ობ ოზ ოთ ოკ ოლ ონ ოჟ ოს ოფ ოქ ოშ ოჩ ოძ ოხ
ოფი ოფრ

ოფრეთი

მცირე ქალაქი, ციხე (ქც 4: 150,3; 310,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 150,3; 310,22), მატიანე ქართლისა (ქც 1: 307,14), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 57), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 127,9), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 280), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 507; მასალანი საქ. სტატ. 1907: 6, 245; ქართულ-სპარსული ... 1984: 63).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „შულავერის სამხრით კერძ არს გორულის ხევი, ეყრების შულავრის ხევს. ამას ზეით ოფრეთი, მცირე ქალაქი და ციხე მისი“ (ქც 4: 310,20-22).

მდებარეობს მარნეულის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. ოფრეთის ტერიტორიაზე (ხარაძე 1991: 104). სხვა მოსაზრებით ლოკალიზდება სოფ. ოფრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 3 კმ-ის დაშორებით (ბერძენიშვილი 1964: 32, 33).

წყაროებში პირველად იხსენიება XI ს-ის ამბების თხრობისას, როცა ტყვედ ჩავარდნილ სომხეთის მეფე კვირიკეს ოფრეთის ციხე ბაგრატ IV-ისთვის (1027-1072) გადაუცია (ქც 4: 150,3; ბერძენიშვილი 1968: 59). შედიოდა ქვემო ქართლის მეწინავე სადროშოში (მასალანი საქ. სტატ. 1907: 6, 245). ოფრეთზე გადიოდა წოფიდან ტაშირში მიმავალი გზა (ბერძენიშვილი 1964: 21). ზოგიერთი ცნობით, V ს-ში ქართლის პიტიახშ ვარსქენს ოფრეთის ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული თავისი მეუღლე დედოფალი შუაშანიკი (ბერძენიშვილი 1968: 59).

ოფრეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1960 წ. სოფ. ოფრეთიდან აღმოსავლეთით, 5 კმ-ის დაშორებით შემთხვევით აღმოჩნდა ენეოლითური ხანის ქვის სწორკუთხა დანისპირი (6,3X3,5 სმ). ფხა ცალ მხარეს გამოყვანილია რეტუშით (გრიგოლია, ტატიშვილი 1960: 72).

ოფრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას ადრეული შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. ნაგებია თანაბარი ზომის კვადრებით. აფსიდა ნალისებურია (ბერძენიშვილი 1968: 59).

ოფრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შულავერის ხევის ზემო წელში, მის მარჯვენა ნაპირზე დგას ადრე შუა საუკუნეების ციხე. ნაგებია საშუალო ზომის კვადრებით კირხსნარზე. ციხის ზღუდეში მრგვალი კოშკებია. ზღუდის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებია (ბერძენიშვილი 1968: 58, 59; მუსხელიშვილი 1960ა: 24, 30).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 57; ბერძენიშვილი 1966: 72, 78, 79; ბერძენიშვილი 1964: 14, 21, 26, 30; 1968: 58, 59; 1979: 48, 73; გრიგოლია, ტატიშვილი 1960: 72; დადიანი 1962: 127,9; ლორთქიფანიძე 1935: 338; მასალანი საქ. სტატ. 1907: 6, 245; მესხია 1983: 226, 227; მუსხელიშვილი 1960ა: 24, 30; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 280; 1981: 507; ქართულ-სპარსული ... 1984: 63; ქც 1: 307,14; ქც 4: 150,3; 310,22; ხარაძე 1991: 104.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9