სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

საგარეჯო


(ქც 4: 396,13). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 396,13; 495,8; 500,14; 525,12; 528,12; 529,10; 616,16; 618,23; 622,23; 630,8), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 353,3; 491,28), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197, 231, 338, 416, 453, 464, 465, 516; 1967: 205, 519, 600, 601, 603; საქ. სიძ. 1909: 531; 1910: 23, 73, 304, 505; ქართლ-კახეთის ... 1903: 19, 34, 35, 39, 83, 96, 105, 106, 139, 147, 150, 159; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 7; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 180; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 53, 54, 79, 91, 96, 114, 116, 163, 217; ქართ. ეპისტ. ... 1989: 46; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 399, 402; 1970: 180, 596, 697, 758, 854, 896, 898, 956, 986, 1022, 1042, 1051; 1972: 96, 97, 366, 371, 425; 1974: 166, 424, 474; 1977: 14, 325, 371; 1981: 42, 44, 49, 116, 223, 224, 358, 823, 824; 1985: 57, 520, 557, 616, 701, 702; ქართულ-სპარსული ... 1955: 139, 365, 366, 448), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 52), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 80, 101), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 80, 83, 87, 144, 146, 177, 228, 231), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 35, 46), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 43), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 74), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 81, 82), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 19, 37, 41, 43, 195, 257, 261).

მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთი კალთის მთისწინეთში, მდ. ივრის მარცხენა შენაკადის თვალათხევის ნაპირას. წარმოადგენს რაიონულ ცენტრს.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, დაბას საგარეჯო უწოდეს მას შემდეგ, რაც იგი გარეჯის მონასტერს შესწირეს (ქც 4: 529,9,10). წყაროებში პირველად იხსენიება 1392 წ. ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 180). 1575 წ. კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1605) სვეტიცხოველს უბრუნებს საგარეჯოს (ქრონიკები 1897: 416). 1614 წ. შაჰ-აბას I-მა (1587-1629) დაარბია საგარეჯო (ცხოვრება ... 1980: 80). 1721 წ. ლეკებისაგან შეწუხებული კახელები საგარეჯოში გამაგრდნენ (ქც 4: 618,22-24), 1740 წ. თეიმურაზ II-მ (1744-1762) საგარეჯოსთან დაამარცხა თბილისის ხანი (ქც 4: 630,8). 1749 წ. ლეკების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ ერეკლე II-ს (1744-1798) კახელების ჯარის ნაწილი საგარეჯოში შეუერთდა (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 91), 1797 წ. ლეკიანობის გამო კაკაბეთიდან მარტყოფამდე მოსახლეობა უნდა აყრილიყო და თბილისში ჩასულიყო. საგარეჯოელებს ამაზე უარი უთქვამთ, ჩვენ ქალაქს ვერ ჩავალთო (საქ. სიძ. 1910: 304). 1800 წ. 6 ნოემბერს დაღესტნელი ომარ-ხანი და ალექსანდრე ბატონიშვილი საგარეჯოსა და მისი სოფლების დასაპყრობად გაემართნენ. 7 ნოემბერს რუს-ქართველთა რაზმმა ივრის ნაპირას, ნიახურად წოდებულ ადგილას დაამარცხეს ომარ-ხანი და ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 74). 1812 წ. კახეთის აჯანყების დროს რუსებმა დაიკავეს საგარეჯო და მის ახლომახლო მდებარე სოფლები (ბაგრატიონი დავით 1941: 43). 1823 წ. ძლიერი ქარის გამო საგარეჯოში წმინდა ნინოს ეკლესია დაქცეულა (ქრონიკები 1967: 519).

1940 წ. გ. გოზალიშვილმა საგარეჯოში გათხარა გვიანი ბრინჯაოსა და რკინის ფართო ათვისების ხანის, აგრეთვე უფრო მოგვიანო რამდენიმე სამარხი. გათხრების დოკუმენტაცია არ შემორჩენილა, რის გამოც სამარხების მიხედვით ნივთების განაწილება არ ხერხდება. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ფიცხელაური 1965: 23). 1955 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის გარე კახეთის დაზვერვითმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნინო ბერძენიშვილი), საგარეჯოდან სამხრეთით 2 კმ-ის დაშორებით, თვალათხევის მარცხენა ნაპირზე მიაკვლია ნამოსახლარ გორას – „კუს თაფა“. ის კონუსისებრი მაღალი სერია, რომლის მოსწორებულ თხემს ფართო ტერასა შემოსდევს და წარმოადგენს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარს. 30 სმ ღორღოვანი ფენის ქვეშ, ნაცროვან-ნახშიროვანი ფენა შეიცავს თიხის ჭურჭლის ნატეხებს (ფიცხელაური 1973: 29). 1979 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) საგარეჯოში, საავადმყოფოს ეზოში შეისწავლა ძვ. წ. VIII-VII სს-ის ქვაყრილიანი ორმოსამარხები, სადაც გამოვლინდა მრავალრიცხოვანი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის იარაღები, ბრინჯაოს სამკაული (ფიცხელაური, მამაიაშვილი, კაპანაძე ... 1982: 33).

საგარეჯოს სამაროვანი მდებარეობს ქალაქის საავადმყოფოს ეზოს ტერიტორიაზე. იქ გაითხარა 10 ქვაყრილიანი ორმოსამარხი, რომელთა უმრავლესობა დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. გამონაკლისს წარმოადგენს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი №8 და №2 სამარხები. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები დასვენებულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, მოხრილი კიდურებით. №7 სამარხში მიცვალებულის ჩონჩხი არ გამოვლენილა. №№2, 10, სამარხებში მიცვალებულები დაკრძალული ყოფილან ხის სარეცელზე (მამაიაშვილი 1988: 102).

სამარხებში მრავლადაა აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი. დერგები (11 ერთეული) ფორმის მიხედვით ორ ტიპად იყოფა. I ტიპის დერგებს ახასიათებს ბრტყელბაკოიანი პირი, დაბალი ყელი, ფართო მრგვალი ტანი და ვიწრო ძირი. შემკულია ამოღარული ან რელიეფური ორნამენტით. II ტიპის დერგი ორყურიანია, ვიწრო, გადაშლილი პირით, საშუალო სიმაღლის ყელით, ფართო, მრგვალი, ძირისაკენ მკვეთრად შევიწროებული ტანითა და ვიწრო ძირით. მუცლის შუა ნაწილზე 2 ყური აქვს მიძერწილი. ყელს შემოუყვება ტალღოვანი ზოლი, მუცელზე კი სწორ, კონცენტრულ ხაზებს შორის მოქცეული ტალღოვანი სარტყელი. სადღვებლებს (4 ერთეული) აქვთ გადაშლილი პირი, გამოყვანილი ყელი, ფართო, ქვემოთ თანდათან შევიწროებული გრძელი ტანი და ვიწრო ძირი. მუცელზე ჰორიზონტალურადაა დაძერწილი რკალური ყური. ყურთან აქვთ დაბალი მილი. ყელი და მუცლის ზედა ნაწილი შემკულია ამოღარული ტალღოვანი სარტყლებით. დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი დოქები და ხელადები, რომელთაც აქვთ „ფიალისებური“ პირი, საშუალო სიმაღლის ყელი, მრგვალი მუცელი და ფართო ძირი. ყური დაძერწილი აქვთ პირსა და მხარზე. ჭურჭლები შემკულია ამოღარული კონცენტრული ხაზებითა და ნაჭდევი წერტილების სარტყლით. ჩაფები მოზრდილია. აქვთ ფართო, გადაშლილი, ზოგჯერ „ფიალისებური“ პირი, ვიწრო, დაბალი ყელი, ძალიან ფართო სფერული მუცელი და საშუალო სიგანის ძირი. პირსა და მხარს ებმის კოპებით შემკული გრეხილი ყური. ყელი და მხარი ამოღარული ან რელიეფური ნაჭდევი სარტყლებითაა შემკული. საგარეჯოს სამაროვნისათვის ძალზე დამახასიათებელია ცალყურა ქილები, რომელთაც ახასიათებთ ფართო, გადაშლილი, „ფიალისებური“ პირი, საშუალო სიმაღლის ყელი, მცირედ გაფართოებული ტანი. პირსა და მხარზე დაძერწილი აქვთ ყური. ჭურჭლები შემკულია ნაჭდევი წერტილების ან მოკლე ხაზების სარტყელით. კათხები ერთი ფორმისაა: ფართო „ფიალისებური“ პირით, ვიწრო წელით, ქვემოთ გაფართოებული მუცლითა და ბრტყელი ძირით. პირსა და მუცელზე დაძერწილი აქვთ ყური. სასმისები გადაშლილპირიანია, თითქმის ცილინდრული, წელში უმნიშვნელოდ გამოყვანილი მაღალი, ვიწრო კორპუსითა და ოდნავ გამოყოფილი ქუსლით. პირი შემკულია ამოღარული კონცენტრული ხაზებით. ცალკე სახეობად გამოიყოფა ჭურჭლები, რომლებსაც ახასიათებს ვიწრო და სწორი პირი, დაბალი ყელი, ფართო, მრგვალი მუცელი და ვიწრო ძირი. ორი მათგანი სამფეხაა. მუცლის ზედა ნაწილზე ერთმანეთის საპირისპიროდ მიძერწილი აქვთ ორი პატარა ყური. სარქველები ორგვარია: გადაბრუნებული თასის ფორმისა, თავზე ნახევარწრიული, შვერილი მრგვალნახვრეტიანი ყურით. სხვა სარქველებიც ისეთივე ფორმისაა, ოღონდ ფართო პირზე ორი ჰორიზონტალური, მრგვალნახვრეტიანი ბრტყელი ყურით. ლანგრებს ახასიათებს ბრტყელბაკოიანი პირი, დაბალი, სწორი ან ოდნავ გარეთ გაზიდული ქიმი, დაქანებული კალთა და ბრტყელი ან ქუსლიანი ძირი. ზოგიერთს პირსა და ქიმზე დაძერწილი აქვს ყური. ქოთნებიდან გვხვდება როგორც უყურო, ისე ყურიანი ნიმუშები. მათ აქვთ ფართო, გადმოწეული პირი, გამოყვანილი დაბალი ყელი, მრგვალი მუცელი და ფართო ძირი. მხარი შემკულია მოკლე, ირიბი ნაჭდევებით. ზოგჯერ ზედაპირზე შემოუყვებათ მორგვისებური კონცენტრული ხაზები. ჭურჭლების უმეტესობა წითლადაა გამომწვარი. კეცი თხელია, თიხა – წმინდად განლექილი. იშვიათად წვრილსილანარევია. კერამიკის დიდი ნაწილის ზედაპირი მოჩალისფრო-მოვარდისფროა და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ ასეთი ფერის ანგობის თხელი ფენა აქვთ გადავლებული. გამონაკლისს წარმოადგენს მოყავისფრო-რუხად გამომწვარი წმინდასილანარევი ჭურჭლები, რომლებიც კეცით, გამოწვით, ფორმებითა თუ ორნამენტით ძველ ტრადიციებს აგრძელებენ (მამაიაშვილი 1988: 103-107).

ლითონის ნივთებიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს სამი შუბისპირი. ისინი ჩამოსხმულია ყალიბში. მასრები მრგვალია. მახვილები სამია. მათგან ორი ბრინჯაოსია, მთლიანადსხმული. ერთი ბოლოკვეთილია, მეორე – ბოლომომრგვალებული. აქვთ დაფანჯრული ქუდი. ტარები შემკულია წერტილოვანი, რელიეფური, შვეული ხაზებით. პირზე დაუყვებათ ქედი, რომლის ორივე მხარე შემკულია ამოღარული, ერთმანეთთან კამარით დაკავშირებულ ხაზებს შორის მოქცეული ირიბი ნაკაწრებით. რკინის მახვილს აქვს ბრინჯაოს ტარი და ქარქაში. გვერგვი ორია. ისინი გრეხილია, მასური ღეროთი და დაბრტყელებული ჩახვეული ბოლოებით. მახათებს აქვთ გრძელი წვერი და სამკუთხა მრგვალნახვრეტიანი დაბრტყელებული ყუნწი. რკინის დანები ხასიათდება გრძელი, ოდნავ მოხრილი ყუითა და მოკლე სატარე ყუნწით. ბრინჯაოს ჩქიფი მხოლოდ ერთ სამარხშია აღმოჩენილი. სამაროვანზე გამოვლინდა ნალისებური ფორმის ბრინჯაოს საკიდები, წრიული ფირფიტები ორი ნახვრეტით, დედალი დუგმები. ბრინჯაოს სამაჯურებში გვხვდება როგორც ჭდეულზედაპირიანი, ისე მრგვალგანივკვეთიანი მავთულისაგან დამზადებული სამაჯურები გახსნილი ბოლოებით. სხვადასხვა ფორმისა და ზომის მძივები სარდიონის, გიშრის, მინისა და ფაიანსისაა. ლითონის ნივთებში გამოირჩევა ბრინჯაოს ოთხი სარტყელი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია №3 სამარხის სარტყელი. ის დამზადებულია ბრინჯაოს თხელი ფურცლისაგან, ფართო მომრგვალებული ბოლოებით, რომლებშიც სამ-სამი ნახვრეტია. სარტყელი გრავირებული დეკორითაა შემკული. მოჩარჩოებულია ხვეული ორნამენტის ორი მწკრივით. სარტყელზე ორ ფრიზად წარმოდგენილია ნადირობა ირმებზე, ტახსა და ფანტასტიკურ ცხოველებზე. ცხოველთა გამოსახულებებს შორის ჩართულია მშვილდისრიან მონადირეთა ფიგურები. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით (მამაიაშვილი 1988: 107-111).

საგარეჯოდან ცნობილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) დაცული შემთხვევითი აღმოჩენებიც: ბრინჯაოს მრგვალმასრიანი შუბისპირი. ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანების რკინის ისრისპირი, ბრინჯაოს ძეწკვი და სარდიონის მძივები. საგარეჯოდან ცნობილია მოჭიქული ჭურჭლის ნატეხებიც. საგარეჯოში შემთხვევით აღმოჩნდა სპილენძის თურქული მონეტა, მოჭრილი აბდალ ჰამიდის სახელით. მონეტა მპოვნელს დარჩა (ანთაძე 1982: 81, 82).
 
ბიბლიოგრაფია: ანთაძე 1982: 81, 82; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 74; ბაგრატიონი დავით 1941: 43; ბაგრატიონი 1983: 81, 82; ბაგრატიონი 1986: 66; ბარნაველი 1962: 128; გიულდენშტედტი 1962: 19, 37, 41, 43, 195, 257, 261; გორგიჯანიძე 1926: 52; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 7; მამაიაშვილი 1988: 72-112; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 119; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 180; ორბელიანი 1981: 80, 83, 87, 144, 146, 177, 228, 231; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 53, 54, 79, 91, 96, 114, 116, 163, 217; საქ. სიძ. 1909: 531; 1910: 23, 73, 304, 505; ფიცხელაური 1959: 114; 1965: 23, 27; 1973: 29, 180; ქართ. ეპისტ. ... 1989: 46; ქართლ-კახეთის ... 1903: 19, 34, 35, 39, 83, 96, 105, 106, 139, 147, 150, 159; ქართულ-სპარსული ... 1955: 139, 365, 366, 448; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 399, 402; 1970: 180, 596, 697, 758, 854, 896, 898, 956, 986, 1022, 1051; 1974: 166, 424, 474; 1977: 14, 325, 371; 1981: 42, 44, 49, 116, 223, 224, 358, 823, 824; 1985: 57, 520, 557, 616, 701, 702; ქრონიკები 1897: 197, 231, 388, 416, 453, 464, 465, 516; 1967: 205, 519, 600, 601, 603; ქც 2: 353,3; 491,28; ქც 4: 396,13; 495,8; 500,14; 525,12; 528,12; 529,10; 616,16; 618,23; 622,23; 630,8; ჩხეიძე 1913: 35, 46; ცხოვრება ... 1980: 80, 101; ხიდაშელი 1982: 147; ფიცხელაური, მამაიაშვილი, კაპანაძე ... 1982: 33.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9