გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაგ გავ გან გარ გაჩ

გაგი

გაგნი ციხე (ქც 4: 151,26).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 151,26; 153,10; 162,2; 167,11,27; 198,16; 200,14), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 313,1; 316,17), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 340,1; 344,15), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 11,9,19; 51,8; 54,7), ბასილი ეზოსმოძღვარის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 129,24; 144,5), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 164,4,18; 171,23; 191,5), ვარდან დიდის „სომხეთის ისტორია“ (ვარდანი 1861: 150, 156, 178), სტეფანოზ ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“ (ორბელიანი 1978: 38, 98), გრიგოლ აკანელის „მოისართა ტომის ისტორია“ (აკანელი 1961: 9, 10, 21, 26, 47), ჰამდალაჰ ყაზვინის „რჩეულთა ისტორია“ (ყაზვინი 1937: 30, 31).

ლოკალიზდება ქვემო ქართლში – სომხითში. სომხური წყაროებით „ვრაც-დაშტში“ (ქართველთა ველზე), მდ. დებედას ქვემო წელზე. მდებარეობს ფართოდ გაშლილი ველის ცენტრში აღმართულ კლდოვან ბორცვზე, მდ. დებედადან 2-2,5 კმ დაშორებით, დღევანდელი მარნეულის მუნიც-ის სოფ. ყუშჩის მახლობლად, 0,5 კმ დაშორებით, სამხრეთ-დასავლეთით. გვიანდელ შუა საუკუნეებში გაგის ციხის კედლებზე დაუშენებიათ ციხესიმაგრე აღჯაყალა (თეთრციხე) (მუსხელიშვილი 1960: 113-140).

1069 წ. ბაგრატ IV-მ (1027-1072) აიღო გაგის ციხე (ქც 1: 313,1; ქც 4:151,26). გიოგრი II-ს (1072-1089) უღალატა ივანე ლიპარიტის ძემ და გაგის ციხე განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა (ქც 1: 316,17), დავით აღმაშენებელმა (1089-1125) 1120 წ. აიღო გაგის ციხე (ქც 1: 344,15; ქც 4: 162,2). 1163 წ. გიორგი III-ის (1556-1184) მეფობისას მაჰმადიანთა კოალიციამ გაგის ციხე დაარბია (ქც 2: 11,9,19; ქც 4: 167,11,27). თამარის მეფობისას (1184-1207) გაგის პატრონი იყო ივანე ვარდანის ძე (ქც 2: 51,8). მონღოლები საქართველოს გაგის მხრიდან შემოესივნენ (ქც 2: 164,14,18; ქც 4:198,16). გიორგი IV (1207-1222) 1220 წ. აქ შეებრძოლა მონღოლებს (აკანელი 1961: 9, 10, 21). გაგის ციხეს ფლობდა ვარამის ძე აღბუღა (აკანელი 1961: 21). ციხე 1225 წ. დაარბია ჯალალედინმა (ქც 4: 200,14).

გაგის ციხის ამგებად ასახელებენ გაგიკ I-ს (990-1002), რომელმაც ციხეს თავისი სახელი უწოდა (ვარდანი 1861: 15). ციხე ნანგრევების მიხედვით უფრო ადრეული ჩანს (მუსხელიშვილი 1960: 124). XV ს-ში მის ადგილზე წყაროებში იხსენიება აღჯაყალა (თეთრიციხე), რომლის კედლის წყობაში ორი პერიოდი გამოირჩევა, ქვედა ადრეული კედელი ნაგებია თარაზულად ნაწყობი თანაბარი ზომის ქვის კვადრებით. ზედა, გვიანდელი პერიოდის კედლები კი – მცირე ზომის ფლეთილი ქვით არაწესიერი წყობით და დაშენებულია ადრეულ კედლებზე. ქვედა დონის შესატყვისი ფენიდან აკრეფილია XI-XIII სს-ის დამახასიათებელი მოჭიქული კერამიკის დიდი რაოდენობა. აღნიშნულ ბორცვზე აკრეფილია აგრეთვე ენეოლით-ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კერამიკის ფრაგმენტები (მუსხელიშვილი 1960: 122, 139).

გაგის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიგრაფია: აკანელი 1961: 9, 10, 21, 26, 47; ვარდანი 1861: 150, 156, 178; მუსხელიშვილი 1960: 113, 140; ორბელიანი 1978: 38, 98; ქრონიკები 1892: 243; ქც 1: 313,1; 316,17; 340,1; 344,15; ქც 2: 11; 9,19; 51,8; 54,7, 2: 129,24; 144,5; 164,14,18; 171,23; 191,5; ქც 4: 151,26; 153,10; 162,2; 167,11,27; 198,16; 200,14; ყაზვინი 1937: 30, 31.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9