ობ ოზ ოთ ოკ ოლ ონ ოჟ ოს ოფ ოქ ოშ ოჩ ოძ ოხ
ოთა

ოთა


(ქც 4: 666,26,28; 720,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 666,26,28; 720,3), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 8, 9; 1958: 185, 186, 189, 201, 202, 204, 207).

ვახუშტი ბაგრატიონი ოთას შესახებ გადმოგვცემს: „ასპინძას ზეით, ჩდილოთ კერძოთ, არს მგელ-ციხე, მაგარი, დიდშენი, ამავე ხევზედ, ოთას არს კლდესა შინა გამოკუეთილნი ქუაბნი დიდ-დიდნი, სახიზრად. ოთას ამ ხევს ერთვის ჯაბოეთის ხევი“ (ქც 4: 666,25-28).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, მდ. ოთას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ასპინძიდან 8 კმ-ის დაშორებით.

1577 წ. შალიკაშვილმა ზემბრის ძემ სამეფო ხელისუფლებისგან დაიბრუნა მათივე ნაქონები ოთას ციხე (ქც 4: 720,4). 1595 წ. აღწერით ოთაში ცხოვრობდა 6 კომლი, რომელთაც ევალებოდათ განსაზღვრული გადასახადი ნატურით, რაც 2300 ახჩას უდრიდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 185-188). XX ს-ის დასაწყისისთვის ოთაში 60-მდე ოჯახი მუსულმანი ქართველი ცხოვრობდა (თაყაიშვილი 1909: 9).

ოთა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფელსა და მის შემოგარენში აღრიცხულია რამდენიმე ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი. ოთას ციხის ნანგრევები განვითარებული შუა საუკუნეებისაა. XX საუკუნის 30-იან წლებში მისი საპირე ქვები შემოძარცული იყო (ბოჭორიძე 1992: 25).

ბეთლემის ეკლესია მდებარეობს სოფ. ოთადან ჩრდილოეთით, 4-5 კმ-ის დაშორებით, ჯაბიეთის წყლის მარჯვენა მხარეს, პატარა ხევზე. ნაგებია კლდის ნატეხი ქვით, ქვათლილებითა და კირხსნარით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4,2 მ). აქვს შებრტყელებული აფსიდა. შესასვლელი სამხრეთითაა. შემორჩენილია მოხატულობის ნაშთი და დაზიანებული წარწერა. ჩრდილოეთის კედლის დასავლეთის კუთხესთან ორი წმინდანის თავია შარავანდედით, დასავლეთის კედელზე – განკითხვის დღე (თაყაიშვილი 1909: 9; ბოჭორიძე 1992: 25). ეკლესიის ჩრდილოეთით სხვადასხვა შენობების ნანგრევებია.

ღართას ორეკლესიანი ბაზილიკა (8X7 მ) ოთადან ზემოთ, 2-3 კმ-ის დაშორებითაა. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. ნაგებია მოყავისფრო და ღია ფერის ქვათლილებით. კარი სამხრეთითაა. თითო სარკმელია აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში. ეკლესიის ირგვლივ შენობების ნანგრევებია (თაყაიშვილი 1909: 9, 10; ბოჭორიძე 1992: 26).

შორეთის ტაძარი ძნელად მისასვლელ ადგილზეა, ოთას ზემოთ ტყეში, 6-ოდე კმ-ის დაშორებით. ეკლესია (14,4X8 მ) ნაგებია ქვათლილებით. ეკლესია მოხატული და მოზაიკით შემკული ყოფილა (თაყაიშვილი 1909: 11, 12; ბერიძე 1955: 211; ბოჭორიძე 1992: 26). სამხრეთის კედელთან მიშენებულია სამრეკლო, ოთხკუთხა საფუძვლითა და ღია თაღებით. ორი შესასვლელი აქვს სამხრეთით; ორი სარკმელი აღმოსავლეთით, ორი დასავლეთით; სამხრეთი კარის მარჯვნივ დგას წარწერიანი ქვა: „ქრისტე, ორბიძეს ნიკოლოზს გალატოზუხუცესს შეუნდვან ღმერთმან, ამენ“. ეკლესია და სამრეკლო ძლიერ დაზიანებულია (ბერიძე 1955: 211; ბოჭორიძე 1992: 26).

ოთადან ქვევით, 3,5 კმ-ის დაშორებით, ასპინძის წყლის ნაპირზე დგას ე. წ. ყიზილ-დერესის ეკლესიის ნანგრევები (9,5X7,7 მ). ნაგებია უხეშად გათლილი ქვებით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სარკმლები ყველა კედელშია. საკურთხეველში შემორჩენილია ფრესკის ნაშთი. ეკლესია დაზიანებულია (თაყაიშვილი 1909: 12, 13).
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1955: 211; ბოჭორიძე 1992: 10, 25, 26, 213, 217; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 8, 9; 1958: 185, 186, 189, 201, 202, 204, 207 თაყაიშვილი 1909: 9-13; ქც 4: 666,26,28; 720,3.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9