(ქც 4: 351,27; 352,15; 353,22; 359,6,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 351,27; 352,1,15; 353,22; 359,6,9), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 22, 287; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 560; 1974: 57; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 171), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (ტფილელი 1989: 597), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 41), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 36), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 51, 53, 275; 1964: 29).
მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, დუშეთიდან 18 კმ-ის დაშორებით, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე.
ოძისიდან იღებს სათავეს თელოვანის არხის ერთი რუ, რომელიც ადრე შუა საუკუნეებში უნდა იყოს გაყვანილი (გვასალია 1983: 17, 18). XVIII ს-ის პირველი ნახევრისათვის ქსნის საერისთავოს სამხრეთი საზღვარი გადიოდა ოძისზე და იგი წარმოადგენდა სასაზღვრო სოფელს სამუხრანბატონოსა და ქსნის საერისთავოს შორის (ქც 4: 351,27; მაკალათია 1968: 53).
1955 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შიდა ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) დაზვერვების შედეგად სოფ. ოძისში მიაკვლია ნამოსახლარ გორას (მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 193). „საქარეთად“ წოდებული გორანამოსახლარი მდებარეობს ე. წ. „ყვავების საყდრის“ ჩრდილოეთით 200-250 მ-ზე, გზის პირას. ნამოსახლარი დაბალი ბორცვია, სადაც ზედაპირულად აიკრიფა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის შავპრიალა თიხის ჭურჭლის ნატეხები და საქონლის ძვლები (ფიცხელაური 1973: 27). სოფლის მახლობლად, იმავე „ყვავების საყდრის“ მიდამოებში, „ქასრაანთ ველებზე“ ბაქაქურის ხევში სხვადასხვა დროს ადგილი ჰქონდა შემთხვევით აღმოჩენებს. ნივთების უმრავლესობა თიხის ჭურჭელია. მათ შორის საინტერესოა გვიანბრინჯაოს ხანის ე. წ. აღმოსავლურ-ამიერკავკასიური ტიპის ბრინჯაოს ცული (ფიცხელაური 1973: 167). მასალა ინახება დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 1975 წ. „ყვავების საყდრის“ ფერდზე შემთხვევით აღმოჩნდა ნივთები: 6 შავად გამომწვარი ჭურჭელი, ბრინჯაოს 1 სატევარი, 2 ბალთა, 2 სამაჯური, 7 ღილაკი, 2 ბეჭედი, საკინძი, სარდიონისა და მინისებური პასტის მძივები. კერამიკა წარმოდგენილია შემდეგი ფორმებით: ქილები, ქოთანი, სასმისი. ქილები შემკული ამოღარული კონცენტრული ხაზებით, წნევით დატანილი ვერტიკალური პრიალა ზოლებით. მუცელზე შემოუყვება ამოღარული ხაზი. ჭურჭელს დაძერწილი ჰქონია ბრტყელგანივკვეთიანი ყური, სასმისი ხასიათდება წიბოიანი ტანითა და მაღალი ქუსლით. წიბოსთან და ქუსლზე შემოუყვება ამოღარული კონცენტრული ხაზები. ზედაპირი ნაპრიალებია. ბრინჯაოს სატევრისპირს მხრებზე აქვს ორი სამანჭვლე ნახვრეტი (სიგრძე 17 სმ). ბალთები შიგნიდან ფუყეა, შუა ნაწილში საკიდი ყუნწით. ზედაპირი შემკულია კონცენტრული ღარებით. სამაჯურები მასიურია, მრგვალგანივკვეთიანი. შემკულია ჭდეული, „წიწვისებური“ და განივი ხაზებით. ღილები ნახევარსფერულია, ყუნწიანი. ბეჭდები დამზადებულია თხელი ფურცლისაგან. ზედაპირზე შემორჩენილი აქვთ ამოკაწრული და წერტილოვანი ორნამენტი. სარდიონის მძივები ოვალური და ცილინდრული ფორმისაა. ნივთები თარიღდება გვიანბრინჯაოს ხანით (წითლანაძე, გოჩიაშვილი 1976-1977: 69-73). მასალა ინახება დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული, ქსნის ხეობაში მდებარე ოძისის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოში ოძისის სახელით ცნობილია კიდევ რამდენიმე სოფელი.
ოძისი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: 1731 წ. ისტორიული საბუთი (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 62), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177), მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ხაშურიდან 12 კმ-ის დაშორებით. არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ოძისი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1909: 38, 47, 48, 89, 90, 164, 309; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 171; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 40, 41; 1985: 217), XVII ს-ის ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთი (ქართულ-სპარსული ... 1955: 37, 227, 229; 1984: 33, 34). მდებარეობს კასპის მუნიც-ში, სოფ. ნოსტეს სამხრეთით. ამჟამად ნასოფლარია, რომლის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ჭრილში შეინიშნება ქვაყრილი. სავარაუდოა ამ ადგილებში ბრინჯაოს ხანის სამაროვნის არსებობა. ნასოფლარი გაშენებული ყოფილა ტერასაზე. შემორჩენილია რიყის ქვით კირხსნარზე ნაგები შენობების ნაშთები. ნასოფლარზე დგას წმინდა გიორგის სამნავიანი ბაზილიკა (11,4X8,2 მ). ნაგებია დიდი ზომის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. ისრული თაღებით გადახურული შესასვლელები ჰქონია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. შუა ნავის ნახევარწრიულ აფსიდაში, რომელიც გარედან ხუთწახნაგაა, სარკმელი და სამი ნიშია. საკურთხეველთან დგას ტრაპეზის ქვა. შუა ნავს კიდევ ორი სარკმელი აქვს სამხრეთით. გვერდით ნავებში თითო სარკმელია. შუა ნავი გვერდით ნავებზე ორჯერ უფრო განიერია და მათგან გამოყოფილია სამ-სამი ისრული თაღით (მაკალათია 1956: 19; სძა 1990: 181). ნასოფლარი ოძისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ოძისი (ზემო და ქვემო). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 395; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 171; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 620), XVIII ს-ის ქვემო ქართლის სტატისტიკური აღწერის მასალები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 39, 44, 76, 119), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47), XVII ს-ის ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთი (ქართულ-სპარსული ... 1955: 90, 92). სოფლები მდებარეობენ თეთრიწყაროს მუნიც-ში, მანგლისის მახლობლად. ქვემო ოძისი მანგლისის ჩრდილოეთით, ზემო – მანგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით (ლორთქიფანიძე 1935: 338; ციციშვილი 1980ა: 7).
1948-1954 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) სხვა პუნქტებთან ერთად დაზვერვები აწარმოვა ქვემო და ზემო ოძისის მიდამოებშიც. ქვემო ოძისში მიკვლეულია შუა საუკუნეების ნასოფლარი, სადაც შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის ახლოს სამაროვანია, რომელშიც გამოვლინდა ქვის სამარხები. ნასოფლარის ნაშთები აღმოჩნდა ზემო ოძისშიც. სოფელში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (ციციშვილი 1980ა: 7). ქვემო და ზემო ოძისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 36, 44, 47; გვასალია 1983: 17, 18, 63, 77, 78; გიულდენშტედტი 1962: 51, 53, 177, 275; 1964: 29; ლორთქიფანიძე 1935: 338; მაკალათია 1959: 19; 1968: 52, 53; მასალანი საქ. სტატ. 1907: 44, 76, 119; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 171; მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 193; სძა 1990: 181; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 62; საქ. სიძ. 1909: 38, 47, 48, 89, 90, 164, 309; ტფილელი 1989: 597; ფიცხელაური 1973: 27, 167; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 560, 620; 1972: 40, 41; 1974: 57; 1985: 217; ქრონიკები 1897: 22, 287; ქართულ-სპარსული ... 1955: 90, 92; 1984: 33, 34; ქც 4: 351,27; 352,1,15; 353,22; 359,6,9; წითლანაძე, გოჩიაშვილი 1976-1977: 69-73; ჩხეიძე 1913: 41; ციციშვილი 1980ა: 7.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.