სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სამადლო


(ქც 4: 325,6). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 325,6; 327,12; 329,17; 408,15), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 513,19,20), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 327), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 44, 73), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 51; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 183), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (ტფილელი 1989: 612), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 48).

მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, მდ. ასურეთისხევის სათავესთან, სოფ. კიკეთის მახლობლად. ამჟამად წარმოადგენს ნასოფლარს.

ვახუშტი ბაგრატიონი სამადლოს შესახებ გადმოგვცემს: „ფარცხის ქუეით ერთვის ალგეთს ხევი ბოგიუსა... მას ქუეით ერთვის ალგეთს ხევი ასურეთისა, გამოსდის სამადლოს“ (ქც 4:327,12).

1568 წ. სამადლოსთან მოხდა ბრძოლა ქართლის მეფე სვიმონ I-სა (1556-1600) და მის გამაჰმადიანებულ ძმას – დაუთ-ხანს შორის. ბრძოლა სვიმონ მეფის გამარჯვებით დამთავრდა (ქც 2: 513,21-24; ქც 4: 408,14-16). მეთრევიდან სამადლოზე გავლით თბილისისკენ გზა მიდიოდა (ლორთქიფანიძე 1935: 342). სამადლოში მდგარა ფუნდუკი – სასტუმრო სახლი (ქც 4: 372,12).

სამადლო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული სამადლოს გარდა, ცნობილია სხვა სამადლოც. ელინისტური ხანის ნაქალაქარი სამადლო მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, რკინიგზის სადგურ ქსნის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ორ მაღალ ბორცვზე. 1912 წ. იქ შემთხვევით აღმოჩნდა მდიდრული სამარხეული ინვენტარი. იმავე წელს ე.თაყაიშვილს ნაქალაქარის ტერიტორიაზე შეუგროვებია ზედაპირული არქეოლოგიური მასალა. 1962-1964 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ი. გაგოშიძე) ნაქალაქარზე ჩაატარა დაზვერვითი სამუშაოები. 1966-1975 წწ. ექსპედიცია გათხრებს აწარმოებდა ნაქალაქარის ორივე ბორცვზე (სძა 1990: 334). 1984 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგური კვლევის ცენტრის მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) ნაქალაქარის სამხრეთ-დასავლეთით გათხარა ძვ. წ. II ს-ის საკულტო ნაგებობა.

სამადლოში პირველი დასახლება გაჩენილა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. XIV-VII სს) ნაქალაქარის აღმოსავლეთ ბორცვზე მდგარა თიხით შელესილი ძელური ნაგებობები, სადაც აღმოჩნდა: თიხის მინიატურული ჭურჭელი, საბეჭდავები, შესაწირი „ბორბლები“ და სხვ. უძველეს ფენაში გამოვლინდა ამოღარული ორნამენტით შემკული შავი და რუხი ფერის ზედაპირნაპრიალები კერამიკა. შენობები, შესაძლოა, საკულტო ნაგებობები იყო. მათ შორის გამოირჩევა კოშკი (14X14 მ), რომლის საძირკველი ქვითაა ნაგები, კედლები – ალიზით. კოშკი მსგავსია აქემენიდური ხანის ირანის კოშკური ტიპის ტაძრებისა. შენობა დამწვარა ძვ. წ. IV-III სს-ის მიჯნაზე, მაგრამ მაშინვე აღუდგენიათ და უარსებია ძვ. წ. II ს-ის ბოლომდე. საქალაქო ცხოვრება სამადლოზე იწყება ძვ. წ. IV ს-ის მეორე ნახევარში და გრძელდება ძვ. წ. II ს-ის დასასრულამდე. ელინისტურ ხანაში სამადლო ორჯერ დანგრეულა და დამწვარა. პირველად ძვ. წ. III ს-ის დასაწყისში, მეორედ ძვ. წ. II ს-ის 70-იან წლებში, რის შედეგადაც ცხოვრება აქ თანდათან შენელებულა და საბოლოოდ ჩამკვდარა ძვ. წ. II ს-ის დასასრულს. ელინისტურ ხანაში ნაქალაქარის ორივე ბორცვი მჭიდროდაა ათვისებული. დასავლეთის ბორცვზე ნაგებობები განლაგებულია ტერასებზე, რომელთა საყრდენი კედლები აგებულია რიყის ქვით, ფლეთილი ქვითა და თიხის ხსნარით. კედლებს სიმყარეს მატებს გასწვრივ და გარდიგარდმო დატანებული ძელები და ოთხკუთხა კონტრფორსები. კედლები შელესილია ბზანარევი თიხით. თიხით გადალესილ სუბსტრუქციებზე აგებულია სხვადასხვა დანიშნულების ალიზის შენობები. სუბსტრუქციებში ზოგჯერ სარდაფის მსგავსი სათავსოები მოუწყვიათ. ნაგებობები მეტწილად ალიზითაა ნაშენი. გადახურულია დიდი ზომის წითლად შეღებილი ღარიანი და ბრტყელი კრამიტით, რომელთაგან ზოგიერთზე გამოსახულია რიცხვის აღმნიშვნელი ბერძნული ასო-ნიშნები. სამადლოზე გვხვდება თლილი ქვით ნაშენი ნაგებობებიც. კირქვის მცირე არქიტექტურული დეტალებიდან აღსანიშნავია კირქვის რელიეფის ორი ფრაგმენტი, რომლებზეც გამოსახულია ცხენოსნის ნადირობა გარეულ თხაზე.

ნაქალაქარის მრავალრიცხოვან კერამიკულ ნაწარმში გამოირჩევა მოხატული კერამიკა. მოხატულობა შესრულებულია წითელი ან მოყავისფრო წერნაქით, ანგობით დაფარულ და გაპრიალებულ ზედაპირზე. მხატვრობა ფრიზებადაა განლაგებული. პატარა ჭურჭლებზე ძირითადად გეომეტრიული ორნამენტია გამოხატული. დიდი ზომის ჭურჭლებზე წარმოდგენილია მხედართა და ქვეითთა ბრძოლები, მხედართა ნადირობა ძაღლებით ირემსა და სხვა ცხოველებზე, მამაკაცთა ფერხული, ცხოველთა მსვლელობა.

სამადლოს ერთ-ერთ ტერასაზე გაითხარა ძვ. წ. IV-III სს-ის მიჯნის აკლდამა (5,5X3,5 მ). აკლდამის კედლები 2 მ სიმაღლემდე აგებულია რიყისა და ნატეხი ქვით და შეკრულია ხის ძელებით. ზედა ნაწილი ალიზისაა. გადახურვა ძელური ყოფილა, სახურავი – კრამიტის. აკლდამაში იდგა ხის ორი სარკოფაგი (3X2X0,6 მ; 3X1,17X0,6 მ). ერთ სარკოფაგში შვიდი მიცვალებულის ჩონჩხი აღმოჩნდა, მცირეოდენი ინვენტარით: ვერცხლის საყურე, სათითე რგოლები, თიხის მოხატული ჯამი, ბრინჯაოს ისრისპირი. მეორე სარკოფაგი გაძარცული იყო. აკლდამის მახლობლად, 1912 წ. შემთხვევით აღმოჩნდა სხვა სამარხებიც, რომლებშიც თაბაშირით შელესილი ხის სარკოფაგები იდგა. ერთ-ერთ სამარხში ხუთასამდე ოქროს ნივთი გამოვლინდა. ამ სამარხების ინვენტარის ნაწილი: რკინის სარეცელი, ბრინჯაოს ლანგარი, ზარაკები, ვერცხლის გვერგვი, სარეცლის ფეხების გარსაკრავები, ოქროს სამკაული (სულ 499 ერთეული), მინისა და ქვის მძივები, სარდიონის სკარაბეოიდი და სხვ. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) და სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში. 1966-1975 წწ. გათხრებით გამოვლენილი სამადლოს ნაქალაქარის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1979: 40; აფაქიძე ... 1987: 49; ბაგრატიონი 1986: 48; ბოხოჩაძე 1978: 5-26; გაგოშიძე 1967: 53-93; 1969: 40-44; 1969ა: 23, 24; 1970: 41-46; 1971: 75-77; 1971ა: 53-59; 1972: 36-38; 1974: 79-84; 1975: 59-63; 1979; 1981; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 51; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 183; სძა 1990: 334; ტფილელი 1989: 621; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 327; ქც 2: 513,19,20; ქც 4: 325,6; 327,12; 329,17; 408,15; ცხოვრება ... 1980: 44, 73; ხარაძე 1991: 110.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9