(ქც 4: 375,2,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 375,2,3), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1909: 231, 427, 481-483, 494; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 352; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 136, 161, 162; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 167; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 50, 146, 262; 1977: 25, 96; 1981: 516, 629; 1985: 623; ქართულ-სპარსული ... 1955: 49, 51), ფარსადან გოგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 92), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42).
მდებაროებს ზნაურის მუნიც-ში, მდ. ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ნულთან.
1931 წ. ე. პჩელინამ და ა. სმირნოვმა სოფ. ნულის მახლობლად ე. წ. „ხევის მიწაზე“ გათხარეს 5 კოლექტიური სამარხი, რომლებშიც ბრინჯაოს ინვენტართან ერთად აღმოჩნდა ობსიდიანის ისრისპირები (პჩელინა, სმირნოვი 1933: 287-297). 1945 წ. ბ. კუფტინმა ამ ადგილებში შეისწავლა ექვსი კოლექტიური სამარხი (კუფტინი 1949: 48-51). 1954 წ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ო. ჯაფარიძე) გათხრებს აწარმოებდა სოფ. ნულის მახლობლად, ადგილ „ლაშეებში“, სადაც გამოვლინდა გვიანი ბრინჯაოს ხანის ორი სამარხი, რომელთაგან ერთი წყვილადი იყო, მეორე ინდივიდუალური (ჯაფარიძე 1966: 21).
ადრებრინჯაოს ხანას მიეკუთვნება ე. პჩელინასა და ა. სმირნოვის მიერ გათხრილი ერთი ქვაყრილიანი ორმოსამარხი, რომელშიც მიცვალებული ესვენა მოხრილი კიდურებით, მარცხენა გვერდზე. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილი იყო ერთადერთი შავზედაპირიანი, ვარდისფერსარჩულიანი ჭურჭლით (ჯაფარიძე 1961: 210). შუა ბრინჯაოს ხანის მოგვიანო ეტაპს (ძვ. წ. XVI-XV სს-ს) განეკუთვნება კოლექტიური სამარხები, რომელშიც დაკრძალული იყო 4-6 სხვადასხვა მხარეს დამხრობილი მიცვალებული, მოხრილი კიდურებით, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხეულ ინვენტარს შეადგენდა: სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების შავპრიალა თიხის ჭურჭელი; ბრინჯაოს საკინძები დაბრტყელებული, პირამიდისებური და დისკოსებური მოყვანილობის თავებით; თავგახსნილი სამაჯურები, სატევრები, შუბისპირები, საკიდები; ობსიდიანის ფუძეამოღარული ისრისპირები, ქვის ლახტისთავები და სხვ. (კუფტინი 1949: 31-34). მასალა ინახება ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
გვიანბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპს მიეკუთვნება ნულის ორი სამარხი, რომელთაგან ერთი ინდივიდუალურია, მეორე წყვილადი. №1 სამარხი აღმოჩნდა 0,6 მ სიღრმეზე. მის ზომებია 1,3X0,8 მ; დამხრობილი იყო ჩრდილო-სამხრეთით. სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს 2 სამაჯური, 2 სასაფეთქლე რგოლი, მოზრდილი ქილა, ჯამი და სასმისი. №2 სამარხს ჰქონდა 1, 4 მ სიმაღლის ქვაყრილი. სამარხში აღმოჩნდა ერთიმეორეზე დასვენებული 2 მიცვალებული. ზედა ჩონჩხი ძლიერ იყო დაშლილი. ქვედა დამხრობილი იყო ჩრდილო-სამხრეთით, მოკრუნჩხულ პოზაში, მარცხენა გვერდზე. ხელები სახესთან ჰქონდა მიტანილი. სამარხში აღმოჩნდა: 2 სამაჯური, 2 ქინძისთავი ბრტყელი, დისკოსებური მოყვანილობის თავით; 2 სასაფეთქლე რგოლი; ფრინველის ლულოვანი ძვლისაგან დამზადებული საკიდი; ცხოველის ძვლის დამუშავებული ნატეხი და თიხის ჭურჭლის ნატეხები (ჯაფარიძე 1966: 21-22).
სოფ. ნულში მიკვლეულია შუა ბრინჯაოდან გვიან ბრინჯაოზე გარდამავალი პერიოდის ფენები, სადაც უფრო გვიანი ბრინჯაოს ხანის მასალები ჭარბობდა. ნულის მიდამოებში, იქ, სადაც თავის დროზე აღმოჩნდა ბრინჯაოს კოლხური ტიპის ცული, 1945 წ. გაითხარა ოვალური მოყვანილობის ორმოსამარხი, რომელშიც მიცვალებული დაკრძალული იყო მჯდომარე პოზაში. სამარხში აღმოჩნდა: 3 ძვლის, 1 რკინისა და 5 ბრინჯაოს ისრისპირი; ბრინჯაოს წვრილი მავთულისაგან დამზადებული გველის თავის გამოსახულებებით შემკული სამაჯურები; თიხის ჭურჭელი და მძივები. სამარხი დათარიღდა ძვ. წ. VII ს-ით (კუფტინი 1949: 48, 49). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
სოფ. ნულიდან ცნობილია ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მრგვალპირიანი ხელადა და ბრინჯაოს 2 რკალჩაზნექილი სამაჯური, რომლებიც ძვ. წ. IV-III სს-ს მიეკუთვნება (რამიშვილი 1959: 48).
ნულის ციხე, რომელიც ამჟამად დანგრეულია, გეგმით სწორკუთხაა. ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. შუა ადგილას მდგარა ორსართულიანი დარბაზი. ციხეში შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესია – წმინდა მარინე. ციხის კედლები რამდენჯერმე განუახლებიათ. ის თარიღდება XVII-XVIII სს-ით (მაკალათია 1963: 33).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 42; გვასალია 1989: 12; გორგიჯანიძე 1926: 92; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 352; კუფტინი 1949: 18, 31-35, 48-51; მაკალათია 1963: 5-7, 32, 33; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 136, 161, 162; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 167; რამიშვილი 1959: 48; საქ. არქ. 1959: 103; საქ. სიძ. 1909: 231, 427, 481-483, 494; პჩელინა, სმირნოვი 1933: 287-297; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 50, 146, 262; 1977: 25, 26; 1981: 516, 629; 1985: 623; ქართულ-სპარსული ... 1955: 49, 51; ქც 4: 375,2,3; ჯაფარიძე 1961: 210; 1966: 21-26; 1968: 7.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.