სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

საბურთალო


(ქც 4: 339,1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 339,1), სიმონ მეფის (1556-1600) 1589 წ. საბუთი (სიმონ მეფის არზა ... 1980: 161), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 598,3), XVIII ს-ის ნასყიდობის სიგელი (ბერიძე 1977: 64), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 81).

მდებარეობს თბილისში, წარმოადგენს დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონს.

საბურთალო, როგორც სოფელი, ერთადერთხელ იხსენიება ქართლის მეფე სიმონ I-ის მიერ ოსმალეთის სულთან მურად III-ისადმი 1589 წ. მიწერილ არზაში (სიმონ მეფის არზა ... 1980: 161). მოგვიანო წყაროებში საბურთალო იხსენიება როგორც ველი, ზვარი ან მინდორი (ქც 4: 339,1; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 598,3; ბაგრატიონი 1986: 81). საბურთალოს ველი ირწყვებოდა მდ. ვერედან გამოტანილი რუს მეშვეობით, რომელიც XVIII ს-ის პირველი ნახევრისათვის უკვე აღარ მოქმედებდა (ქც 4: 339,1,2). საბურთალო იყო გაბაშვილების მამული. XIX ს-ში საბურთალოს ტერიტორიაზე ჩნდება სოფლური ტიპის დასახლება. საბურთალო დედაქალაქს შეუერთდა 1917 წელს (ბერიძე 1977: 66, 67).

1962 წ. საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე შემთხვევით აღმოჩნდა კაჟის ხელ-შუბისპირი, რაც ამ ტერიტორიაზე ქვის ხანის ადამიანის არსებობას გვავარაუდებინებს (ტყეშელაშვილი 1966: 51, 52).

1972, 1976 წწ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თბილისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. აბრამიშვილი) საბურთალოზე, ნასოფლარ დელისის მახლობლად (ვაჟა-ფშაველას გამზირი №45) შეისწავლა სოფლის მეურნეობის მშენებლობის სამინისტროს საძირკვლისათვის ქვაბულის ამოღების დროს დანგრეული ენეოლითური ხანის ნასახლარის ერთი ნაწილი (აბრამიშვილი ... 1973: 39-45; აბრამიშვილი ... 1979: 48-50). ნასოფლარს ეკავა 4500 კვმ-ზე მეტი ფართობი. მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 5 მ სიღრმეზე გამოვლენილ ფენაში აღმოჩნდა ნაცრისა და ნახშირის შემცველი 10-15 სმ სისქის შრე. არქეოლოგიური მასალის უდიდესი ნაწილი მოპოვებულია სწორედ ამ ნახანძრალ ფენაში. მასალა შეიცავს თიხის ჭურჭლის ნატეხებს, ბაზალტის იარაღს, შურდულის ქვას, ობსიდიანის ანატკეცებს, ცხოველის ძვლების ფრაგმენტებს. კერამიკა ძალზე ფრაგმენტულია. ნაძერწია ხელით. თიხა შეიცავს ობსიდიანის, ბაზალტის, ქარსის, კაჟისა და სხვ. მინარევებს. ფრაგმენტები ძირითადად მორუხო-მოვარდისფროა, ხაოიანი ზედაპირით. ზოგიერთ ნატეხს ზედა და შიდაპირზე ეტყობა მოსწორების კვალი. ზოგიც გაპრიალებულია. ერთ ნატეხზე შემორჩენილია უნაგირისებური შვერილი.

1976 წ. გამოვლენილი კერამიკა უფრო მუქი ფერისაა, ზედაპირი მორუხო-მონაცრისფროა, შიდაპირი და კეცი – მოშავო. კერამიკა აღარ შეიცავს ობსიდიანის, ბაზალტისა და კაჟის მინარევებს, მაგრამ გვხვდება შამოტის ჩანართები. ამ მასალასთან ერთად გამოვლინდა შედარებით განლექილი თიხისაგან დამზადებული შავპრიალაზედაპირიანი თიხის ჭურჭლის ორი ფრაგმენტი. ერთი ვარდისფერსარჩულიანია, მეორეზე შემორჩენილია კოპისებური დანაძერწი. იქვეა აღმოჩენილი ობსიდიანის ქუსლამოღარული ისრისპირი. აღნიშნული მასალა გამოვლინდა ძლიერ დაზიანებულ ფართობზე, რის გამოც რომელიმე ფენისადმი მისი მიკუთვნება ჭირს. შავპრიალა ზედაპირიანი კერამიკა და ობსიდიანის ქუსლამოღარული ისრისპირი დამახასიათებელია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებისათვის. სავარაუდოა, რომ, დელისის ნასახლარზე არსებობდა მოგვიანო პერიოდის ფენაც. ნასახლარი მიჩნეულია ადრესამიწათმოქმედო კულტურის იმ საფეხურის ძეგლად, სადაც თავს იჩენს მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ნასახლარი თარიღდება ძვ. წ. V ათასწლეულის დასასრულითა და IV ათასწლეულის პირველი ნახევრით. დელისის ნასახლარის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის არქეოლოგიური მუზეუმსაცავი) (თბილისი 1978: 28-33).

საბურთალოს ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია ენეოლითური ხანის ძეგლი მდ. ვერეს მარცხენა ნაპირზე, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მახლობლად (თბილისი 1978: 201).

1952 წ. ლისის ტბისკენ მიმავალი გზის ჩრდილო-დასავლეთით, გორის თხემზე გამოვლინდა მოვარდისფრო, ლეგა და მონაცრისფრო თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები ვარდისფერი სარჩულით. კერამიკული ნაწარმი ენეოლითიდან ადრე ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალ ან ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ქორიძე 1958: 84-86; ტყეშელაშვილი 1966: 21, 22).

ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლები მიკვლეულია აგრეთვე ანაგის ქუჩაზე და ბაქტერიოფაგის მიდამოებში (თბილისი 1978: 201).

გვიანი ბრინჯაოს ხანის ძეგლები აღმოჩენილია ლისის ტბისაკენ მიმავალი გზის პირას, ნანეიშვილის ქუჩასთან, ადგილ დამპალწყლის მიდამოებში. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის არქეოლოგიური მუზეუმ-საცავი) (ტყეშელაშვილი 1966: 21-24; თბილისი 1978: 201).

1940 წ. პირველი ახალშენის ქუჩაზე შემთხვევით აღმოჩნდა სამაროვანი. №1 სამარხი გამოვლინდა მიწის ზედაპირიდან 1 მ სიღრმეზე. მისგან 3 მ-ის დაშორებით აღმოჩენილა სხვა სამარხი. ჩონჩხთან ერთად სამარხში უპოვიათ თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ისრისწვერები. იმ მიდამოებში მიწის სამუშაოების დროს თიხის ჭურჭელი სხვა ადგილებშიც ჩნდებოდა. სამარხეული ინვენტარის ნაწილი დაიკარგა. №1 სამარხის ინვენტარი შედგება შავად გამომწვარი თიხის ჭურჭლის (ქოთანი, ხელადა, სასმისები, ჯამები), ბრინჯაოს მახათის, სამაჯურისა და პასტის მძივებისაგან. №2 სამარხიდან მომდინარეობს მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის 4 ჭურჭელი და ბრინჯაოს ისრისწვერები. №3 სამარხიდან მხოლოდ მოშავო-მონაცრისფრო კოჭობია შემორჩენილი. ნივთები თარიღდება ძვ. წ. XI-IX სს-ით. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ქორიძე 1958: 25-33).

1949 წ. ვიპურის ქუჩაზე ბინის მშენებლობის დროს აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი. №1 სამარხში გამოვლინდა ლეგა ფერის 4 ჭურჭელი (ყურიანი ჩაფი, შემკული ამოღარული სამკუთხედებით; დერგი, შემკული ირიბი ნაჭდევებით; სასმისი და კოჭობი), ბრინჯაოს თავგახსნილი, მრგვალგანივკვეთიანი სამაჯური, სარდიონის მძივები. №2 სამარხის ინვენტარს შეადგენდა ლეგა ფერის თიხის ლანგარი პირთან საწური მილით, ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს 5 სამაჯური, შემკული გველის თავების სქემატური გამოსახულებით. №3 სამარხში აღმოჩნდა: ლეგა ფერის ყურიანი, ძირდაკეჭნილი ქოთანი; ლანგარი; წელში გამოყვანილი ყურიანი სასმისი, თიხის ჭურჭლის სხვა ნატეხები. იქვე გამოვლინდა სატევრისა თუ მახვილის რკინის ნატეხები. აღნიშნული სამარხებიდან 100-120 მ-ის დაშორებით შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს საკინძი. ნივთების დიდი ნაწილი დაიკარგა. შემორჩენილია მხოლოდ შავად გამომწვარი ყურიანი დოქი. ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VI სს-ით. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ქორიძე 1958: 35-38).

ანტიკური ხანის სამაროვანი მიკვლეულია ვაჟა-ფშაველას გამზირზე, I კვარტალში. ანტიკური ხანის მონეტა აღმოჩნდა ნუცუბიძის ქუჩის №21 სახლის მახლობლად. შუა საუკუნეების ნასახლარები გამოვლენილია ლისის ტბის სამხრეთით, საბურთალოს III, IV, V კვარტალებში. აგრეთვე ვაჟა-ფშაველას გამზირის დასასრულთან. იმავე მიდამოებშია აღმოჩენილი სამაროვანი. შუა საუკუნეების სამაროვანი აღმოჩენილია უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან (ტყეშელაშვილი 1966: 49; თბილისი 1978: 201).

1940 წ. საბურთალოზე შემთხვევით აღმოჩნდა მონღოლური ანონიმური მონეტა მოისარი მხედრის გამოსახულებით (ჯალაღანია 1958: 114). მონეტა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი ... 1973: 39-45; აბრამიშვილი ... 1979: 48-50; აბრამიშვილი ... 1980: 39-44; აბრამიშვილი ... 1982ა: 13-15; ბაგრატიონი 1986: 81; ბერიძე 1977: 64, 66, 67; თბილისი 1978: 28-33; სიმონ მეფის არზა ... 1980: 161; ტყეშელაშვილი 1966: 13-64; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 598,3; ქც 4: 339,1; ქორიძე 1958; ჯალაღანია 1958: 114.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9