სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სამშვილდე

(ორბეთი, ორბი), ციხე (ქც 1: 8,12,13; 307:15; ქც 4:322,21; 323,1; 414,7), ციხე-ქალაქი (ქც 1:12,2; 18,1), ქალაქი (ქც 4:322,21).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:57,12; 58,22; 61,7; 95,9; 97,17; 98,18; 110,19; 134,21; 145,25; 149,29; 150,2-4; 152,10; 153,8,9,13,26,29; 157,9,14; 199,6; 322,22-26; 323,1-5,13; 330,23; 411,20-22; 414,7,9; 562,12), ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1:8,12,13; 12,2; 18,1; 24,16; 27,19; 33,3; 55,8; 64,6; 130,24), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1:142,6,13; 185,7), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1:307,7,9-12,15,16; 314,5; 316,10,11,14,16; 317,1,2; 318,2,4), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (ქც 1:331, 15,20,22; 333,16), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2:24,14), „ჟამთააღმწერელი“ (ქც 2: 165,16; 196,1, 310,13, 322,9), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 425; 1967: 188; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 185; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 594; 1981: 716; 1985: 354; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 56, 62, 85-87, 89, 90, 93, 98; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 224; საქ. სიძ. 1909: 542; ქართულ-სპარსული ... 1955: 133, 134, 180, 181, 363, 364), არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 414), XVIII ს-ის ქვემო ქართლის სტატისტიკური აღწერის მასალები (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 24, 52, 88), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 99, 124-135, 138-141, 144, 147, 151, 152, 158, 176, 196, 197, 244), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 38, 42), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 250, 251), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 50), VII ს-ის სომხური გეოგრაფია (სომხ. გეოგ. 1877: 40), იოანე დრასხანაკერტელის „სომხეთის ისტორია“ (დრასხანაკერტელი 1965: 224, 227, 251), თომა არწრუნის „არწრუნთა სახლის ისტორია“ (არწრუნი 1975: 269), სტეფანოს ტარონელის „მსოფლიო ისტორია“ (ტარონელი 1864: 184, 203), ვარდან დიდის „მსოფლიო ისტორია“ (ვარდანი 1861: 126), სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“ (ორბელიანი 1978: 25, 28, 39, 47), მხითარ აირივანეცის „ქრონოგრაფიული ისტორია“ (აირივანეცი 1990: 81), ანონიმი ისტორიკოსის თხზულება (ანონიმი ჟამთააღმწერელი 1949: 273), XIV-XV სს-ის სომხური ანდერძები (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 61-63, 65, 67, 68, 79), თომა მეწოფელის „ისტორია ლანგთემურისა“ (მეწოფელი 1937: 27, 29), მისივე „მემუარები“ (მეწოფელი 1937ა: 33), არაქელ დავრეჟიცის თხზულება (დავრეჟიცი 1974: 54), იაკუბის „ისტორია“ (იაკუბი 1927: 5), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 79, 189).

ვახუშტი ბაგრატიონი სამშვილდის შესახებ გადმოგვცემს: პირღებულის „ქუემორ არს ციხე ორბეთი, აწ წოდებული სამშვილდე, აღაშენა ქართლოს, და პირველმან მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთოდ და ქალაქი. არამედ იყო პგ (ოთხმოცდამეერთე) მეფის სვიმონისამდე ქალაქი. არს ფრიად მაგარი, სამხრით უდის ქცია, ჩდილოთ უდის ჭივჭავა; საშორისსა ზედა არს გარდავლებული ხრამით ხრამამდე ზღუდე განიერი და მაღალი. კუალად გარე მის ქალაქისა ზღუდე გარდავლებული, ეგრეთვე დიდროვანითა ლოდითა. ციხესა შინა აღაშენა ეკლესია გუმბათიანი ლბ (ოცდამეთორმეტე) მეფემან მირდატ, შემუსრა ლანგთემურ, მერმე ოსმალთა ... ამის ძირს, ქციის პირს არს მონასტერი მცირე, აწ ხუცის სამარ“ (ქც 4: 322,22-26, 323,1-5).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, დღევანდელი სოფ. სამშვილდის მახლობლად. თეთრიწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ის დაშორებით, მდ. ქციისა და ჭივჭავის შესართავს შორის წარმოქმნილ მაღალ კონცხზე.

ისტორიული ტრადიციის თანახმად ქართველთა ლეგენდარულმა ეთნარქმა ქართლოსმა ააშენა „ციხე ორბისა“, რომელსაც შემდგომ სამშვილდე ეწოდა (ქც 1: 8,12,13; ქც 4: 322,21). სამშვილდე, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ციხე-ქალაქი, მოხსენიებულია ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით (ქც 1: 18,1). ქართლის პირველი მეფის, ფარნავაზის (ძვ. წ. IV-III სს) დროიდან ის ქალაქი და საერისთავოს ცენტრია (ქც 1: 24,16; ქც 4: 57,12, 322,23). ვახტანგ გორგასლის (V ს) დედას, დედოფალ საგდუხტს, აუშენებია სამშვილდის სიონი (ქც 1: 142,13). ვახუშტი ბაგრატიონი ტაძრის მშენებლობას საგდუხტის მეუღლეს, მეფე მირდატს მიაწერდა. VIII-IX სს-ში სამშვილდე თბილისის საამიროს შემადგენლობაშია. IX ს-ის ბოლოდან X ს-ის შუა ხანებამდე სამშვილდე სომეხ ბაგრატიონთა მფლობელობაშია (დრასხანაკერტელი 1965: 224, 227). გურგენ ერისთავთ-ერისთავი X ს-ის 20-იან წლებში შეეცადა სამშვილდის დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ (დრასხანაკერტელი 1965: 251). XI ს-ის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ (1027-1072) შეიპყრო სომეხთა მეფე კვირიკე II და სამშვილდე დაიბრუნა (ქც 1: 307,7-12). გიორგი II-მ (1072-1089), შერიგებისა და პატიების ნიშნად, სამშვილდე კლდეკარის ერისთავ ივანე ლიპარიტის ძეს უბოძა (ქც 4: 153,8,9). მალე სამშვილდე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს (ქც 1: 318,2-4; ქც 4: 153,13,14,26-29). 1110 წ. დავით აღმაშენებელმა (1089-1125) სამშვილდე თურქ-სელჩუკებისაგან გაათავისუფლა (ქც 1: 331,18-20; ქც 4: 157,9-14). დავით აღმაშენებელმა ამირსპასალარ ივანე ორბელს დიდი დამსახურებისათვის უბოძა სამშვილდე (ორბელიანი 1978: 39). 1177 წ. სამშვილდე გიორგი III-ის (1156-1184) წინააღმდეგ აჯანყებული დემნა უფლისწულის, მისი სიმამრის, ამირსპასალარ იოანე ორბელისა და მათი მომხრეების ერთ-ერთ დასაყრდენს წარმოადგენდა (ორბელიანი 1978: 47). აჯანყების ჩახშობის შემდეგ სამშვილდე უშუალოდ სამეფო კარს დაუმორჩილეს. XIII ს-ში სამშვილდეს მონღოლები იპყრობენ (ქც 2: 196,2). მონღოლთა ბატონობის დროსაც სამშვილდე კვლავ ქართველი მეფეების მფლობელობაშია (ქც 2: 310,3, 322,9). სამშვილდე დაარბია თემურ-ლენგმა (ქც 4: 323,2). 1440 წ. შავბატკნიან თურქმანთა ჯარმა, ჯეჰან შაჰის მეთაურობით, სამშვილდე აიღო და იქ სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო (მეწოფელი 1937: 27, 29; 1937ა: 33; დავრეჟიცი 1974: 54). 1578 წ. ოსმალებმა მუსტაფა ლალა ფაშას მეთაურობით თბილისის აღების შემდეგ სამშვილდე დაიკავეს (ქც 4: 411,19-22). 1583 წ. ქართლის მეფე სვიმონ I-მა (1556-1600) სამშვილდე ოსმალებისგან გაათავისუფლა (ქც 4: 414,7-9). გვიან შუა საუკუნეებში სამშვილდე, როგორც ქალაქი, თანდათან კარგავს თავის მნიშვნელობას და ციხის მდგომარეობამდე ქვეთდება (ქც 4: 322,23). 1636 წ. ქართლის მეფე როსტომმა (1632-1658) სამშვილდის სასახლე უბოძა მოლარეთუხუცეს შიოშ ხმალაძეს (ქართულ-სპარსული ... 1955: 133, 134). 1693 წ. ერეკლე I-მა (ნაზარალი-ხანი) (1688-1703) სოფ. სამშვილდე მისცა ავთანდილ ბარათაშვილს (ქართულ-სპარსული ... 1955: 363, 364). ისარგებლა რა ქართლის მეფე თეიმურაზ II-ის (1744-1762) ირანში ყოფნით 1747 წ. იესე მეფის (1714-1716, 1724-1727) ძემ აბდულა-ბეგმა ქართლის სამეფო ტახტის მიტაცება განიზრახა და სამშვილდე საიმედოდ გაამაგრა. ამის შემდეგ სამშვილდის ციხე ლეკთა მოთარეშე რაზმების დასაყრდენი და თავშესაფარი გახდა (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 85-87, 89). 1749 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) სამშვილდის ციხე ბრძოლით აიღო. ტყვედ ჩავარდნილ აბდულა-ბეგს ნება მიეცა თავრიზში წასულიყო. სამშვილდეში დარჩა აბდულა-ბეგის ძმა უსეინ-ბეგი, რომელიც 1751 წ. ერეკლე II-მ სამშვილდიდან თბილისში გადმოიყვანა (საქ. ისტ. ქრონკები ... 1980: 93, 98).

1948 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ.ბერძენიშვილი) ფართო დაზვერვითი სამუშაოები აწარმოა ნაქალაქარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდა რამდენიმე ნასოფლარი და ეკლესია (ციციშვილი 1979: 13, 14; ლომთათიძე 1989: 24). 1957 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნინო ბერძენიშვილი) დაზვერვა ჩაატარა მდ. ქციის ხეობის შუა წელზე. სოფ. სამშვილდესთან, მდ. ჭივჭავას მარცხენა ნაპირის ფერდობზე ზედაპირულად აიკრიფა ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები, რომლებიც ქვედა პალეოლითს განეკუთვნება (ბერძენიშვილი 1963: 8, 9). 1968 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. ჭილაშვილი) სამშვილდის ნაქალაქარზე ჩაატარა დაზვერვითი ხასიათის სამუშაოები. სადაზვერვო თხრილები გავლებულ იქნა შიდა ციხეზე, ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში და ციხის გარეთ მდებარე ტერიტორიაზე. ექსპედიციამ დაზვერა ნაქალაქარის ახლომდებარე ტერიტორიები (ჭილაშვილი 1969: 32, 33). 1968-1970 წწ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თეთრიწყაროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ, გ.გობეჯიშვილი) სოფ. სამშვილდის მახლობლად გათხარა ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი (მირცხულავა 1969: 5, 6; 1971: 16, 18). 1974 წ. იმავე ინსტიტუტის ალგეთის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. თუშიშვილი) მუშაობა განაახლა სამშვილდის ადრე ბრინჯაოს ხანის ნასოფლარზე. ტერასულად განლაგებული ნასოფლარის ტერიტორია შუა საუკუნეებშიც ინტენსიურად ყოფილა ათვისებული (თუშიშვილი, ამირანაშვილი, მირცხულავა 1976: 46, 47; მირცხულავა 1979: 79-81). 1978-1987 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სპელეისტიკის ლაბორატორიის ქცია-ხრამის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ზ. თვალჭრელიძე 1978-1979 წწ.; ნ. ბახტაძე 1980-1987 წწ.), რომელსაც 1985 წლიდან ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შემსწავლელი ექსპედიცია ეწოდა, სამშვილდის მიდამოებში, მდ. ქციისა და ჭივჭავას ხეობებში დაზვერვების შედეგად გამოავლინა გამოქვაბულთა კომპლექსები, რომელთაგან ზოგიერთი არქეოლოგიურად იქნა შესწავლილი (ბახტაძე 1991: 16, 17).

1968 წ. ნაქალაქარის ტერიტორიაზე სადაზვერვო თხრილების სულ ქვედა ფენაში აღმოჩნდა ადრე ბრინჯაოს ხანის ვარდისფერსარჩულიანი და შავზედაპირიანი სქელკედლიანი ჭურჭლების ნატეხები, რომელთა ნაწილი შემკულია ხაზოვანი ორნამენტით. კერამიკის ზოგიერთი წითლად გამომწვარი ფრაგმენტი შავი საღებავითაა მოხატული (ჭილაშვილი 1969: 32). გამორიცხული არაა ნაქალაქარზე ადრე ბრინჯაოს ხანაზე უძველესი სამოსახლოების არსებობაც. ამაზე მიუთითებს ობსიდიანის უამრავი დამუშავებული იარაღის აღმოჩენა თვით ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ჭილაშვილი 1970: 118). ნაქალაქარზე გამოვლენილი ნაცრისფრად გამომწვარი კერამიკის რამდენიმე ნატეხის მიხედვით სავარაუდოა აქ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ფენის არსებობაც. სადაზვერვო თხრილებში აღმოჩენილი შავპრიალა ჭურჭლის ნატეხები ძვ. წ. IV-III სს-ით თარიღდება (ჭილაშვილი 1969: 32). განათხარი მასალის უდიდესი ნაწილი შუა საუკუნეებისაა და ძირითადად X-XIII სს-ით თარიღდება. მათ მიეკუთვნება: სქელკედლიანი სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი, წითელი და შავი საღებავით მოხატული თხელკედლიანი კერამიკა; ერთფერად და მრავალფრად მოჭიქული ჯამები, რომელთა შორის გვხვდება უანგობო, ანგობით მოხატული, ამოკაწვრით მოხატული და სხვ. ნიმუშები. ნაქალაქარზე აღმოჩენილია ფაიანსის ფრაგმენტებიც. ზოგიერთი ჭურჭელი ნახევრადნამზადია. მათი მიხედვით სამშვილდეში კერამიკის ადგილობრივი წარმოებაა საგულისხმებელი (ჭილაშვილი 1969: 33). სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). სამშვილდის მიდამოები ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითში ჩანს ათვისებული. ნაქალაქარის მახლობლად, მდ. ჭივჭავას მარცხენა ნაპირის ფერდობზე, მრავლადაა აღმოჩენილი ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები, რომლებიც უმეტესად ფერდობის ქვემო და შუა წელზეა გამოვლენილი. ობსიდიანის შედარებით მცირერიცხოვანი მასალაა აღმოჩენილი ხეობის ფლატეზე არსებული გამოქვაბულების ახლოს. დაზვერვის შედეგად გამოვლენილი ქვის ხანის ნივთებიდან ყურადღებას იქცევს ობსიდიანის სამკუთხა ფორმის წვეტანა, დამზადებული მოგრძო და განიერი ლამელისაგან (სიგრძე 3,7 სმ, სიგანე 3,3 სმ, სისქე 1 სმ-მდე). იარაღის ერთ მხარეს, ნაპირების გასწვრივ, მიუყვება ფაქიზი რეტუში, მეორე მხარეს ობსიდიანისათვის დამახასიათებელი ნიჟარისებური ზედაპირი აქვს. დამზადების ტექნიკის მიხედვით ის გვიან მუსტიეს ეპოქას განეკუთვნება. იარაღის აღმოჩენის ადგილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გამოვლინდა მუსტიეს ეპოქის განიერ სამუშაოპირიანი საფხეკი და რამდენიმე ლამელა. იარაღების თავდაპირველი ადგილსამყოფელი ფერდობის თავზე განლაგებული, დღეისათვის უკვე დანგრეული გამოქვაბულები უნდა ყოფილიყო (ბერძენიშვილი 1963: 8, 9).

სამშვილდის ადრე ბრინჯაოს ხანის ნასოფლარი მდებარეობს სოფ. სამშვილდის მახლობლად, სამშვილდე-დაღეთის გზასთან, კარკნალის მთის სამხრეთ კალთაზე. ნამოსახლარი განლაგებულია 100-150 მ სიგრძის 20-ზე მეტ ტერასაზე, სადაც დიდი რაოდენობითაა გაბნეული ობსიდანის ანატკეცები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ნამოსახლარი ორფენიანია. ზედა II ფენაში გამოვლინდა წრიული გეგმის შენობის (თუ შენობების) სამი პარალელური კედლის ნახევარწრიული ქვის საძირკველი. ქვის საძირკველი მრგვალი ნაგებობის მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარს უნდა ჰქონოდა. სამხრეთი მხარე კი ხის ბოძებზე ბათქაშით შელესილი ხის წნულისა იყო. იქვე აღმოჩნდა ბათქაშის ნატეხები, რომლებსაც წნულის ანაბეჭდები ეტყობათ. ნახევარწრიულ ნაგებობას გათხრილ კომპლექსში ცენტრალური მდებარეობა უკავია. აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს მას მიდგმული აქვს სწორკუთხა ნაგებობები (3,5X3 მ დასავლეთ მხარეს; 3X4მ აღმოსავლეთ მხარეს). ნამოსახლარზე გამოვლინდა 2 სამეურნეო ორმო, რომლებიც სავსე იყო თიხის ჭურჭლის ნატეხებით (მირცხულავა 1975: 10, 11). ნასახლარის ტერიტორიაზე აქა-იქ ჩნდებოდა ადრე ბრინჯაოს ხანის სამარხებიც (თუშიშვილი, ამირანაშვილი, მირცხულავა 1976: 46,47).

ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალის უმრავლესობა თიხის ნაწარმია. ქვედა I ფენის კერამიკისათვის დამახასიათებელია ღია ფერი, დამზადებულია ხელით. თიხა უმეტესად მსხვილმარცვლოვანია კვარცის, ქვიშისა და შამოტის მინარევებით. კეცი ძირითადად ერთფენიანია. უმეტესად გარედან, ხშირად კი ორმხრივ, ჭურჭელი ანგობირებული და გაპრიალებულია. ორნამენტი წარმოდგენილია ამოკაწრული ხაზების სახით. სამ შემთხვევაში ჭურჭლები ქსოვილზეა დამზადებული. სამივე ქვედა I ფენაში აღმოჩნდა. ამ ფენის ჭურჭლები უფრო სადაა. კერამიკა ძირითადად უყუროა. ნამოსახლარის II, ზედა ფენის კერამიკა ძალზე ფრაგმენტულია და წარმოადგენს სამაროვანზე გამოვლენილი ჭურჭლების ზუსტ ანალოგს (მირცხულავა 1975: 20-23). ქვის ნაწარმიდან აღსანიშნავია ზედა ფენაში აღმოჩენილი ობსიდიანის ორმხრივ მცოცავი რეტუშით დამუშავებული ყუნწიანი ისრისპირი. ზედა ფენაშივეა გამოვლენილი ნავისებური ფორმის ქვის რამდენიმე ხელსაფქვავი. ორივე ფენაში მრავლად ჩნდებოდა ობსიდიანის ანატკეცები, რომელთა უმრავლესობას ეტყობა გამოყენების კვალი. ქვედა I ფენაში გვხვდება საფხეკისმაგვარი ანატკეცები, თუმცა არც ერთი მათგანი ტიპური საფხეკი არაა. ქვედა ფენაშია აღმოჩენილი ორიოდე ლამელა და ერთი სანაყი (მირცხულავა 1975: 23, 24).

სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის სამხრეთითით 600-700 მ-ის დაშორებით. სამარხები დიდი ზომის ბრტყელი დაუმუშავებელი ლოდებით ნაგები და ასეთივე ლოდებით გადახურული აკლდამებია. ისინი გეგმაში სწორკუთხა მოყვანილობისაა (საშუალო ზომა 2X1 მ), შუაში ოდნავ გაგანიერებული. დამხრობილია აღმოსავლეთ ან ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე. სამარხთა განლაგებაში გამოიყოფა მეტნაკლებად ერთ სწორ ხაზზე გამართული 4 მწკრივი. გვხვდება როგორც დიდი ზომის საოჯახო აკლდამები, ისე მცირე ზომის ბავშვის სამარხები. საოჯახო აკლდამები მასური ნაგებობებია. მათი გვერდითი კედლები შედგენილია დიდი ზომის ბრტყელი, დაუმუშავებელი ლოდებით. ქვები ერთმანეთს კარგადაა მორგებული. კედლების ზედა მხარე სახურავის უკეთ მორგების მიზნით მცირე ზომის მშრალად ნაგები ბრტყელი ქვებით არის მოსწორებული. აკლდამების იატაკი მიწატკეპნილია. გამონაკლისს წარმოადგენს №3 და №10 სამარხები, რომელთა იატაკი ქვის ფილებით არის მოგებული. 36 სამარხიდან 25 აღმოსავლეთ-დასავლეთ, 7 ჩრდილო-სამხრეთ, 2 სამხრეთ-აღმოსავლეთ – ჩრდილო-დასავლეთ ხაზზეა დამხრობილი. 2 მრგვალი სამარხია. აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილ სამარხებს აღმოსავლეთიდან, ხოლო ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე დამხრობილებს სამხრეთიდან აქვთ შესასვლელი, სადაც დევს ზღურბლის ქვა. მასზე დაყრდნობილია ქვის „კარი,“ რომელიც შესასვლელს კეტავს. „კარი“ გარედან გამაგრებულია მომცრო ქვებით. 3 სამარხს შესასვლელთან აქვს 2-3 საფეხურიანი კიბე. ზოგიერთ სამარხს მცირე ქვაყრილი ჰქონდა. საოჯახო აკლდამებში მიცვალებული დასვენებულია კიდურებმოხრილი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით შესასვლელისაკენ. თავთან იდგა ჭურჭელი. მიცვალებულებს ატანდნენ ძროხის, ცხვრის, ღორისა თუ თხის ხორცს. მიცვალებულის ფეხებთან მიხვეტილია ადრე დაკრძალულთა ჩონჩხი და სამარხეული ინვენტარი. მხოლოდ №7 სამარხში შეინიშნება 3 მიცვალებულის ერთმანეთის გვერდზე დაკრძალვა. 36 სამარხში დაკრძალული იყო 125 მიცვალებული (მირცხულავა 1975: 25-42).

სამარხეული ინვენტარის უდიდესი უმრავლესობა თიხის ჭურჭელია. ისინი დამზადებულია ხელით. თიხაში მრავლად ურევია ქვიშა, ქარსი, დანაყილი ობსიდიანი და კვარცი. კეცი ორი და ზოგჯერ სამფენიანია. ჭურჭლები მონაცრისფრო ყავისფერია, მუქი და ღია ფერის ლაქებით. ყველა ზედაპირნაპრიალებია. ჭურჭლები შემკულია შვერილებით, კოპებით, რელიეფური მოგრძო ხაზებით, წყვილად განლაგებული ნახევარმთვარისებრი დანაძერწებით. ნაკაწრი ორნამენტი ძირითადად ორმაგი ტეხილი ხაზებითაა წარმოდგენილი. 3 ჭურჭელი შემკულია ცხოველისა და ფრინველის დაბალრელიეფური გამოსახულებით. ფორმების მიხედვით თიხის ნაწარმი 5 ჯგუფად იყოფა: ბადიები, სასმისები, თუნგულები, ჯამები, ქოთნები. პრაქტიკული დანიშნულების მქონე ჭურჭელს შორის გვხვდება მინიატურული ჭურჭელიც (მირცხულავა 1975: 45-51). ძვლისა და ქვის ნივთები სამაროვანზე ცოტაა. ესენია: 3 კაჟისა და 4 ობსიდიანის ისრისპირი, ქვის 1 კვირისტავი. ძვლის კვირისტავები 2 ათეულზე მეტია. მათი უმრავლესობა ბადიებსა და სასმისებში იყო ჩალაგებული. ლითონის სულ 5 ნივთია. 2 ერთნახევრიანი სასაფეთქლე რგოლი, 2 ზამბარისებური ხვია და 1 თავხვია საკინძი (მირცხულავა 1975: 45-60). სამშვილდის ნამოსახლარის ქვედა I ფენა თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებით, ზედა II ფენა ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულით. სამაროვანი ნამოსახლარის ზედა II ფენის თანადროულია (მირცხულავა 1975: 60). სამშვილდის ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარისა და სამაროვნის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). ადრე ბრინჯაოს ხანის ნასოფლარისა და სამაროვნის ტერიტორია შუა საუკუნეებშიც ინტენსიურად ყოფილა ათვისებული. ნასოფლარიდან დასავლეთით 100-150 მ-ის დაშორებით შუა საუკუნეების ნასოფლარის ნაშთებია. მთის წვერზე სასახლის მსგავსი ნაგებობის, ეკლესიისა და მიწისქვეშა ნაგებობის – დარანის ნანგრევებია. დარანის ამჟამად ჩანგრეული შესასვლელი კარგად დამუშავებული ქვებით ყოფილა ამოშენებული კირხსნარზე. უძველესი ნასოფლარის ტერიტორიაზე მრავლად იკრიფება შუა საუკუნეების, მათ შორის მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები (თუშიშვილი, ამირანაშვილი, მირცხულავა 1976: 46). უძველესი სამაროვნის ტერიტორიაზე გაითხარა შუა საუკუნეების 5 სამარხი. ისინი მოზრდილებია. უმეტესად ნაგებია გათლილი ქვის ფილებით. თითოეულში 2-3 მიცვალებული იყო დაკრძალული. სამარხები უინვენტაროა (მირცხულვა 1975: 26).

ნაქალაქარის სიახლოვეს, ქციის ხეობის ორივე კალთაზე, მრავალი გამოქვაბულია გამოკვეთილი. უშუალოდ ნაქალაქართან კი გამოქვაბულთა მოზრდილი კომპლექსები გვხვდება. გამოქვაბულები გამოკვეთილია როგორც საკუთრივ ნაქალაქარის კონცხის ქარაფებში, ისე მის მოპირდაპირე კალთების ქარაფებში. ისინი პირობითად 4 კომპლექსად იყოფა – ქციის ხეობის მარჯვენა და მარცხენა, ჭივჭავას ხეობის მარჯვენა და მარცხენა კომპლექსები. ქციის ხეობის მარჯვენა კომპლექსი შედგება 3 იარუსად გამოკვეთილი 70-მდე გამოქვაბულისაგან. ხეობას დაახლოებით 400 მ-ზე გაუყვება და ძირითადად ციცაბო ქარაფის ქვედა რეგისტრშია გამოკვეთილი. მის მოპირდაპირედ, მარცხენა კომპლექსი კონცხის კალთაში 3 იარუსად გამოკვეთილ 45-მდე გამოქვაბულს მოიცავს, რომელთა დიდი ნაწილიც ასევე ქვედა რეგისტრშია განლაგებული. ჭივჭავას მარცხენა კომპლექსი ციტადელის გასწვრივ ხეობის კალთას ორიოდე კმ-ზე გაუყვება ქციის შესართავამდე. შედგება 3-5 იარუსად გამოკვეთილი ერთმანეთისაგან დაშორებული რამდენიმე ჯგუფისაგან. გამოქვაბულების რაოდენობა 80-მდეა. ჭივჭავას მარჯვენა კომპლექსი ნაქალაქარის კონცხის კალთებში მეჩხერად განლაგებულ 30-მდე გამოქვაბულს მოიცავს. გამოქვაბულების უმრავლესობა ძლიერაა დაზიანებული (ბახტაძე 1991: 83). მათი უმრავლესობა სხვადასხვა პერიოდში მრავალჯერაა აღდგენილ-გადაკეთებული. ჭივჭავას მარცხენა კომპლექსის გამოქვაბულთა ერთი ჯგუფის გათხრებისას გამოვლინდა XI-XIV სს-ის სადა და მოჭიქული კერამიკის ნატეხები. ზოგიერთი ქვაბის იატაკის ქვეშ, კლდის ჩაღრმავებებში, ჩნდებოდა გვიანი ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი შავპრიალა ჭურჭლის თითო-ოროლა ფრაგმენტი. გათხრები შეეხო ქციის მარცხენა კომპლექსის ზედა იარუსის ქვაბებს, რომლებიც ნაქალაქარის კონცხს პლატოდან რამდენიმე მეტრით დაბლა შემოუყვება. გამოქვაბულთა გათხრებისას აღმოჩნდა XI-XIV სს-ის მოჭიქული კერამიკა. თეთრ ანგობზე მრავალფრად მოჭიქული ჯამების, სამარილისა და ჭრაქის ფრაგმენტებია. იქვე გამოვლინდა თეთრანგობიან ზედაპირზე შავად და წითლად მოხატული დოქის პირი და დიდი რაოდენობა სადა კერამიკული ნაწარმისა: ჯამები, დოქები, ქოთნები, ქილები და სხვ. მათ შორის გვხვდება წერნაქით შეღებილი და წიწვოვანი ორნამენტით შემკული ნიმუშები. თითქმის ყველა ქვაბში შუა საუკუნეების თიხით მოტკეპნილი იატაკის ქვეშ, კლდოვან ფოსოებში აღმოჩნდა მცირე რაოდენობის ბრინჯაოს ხანის კერამიკის ნატეხები (ბახტაძე 1991: 85, 86). საყურადღებოა ამ კომპლექსის №2 გამოქვაბული. ის ხელოვნურადაა გამოკვეთილი. შესასვლელი დაახლოებით 1,5 მ სიგანისაა. ცენტრალური ნაწილის სიმაღლე 2 მ-ზე მეტია. გამოქვაბულის გათხრებისას ზედა შრეში აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის ორიოდე ნატეხი. 50-70 სმ სიღრმეზე თავი იჩინა გვიანბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკის ფრაგმენტებმა (მათ შორის გამოვლინდა ერთი მთელი ქოთანიც) და ობსიდიანის ანატკეცებმა. განათხარ მასალაში გვხვდება შავი და მონაცრისფრო ქოთნების, დერგების, ჯამების და სხვ. ნატეხები. ჭურჭლები შემკულია ტალღოვანი, რელიეფური და გრეხილი ორნამენტით. ქოთნების ყურები ზოომორფულია. ჭურჭლებს აქვთ გადმოკეცილი დაკეჭნილი პირები და ძირები (ბახტაძე 1991: 86, 87). გვიანბრინჯაოს ეპოქის იატაკის მოტკეპნილობის ქვეშ მოქცეულ ღრმულებში კიდევ უფრო არქაული, ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპებისათვის დამახასიათებელი კერამიკის ფრაგმენტებიც აღმოჩნდა. მათ შორის აღსანიშნავია შტამპისებური ორნამენტით შემკული შავპრიალა ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც შუაბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. ადრე ბრინჯაოს ხანისა ჩანს მორუხო-წაბლისფრად გამომწვარი ქოთნის ფრაგმენტები, შემკული წყვილ-წყვილი შვერილებით. იქვე გამოვლინდა თიხის შვერილებიანი კერის ფრაგმენტი. ამდენად, სათავსისა და კომპლექსის შემადგენელი უძველესი ქვაბების გამოკვეთის თარიღად შუა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი მაინცაა სავარაუდო (ბახტაძე 1991: 87, 88). სამშვილდის ქვაბთა კომპლექსების არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). გარდა გათხრებით მოპოვებული არქეოლოგიური მასალებისა, სამშვილდიდან ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენები. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება სამშვილდეში 1909 წ. აღმოჩენილი ნივთები: ცისფერი მინის სამკუთხაგანივკვეთიანი სამაჯური, ბრინჯაოს 2 ბეჭედი ბრტყელგანივკვეთიანი რკალითა და ოვალური მოყვანილობის ფარაკით, ცისფერი მინის 2 მოგრძო ოთხწახნაგა მძივი, გიშრის ცილინდრული ფორმის მძივი და რკინის ორფრთიანი, გრძელყუნწიანი ისრისპირი. კოლექციაში შემავალი ნივთები XII-XIII სს-ის თარიღდება. 1935 წ. მუზეუმმა შეიძინა ბრინჯაოს ცილინდრული მოყვანილობის მცირე ზომის ზარი, რომელიც ყუნწთან ერთად ორ ადგილას გახვრეტილია. ენა დაკარგულია. ზარზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. საინვენტარო დავთრის მიხედვით, ზარი აღმოჩენილია სამშვილდის გამოქვაბულში.

სამშვილდის ნაქალაქარი გაშენებულია მდ. ქციისა და ჭივჭავას შორის მდებარე კონცხზე. ნაქალაქარი გეგმაში სამკუთხა მოყვანილობისაა. სამი მხრიდან ნაქალაქარს ციცაბო ფლატე შემოუყვება. დასავლეთი მხარე კი დაცულია ხევიდან ხევამდე გადაჭიმული 4-5 მ სისქის გალავნით. ქალაქის საერთო სიგრძეა 2,5 კმ, სიგანე საშუალოდ 400 მ. ქალაქი იყოფა სამ ნაწილად. აღმოსავლეთით, კონცხის ბოლოს შიდა ციხეა განლაგებული. შუა ნაწილი კედლებით შემოსაზღვრული ციხეა, დასავლეთით საკუთრივ ქალაქია, სადაც შემორჩენილია სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. მის უკან სამაროვანია, სადაც დგას საფლავის ქვები მწყემსების, მხედრებისა თუ ხელოსანთა გამოსახულებებით. გზის მახლობლად თლილი ქვით შემოსილი წმინდა გიორგის პატარა დარბაზული ეკლესიაა (ციციშვილი 1993: 14). სამხრეთით მდებარე შესასვლელთან ამოკვეთილი ხუცური წარწერა ე. თაყაიშვილს თავის დროზე უკვე გადაშლილი დახვედრია. მის ქვეშ შემორჩენილი ყოფილა მხედრული წარწერა: „ნებითა ღვთისათა ბრძანებითა მეფისა ვახტანგისა და ხელისა პყრობითა თანა მეცხედრისა მისისა დედუფლის ელენესითა მე მისმა გამზრდელმან ზილიხან აღვაშენე საყდარი ესე წმიდისა გიორგისა...“ წარწერა დათარიღებულია 1672 წლით. აქ მოხსენიებული მეფე ვახტანგი არის ვახტანგ V შაჰნავაზი (1658-1776) (თაყაიშვილი 1905: 41). წარწერა დღეისათვის აღარაა შემორჩენილი. ქალაქის შუა ნაწილი გაყოფილია გალავნით, რომლის კარის უკან იწყება ქვის ფილებით მოკირწყლული 3 მ სიგანის მთავარი ქუჩა. მის ახლომახლო შენობათა ნანგრევებია. შემორჩენილია რამდენიმე ორსართულიანი სასახლის ნანგრევი, რომელთა პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია ნიშებითა და ბუხრებით.

გალავნის მახლობლად დგას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ინტერიერში დიდი შავი მენჰირია ჯვრის გამოსახულებითა და სომხური წარწერით „სუმბათ ერისთავთ ერისთავი“. წარწერა XI ს-ით თარიღდება. ეკლესია უფრო მოგვიანებით ჩანს აშენებული (ციციშვილი 1993: 14). ქციის მხარეს ეკლესიაა „თეოგონიდა,“ რომელიც სავარაუდოდ XII-XIII სს-ს მიეკუთვნება. ეკლესიის მახლობლად ყრია ქვის ბორბლები და საწნახელის ღარიანი ქვები. შიდა ციხე მძლავრი გალავნითაა გამოყოფილი. მისი ძველი, დასავლეთის კედლის სისქეა 6 მ. კედლების შემორჩენილი სიმაღლეა 10-12 მ. კედლის ზედა, გვიანდელი ფენები ქმნიან გალავნის საბრძოლო ნაწილის განიერ ტალანს. გვიან შუა საუკუნეებში ციხის კედლის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში აუგიათ დიდი ზომის კოშკები. შიდა მიმოსვლისათვის ერთ მათგანში ჭიშკარია დატანებული. შესასვლელის თავზე გაჩნდა სათოფურები და სალოდეები. კედლები გაგრძელებულია ხევების პირების გასწვრივ. ციხის შიგნით აუგიათ ორსართულიანი სასახლე და აგურის ოთხგანყოფილებიანი აბანო, ტრომპებზე ამოყვანილი გუმბათით. გვიან შუა საუკუნეებისაა ქვითა და კირხსნარით ნაშენი ორი წყალსაცავი, რომელთა ფსკერი კირხსნარითაა მოლესილი. აუზების სიღრმე ორ მეტრს აღემატება (ციციშვილი 1993: 15; ზაქარაია 1988: 22).

შიდა ციხის ტერიტორიაზე სამი ეკლესიაა. ვახტანგ გორგასლის დედის, საგდუხტის მიერ აშენებული ეკლესია დღეისათვის არ შემორჩენილა. მის ადგილას უნდა იდგეს VIII ს-ში აგებული გუმბათიანი ტაძარი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. ტაძრის სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების ფასადზე თითქმის მთელ სიგრძეზე ამოღარულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. შემორჩენილია მხოლოდ 10 მ სიგრძის ტექსტი: „ქრისტე, აღეშენა შეწევნითა ქრისტესითა კაცთმოყუარებითა, საყოფელი ესე წმიდისა ღმრთისმშობელისაი სალოცველად ... ქრისტე შეიწყალენ ... ნათესავით პიტიახშნი. წელსა კ მეფობისა კოსტანტინეისა დაიდვა საძირკველი ხელითა მათითა ... იწყო ამის სტოვისა შენებაი. ვარაზ-ბაკურ შეისუენა და მისი უკუან ის ... იოვანე ისწრაფდის. აესრულა იგიცა ... იქმნა სრულიად აღშენებაი წმიდისა ამის ეკლესიისაი ... და სტოვათა. და წელსა გ ლეონ მეფისა, დღესა ენკენიასა ყო სატფურებაი სამი დღე დიდითა კრებითა, განშუენებად ...“ (ქართ. წარწ. კორ. 1980: 235, 236). მ.ბროსე წარწერას 1313 წლით ათარიღებდა (ბროსე 1856: 99-102), ექ. თაყაიშვილი 958 წლით (თაყაიშვილი 1905: 42, 43), ს. კაკაბაძე 778 წლით (კაკაბაძე 1924: 108). ტაძრის აშენებისა და წარწერის თარიღი ყველაზე მართებულად განსაზღვრა ლ. მუსხელიშვილმა, რომლის აზრით, წარწერაში მოხსენიებული კონსტანტინე და ლეონი ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე (740-775) და ლეონია (775-780). ტაძრის მშენებლობა დაუწყია 759 წელს ერისთავ ვარაზ-ბაკურს. მისი სიკვდილის შემდეგ მშენებლობა გაუგრძელებია იოვანეს, მაგრამ ისიც გარდაცვლილა. ტაძრის მშენებლობა დასრულებულა 777 წელს (მუსხელიშვილი 1942: 85-106). სხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ტაძრის მშენებლობა დაუსრულებია დედოფალ დებორას (ალექსიძე 1991: 229-234). სამხრეთის ფასადზე ერთი ქართული წარწერის ფრაგმენტია. მის ქვეშ კი მოთავსებულია სომხური წარწერა, რომელშიც სომეხთა კათოლიკოსი გიორგია მოხსენიებული. წარწერა XI ს-ით თარიღდება (მუსხელიშვილი 1942: 100). სამშვილდის სიონის ტაძარი დანგრეულია თემურ-ლენგისა და ოსმალთა შემოსევების შედეგად (ქც 4: 323,2,3).

სიონის დასავლეთით დგას მუქი ბაზალტის კვადრებით აგებული IX-X სს-ის დარბაზული ეკლესია შვერილი აფსიდით. ნაგებია უხეშად გათლილი ქვით. ინტერიერში შემორჩენილია ფრესკებისა და ფრესკული წარწერების კვალი. დასავლეთი კარის კედლის თავზე შემორჩენილი ასომთავრული ფრესკული წარწერები 1905 წ. გამოაქვეყნა ექ.თაყაიშვილმა. წარწერები იმჟამად დაზიანებული ყოფილა. წარწერის ფრაგმენტების მიხედვით, რომელიღაც ერისთავთ ერისთავსა და მის მეუღლე დარეჯანს სამშვილდეში აუგიათ წმინდა თევდორეს ეკლესია. ერისთავთ ერისთავმა და ავაგ ხორსიძემ აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფეთა მეფის დავითისა და მისი ძის ზეობისას ეკლესიას შესწირა მამული. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე მოთავსებული დაზიანებული წარწერის ფრაგმენტი ასე იკითხება: „სახელითა ღვთისათა ბრძანებითა დავით (მეფისა) ...“ ექ.თაყაიშვილმა სამივე წარწერა დავით აღმაშენებლის (1089-1125) დროს მიაკუთვნა (თაყაიშვილი 1905: 43-45). ფრესკულ წარწერათაგან ერთ-ერთი ხელახლა იქნა შესწავლილი. ძველ და ახალ წაკითხვას შორის საგრძნობი განსხვავებაა, თუმცა ცხადია, რომ წარწერა სამშენებლო ხასიათისაა და შეეხება სამშვილდის ციხეში ეკლესიის აგებას. მშენებლები ყოფილან ერისთავთ ერისთავი და მისი მეუღლე. წარწერის თარიღი უცვლელი დარჩა (ბარამიძე 1983: 25; სხირტლაძე 1987: 54; ციციშვილი 1993: 16).

ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 მ-ის დაშორებით, მდ. ქციაზე 2 ძველი ხიდია. პირველი ხიდის 2 ბურჯია შემორჩენილი. მეორე ორმალიანი, სამბურჯიანი ყოფილა. სამშვილდიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ის დაშორებით მდ. ქციის ნაპირზე მდებარეობს მონასტერი. გალავნის შინგით ორი გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია და შენობების ნაშთებია შემორჩენილი. შენობათა კედლებში გამოყენებულია პირღებულის მონასტრის ჩუქურთმიანი ქვები. ნაქალაქარის ჩრდილო-დასავლეთით, ორიოდე კმ-ის დაშორებით ნასოფლარია გვიანი შუა საუკუნეების დანგრეული დარბაზული ეკლესიით, რომლის ირგვლივ ასევე გვიანი შუა საუკუნეების სასაფლაოა. იქ უნდა ყოფილიყო სოფ. კრწანისი. სოფ. სამშვილდის დასავლეთით 1,5 კმ-ის დაშორებით შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევი. მის გვერდით გვიან შუა საუკუნეებში შეკეთებული წმინდა გიორგის ეკლესიაა. სოფ. სამშვილდის ჩრდილოეთით, 500 მ-ის დაშორებთ მდ. ჭივჭავას მარცხენა ნაპირზე კიდევ ერთი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული, შვერილაფსიდიანი ეკლესია. მის ირგვლივ სასაფლაოა (ციციშვილი 1979: 14).

სოფ. ორბეთთან დაზვერვის დროს ტყეში მიკვლეულ იქნა მინის საწარმოს ნაშთები. ძეგლი შეისწავლა ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ნატბეურ-ორბეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. უგრელიძე). 1958-1961 წწ. გამოვლინდა მინის საწარმოს სამი უბანი, რომლებიც ერთმანეთისგან 500 მ-ით იყო დაშორებული. უბნებზე გაითხარა ჩაქცეული და ჩაშლილი თაკარები – მინის სალღობი ქურები. 244 კვმ ფართობზე შესწავლილ იქნა საწარმოს გადანაყარი. პირველი უბნის გადანაყარში დიდი რაოდენობით გამოვლინდა მოზაიკის კენჭები, სარკმლის ფერადი მინის ნატეხები, ყალიბში ჩაბერვით მიღებული სხვადასხვა სისქის ფერადი მინის ჭურჭელი. იქვე დიდი რაოდენობით უმზადებიათ შავი მინის ბეჭდები. მცირე რაოდენობითაა ღვინისფერი, ლურჯი, ყვითელი და მწვანე ფერის ბეჭდები. ცოტაა სამაჯურებიც. მეორე უბანზე მხოლოდ შავი მინის ბეჭდები და სასმისებია გამოვლენილი. მესამე უბანზე გაითხარა ალიზით მოფენილი და მინის წვეთების ნაღვენთიანი მოედანი (4X2 მ). გადანაყარში მოპოვებული მასალის მიხედვით იქ ამზადებდნენ მინის ჭურჭელსა და სამაჯურებს. გათხრებისას არაა მიკვლეული ტიგელები, სამაგიეროდ ბევრია სხვადასხვა ზომისა და ფორმის აბაზანის ძირი, რაც მიუთითებს მინის ლღობაზე თაკარის აბაზანაში. საწარმო თარიღდება VIII-IX სს-ით. მესამე უბან-ზევეა აღმოჩენილი რკინის ლანცეტისებური დანა, ბრინჯაოს ბრტყელი, ჭვინტიანი მშვილდსაკინძი, მინანქრის საღებავით მოხატული ჭურჭელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოზაიკის სხვადასხვა ფერის კენჭების გამოვლენა (უგრელიძე 1960: 61, 62; 1961ა: 59-61; 1962: 56-59).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1989: 61, 62; აირივანეცი 1990: 81; ალექსიძე 1991: 229-234; ანონიმი ჟამთააღმწერელი 1949: 273; არჩილი 1989: 414; არწრუნი 1975: 269; აფრასიძე 1984: 36, 37; ბაგრატიონი 1986: 50; ბარამიძე 1983: 25; ბაქრაძე 1875: 130-131; ბახტაძე 1991: 16, 17, 83-90; ბერძენიშვილი ნინო 1963: 8, 9; ბროსე 1856: 99-102; გიულდენშტედტი 1962: 79, 189; დავრეჟიცი 1974: 54; დრასხანაკერტელი 1965: 224, 227, 251; ვარდანი 1861: 126; ზაქარაია 1988: 21-23; თაყაიშვილი 1905: 40-46; თუშიშვილი, ამირანაშვილი, მირცხულავა 1976: 46, 47; იაკუბი 1927: 5; იოსელიანი 1844: 415; კაკაბაძე 1924: 108; ლომთათიძე 1989: 24; ლორთქიფანიძე 1935: 343; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 24, 52, 88; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 224; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 185; მასალების კავკ. არქ. 1898: 62-63; მეწოფელი 1937: 27, 29; 1937ა: 33; მირცხულავა 1969: 5, 6; 1970: 47-53; 1971: 16-18; 1971ა: 245-248; 1975; 1979: 78-81; მუსხელიშვილი 1942: 85-106; ნარსიძე 1996: 22-26; ორბელიანი 1981: 99, 124-135, 138-141, 147, 151, 152, 158, 176, 196, 197, 244; ორბელიანი 1978: 25, 28, 39, 47; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 56, 62, 85, 86, 87, 89, 90, 93, 98; საქ. სიძ. 1909: 542; სომხ. გეოგ. 1877: 40; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 61-63, 65, 67, 68, 79; სხირტლაძე 1987: 52-57; უგრელიძე 1960: 61, 62; 1961: 8-11; 1961ა: 59-61; 1962: 56-59; ქართულ-სპარსული ... 1955: 133, 134, 180, 181, 363, 364; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 594; 1981: 716; 1985: 354; ქართ. წარწ. კორ. 1980: 235, 236; ქრონიკები 1897: 425; 1967: 188; ქც 1: 8,13; 12,2; 18,1; 24,16,27,19; 33,3; 55,8; 64,6; 130,24; 137,11; 142,6,13; 185,17; 307,7,9-12,15,16; 314,5; 316,10,11,14,16; 317,1,2; 318,2,4; 331,15,20,22; 332,16; ქც 2: 24,14; 165,16; 196,1; 310,13; 322,9; ქც 4: 57,12; 58,22; 61,7; 95,9; 97,17; 98,18; 110,19; 134,21; 145,25; 149,29; 150,2-4; 152,10; 153,8,9,13,26,29; 157,9,14; 199,6; 322,22-26; 323,1-5,13; 330,23; 411,20-22; 414,7,9; 562,12; ჩუბინაშვილი 1969; ჩხეიძე 1913: 38, 42; ციციშვილი 1979: 13, 14; 1993: 13-16; ჭილაშვილი 1969: 32, 33; 1970: 117-124; ხარაძე 1991: 75; ხერხეულიძე 1913: 250, 251.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9