სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სამთავისი 

ეკლესია (ქც 4: 288,23; 365,9,12,სქ.3).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 288,23; 365,9,12,სქ.3), ბასილი ეზოსმოძღვარის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 122,12; 123,4), იოანე ბაგრატიონის „კალმასობა“ (ბაგრატიონი 1948: 49), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 62), ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 171, 201; 1897: 272-277, 332, 333, 486; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 66; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 522; 1974: 393, 394; 1981: 212, 279, 471; 1985: 328; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 104, 138).

სამთავისის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გვამცნობს: „ხორხებთან ერთვის რეხულას ხევი უსისტყისა და გამოსდის მხურვალეთის მთას. ამის ზეით არს, რეხულას აღმოსავლით, სამთავისი, ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშუენიერად შენებული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კსნისა და ლეხურას ხეობისა, ქმნული არს იგ (13) მამათაგანისა ისიდორესგან, და დაფლული არს იგი მუნვე“ (ქც 4: 365,7-11).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, კასპიდან 11 კმ-ის დაშორებით, მდ. ლეხურის მარცხენა ნაპირზე, სოფელ სამთავისის ტერიტორიაზე.

სამთავისის ეკლესიის დამაარსებლად მიიჩნევენ ასურელ მამა ისიდორეს (VI ს 50-ანი წლები) (ქც 4: 365,11; ბაგრატიონი 1948: 48). ისიდორე უნდა იყოს იოანე ზედაზნელის მოწაფე ეზედრიოსი, რომელიც, იოანეს ცხოვრების აღმწერის ცნობით, „ქალაქისა სამთავისასა“ დაემკვიდრა (ასურელ მოღვაწეთა ... 1955: 38). VI ს-ის დასაწყისიდან სამთავისში არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა. სამთავისის ახლანდელი ეკლესია აგებულია 1030 წ. ილარიონ ყანჩაელის მიერ. მასევე აუგია ეკლესიისათვის მარანი და საწნახელი (ქრონიკები 1892: 171, 201). 1168 წ. მეფე გიორგი III-ის დროს, იოვანე სამთავნელმა ააგო კარიბჭე (ქრონიკები 1892: 259). XV-XVI სს-ში ეკლესია აღუდგენია ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ VI-ის (1466-1478) დას გაიანეს, რომელიც აირენდო ზედგენიძე-ამილახორის მეუღლე იყო (კარბელაშვილი 1913: 109; ქრონიკები 1897: 354; ბარნაველი 1951: 571-578). სამთავნელი ეპისკოპოსი მღვდელმთავართა ნუსხაში 23-ე ადგილზე მოიხსენიებოდა. სამთავისი ჯერ ქართლის კათოლიკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცეს მიქაელის საკუთრება იყო. შემდეგ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავისძეს მისცეს (ქც 2: 122,12; 123,4). გიორგი ბრწყინვალის დროიდან ის ამილახორთა დასაკრძალავია (მენაბდე 1962: 233). სამთავისი ძლიერ და მდიდარ ეპარქიას წარმოადგენდა (ქრონიკები 1897: 272-277; კაკაბაძე 1929ა: 5-15). XVIII ს-ის 30-იან წლებში შანშე ქსნის ერისთავი, გივი ამილახორი, ვახუშტი აბაშიძე და სხვ. ყიზილბაშებს დაუპირისპირდნენ. 1736 წ. მტერმა მცირე ხნით დაიკავა სამთავისი, მაგრამ მალე ქართველებმა განდევნეს ყიზილბაშები (სოხაშვილი 1973). 1811 წ. სამთავისის ეპარქია გაუქმდა.

სამთავისის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. არქიტექტურულ კომპლექსში შედის: გალავანი, დიდი ტაძარი, სამრეკლო, ეპისკოპოსის პალატი, მცირე ეკლესია. დიდი ტაძარი გეგმით სწორკუთხედში ჩაწერილი ჯვარია (25X18X37 მ). გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ სვეტს. საკურთხეველს ემიჯნება აბსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლო. XV ს-ში აღუდგენიათ გუმბათის ყელი, დასავლეთის ფასადი. ტაძარი მოპირკეთებულია თლილი ქვის პერანგით. ტაძარს ამჟამად შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. საკურთხევლის მოხატულობა 1679 წელსაა შესრულებული (ბერიძე 1974: 142, 143; ზაქარაია1975: 7-25).

გალავანი გეგმით მრავალწახნაგაა (200X70 მ, კედლების სიმაღლე 3-5 მ). თარიღდება XVII ს-ის მეორე ნახევრითა და XVIII ს-ის პირველი მესამედით. ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია აგურიც. კედელი ორიარუსიანია და ქონგურებით მთავრდება. გალავანს ორი ჭიშკარი ჰქონდა – ჩრდილოეთით და დასავლეთით. ჩრდილო-დასავლეთით დგას კოშკი.

ეპისკოპოსის პალატი დგას დიდი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჩართულია გალავანში. მისი პირველი ფენა თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით, მეორე – XVIII ს-ით. შენობა ორსართულიანია (8,4X15,2 მ). ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია აგურიც. ძლიერ დაზიანებულია. ჩანგრეულია ხის სახურავი. პირველი სართული რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ჩრდილოეთ კედელში ჩაშენებულია მხედრულწარწერიანი ქვა. პალატს გარსშემოვლებული აქვს პარაპეტი, რომელიც საბრძოლო ქონგურებით მთავრდებოდა.

მცირე ეკლესია დგას დიდი ტაძრის სამხრეთით. მისი სამხრეთის კედელი გალავანს ეკვრის. ეკლესია დარბაზულია (5,8X3,2მ). ნაგებია რიყისა და თლილი ქვით.

XVIII ს-ის პირველი ნახევრის სამსართულიანი სამრეკლო (5,7X7,3მ) დგას ტაძრის ჩრდილოეთით. ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. ინტერიერი რვაწახნაგოვანია, ჭერი – ნახევარსფერული. კედლებში ღრმა ნიშები და ბუხრებია. მესამე სართული შვიდი შეისრული თაღით გახსნილი ფანჩატურია. გადახურულია სფერული კამარით (ბერიძე 1974: 142, 143; ზაქარაია 1968: 15). ეკლესიას ამკობს რამდენიმე სამშენებლო წარწერა.
 
ბიბლიოგრაფია: ასურელ მოღვაწეთა ... 1955: 38; ბაგრატიონი 1948: 48; ბარნაველი 1951: 571-578; ბერიძე 1974: 142, 143; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 66; ზაქარაია 1968: 15; 1975: 7-25; კაკაბაძე 1929ა: 5-15; კარბელაშვილი 1913: 109; მაკალათია 1964: 18-25; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 104, 138; მენაბდე 1962: 231-236; ორბელიანი 1981: 62; სძა 1990: 191-198; სოხაშვილი 1973; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 522; 1974: 393, 394; 1981: 212, 279, 471; 1985: 328; ქრონიკები 1892: 171, 201; 1897: 272-277, 332, 333, 486; ქც 2: 122,12; 123,4; ქც 4: 288,23; 365,9,12, სქ. 3.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9