ობ ოზ ოთ ოკ ოლ ონ ოჟ ოს ოფ ოქ ოშ ოჩ ოძ ოხ
ოზუ

ოზურგეთი


(ქც 4: 791,9,10,სქ.4 ; 818,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 791,9,10,სქ.4; 818,23), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 362,22, 504,10), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 471; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 667), 1780 წ. გულანი (ხელნაწერთა აღწ. 1964: 226), დონ ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 48, 148), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 315).

ვახუშტი ბაგრატიონი ოზურგეთის შესახებ გადმოგვცემს: „შემოქმედს ქუეით, არს ოზურგეთი, სასახლე დიდშენი“ (ქც 4: 791,9,10).

მდებარეობს მდ. ნატანებსა და მის შენაკად ბჟუჟის ნაპირებზე. წარმოადგენს მუნიციპალურ ცენტრს.

წყაროებში პირველად იხსენიება XVI ს-ის 70-იან წლებში, დასავლეთ საქართველოში სამეფო-სამთავროებს შორის მიმდინარე ბრძოლების აღწერისას: გიორგი გურიელმა (1564-1583) ოზურგეთში დაატყვევა გიორგი დადიანის (1572-1582) ბიძა – დათულია (ქც 2: 362,22, 504,10). 1660 წ. დადიანის ლაშქარმა დაიკავა ოზურგეთის სასახლე (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 667), XVII-XVIII სს-ში ოზურგეთი ქალაქია. 1790 წ. მის მოურავად გურიელმა როსტომ ნაკაშიძე დანიშნა (მესხია 1983: 403; 1986: 370, 371).

1958-1962 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ნეოლითის ხანის შემსწავლელმა რაზმმა (ხელმძღ. ლ. ნებიერიძე) დაზვერვები და საცდელი გათხრები აწარმოვა ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფ. ანასეულის ბორცვზე (ნებიერიძე 1953: 151-181). 1953 წ. ოზურგეთში, საბავშვო სახლის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა სპილენძის ჭურჭელში ჩაყრილი ევროპული (იტალიური, ავსტრიული, ესპანური) მონეტები. საერთო წონით 8,5 კგ. ყველაზე ადრეული მონეტა, ერცჰერცოგ ფერდინანდის ტალერი, 1564-1595 წლებშია მოჭრილი. ყველაზე გვიანდელია 1628 წ. მოჭრილი ფილიპე IV-ის პესო. განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (270 ც) და ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში (114 ც) (ქებულაძე 1971: 55; დუნდუა 1996: 109, 110). 1957 წ. ოზურგეთის ცენტრში, მოედნის კეთილმოწყობის დროს აღმოჩნდა აბანოს ნაშთი. გათხრები არ ჩატარებულა (ჭანიშვილი, სადრაძე 1996: 46).

სოფ. ანასეულში ერთმანეთისაგან 1 კმ-ით დაშორებულ ბორცვებზე აღმოჩნდა ორი ნეოლითური ნამოსახლარი – ანასეული I და II. ნასახლარები 1-1,5 ჰა ფართობს მოიცავდა. ფენა ანასეულის ბორცვების ჩრდილო-აღმოსავლეთით 0,5 კმ-ის მანძილზე მდებარე სოფ. ექადიაშიც ვრცელდებოდა. ანასეულის ნამოსახლარებზე იარაღის დასამზადებელ ნედლეულად გამოიყენებოდა კაჟი, ობსიდიანი და რიყის ქვა. ანასეულ I-ში აღმოჩნდა 4044 ერთეული ნაკეთობა. აქედან 3160 ობსიდიანისაა, 600 კაჟის, 59 რიყის ქვის. ანასეულ II-ში 8610 ერთეული ნაკეთობიდან 7252 კაჟისაა, 1090 ობსიდიანის, 170 რიყის ქვის. ანასეულის ნამოსახლარებზე აღმოჩნდა როგორც მზა იარაღები, ასევე დაუმთავრებელი და დაზიანებული ცულები, ნამზადები და წარმოების ნარჩენები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ნედლეულის დამუშავება და იარაღის დამზადება ადგილზე წარმოებდა. ნამოსახლარების იარაღთა წამყვანი სახეა თხელ და დანისებურ ლამელებზე დამზადებული საჭრისები, საფხეკები; ჩნდება ახალი სახის იარაღები – რიყის ქვისაგან დამზადებული ცულები, სატეხ-სათლელები, საპრიალებლები, თოხისებური იარაღები, ხალსაფქვავები და სამკელი დანის ჩასართები, რომლებიც იხმარებოდა მარცვლეულის ასაღებად. ანასეულ I-ში რიყის ქვის იარაღები შედარებით მარტივი ფორმისა და ერთფეროვანია; ანასეული II-ის კოლექცია კი ქვის იარაღების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ანასეული I-ის ნამოსახლარზე სამეთუნეო ნაწარმი არ ჩანს, მაშინ როცა ანასეულ II-ზე იგი დიდი რაოდენობით (3700 ერთეული) აღმოჩნდა. კერამიკული ფრაგმენტების მიხედვით დადგინდა, რომ ქილისებური მოყვანილობის ჭურჭელი იყო სწორკედლა, ბრტყელძირა, უყურო, ხელით ნაძერწი. კეცში ურევია კვარცის, ქარსის და კირის ნაწილაკები. ჭურჭლები არათანაბრადაა გამომწვარი; მისი ნაწილი შემკულია „წიწვისებური“ და „თავთავისებური“ სახეებით. ანასეული I-ის სახით დასავლეთ ამიერკავკასიაში აღმოჩნდა მანამდე უცნობი უკერამიკო, ადრენეოლითური ხანის ძეგლი, ხოლო ანასეული II ოდიშისა და კისტრიკის ანალოგიური, გვიანნეოლითური ძეგლია (ნებიერიძე 1996: 61-63).

ქ. ოზურგეთში ყოფილა სასახლე (ქც 4: 791,9,10; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 667), რომელიც აღარ შემორჩენილა.
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1987: 15; გიულდენშტედტი 1962: 315; დუნდუა 1996: 109, 110; კასტელი 1976: 48, 148; მესხია 1983: 243, 244, 403; 1986: 294, 298, 299, 364, 370; ნებიერიძე 1953: 151-181; 1972; სახოკია 1950: 24; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 667; ქებულაძე 1971: 55; ქრონიკები 1897: 471; ქც 2: 362,22; 504,10; ქც 4: 791,9,10,სქ.4; 818,23; ჭანიშვილი, სადრაძე 1996: 46; ხელნაწერთა აღწ. 1964: 226.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9