაფიქსირდა სამარხი თიხის ოთხი ხელადით. 1974 წ. გამოვლინდა IV ს-ით დათარიღებული მდიდრულინვენტარიანი თიხის სარკოფაგი (მირიანაშვილი 1980: 74,75). 1975 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. ბოხოჩაძე) აღაიანის ტერიტორიაზე დაიწყო სისტემატური არქეოლოგიური გათხრები. 1975-1976 წწ. დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა თხოთის მთის მიმდებარე ვაკეზე – „რიყიანების ველზე“. იქ მიმდინარეობდა არქეოლოგიური სამუშაოები 1977-1978 წლებშიც.
ნამოსახლარი I გამოვლინდა სოფლის ზემოთ, თხოთის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე. გორის ზედაპირზე და ფენაში აღმოჩნდა ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ნამოსახლარი II მდებარეობს სოფლის ახალ სასაფლაოსთან, თბილისი-გორის გზის მარცხენა მხარეს, გზიდან 100 მ დაშორებით. იქ გამოვლინდა გვიანი ანტიკური და ადრე შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ნაქალაქარი აღმოჩნდა სოფლის ჩრდილო-დასავლეთით რიყიანების ველზე. მისი ზედა ფენა მრავალჯერაა გადახნული. მიწის ქვეშ 1,3 მ სიღრმეზე აღმოჩნდა რიყის ქვით მოგებული საძირკვლის ნაწილი ალიზის კედლის ნაშთებით. დაფიქსირდა ანტიკური ხანის ხუთი სამშენებლო დონე. ერთი პირი რიყის ქვის საძირკველზე ამოყვანილი იყო შელესილი ალიზის აგურის კედლები, რომლებიც შეღებილი და შესაძლოა მოხატულიც იყო მუქი წითელი საღებავით. ნაგებობები გადახურული იყო წითლად შეღებილი კრამიტით. მათზე ხშირია ხელოსანთა ნიშნები. დიდი რაოდენობით აღმოჩნდა აგურები (0,29X0,29X0,04 მ), თიხის მილები, კალორიფერების ნატეხები, რკინის ლურსმნები, სარკმლის მინების ნატეხები. ნაქალაქარი თარიღდება ძვ. წ. I-ახ. წ. IV სს-ით (ბოხოჩაძე 1981; მირიანაშვილი 1977; 1980; 1982; 1983).
აღაიანის ტერიტორიაზე გაითხარა რამდენიმე სამაროვანი. თხოთის მთის ქვედა კალთებზე გამოვლინდა 25 სამარხი. სამაროვანი გაითხარა სოფელ აღაიანის აღმოსავლეთით 3 ჰა ფართობზე. აღმოჩენილია გვიანბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი მასალა (ბრინჯაოს ბრტყელი ცული, შუბისპირი, ირმის ქანდაკება, მახვილი, რგოლი, ბალთა, მილები, საკინძები, კერამიკა). თარიღდება ძვ. წ. XI-X სს-ით (ბარამიძე 1974: 124-136). „რიყიანების ველზე“ გაითხარა თიხის სარკოფაგი (1,4X0,46 მ), ორმოსამარხები (19), ქვევრსამარხები (2). იქ გამოვლენილი მაღალხარისხოვანი ადგილობრივი კერამიკული ნაწარმი დამზადებულია განლექილი თიხისაგან და გამომწვარია თანაბრად. სამაროვანზე გამოვლენილია წითლად და შავად გამომწვარი ჭურჭელი. ძვ. წ. IV-III სს-ით თარიღდება აქ შემთხვევით აღმოჩენილი ხელადები. ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ს განეკუთვნება ჯამები და ჭინჭილები, წითლად ანგობირებული ჭურჭელი. ოქროს ნაკეთობანი სამაროვანზე წარმოდგენილია სამკაულის სახით (წნული ძეწკვებიანი სამაჯურები, ორი ბეჭედი, სადა საყურე რგოლები, საკიდები, კილიტები, საავგაროზე). ვერცხლის ნაკეთობიდან გვხვდება ჭურჭელი, კოვზები და სამკაული. აღმოჩენილია ვერცხლის ხუთი თასი (ახ. წ. I-III სს). ოთხი კოვზიდან სამი მათგანის ტარი დაბოლოებულია ცხოველის ჩლიქით (ძვ. წ. I-ახ. წ. I სს). ძვ. წ. I ს-ის სამაჯურებიდან ხუთი ზურგშეზნექილია, დაწახნაგებული თავებით. ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ის სამაჯურები ბოლოებგადახვეულია. ბრინჯაოს ნაკეთობათაგან აღსანიშნავია სურა ფიგურული ყურით, რომელზეც გამოსახულია დიონისე ღვინის სმის დროს (I ს.); აქვეა აღმოჩენილი ზარაკები და საქამრე აბზინდები. რკინის ნაწარმის უმრავლესობას შეადგენს დანები. მნიშვნელოვანია ახ. წ. I ს-ით დათარიღებული რკინის ცალუღელა სასწორის აღმოჩენა. სამაროვნიდან ცნობილია კანდელაბრი და ერთი შუბისპირი. სამაროვანზე აღმოჩნდა სირიული წარმოშობის მინის ხუთი სანელსაცხებლე ჭურჭელი. მრავლად არის გამოვლენილი მინისა და ნახევრადძვირფასი ქვების გემები. მრავალფეროვანია მძივები და საკიდები. სამარხებში აღმოჩნდა 120-მდე მონეტა. მათ შორისაა: რომის, პართიის, პონტოს, კაპადოკიის, სომხეთის ვერცხლის მონეტები; კოლხეთისა და იბერიის ოქროს მონეტები (ლიზიმაქესა და ალექსანდრე მაკედონელის სტატერების მინაბაძებია (მირიანაშვილი 1983: 18-82).
სოფლის ცენტრში დგას წრიული გეგმის, რიყის ქვით ნაგები ხუთსართულიანი კოშკი. კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია აგური. კოშკი დაზიანებულია. თარიღდება XVIII ს-ით.
წმინდა გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესია (11,8X7,6მ) აღმართულია სოფლის ცენტრში. ნაგებია რიყის ქვით. თარიღდება XIX ს-ით. მოგვიანებით მისთვის დასავლეთიდან მიუშენებიათ აგურის კარიბჭე (3,8X2,8მ), რომელზეც დაშენებულია პატარა სამრეკლო.
- ბიბლიოგრაფია: ბარმიძე 1974: 124-136; ბოხოჩაძე 1981: 6-35; მაკალათია 1941: 81-90; მირიანაშვილი 1977: 84-95; 1980: 74-86; 1983: 4-81; ქც 4: 352,22; ჯამბურია 1964.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.