ჟა ჟი
ჟინ

ჟინვანი 

ქალაქი, ციხე (ქც 4: 222,29).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 222,29; 243,18; 244,6; 247,13; 532,9,20,23; 534,8,სქ.2; 535,4; 561,10), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 55,9), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 251,11; 302,6; 308,1), XII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 260, 264, 277; 1897: 182, 196, 293, 408, 182; 1967: 384; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 73, 96, 183-185; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 29; 1970: 234, 558, 559; 1985: 746; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 173, 174; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 122; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 2; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 310; საბუთები ... 1947: 308, 309), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთისა აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 35, 65), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 47, 49, 273).

ვახუშტი ბაგრატიონი ჟინვალის შესახებ გადმოგვცემს: „ჟინვანი არს შავისა და თეთრის არაგვის შესაკრებელოს შორის ციხე შენი და მაგარი, და იყო ქალაქი და აწ უქმ არს“ (ქც 4: 534,8-10).

მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, ორი არაგვის შესართავთან, მდინარის ორივე ნაპირზე, სოფ. ჟინვალის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე.

როგორც ქალაქი, მოხსენიებულია XII ს-ში. თამარ მეფემ (1184-1207) მანდატურთუხუცეს ჭიაბერს უბოძა „ჟინვანი, ქალაქი და ციხე მრავლითა მთიულეთითა“ (ქც 2: 55,8,9). ჭიაბერამდე ჟინვანის პატრონი უნდა ყოფილიყო ქართლის ერისთავთ-ერისთავი და თბილისის ამირა აბულასან იობის ძე, რომელიც „ლურჯი მონასტრის“ წარწერის მიხედვით, იყო პატრონი „შვიდთა მთეულთა“ (რატიანი 1975: 6). 1189-1190 წწ. საბუთით ჭიაბერის შემდეგ ჟინვანის პატრონია ვინმე შოთა (ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 97). 1298 წ. საბუთით ქალაქს ჰყავდა ამირა, რომელსაც ემორჩილებოდა გარშემო არსებული სოფლები. იქვეა მოხსენიებული ქალაქის მოურავი და სხვა მოხელეები (ქართ ისტ. საბ. კორ. 1984: 183-185). მეფე დავით VII ულუმ (1247-1270) ყაენის გამოგზავნილი ოსი ლტოლვილები დაასახლა ჟინვანს (ქც 2: 251,11). ყაზან ყაენისაგან ლტოლვილმა მეფე დავით VIII-მ (1298-1313) ჟინვანში შეკრა სიბა და თვითონ მთიულეთში გაიხიზნა (ქც 2: 302,6). მისი ძმა ვახტანგი დაპატიმრებული იყო ჟინვანის ციხეში (ქც 2: 308,1). მეფე გიორგი V ბრწყინვალეს (1314-1346) ჟინვანში ჰქონდა სასახლე (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 29). 1474 წ. საბუთში ჟინვანი თბილისისა და გორის გვერდით ქალაქად იხსენიება (გვასალია 1975: 74, სქ. 98). 1494 წ-ის სიგელით ერისთავთ-ერისთავი ვამიყ შაბურისძე ხანდაკელებს ათავისუფლებს ჟინვანის გამოსაღებისაგან, რაც ჟინვანის, როგორც ქალაქის, დაცემის საბუთია (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 174). 1498 წ. მეფე ალექსანდრემ სვეტიცხოველს განუახლა ჟინოვანს მცხოვრები შვიდი კომლი კაცის შეწირულობა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 174). 1569 წ. წილკნის საეპისკოპოსოს სიგელში ჟინვანი მოხსენიებულია სოფლად (ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 558). XVIII ს-ში ჟინვანი მეფე ერეკლე II-ის (1744-1798) ძის, ვახტანგის სამემკვიდროა (ბაგრატიონი 1986: 35). XVIII ს-ის აღწერის ნუსხით ჟინვანში 15 კომლი ესახლა (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 122).

1875 წ. ჟინვალში ცოლ-ქმარმა უვაროვებმა რამდენიმე სამარხი გათხარეს (უვაროვა 1904: 1, 2). 1964 წ. ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობის გამო ჟინვალის ტერიტორიაზე სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. წითლანაძე) (წითლანაძე, შატბერაშვილი, კახიძე, 1965: 21-23). ძეგლის ფართომასშტაბიანი და სისტემატური არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობდა 1971-1985 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. რ.რამიშვილი). გამოვლენილია ძეგლები ენეოლითური ხანიდან ვიდრე გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით.

ხერთვისის ენეოლითური ხანის ნასახლარი მდებარეობდა სოფ. ჟინვალიდან ჩრდილოეთით 1 კმ-ის დაშორებით, მდ. ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. იქ გაითხარა მრგვალი ორმო 1,8 მ სიღრმისა, რომელშიც გამოვლინდა ნაცრისფერკეციანი, უხეშად ნაძერწი, მსხვილმინარევიანი თიხის ჭურჭლის ნატეხები, პირზე ნაჭდევებით; აგრეთვე კაჟის რამდენიმე ანატკეცზე დამზადებული იარაღი (რამიშვილი 1981: 54).

ენეოლითური ხანის მეორე ნასახლარი მდებარეობდა სოფ. ჟინვალის სამხრეთ ნაწილში, ჟინვალის სამაროვნის ქვეშ 2,5-3 მ სიღრმეზე, სადაც გამოვლინდა ნახანძრალი ფენა. ძეგლი ერთფენიანია. არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია მოწითალოკეციანი, ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭლის ნატეხები, ცილინდრული ყელით, ოდნავ გადაშლილი პირით. პირზე შემოუყვებათ დაკბილული და ტალღოვანი ორნამენტი. იქვე გამოვლინდა ობსიდიანის ლამელა – ანატკეცებზე ჩამოყალიბებული იარაღი და იარაღის ნამზადი; რიყის ქვის ცულები; რქის თოხები. მასალა თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულით (ჩიქოვანი 1996: 5-11; ჭელიძე, ჩიქოვანი 1991: 4).

ადრებრინჯაოს ხანის საკულტო ძეგლი მდებარეობდა მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, ხევსურეთის ხიდიდან აღმოსავლეთითი 100-ოდე მ-ზე, მთის დამრეც ფერდზე. 3 მ სისქის ფენაში გამოვლინდა: არქაული იერის მქონე ნაცრისფერკეციანი, ხელით ნაძერწი, ბზე და ობსიდიანის მინარევიანი თიხისაგან დამზადებული ჭურჭლის ნატეხები. იქვეა გამოვლენილი ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის კერამიკა. ზედა ფენაში ელინისტური, გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები ჩნდებოდა. ადრებრინჯაოს ხანის კერამიკა მოვარდისფრო-მოწაბლისფროა, ზედაპირნაპრიალები, შემკულია კოპებით, ნაკაწრი ორნამენტით, გველისა და ჯიხვის ფიგურების რელიეფური დანაძერწებით. შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკის ზედაპირი შავპრიალაა. შემკულია მდიდრული გეომეტრიული ორნამენტით. გამოვლენილ მასალაში უნიკალურია შენობის კედლის ძირთან აღმოჩენილი უხეში თიხისაგან ნაძერწი, რელიეფური სპირალებით შემკული ღვთაების სტილიზებური გამოსახულება. შენობის წინ, შემაღლებულ მოედანზე ეწყო კერამიკული ჭურჭლის ნატეხები: სხვადასხვა ზომის სასმისები; ქოთნის, კერისა და დიდი ზომის ჭურჭლის ნატეხები; ძვლისა და ობსიდიანის ისრისპირები, სახვრეტები; სპილენძის ხიშტისმაგვარი იარაღი და სხვ. ძეგლი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულით (რამიშვილი 1982: 30, 31).

ხერთვისის ენეოლითურ ნასახლარზე გაითხარა ელინისტური და გვიანი რომაული ხანის სამარხები. ოთხ ქვაყრილიან ორმოსამარხში მიცვალებულები დაეკრძალათ ხელფეხმოკეცილი, გვერდზე, თავით სახრეთით. სამარხეული ინვენტარი: თიხის ნაცრისფერკეციანი ჭურჭელი; ბრინჯაოს ცილინდრული, გვერდებშეჭრილი ზარაკი; სამაჯურები; მინის მძივები; მრგვალი საბეჭდავი ფრინველების გამოსახულებით. სამარხები თარიღდება ძვ. წ. V-III სს-ით. მეხუთე ორმოსამარხი იყო. მიცვალებული დაეკრძალათ კიდურებმოხრილი, მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთით. სამარხეული ინვენტარი: ვარდისფერკეციანი ხელადა, ბრინჯაოს აბზინდები, რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი, მოხრილი დანა, სალესი ქვა და სხვ. თარიღდება ახ. წ. II-III სს-ით (რამიშვილი ... 1980: 414). გვიანრომაული ორი ორმოსამარხი გაითხარა სოფ. ჟინვალის ჩრდილო-დასავლეთით. მიცვალებულები დაეკრძალათ კიდურებმოხრილნი, მარცხენა გვერდზე თავით სამხრეთით. სამარხეული ინვენტარი: სამტუჩა ხელადა კოპებით დაფარული ტანით; რკინის შუბისპირი, ბრინჯაოსა და რკინის რგოლები, რკინის საკინძის ნატეხები, მოოქრული მინის მრავალწახნაგა მძივები, რკინის დანა, გახვრეტილი ეშვისებრი საკიდი. სამარხები თარიღდება გვიანანტიკური ხანით (რამიშვილი ... 1974: 65).

გვიანრომაული-ადრე შუა საუკუნეების ვრცელი სამაროვანი გაითხარა 1974-1985 წწ. სოფ. ჟინვალში, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის სამხრეთ ნაწილში, ადგილ „ნაფუძვრებში“. სამაროვანს ეკავა დაახლოებით 1 ჰა ფართობი. შესწავლილი 556 სამარხიდან გვიანრომაული ხანისაა 269, ადრე შუა საუკუნეების – 287 სამარხი. სამარხები შემდეგი ტიპისაა: ქვევრსამარხი – 1, ორმოსამარხი – 301, ქვამიწაყრილიანი ორმოსამარხი – 13, ყორეკედლიანი სამარხი – 5, ხის ძელებით გადახურული ორმოსამარხი – 20, ქვისწრიანი ორმოსამარხი – 6, ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი – 29, კატაკომბა – 51, ქვის ფილებით შედგენილი სამარხი – 127. 246 სამარხი წინაქრისტიანული ხანისაა. დამხრობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთით. მიცვალებულები დაკრძალულია თავით დასავლეთით. 3 მათგანი – თავით აღმოსავლეთით. 9 სამარხი დამხრობილია ჩრდილოეთიდან სამხრეთით. მიცვალებულები დაკრძალულია თავით ჩრდილოეთით. 19 სამარხი დამხრობილია სამხრეთიდან ჩრდილოეთით. მიცვალებულები დაკრძალულია თავით სამხრეთით. არქეოლოგიური მასალა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია: კერამიკა – სასმისები, ხელადები, კოჭობები; მინის ჭურჭელი; რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი; ბრინჯაოს მუსიკალური ინსტრუმენტები – წინწილები; ვერცხლის მონეტები: პართიული, რომაული, სასანური. მრავალრიცხოვანია ნივთ-სამკაული: 637 ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინისა და მინის ბეჭდები, რომელთაგან 140 გემიანია (სამზე ბერძნული წარწერაა, ერთზე იკითხება „ბაკური“); საყურეები, სასაფეთქლე და საკისრე რგოლები, მშვილდსაკინძები, საკინძები, გულქანდები, ყელსაბამები, აბზინდები, ავგაროზები, ამულეტები, მძივები (16000 ც) და სხვ. მოპოვებული მასალის მიხედვით, სამაროვანი და იქვე არსებული ნამოსახლარის ნაშთი თარიღდება ძვ. წ. I-ახ. წ. VIII სს-ით (რამიშვილი ... 1976: 71, 72; რამიშვილი, ჯორბენაძე 1982: 106-108; ჩიხლაძე 1977: 95-101; 1982: 92-103; 1984: 159-160; 1985: 544; 1990: 184-196; 1990ა; 1993).

ადგილ „კვირაცხოველზე“, ადრე შუა საუკუნეების 11 სამარხი გაითხარა, რომლებიც სხვადასხვა დონეზე მდებარეობდნენ. ქვედა დონეზე გამოვლინდა 1 ორმოსამარხი. მიცვალებული დაკრძალული იყო გაშოტილი, თავით დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა რკინის ღეროს ნატეხები. დანარჩენი სამარხები ქვისაა. 11-დან სამში მიცვალებული დაკრძალულია კიდურებმოხრილი, თავით აღმოსავლეთით. დანარჩენში – ქრისტიანული წესით. სამარხებში გამოვლენილია მინის 2 სამაჯური; ბრინჯაოს 2 ბეჭედი; რკინის ღეროს ნატეხები. ზოგიერთი უინვენტარო იყო. სამარხები თარიღდება VI-VIII სს-ით.

გაითხარა „კვირაცხოვლის“ ეკლესიის ნანგრევებიც. კლდის ქანში შექმნილ ბაქანზე დაშენებული იყო მცირე ზომის ძლიერ დანგრეული დარბაზული ეკლესია. არქეოლოგიური მასალის (მოჭიქული ჭურჭლის მცირერიცხოვანი ფრაგმენტები, ღია ფერის თიხისაგან დამზადებული სასმისები) მიხედვით, ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება (რამიშვილი ... 1976: 76; რჩეულიშვილი 1975: 48, 49; 1977: 121-125; 1982: 155-158).

ჟინვალის ნაქალაქარი მდებარეობდა მთიულეთისა და ფშავის არგვის შესართავთან, მდინარის მარცხენა ნაპირზე, ხევსურეთის ხიდსა და ლალაურის ხევს შორის. მოიცავდა დაახლოებით 12 ჰა ფართობს. ნაქალაქარის შენობები განლაგებულია მთის ფერდზე, რომლის წვერზეც აშენებულია ყელის (თამარის) ციხე. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია ნაქალაქარის ცენტრალური ნაწილი, სადაც გაითხარა დაახლოებით 4 ჰა ფართობი. შენობები განლაგებულია ფერდზე ხელოვნურად გაჭრილ 7 ტერასაზე. ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით კირხსნარზე და თიხაზე. შენობათა ზურგის კედელი უმეტესად მიწაშია ჩაშენებული. კედლები უსაძირკვლოდაა ნაგები მოსწორებულ მიწაზე. კედლებში დატანებული ყოფილა ხის ბოძები, ან ისინი კედლის წინ, ქვის ბალიშებზე იყო განლაგებული და წარმოადგენდნენ ბანური გადახურვის საყრდენებს. შენობათა იატაკი თიხატკეპნილია ან ნაწილობრივ მოფილაქნებულია ბრტყელი ქვებით. ცენტრში მოწყობილია ოთხკუთხა ან მომრგვალებული კერა, აგურის ან ბრტყელი კრამიტის იატაკით. კარის აღმოსავლეთით ქვის ბალიშია დედაბოძისათვის. ერთ-ერთ კუთხეში ან რომელიმე ნაწილში დიდ-პატარა თონეებია. უმეტეს შემთხვევაში იატაკში, კუთხეში, ჩაფლულია ქვევრი ან ქვითა და დუღაბით ამოშენებულია სამეურნეო ორმო (ხარო). შესასვლელი უმეტესად დასავლეთ კედელშია. გვხვდება ჩრდილოეთის და სამხრეთის კედელშიც. გადახურვა ბანურია. ტერასაზე განლაგებულ შენობათა ბანები წარმოადგენდა მათ ურთიერთ დამაკავშირებელ საშუალებას (წინა ტერასის შენობის ბანი მომდევნოსათვის ეზოს როლს ასრულებდა). ცალკეულ საცხოვრებელ სათავსებში სპეციალურად გამოყოფილია ცალპირი წყობის კედლით მცირე ფართობი, სადაც წმინდა ნაცრით მოლესილ იატაკზე იდგა ნალის ფორმის თიხის მცირე ზომის კერა, რომლის წინ ეწყო ჭურჭელი. იქვე ჩაფლული იყო საზედაშე ქვევრი, პირსა და გვერდზე ჯვრის გამოსახულებით. ყველა ასეთი საცხოვრებელი სათავსო ნახანძრალია. ნაქალაქარის პირველ ტერასაზე გაიწმინდა მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ორსართულიანი ქურა და მოჭიქული ჭურჭლის გამოსაწვავი ქურის საცეცხლურის ნაშთი. ნაქალაქარს სამხრეთიდან ზღუდავდა გალავანი (სიგანე 0,9 მ). კედელი გაუყვებოდა მთის ფერდს მდინარის პირიდან ყელის (თამარის) ციხის კედლებამდე. გალავნის ცენტრში მოწყობილი იყო 3 მ სიგანის კარიბჭე საყარაულო კოშკით. ის იკეტებოდა ჩამოსაშვები კარით. ნაქალაქარის აღმოსავლეთ ნაწილში ყელის (თამარის) ციხის ქვემოთ გაიწმინდა დარბაზული ტიპის ეკლესია „ჯვარი პატიოსანი“ (9X12,5 მ), მიმდებარე საცხოვრებელი შენობებით. ეკლესია აგებულია მოსწორებულ ტერასაზე ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. შირიმის კვადრები გამოყენებულია კარნიზსა და სარკმელზე. გადახურულია ფიქალის ფილების ორფერდა სახურავით. აფსიდის იატაკი ოდნავ შემაღლებულია. აღმოსავლეთ კედელთან მონოლითური ქვის საკურთხეველია. კანკელი შირიმის ქვისაა. იატაკი მოლესილია დუღაბით. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლეში თითო სარკმელია. ეკლესიის აღმოსავლეთით და დასავლეთით გაიწმინდა თითო აკლდამა. ისინი ნაგებია ფლეთილი ქვითა და დუღაბით. აკლდამები საგვარეულოა, უინვენტარო. დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ქვის ფილებით შედეგენილი 4 სამარხი. ეკლესიის სამხრეთ კედელთან გაიწმინდა 2 სათავსოს ნაშთი. ეკლესიას სამხრეთ-დასავლეთით აქვს მცირე მინაშენი, რომლის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში კარია. აღმოსავლეთის კარით უკავშირდებოდა 2 სათავსოს.

ქვედა ტერასაზე, ჩრდილოეთ ნაწილში ამოშენებულია ზედა ტერასის შემამაგრებელი კედელი და 2 დიდი საცხოვრებელი სათავსო კერით, ქვევრებითა და თონეებით. არქეოლოგიური მასალა ძირითადად წარმოადგენს გვიანი შუა საუკუნეების შენაწირ განძებს, რომლებიც შედგება გვიანდელი მოჭიქული ჯამების, სპილენძის, ვერცხლის თასებისა და თეფშებისაგან; ვერცხლის კოვზის, ბეჭდის, ფირფიტოვანი ვარდულებისა და გვიანდელი მონეტებისაგან. ეკლესია თარიღდება XI-XIII სს-ით. გალავნის კედლის გარეთ – სამხრეთით გასუფთავდა მცირე ზომის (2,5X3 მ) გეგმით ოთხკუთხა ეკლესია, მონოლითური ქვის ტრაპეზით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სამლოცველოს წინა ფართობი მოგებულია დიდი ზომის ბრტყელი ქვებით.

გალავნის გარეთ, სამხრეთ-დასავლეთით გაითხარა საქარავნო სახლის ნაშთი (8X10 მ). შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია. ჟინვალის ნაქალაქარს აღმოსავლეთიდან, მთის წვერიდან დაჰყურებს ყელის (თამარის) ციხე, რომელსაც ორივე არაგვის ხეობაში გაბატონებული ადგილი უჭირავს. ციხის კედლები ნაგებია მეტ-ნაკლებად დამუშავებული კლდის ქვით დუღაბზე. ციხეს ორმაგი კედელი აქვს. შენობები ორ ტერასაზეა განლაგებული.

ქვედა ტერასაზე გაიწმინდა კლდოვან ქანში ამოჭრილ ქვაბულში ჩაშენებული ორსართულიანი შენობა (ქვედა სართულის ფართობია 6,3X5,75 მ), მასზე მიშენებული მცირე სათავსოთი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ზედა ტერასაზე დასავლეთ მონაკვეთში გაიწმინდა დარბაზული ტიპის მცირე ეკლესია (6X5 მ), რომელსაც ოდნავ შემაღლებული აფსიდა აქვს. ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ციხის შიდა ტერიტორია ნაწილობრივაა გაწმენდილი. ციხის დასავლეთ კედელთან ქვითა და დუღაბით ამოშენებულია სამეურნეო ორმო.

ნაქალაქარის განათხარი მასალის უმეტესობა მოჭიქული და მოუჭიქავი კერმიკაა. მათ შორის გვხვდება: ერთფრად და მრავალფრად მოჭიქული ჯამები, თეფშები, ხელადები, ქილები, სამარილეები, ჭრაქები, კრამიტები, შორენკეცები; მოუჭიქავი ჯამები, ხელადები, თეფშები, დოქები, სასმისები, ჩაფები, კოჭობები, ქოთნები, ქილები, სადღევებლები, ხუფები, დერგები, ქვევრები, ტაფები, კეცები, ჭრაქები, ბრტყელი და ღარიანი კრამიტი, წყალსადენის მილები, თიხის სამფეხა სადგრები, სოლები და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღია ფერის თხელკედლიანი ჭურჭლის სიმრავლე. ლითონის ნაწარმიდან აღსანიშნავია რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები: მახვილები, ისრისპირები, ცული, სატეხები, დანები, სამართებელი, გუთნის საკვეთელი, ლურსმნები. დიდი რაოდენობითაა რკინის წიდები. აღმოჩენილია ბრინჯაოს ჭურჭლის ფრაგმენტები; ბრინჯაოს მედალიონი მთავარანგელოზის გამოსახულებით, რომელიც გამოყენებულია მატრიცად. გვხვდება მინის ჭურჭლის ფრაგმენტები, ქვისა და ძვლის ნაკეთობანი. სამკაულიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ბეჭდები, საკიდები, ღილები, მინის ბეჭდები და სამაჯურების ფრაგმენტები. ნაქალაქარზე გამოვლინდა მონეტების 2 განძი. ვერცხლის მონეტების განძი შედგება ქართულ-ჰულაგუიდური 243 ერთეულისგან და სპილენძის ქართული მონეტების განძი, რომელიც შედგებოდა 1050 რომლებიც მოჭრილია ქართველ მეფეთა (დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, გიორგი III-ისა და თამარის, თამარის, ლაშა გიორგის), ილდიგიზიდებისა და ჯალალედინის სახელით. გარდა განძებისა, გამოვლენილია ქართველ მეფეთა სახელით მოჭრილი ცალკეული მონეტები – გიორგი III-ის, თამარის, ლაშა-გიორგის, რუსუდანის, დემეტრე II-ის. ნაპოვნია აგრეთვე ჰულაგუიდური მონეტები; ბიზანტიური ოქროს მონეტა იმპერატორ იოანე II-ის (1118-1143) სახელით მოჭრილი.

ჟინვალის ნაქალაქარი, მოპოვებული მასალის მიხედვით, თარიღდება ორი პერიოდით: XI-XII და XIII-XIV სს (რამიშვილი 1982ა: 73).

ნაქალაქარის გარეუბანი მდებარეობდა ნაქალაქარის ჩრდილოეთით და გამოიყოფოდა მისგან დაბალი, კლდოვანი ქედით. გარეუბნის დასახლების ტიპი და სამშენებლო მასალა ნაქალაქარის ანალოგიურია. გამოვლენილია საცხოვრებელი და დამხმარე სათავსები (მარანი, სახელოსნო). გარეუბანზე გამოიყო 3 სამშენებლო დონე: XI-XII სს-ის, XIII ს-ის, XIII ს-ის მეორე ნახევარი – XIV ს. პირველი დონის შენობებიდან აღსანიშნავია საკულტო ოთახები წარმართული საკურთხევლებითა და მრავალრიცხოვანი შეწირული ნივთებით. ესენია: მოჭიქული ჯამები; მოუჭიქავი, თხელკედლიანი, ღია ფერის სასმისები; ხელადები, მოხატული დოქები; სამზარეულო ჭურჭელი; თიხისა და ბრინჯაოს ჭრაქები, ტიგელები, სალესი ქვები. საკულტო ოთახი საიდუმლო შესასვლელით უკავშირდებოდა გარეუბნის დასახლებას. ის განადგურებული იყო ძლიერი ხანძრისგან.

გარეუბანზე მოპოვებული მასალიდან აღსანიშნავია ბიზანტიური ოქროს მონეტა მოჭრილი კონსტანტინე X-ის სახელით (1057-1059); თამარისა და რუსუდანის მონეტები; მინის წიდები; ვერცხლისა და სპილენძის ჩამონაჭრები. გარეუბნის მასალები თარიღდება XI-XIV სს-ით (რამიშვილი ... 1981: 129-143; რჩეულიშვილი 1989: 63).

ნაქალაქარის ჩრდილოთეთით 1982-1984 წწ. შეისწავლეს სამაროვანი, რომელიც გამართული იყო მდინარისპირა დაბლობზე. სულ გაითხარა 681 სამარხი. მათგან ინვენტარიანია 314. გამოიყოფა 4 ტიპი: ორმოსამარხები, ქვის ფილებით შედგენილი, ამოშენებულკედლიანი და აკლდამები. ორ-სამ იარუსად განლაგებული სამარხები დამხრობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. სამარხთა უმეტესობა საოჯახოა. ბოლო მიცვალებული ასვენია ზურგზე გაშოტილი თავით დასავლეთით, წინა მიცვალებულთა ძვლები მიხვეტილია აღმოსავლეთ კედლისკენ. სამარხებში აღმოჩნდა თხელკედლიანი, ღია ფერის სასმისები; მინის ჭურჭლის ფრაგმენტები; მინის სამაჯურები, მძივები; ლითონის ნივთებიდან გვხვდება: რკინის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ბეჭდები, საყურეები, ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები. მონეტებიდან აღმოჩენილია XI-XIII სს-ის ქართულ-მონღოლური ფული.

სამაროვანზე გამოვლენილია დარბაზული ტიპის 3 ეკლესია. ორს სამხრეთიდან აქვს მინაშენი. მათში მოწყობილი იყო სამარხები.

სამაროვნის ჩრდილოეთ ნაწილში გაითხარა მიწისქვეშა კამაროვანი გადახურვის მქონე აკლდამა, რომელსაც ქვის ექვსსაფეხურიანი ჩასასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. აკლდამას არაგვის ერისთავთა განსასვენებლად მიიჩნევენ. სამაროვანი თარიღდება XI-XIV სს-ით (ჯორბენაძე 1983: 134-168; 1984: 39-42; 1991). მის ტერიტორიაზე გამოვლენილია ადრეული პერიოდის არქეოლოგიური მასალა: კაჟისა და ობსიდიანის ანატკეცები და იარაღი, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. V ათასწლეულით. იქვეა აღმოჩენილი შავპრიალა ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს სატევრისპირი, რომელთა თარიღი განისაზღვრა ძვ. წ. III ათასწლეულით. ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება შავკეციანი ჭურჭლის ნატეხები და მასრაგახსნილი შუბისპირი (ჯორბენაძე ... 1996ა: 115-122).

ნაქალაქარიდან 1,5 კმ-ის დაშორებით, ჩრდილოეთით, ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, წინ წამოწეულ კონცხზე, გაითხარა ხერთვისის ზურგიანი კოშკის კომპლექსი (გადატანილია ჟინვალჰესის სამმართველოს ეზოში). გალავნით შემოზღუდულ ფართობში გამოვლინდა ხუთსართულიანი ზურგიანი კოშკი, მასზე მიშენებული სამეურნეო შენობებით: ოთხი საწნახელი, დიდი მარანი 50-მდე ქვევრით, სამეურნეო ხარო, დარბაზული ტიპის ეკლესია სამხრეთი მინაშენითა და შებრტყელებული აფსიდით. გამოიკვეთა 2 სამშენებლო დონე. შენობები და გალავნის კედელი ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით დუღაბზე. გამოყენებულია რიყის ქვაც. მოპოვებული არქეოლოგიური მასალის ძირითადი ნაწილი მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკაა: ჯამები, ხელადები, დოქები, ქოთნები, ფაიანსის ფიალა, ბრინჯაოსა და ვერცხლის ნაკეთობანი და სხვ. მასალა თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით (რჩეულიშვილი 1984: 148-154).

სოფ. ჟინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე 1972-1974 წწ. გაითხარა დიდი ზურგიანი კოშკის კომპლექსი – ჟინვალის ციხე. კოშკი იდგა ზედა ტერასაზე. ქვედა ტერასაზე გაიწმინდა გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები და დიდი მარანი (22X8,5 მ) 20-მდე დიდ-პატარა ქვევრით. ზურგიანი კოშკი ხუთსართულიანი იყო (კოშკის ქვები გადატანილია ახალი ჟინვალის მიდამოებში). შემორჩენილი სიმაღლე 18,7 მ აღწევდა. კედლები და გალავანი ნაგები იყო ფლეთილი ქვით დუღაბზე. კოშკის შიგნით გაიწმინდა 3 მ სისქის ფენა. გამოვლინდა სამეურნეო სართული, სადაც ზურგიან კედელთან ჩადგმული იყო სამი ქვევრი. აღმოსავლეთი კედლის ქვეშ კი ხვრელი (არაგვზე ჩასასვლელი?). კოშკში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან მეორე სართულზე იყო, მიწის ზედაპირიდან 4 მ-ზე. მე-3 და მე-4 სართულს ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით თითო სარკმელი ჰქონდა. მე-5 სართულზე კი, ზურგის კედლის გარდა ყველა კედელში იყო თითო სარკმელი. არქეოლოგიური მასალა მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკაა. იმპორტული ფაიანსის მრავალრიცხოვანი ფრაგმნეტები (40-დე სახეობა), მინის ჭურჭლისა და სარკმლის მინის ფრაგმენტები, ბრინჯაოს, რკინისა და ძვლის ნივთები. ზურგიანი კოშკი თარიღდება XI-XIV სს-ით (კალანდაძე 1977: 139-144).

მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ჟინვალის დასავლეთით, მაღალ, კლდოვან მასივზე მდებარეობს წმინდა გიორგის ციხე, რომელსაც სამკუთხედის მოყვანილობა აქვს. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან გამაგრებულია ძლიერი კედლებით, და კონტრფორსებით. კლდის წვერზე დაშენებულია კოშკი-ციტადელი, რომლის ძირზეც, ქვედა ორ ტერასაზე განლაგებულია ციხის შენობები. პირველ ტერასაზე გამოვლინდა დარბაზული ტიპის მცირე ეკლესიის ნანგრევები, შესასვლელით სამხრეთიდან. ეკლესია აგებულია წმინდა გიორგის სახელზე. მეორე ტერასაზე გამოვლინდა 2 შენობის ნაშთი. ამავე ტერასის დასავლეთ ნაწილში, კლდეში გამოჭრილია საფეხურები, რომლითაც მეორე ტერასა უკავშირდება კოშკ-ციტადელს. ციხე თარიღდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით (რამიშვილი ... 1979: 113-114).

მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ხევსურეთის ხიდის ყურესთან 1973 წ. გაითხარა ძველი ხიდის ყური – თაღის საბჯენი ბურჯისა და ოთხკუთხა კოშკის ნაშთები. ნაგებობები დაფუძნებულია კლდოვან ქანზე. ბურჯის ფასადები ნაგებია კლდის ქვის კვადრებითა და აგურით დუღაბზე. ბურჯის აღმოსავლეთის კედლის მიხედვით, ხიდის სიგანე 4,1 მ უნდა ყოფილიყო (რამიშვილი ... 1974:70).

მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, ადგილ „წობენთან“ 1973 წ. გაითხარა არაგვის ხეობაში შემავალი გზის ჩამკეტი გალავნის კედელი კარიბჭით. კედელი მიემართება მდ. არაგვის პირიდან – დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ებჯინება მღვიმის მაღალ ქედს. კედელში დატანებულია კოშკისებური ნაგებობა, რომლის პირველ სართულში გამართული იყო 1,5 მ სიგანის კარიბჭე. გალავნის კედლის სიგრძეა 13,5 მ, სიგანე – 1,3-1,6 მ. ნაგებია კლდის გათლილი და გაუთლელი ქვებით მტკიცე დუღაბზე. კარიბჭის წინა კედელში შემორჩენილი იყო ჩამოსაშვები კარის ფოსო. არქეოლოგიური მასალა მცირერიცხოვანია: მოჭიქული ჯამის ნატეხები; თეთრანგობიანი ხელადის ფრაგმენტები; ქოთნის, ქვევრის, დოქის ნატეხები. ძეგლი თარიღდება XI-XIV სს-ით (რამიშვილი ... 1974: 70; ლომიძე 1975: 45-47).

ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ხერთვისის კომპლექსის ჩრდილოეთით, ადგილ „დევებიანზე“ გაითხარა ნასოფლარი. „დევებიანიდან“ დასავლეთით მეორე ნასოფლარი „დიდრუვი“ შეისწავლეს. ორივე ნასოფლარზე გამოვლინდა საცხოვრებელი კომპლექსები: „დევებიანზე“ სამი, „დიდრუვზე“ ოთხი. შენობები განლაგებულია ორ ტერასაზე. ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით კირხსნარზე. კომპლექსები შედგება საცხოვრებელი დარბაზისა და დამხმარე სათავსოებისაგან – მარანი, ბოსელი. მათგან საცხოვრებელი დარბაზი და მარანი გამართულია ზედა ტერასაზე, ბოსელი კი ქვედაზე, რომლის ბანიც საცხოვრებლის ეზოს წარმოადგენს. ბოსლის იატაკი ბრტყელი ქვებითაა მოფილაქნებული. თითოეულ საცხოვრებელ შენობაში კერა, თონე, ტახტებია კედლების გასწვრივ. იატაკი თიხატკეპნილია. გადახურვა ბანურია. კომპლექსები შემოზღუდული ყოფილა დიდი ქვების მშრალი წყობით (ყორეკედელი). მარნებში ქვითა და დუღაბით მოწყობილია საწნახელები. იქვეა ქვევრები. ნასოფლარები თარიღდება XI-XIV სს-ით (რამიშვილი ... 1976: 77-78; რჩეულიშვილი 1981: 57-66).

მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, „მღვიმის“ გორაზე, პლატოზე გაითხარა ნასოფლარი „მღვიმე“. გამოვლინდა შენობათა 3 სახეობა: ზურგიანი კოშკის ნაშთი, საცხოვრებელი სათავსები და დარბაზული ტიპის ეკლესია ოდნავ ნალისებური აფსიდით. საკურთხევლის წინ ამოშენებულია ოთხკუთხედი – ცენტრში ღრმულით (ჯვრის აღსამართავი ბაზისი). შენობათა კედლები ნაგებია კლდის ქვით დუღაბზე. არქეოლოგიური მასალა ძირითადად მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკაა: ჯამები, სასმისები, ხელადები, დოქები, ქოთნები, ქილები. გვხვდება მინის ჭურჭლისა და სამაჯურის ფრაგმენტები; რკინის დანა, ნამგლისპირი, ისრისპირი, წალდი, სალესი ქვები, შურდულის ქვები. ძეგლი თარიღდება XII-XIV სს-ით (რამიშვილი ... 1979: 108-120; ლომიძე 1981: 52-57). აღნიშნული ნასოფლარის ფუნქცია იყო „მღვიმეზე“ გამავალი დამხმარე გზის დაცვა და კონტროლი.

ხერთვისზე, ზურგიანი კოშკის კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთით გაითხარა განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთი, დარბაზული ტიპის მცირე ეკლესია და რამდენიმე ქვის სამარხი (ბუჩუკური 1986: 404).

სოფ. ჟინვალის ჩრდილო-დასავლეთით, ახალ სასაფლაოსთან გაითხარა გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიის ნაშთი და რამდენიმე უინვენტარო სამარხი.

მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ჟინვალიდან ჩრდილოეთით, 5 კმ-ის დაშორებით, ჟინვალსა და ანანურს შორის 1975 წ. გაითხარა ბებრის ციხე. ის მიშენებული იყო კლდის მასივზე. შედგებოდა 2 კოშკისა და სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებისაგან. ორსართულიანი დიდი კოშკის ერთ-ერთ კედლად გამოყენებული იყო კლდე. მასში გამოკვეთილი იყო 3,15 მ სიღრმის ჭა (არაგვზე გასასვლელი?). ციხე განვითარებული შუა საუკუნეებიდან გვიან შუა საუკუნეებზე გარდამავლი ხანის ძეგლი უნდა იყოს. ამჟამად მოქცეულია წყალსაცავის ფსკერზე (რამიშვილი ... 1979: 116-117; კალანდაძე 1982: 143).

ჟინვალში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის დუშეთის ბაზაში, საგამოფენო დარბაზებში. კერამიკული მასალის ნაწილი, ძვირფასი ლითონების ნაკეთობანი და მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). 1971 წ. ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე ადგილ „დევებიანზე“ აღმოჩნდა ვერცხლის მონეტებით სავსე თიხის კოჭობი. ისინი მოსახლეობამ დაინაწილა. შეგროვდა 74 მონეტა, რომელთაგან უადრესია 1261-1264 წწ. მოჭრილი ნიმუშები. უგვიანესი 1290 წლამდეა მოჭრილი. განძში 23 ყაენური მონეტაა (მონეტები განსაზღვრა ირ. ჯალაღანიამ).
 
ბიბლიოგრაფია: ასლანიშვილი 1975: 61-66; ბაგრატიონი 1986: 35; ბერძენიშვილი 1966: 60; ბუჩუკური 1986: 404; გვასალია 1975: 48-80; გიულდენშტედტი 1962: 47, 49, 273; გოგოჭური 1996: 18-21; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 2; ვაჩნაძე 1975: 50-52; ზაქარაია 1972ა: 20-21; იოსელიანი 1874; კალანდაძე, ჯავახიშვილი, 1975: 34-36; კალანდაძე 1977: 179-184; 1982: 143-147; ლომიძე 1975: 45-46; 1981: 52-56; საბუთები ... 1947: 281-352; მარგველაშვილი 1975: 37-41; 1977: 116-121; 1981: 29-42; 1982: 139-143; 1984: 426-427; 1986: 92-102; 1990: 196-212; 1996: 32-35; მარგველაშვილი, რჩეულიშვილი 1985: 472-473; 1986: 402-403; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 310; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 174; მუხიგულაშვილი 1985: 63-67; ნიკოლაიშვილი, ჩიხლაძე 1981: 16-22; რამიშვილი 1978: 11-18; 1980: 414; 1982: 25-46; 1982ა: 66-77; 1983: 415; რამიშვილი ... 1972: 117-118; რამიშვილი ... 1973: 77-89; რამიშვილი ... 1973ა: 428; რამიშვილი ... 1974: 65-74; რამიშვილი ... 1975: 458; რამიშვილი ... 1976: 70-79; რამიშვილი ... 1977: 499; რამიშვილი ... 1978: 487; რამიშვილი ... 1979: 108-120; რამიშვილი ... 1979ა: 185-198; რამიშვილი 1979ბ: 505; რამიშვილი ... 1980: 170-187; რამიშვილი ... 1981: 129-143; რამიშვილი ... 1982: 52-59; რამიშვილი ... 1984: 59-68; რამიშვილი ... 1985: 55-60; რამიშვილი ... 1986: 48-53; რამიშვილი ... 1987: 74-89; რამიშვილი, ჯორბენაძე 1976: 491; 1976ა: 30-41; 1982: 106-117; რამიშვილი, ჯორბენაძე, მარგველაშვილი 1987: 535-537; რატიანი 1975: 5-10; რჩეულიშვილი 1975: 43-45; 1977: 101-105; 1981: 57-66; 1982: 148-155; 1983: 415; 1985: 124-129; 1986: 103-108; რჩეულიშვილი 1988: 61, 62; რჩეულიშვილი მ. 1975: 48-50; 1977: 121-125; 1981: 49-52; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 122; უვაროვა 1904: 2-4; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 29; 1970: 179, 234, 558; 1985: 746; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 73, 96, 183, 184; ქრონიკები 1892: 266; 1897: 182, 196, 293, 408, 182; 1967: 384; ქც 2: 55,9; 251,11; 302,6; 308,1; ქც 4: 222,29; 243,18; 244,6; 247,13; 532,9,20,23; 534,8, სქ. 2; 535,4; 561,10; ღლონტი 1975: 15-17; 1977: 12-19; 1996: 15-17; ჩიქოვანი 1985: 5-8; 1986: 5-7; 1996: 11-15; ჩიხლაძე 1975: 41-43; 1977: 95-101; 1982: 417-418; 1982ა: 92-103; 1983: 423-430; 1990: 184-196; 1990ა; 1993; ჩიხლაძე, რობაქიძე 1986: 412; 1987: 544; ჩხატარაიშვილი 1978ა: 69-96; წითლანაძე 1975: 17-19; წითლანაძე, შატბერაშვილი, კახიძე 1965: 21-23; წიკლაური 1977: 105-112; 1982: 121-128; ჭელიძე, ჩიქოვანი 1991; ჯალაღანია 1975: 54-57; 1983: 167-181; ჯორბენაძე 1978: 19-22; 1981ა: 42-47; 1983: 134-168; 1983ა: 48; 1984: 39-42; 1984ა: 75-78; 1985: 535; 1986: 413; 1988: 62-63; 1988ა: 25-26; 1989: 99-100; 1991; 1992; 1996: 35-37; ჯორბენაძე, მარგველაშვილი, რჩეულიშვილი 1985: 21-25; 1987: 54-58; ჯორბენაძე, გოგოჭური, ჩიქოვანი 1996: 115-122; ჯორბენაძე, წიკლაური 1975: 28-34; ჯორბენაძე, წერეთელი 1979: 8-14.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9