ჟა ჟი
ჟალ

ჟალეთი


(ქც 1: 126,1; ქც 4: 525,1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 126,1), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 525,1; 531,9,10,14,21; 587,11), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 311,22), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 392,23,24), „მოქცევაი ქართლისაი“ (სამი ისტ. ქრ. 1890: 18; მქ 1963: 89), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 65), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 350, 401, 402).

ვახუშტი ბაგრატიონი ჟალეთის შესახებ გადმოგვცემს: ერწოს წყლის „შესართავს ზეით, იორის პირზედ, არს, აღმოსავლით კერძ, ჟალეთი, შენობა დიდი და შემუსრვილი. ვგონებთ ამას ჩელეთად, რომელი აღაშენა კახოს ქალაქი, რომელსა პირველ ბერ ერქუა. შემდგომ გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და ხერკისა“ (ქც 4: 531,8-14).

მდებარეობს თიანთის მუნიც-ში, მდ. იორის შუა წელზე, დღევანდელი სოფ. საყარაულოს პირისპირ, ივრის მარცხენა ნაპირზე, სოფ. ჭიოტიანთ-კარის აღმოსავლეთით აღმართულ, ტყით დაფარული მცირე მთის თავზე. ამ ადგილს დღესაც ჟალეთს ეძახიან (მუსხელიშვილი 1966: 26).

პირველად იხსენიება IV ს-ის ამბების თხრობისას. წობენიდან წმინდა ნინო გადავიდა ჟალეთს და ქრისტიანობა უქადაგა ერწო-თიანელთ (სამი ისტ. ქრ. 1890: 18; ქც 1: 126,1). 1032 წ. ბაგრატ IV-სთან (1027-1072) დამარცხებული განძის ამირა ფადლონი ჟალეთში მიიყვანეს ისაკ ტოლობელიძესთან (ქც 1: 311,22). 1614 წ. ჟალეთის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა მეფე თეიმურაზ I-სა (1606-1648) და შაჰ-აბასს შორის (ქც 2: 392,23,24; ქც, 4: 587,11).

1949, 1951 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ისტორიულ-გეოგრაფიულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) ივრის ხეობაში მიაკვლია ჟალეთის ციხესა და ეკლესიას (ბერძენიშვილი 1964: 181, სქ. 5). 1951 წ. უჯარმის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. გ. ლომთათიძე) ერთ-ერთმა რაზმმა შეისწავლა V-VI სს-ის სიონის ბაზილიკა (ციციშვილი 1955: 49). 1958-1960 წწ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სამმართველოს ერთობლივმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ჩუბინაშვილი) სოფ. საყარაულოსთან, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე შეისწავლა IX-X სს-ის ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესია რესტავრირებულია 1961-1962 წლებში (ქადეიშვილი 1966). 1962 წ. სიონის წყალსაცავის მშენებლობის გამო შეიქმნა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. რ. რამიშვილი), რომელმაც იქ გამოავლინა ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლები. სოფ. სიონის ტერიტორიაზე გაითხარა ბაზილიკა და მასთან მიმდებარე სამაროვანი (რამიშვილი, ჯორბენაძე 1963: 79-84; 1964: 13-22; რამიშვილი 1970).

სიონის ტაძარი გეგმაში სწორკუთხაა, რომელიც ორი წყვილი მრგვალი სვეტით გაყოფილია სამ ნავად. ცენტრალური გვერდით ნავებზე განიერია. ღრმა, ნალისებური, შვერილი ხუთწახნაგა აფსიდა, შიდა სივრცისაგან გამოყოფილია თაღებით. ეკლესია აგებულია შირიმის კვადრებით. სვეტები და კედლები შემკულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით, აგრეთვე ცხოველთა გამოსახულებით. ნაგებობა გარედან სადაა. ეკლესია თარიღდება V-VI სს-ით (ციციშვილი 1955: 49). სხვა მოსაზრებით VIII-IX სს-ით (ჩუბინაშვილი 1959: 132-159).

სიონის სამაროვანზე გაითხარა ადრე, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების 100-მდე სამარხი. ადრეული სამარხებიდან აღსანიშნავია აკლდამა (სიგრძე 8,75 მ), რომელიც მდებარეობდა ეკლესიის ჩრდილოეთი მინაშენის აღმოსავლეთით 1 მ სიღრმეზე. ნაგებია შირიმის ქვათლილებით. მას აქვს დასაკრძალავი საკანი და ტალანი (შესასვლელი) აღმოსავლეთიდან. დასაკრძალავი დარბაზი სწორკუთხაა (3,7X3,45 მ). აღმოსავლეთით დაბალი კარი და სამსაფეხურიანი კიბეა. იატაკი მოგებულია შირიმისავე ქვით. კარი იკეტებოდა დიდი ქვათლილით. აკლდამის თაღიც შირიმის უნდა ყოფილიყო. იატაკზე ორი საცხედრეა. მათ შორის ვიწრო გასასველია. აკლდამის ორფერდა სახურავი ჰირდავლიკული ხსნარით იყო გადალესილი და დაფარული ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. კამარის საძვალეში აღირიცხა 40 ინდივიდის ძვლები. აკლდამა გაძარცული იყო. მისი გასუფთავებისას აღმოჩნდა: 3 წითლად გამომწვარი თიხის ჯამი, რომელთაგან ერთზე ამოკაწრულია სვასტიკა; 2 ანგობით მოხატული და ჭიქურის ლაქებით შემკული ჯამი; 3 ვერცხლის ბეჭედი; ვერცხლის სამაჯურის ნატეხი; ვერცხლის ღილები; ბრინჯაოს ღილი; რგოლი; ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის (1478-1505) სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტა. აკლდამა თარიღდება VI ს-ით (რამიშვილი 1970: 52).

ჩუქურთმიანი სამარხი მდებარეობდა აკლდამის შესასვლელის სიახლოვეს. ნაგები იყო ქვიშაქვის დიდი ფილებით. სამარხი შირიმის ქვით ორად იყო გაყოფილი. ჩრდილოეთით მდებარე განყოფილება მშენებლებმა მოანგრიეს. იატაკი ქვითაა მოგებული. შიგნიდან ორივე განყოფილებას კედლების ზედა ნაწილში 15 სმ სიგანის ჩუქურთმიანი ფრიზი შემოუყვება, რომელზეც ამოკვეთილია გეომეტრიული ორნამენტი – წრეებში ჩასმული ფოთლისებური მოყვანილობის ჯვარედინი ნაჭდევები. სამარხში გამოვლინდა: თიხის ორყურა ჭურჭელი, მინის სასმისი, ბრინჯაოს საყურეები, ღილები (3 ც), ბეჭედი, რკინის სამაჯურები, მინის მძივები. მასალა ძირითადად XI-XIII სს-ით თარიღდება, მაგრამ სამარხი გაცილებით ადრეულია და მასში დაკრძალვა მიმდინარეობდა დიდი ხნის მანძილზე (რამიშვილი 1970: 56-58). სიონის ბაზილიკა, აკლდამა და ჩუქურთმიანი სამარხი გადატანილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

სიონის ბაზილიკის ირგვლივ გაითხარა შუა საუკუნეების ვრცელი სამაროვანი, რომელშიც გამოვლინდა იარუსებად განლაგებული 100-მდე სამარხი. მათ შორის გვხვდება: 1. შირიმის კარგად გათლილი ფილებით ნაგები სამარხები. 2. ქვიშაქვის, იშვიათად, კირქვის, უხეშად დამუშავებული, დიდრონი ფილებით შედგენილი ქვის სამარხები. 3. ნატეხი ქვით ამოშენებულკედლიანი სამარხები. 4. დიდი ზომის კოლექტიური ქვის სამარხები. 5. ორმოსამარხები. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. სიონის სამაროვანზე მოპოვებულია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა: თიხის სუფრის ჭურჭელი. მოუჭიქავი ჭურჭლიდან აღსანიშნავია კარგად განლექილი თიხისაგან დამზადებული, ჩალისფრად ან ვარდისფრად გამომწვარი პირტალღიანი ცალყურა ან ორყურა სასმისები, შემკული კანელურებით, ირიბი რელიეფებითა და კოპებით, მრგვალპირიანი და სამტუჩა საღვინე ხელადები. მოჭიქული ჯამები დამზადებულია მსხვილმინარევიანი თიხისაგან. გამომწვარია წითლად. მათში გვხვდება ერთფრად (მწვანე, ცისფერი) და მრავალფრად მოჭიქული ნიმუშები, რომლებშიც დეკორად გამოყენებულია მცენარეული და გეომეტრიული სახეები, ფრინველისა და ცხოველთა გამოსახულებები. ზოგიერთი ჯამი ანგობითაა მოხატული. სხვა სახის კერამიკიდან გვხვდება: ქოთნები, ხელადები. მინის ნაწარმიდან აღსანიშნავია: ძაბრისებური მაღალი სასმისები; პირფართო ქუსლიანი და ჭიქისებური სასმისები; ხელადის მსგავსი „ფლაკონის“ ფრაგმენტები; სანელსაცხებლეები. მინის სამკაულიდან გვხვდება მრავალფეროვანი სამაჯურები; სხვადასხვა ფორმის მძივები; სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, ღილები, სასაფეთქლე რგოლები, ჯვარი; ვერცხლის თვალბუდიანი და ფარაკიანი ბეჭდები, სამაჯურები, ჯვარი; რკინის სამაჯურები, ბეჭდები, ჯვარი. ზოგიერთ სამარხში შემორჩენილი იყო ქსოვილის ნაშთი. სამაროვანზე მოპოვებულია 12 მონეტა. მათგან უძველესია XIII ს-ის მანგუ ყაენის სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტა; ორი ჰულაგუიდურია, ერთი ჯუჩიდური XIV ს-ის (რამიშვილი 1970: 86-129).

1962-1963 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. მუსხელიშვილი) შეისწავლა „ჟალეთის მთა“. მას უკავია სტრატეგიული ადგილი იმ გზაზე, რომელიც კახეთის მთიანეთს აკავშირებდა ბართან. იქ გადის უმოკლესი გზა მცხეთისა და არაგვისპირისა ერწოზე გავლით შიგნით კახეთისაკენ და „ცხვრის გზის“ ძველი ტრასა (მუსხელიშვილი 1966: 3-6). ექსპედიციამ შეისწავლა მთის თხემი, რომლის დასავლეთ ფერდზე გამოვლინდა ფლეთილი ქვებით კირხსნარზე ნაგები შენობის ნაწილი და სამეურნეო ნაგებობები, ეკლესია და კოშკი, რომელიც XIX ს-ში ინახულა პ. უვაროვამ (უვაროვა 1904: 4, 5). განათხარ ფართობზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის უმეტესობა კერამიკაა. მათგან აღსანიშნავია: ქოთნები, ბადიები, ხელადები, ჯამები; სამეურნეო ჭურჭელი წარმოდგენილია ჩაფების, დერგების, ქვევრებისა და სადღვებლების ფრაგმენტებით. სამშენებლო კერამიკიდან გვხვდება რელიეფური ორნამენტით შემკული ბრტყელი და ღარიანი კრამიტები. ბრტყელი კრამიტის ორ ნატეხზე შემორჩენილია ხუცურით შესრულებული წარწერა: „სტეფა“ და „სტ“. მოჭიქული კერამიკიდან აღსანიშნავია ერთფრად და მრავალფრად მოჭიქული ჯამები. შემკულობაში გამოყენებულია ყლორტისებრი ორნამენტი და ფრინველის გამოსახულებები. განათხარ მასალაში გვხვდება ფაიანსის ნატეხებიც. გათხრებისას აღმოჩნდა აგრეთვე: ძვლის კვირისტავი, მინის მძივი, მინის სამაჯურებისა და ჭურჭლის ფრაგმენტები, რკინის დანები, რგოლი, აბზინდა, შვლისა და ირმის დამუშავებული რქები (მუსხელიშვილი, რამიშვილი 1964: 43-46; ჯორბენაძე 1982: 148-150).

გაიწმინდა ჟალეთის მთის ციხესიმაგრის გალავანი, რომელსაც სამხრეთით და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აქვს კარიბჭეები. გალავნის კედლები მცირედღაა შემორჩენილი. ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით. გალავნის შიგნით ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დგას წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია, სამხრეთის მინაშენით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ერთი სარკმელია აფსიდაში და ერთი სამხრეთის მინაშენის აღმოსავლეთ კედელში. გადახურულია რელიეფური დეკორით შემკული კრამიტით. გალავნის დასავლეთ კედელში ჩაშენებულია სწორკუთხა კოშკი. ციხესიმაგრის შიგნით გაითხარა 14 სამარხი. სამარხები ოთხი ტიპისაა: 1. ორმოსამარხები. 2. ქვის სამარხები. 3. ამოშენებულკედლიანი სამარხები; 4. აკლდამა. სამარხები დამხრობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. სამარხები საგვარეულოა. მხოლოდ ერთში (№6) აღმოჩნდა XI-XIII სს-ის დამახასიათებელი მინის მოლურჯო სადაზედაპირიანი სამაჯურის ნატეხი და რკინის სამაჯურის ნატეხი (ჯორბენაძე 1982: 148-152).

გალავნის შიგნით გამოვლინდა განძი, რომელიც შედგება ვერცხლის თვალბუდიანი ბეჭდების, საყურეების, რგოლების, ყელსაბამისა და ღილებისაგან; ჯვრებისა და მონეტებისაგან რუსულენოვანი წარწერით. განძი თარიღდება XVI-XVIII სს-ით (ჯორბენაძე 1982: 152).

ჟალეთის მთაზე მდებარეობდა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. გორგასლის დროინდელი ჟალეთი კი სავარაუდოა სოფ. სიონის ტერიტორიაზე, სადაც სიონის ბაზილიკის მიდამოებში მშენებლების მიერ განადგურდა მრავალი შენობის ნაშთები და, სავარაუდოდ, სასახლის ნანგრევებიც.

ექსპედიციის მიერ სოფ. კუპრიანთკარში მიკვლეულია (ამჟამად დატბორილია) ადრე ბრინჯაოს ხანის მასალის შემცველი ფენა, რომელიც შემდგომ დააზიანა იქ გამართულმა გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანმა (რამიშვილი 1970: 11). ივრის სიონის ტერიტორიაზე და ჟალეთის მთაზე მოპოვებული მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაზე.

ივრის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. საყარაულოსთან, მეორე ეკლესიაა, რომელიც წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას (17X11 მ). გეგმაში წაგრძელებული ოთხკუთხედია. ნაგებია რიყის ქვით. კედლებში დატანებულია ხის ბოძები, ცალკეულ კონსტრუქციებსა და დეკორატიულ ელემენტებში გამოყენებულია შირიმის ქვაც. ბურჯების ორი წყვილით გაყოფილია სამ ნავად. აქვს ნახევარწრიული აფსიდა, რომლის წინ ღრმა ბემაა. აფსიდის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც ვიწრო კარით უკავშირდებიან შესაბამის ნავებს. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ამავე მხრიდან აქვს მიშენებული ვიწრო გარსშემოსავლელი. აღმოსავლეთ ბურჯებს შორის რიყის ქვით ამოშენებული სექსაგონია, რომლის კუთხეები შირიმის ქვისაგან გათლილი მრგვალი სვეტებია. მას აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მიდგმული აქვს ქვის საფეხურები. ძეგლი აღდგენილია 1961-1962 წლებში (ქადეიშვილი 1964).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 65; ბერძენიშვილი 1964: 346-367; მქ 1963: 89; მუსხელიშვილი, რამიშვილი 1964: 43-46; მუსხელიშვილი 1966: 26; რამიშვილი, ჯორბენაძე 1963: 79-84; 1964: 13-22; რამიშვილი 1970; სამი ისტ. ქრ. 1890: 18; უვაროვა 1904: 4-6; ქადეიშვილი 1964; შარდენი 1975: 350, 401, 402; ქც 1: 126,1; 311,22; ქც 2: 392,23,24; ქც 4: 525,1; 531,9,10,14,21; 587,11; ჩუბინაშვილი 1959: 132, 133; ციციშვილი 1955: 49; ჯორბენაძე 1982: 168, 169.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9