რე რი რკ რო რუ
რუი რუს რუხ

რუისი


(4: 148,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 148,21; 280,5; 303,9; 373,18,20,სქ.4; 374,5,9; 467,15; 472,25; 851,1; 857,25), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 304,7), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 327,13), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 329,6; 340,14; 453,18,22), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 78), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 78-80), XI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 198, 208, 209, 268, 280; 1897: 54, 55, 61, 197, 252, 373, 438, 511, 515; საქ. სიძ. 1909: 237, 452, 486; 1910: 475; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 25, 65, 133, 138, 281, 282, 370; 1953: 76, 77, 110, 153, 156, 207-209; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 74; 1955: 63, 107, 218, 423; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 177; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 274, 308, 406, 408; 1970: 113, 114, 179, 191, 265, 591, 753, 778, 991, 1066, 1113; 1972: 132, 263, 302, 319, 432, 435, 470, 531, 607, 613; 1974: 64, 162, 188, 460, 468, 469; 1977: 88, 131, 194, 210, 297, 468, 469, 591, 620; 1981: 15, 37, 38, 129, 131, 171, 188, 189, 215, 278, 291, 296, 302, 363, 562, 580, 616, 811, 812, 829; 1985: 15, 20, 51, 66, 67, 77, 84, 114, 115, 201, 388, 389, 913, 933, 427, 428, 590, 618, 708, 725), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 279).

ვახუშტი ბაგრატიონი რუისის შესახებ გადმოგვცემს: „სამხრით ურბნისისა არს რუისის მთის ძირს, დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, გუმბათიანი, დიდი, დიდშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე ... შემუსრა ლანგთემურ“ (ქც 4: 373,18-22).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, გორი-ხაშურის საავტომობილო გზაზე, ქარელიდან 5 კმ-ის დაშორებით, სოფ. რუისის ტერიტორიაზე.

სოფლის სახელწოდება უნდა წარმოდგებოდეს სიტყვა „რუ“-დან. 1055 წ. მცირეწლოვანი მეფე გიორგი II (1072-1089) ლიპარიტ ბაღვაშმა ქუთაისიდან წამოიყვანა და ხელახლა აკურთხა მეფედ რუისში (ქც 1: 304,7). 1103 წ. დავით აღმაშენებელმა (1089-1125) რუისში მოიწვია რუის-ურბნისის საეკლესო კრება (ქც 1: 327,13). 1961 წ. თრეხის ქვაბებში აღმოჩნდა სტელა ასომთავრული წარწერით, სადაც მოხსენიებულია XI ს-ის რუისის ეპისკოპოსი ლეონტი მროველი (გაფრინდაშვილი 1961: 239-260). 1400 წ. თემურ-ლენგის ლაშქარმა ააოხრა სოფ. რუისი. მათ მთლიანად დაანგრიეს რუისის დიდი ეკლესია ღვთაებისა (ქც 2: 453,18-22). აჯანყებულმა იმერეთის დიდებულებმა შეიპყრეს მეფე ალექსანდრე IV და გადასცეს ქართლის მეფე გიორგი XI-ს (1677-1688) რუისში. მან ალექსანდრე რუისში დაახრჩობინა და იქვე, ეკლესიაში დაამარხვინა (ქც 4: 472,25). რუისში იყო დაბანაკებული ურუმთა ჯარი უსუფ-ფაშას მეთაურობით, რომელიც ერეკლე II-მ (1744-1789) დაამარცხა (ორბელიანი 1983: 78-80).

სოფ. რუისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

დაზვერვებით მიკვლეულია გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი სოფლის ჩრდილოეთით 1 კმ-ის დაშორებით, ადგილ სერებზე. იქ აკრეფილია წითლად გამომწვარი კერამიკის ფრაგმენტები. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ნაშთი (სძა 1990: 385).

სოფლის ცენტრში აღმართული ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი შედგება საკუთრივ ტაძრისაგან, კოშკ-სამრეკლოსა და გალავნისაგან. ტაძარზე რამდენიმე სამშენებლო ფენა გაირჩევა. უძველესია VIII-IX სს-ის ფენა, რომელიც X ს-ში შეუკეთებიათ. XI ს-ში გიორგი ეპისკოპოსს განუახლებია ტაძარი და ის მდიდრული დეკორით მოურთავს, რასაც გვაუწყებს ჩრდილოეთის კარიბჭის აფსიდის კონქის ქუსლთან არსებული ასომთავრული წარწერა. 1400 წ. ტაძარი თემურ-ლენგის შემოსევისას საფუძვლამდე დაანგრეს. ტაძარი აღადგინა მეფე ალექსანდრე I-მა (1412-1442), რომელმაც სპეციალური გადასახადი შემოიღო რუისის ტაძრისა და მცხეთის აღსადგენად (ქც 4: 303,9). ამაზე მოგვითხრობს დასავლეთის ფასადის წარწერა. სამხრეთის ფასადის წარწერაში მოხსენიებულია კალატოზი შალვა. XVI ს-ში ეკლესია განუახლებია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს. XVII ს-ში ის განუახლებია და შეუმკია როსტომ მეფის (1632-1658) მეუღლეს მარიამ დედოფალს. 1920 წ. თებერვლის მიწისძვრამ ეკლესია ძლიერ დააზიანა. ის აღადგინეს 1936-1938 და 1950-1953 წლებში.

ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (27,3X19,6 მ). ეკლესია პირველად ნაგები ყოფილა გათლილი თანაბარი ზომის მოყვითალო-მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენისას გამოყენებულია მოშავო ბაზალტის კვადრები, შირიმი და აგური. ტაძარს აქვს 3 შესასვლელი. თორმეტწახნაგა გუმბათში 12 სარკმელია (6 გვიან ამოუქოლავთ). ნალისებური აფსიდის წინ ღრმა ბემაა. საკურთხევლის გვერდებზე სადიაკვნო და სამკვეთლოა, რომლებიც დასავლეთით თაღოვანი ღიობით უკავშირდებიან შესაბამის ნავებს. კანკელი მოხატულია. XI ს-ში ტაძარს ჩრდილოეთით და სამხრეთით მიაშენეს კარიბჭე, ეკვდრები. ტაძარი შემკულია მდიდრული ორნამენტებით. გუმბათი ამჟამად გადახურულია თუნუქით. დანარჩენი სახურავი კრამიტისაა.

კოშკი-სამრეკლო ტაძრის დასავლეთითაა ჩაშენებული გალავანში. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. შენობა სამსართულიანია (7,4X6,8 მ). ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით, ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით. კომპლექსს გვიან შუა საუკუნეებში შემოვლებული აქვს 1,5 მ სიმაღლის რიყის ქვით ნაგები გალავანი.

კვირაცხოვლის XVIII-XIX სს-ის დარბაზული (7,43X4,47 მ) ეკლესია დგას სოფლის ჩრდი-ლოეთით, სასაფლაოზე. ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აქვს ნახევარწრიული აფსიდა სარკმლით, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია. სამხრეთის კედელში ერთი სარკმელია (სძა 1990: 384).

კვირიკე წმინდის დარბაზული (10,5X6,3 მ) ეკლესია სოფლის ჩრდილოეთ ნაწილშია. ნაგებია რიყის ქვით. შეკეთებლია XIX ს-ში. კედლები ორივე მხრივ შელესილია. კარ-სარკმელის გარეთა პირი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთითაა. დასავლეთის შესასვლელი ამოშენებულია. აქვს ნახევარწრიული აფსიდი თაღოვანი სარკმლით. ნაგებობას შემოვლებული აქვს შირიმის ლავგარდანი. დასავლეთის ფასადის ფრონტონის კეხზე დაშენებულია აგურის ოთხბოძიანი სამრეკლო. ეკლესია გადახურულია კრამიტით (სძა 1990: 385).

ღვთისმშობლის დარბაზული (8,35X5,8 მ) ეკლესია დგას სოფლის წინუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. შეკეთებულია XIX-XX სს-ში. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ფასადები მოპირკეთებულია შირიმის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აქვს ნახევარწრიული აფსიდა სწორკუთხა სარკმლით, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია. დასავლეთის კედელში ერთი სარკმელია. დასავლეთის კედლის ფრონტონის კეხზე დაშენებულია ოთხბოძიანი ოთხმხრივ გახსნილი თაღებიანი სამრეკლო. გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით (სძა 1990: 385).

ღვთისმშობლის XIX ს-ის ეკლესია დგას შუაუბანში. ის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (14,15X9,2 მ). ნაგებია აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობით. შესასვლელი სამხრეთიდან (ამოშენებულია) და დასავლეთიდანაა. აქვს პატარა ნახევარწრიული აფსიდი. საკურთხეველი ამაღლებულია. აფსიდში ერთი ფართო სარკმელი და სამი თაღოვანი ნიშია. გვერდებზე სადიაკვნო და სამკვეთლოა. მათ ზევით სამალავი საკნებია. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე, აფსიდის კედლებსა და დასავლეთით მდგომ ორ თავისუფალ ბურჯზე აღმართულია დაბალი, უსარკმლო გუმბათი. ჯვრის ყველა მკლავში თითო სარკმელია. შემკულია დეკორით (სძა 1990: 385).

წმინდა მარინეს დარბაზული (5,6X4,5 მ) ეკლესია დგას სოფლის ცენტრში, გზის პირას, სასაფლაოზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. ნაგებია შირიმის კვადრებით, რიყის ქვითა და ქვიშაქვის ლოდებით. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთითაა. აქვს ღრმა, ნალისებური აფსიდი, სწორკუთხა სარკმლით. გადახურული ყოფილა ლორფინით, რომელიც გვიან შეუცვლიათ კრამიტით (სძა 1990: 388).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 78; ბაგრატიონი 1986: 41; გაფრინდაშვილი 1961: 239-260; გვასალია 1983: 19, 48, 58, 110, 121, 134; გიულდენშტედტი 1962: 279; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 25, 65, 133, 138, 281, 282, 370; 1953: 76, 77, 110, 153, 156, 207-209; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 74; 1955: 63, 107, 423; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 177; ორბელიანი 1981: 78-80; საქ. სიძ. 1909: 237, 452, 486; 1910: 475; სძა 1990: 384, 385; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 274, 308, 406, 408; 1970: 113, 114, 179, 191, 265, 591, 753, 778, 991; 1972: 132, 263, 302, 319, 432, 435, 470, 531, 607, 613; 1974: 64, 162, 188, 460, 468, 469; 1977: 88, 131, 194, 210, 297, 468, 469, 591, 620; 1981: 15, 37, 38, 129, 131, 171, 188, 189, 215, 278, 291, 296, 302, 363, 562, 580, 616, 811, 812, 829; 1985: 15, 20, 51, 66, 67, 77, 84, 114, 115, 201, 388, 389, 427, 428, 590, 618, 708, 725, 913, 933; ქრონიკები 1892: 198, 208, 209, 268, 280; 1897: 54, 55, 61, 197, 252, 373, 438, 511, 515; ქც 1: 304,7; 327,13; ქც 2: 329,6; 340,14; 453,18,22; ქც 4: 148,21; 280,5; 303,9; 373,18,20, სქ. 4; 374,5,9; 467,15; 472,25; 851,1; 857,25; ჩუბინაშვილი 1940ა: 428-468.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9