(ქც 4: 376,15). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 376,15), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43).
მდებარეობს ზნაურის მუნიც-ში, ზნაურიდან ჩრდილოეთით, 6 კმ-ის დაშორებით, მდ. ლისის (მდ. შუა ფრონეს მარცხენა შენაკადი) ხეობაში, დღევანდელი სოფ. ოჟორას ტერიტორიაზე.
1951 წ. ოჟორას მახლობლად ადგილ „ზემო ლისას“ ტერიტორიაზე აღმოჩნდა სამაროვანი. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ჯაფარიძე) სამაროვანზე შეისწავლა 8 სამარხი და 6 სამარხის ნაშთი. №1 სამარხი თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურით. მასში აღმოჩნდა ლეგა-მოშავოდ გამომწვარი თიხის 4 ჭურჭელი, ბრინჯაოს ალისებური სატევარი, მასრაგახსნილი შუბისპირი, 3 სამაჯური, ღილი, ბრინჯაოსა და სარდიონის რამდენიმე მძივი. №№2-14 სამარხები თარიღდება ძვ. წ. VII ს-ით. მათში გამოვლინდა რკინის იარაღები: შუბისპირები, ხიშტისებური იარაღები, მოხრილი დანები, სატევრები. ბრინჯაოს ნივთებიდან აღსანიშნავია: ორნამენტირებული კოლხური ცული, ყუაზე ხარის სკულპტურული გამოსახულებით; ბალთა გველის გამოსახულებით; ფიბულა რკინის ენით; ჩქიფი, საკინძები, რგოლები; სატევრის ფორმის საკიდი; ფრინველის ქანდაკება; სარდიონისა და ქარვის მძივები (ჯაფარიძე 1957: 181-216).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; ქც 4: 376,15; ჯაფარიძე 1957: 181-216.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.