აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ავლ ავჭ

ავლევი


(ქც 4: 375,17,25). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 375,17,25), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (თაყაიშვილი 1907: 165; ჯავახიშვილი 1930: 12, 35; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 578; 1981: 737), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43).

მდებარეობს ქარელიდან 22 კმ-ის დაშორებით, მდ. ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ავლევის ტერიტორიაზე.

წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება 1715 წ. რუისის სამწყსოში შემავალ სოფლებს შორის (თაყაიშვილი 1907: 165). XVI ს-ში ფრონეების ხეობა ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა. ავლევი ეკუთვნოდა ამირეჯიბებს. XVIII ს-ის დასასრულისათვის ავლევში სახლობდნენ თავადი რამაზაშვილები (ჯავახიშვილი 1930: 12).

1955 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის სამხრეთ ოსეთის ისტორიულ-გეოგრაფიულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) სოფლის ჩრდილოეთით, 400 მ-ის დაშორებით გამოავლინა სამოსახლო გორა, სადაც აიკრიფა: ენეოლითური ხანის კერამიკის ნატეხები; ადრებრინჯაოს ხანის შავზედაპირიანი და წითელსარჩულიანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები; გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის შავად გამომწვარი, შავპრიალა და ლეგაზედაპირიანი ქოთნები და ჯამები; ანტიკური ხანის ე. წ. ფიკელურას ტიპის ლაკიანი ჭურჭლის სამლულიანი ყური, რომელიც ბერძნული იმპორტული ნაწარმია და თარიღდება ძვ. წ. VI ს-ის მეორე ნახევრით (მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 188-193; ლორთქიფანიძე 1966: 72).

ავლევის ჩრდილოეთით 0,5 კმ დაშორებით, ადგილ ცარციანთ გორაზე (60X20მ) აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის შავად გამომწვარი, უხეშკეციანი, სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების თიხის ჭურჭლის ნატეხები. ავლევის ტერიტორიაზე, ადგილ ზედა-უბანში, გზის გაყვანისას გამოვლინდა ქვის ფილებით ნაგები შუა საუკუნეების უინვენტარო სამარხები, რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ზურგზე გაშოტილნი, თავით დასავლეთით (სძა 1990: 354).

ავლევის ცენტრში, ძველ სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის დარბაზული ტიპის (11,8X5,8მ) ეკლესია, ნაშენი ფლეთილი ქვითა და კვადრებით. შესასვლელი აქვს სამხრეთითა და დასავლეთით. აფსიდა ნახევარწრიულია. აღმოსავლეთი ფასადის ფრონტონზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია აგურის ორსართულიანი სამრეკლო (სძა 1990: 355).

ავლევის განაპირას, აღმოსვლეთით, მდ. შუა ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, სასაფლაოზე მდებარეობს დარბაზული ტიპის (10X4,9მ) ეკლესია, ნაგები ქვიშაქვის ფილებითა და კვადრებით. შეკეთებისას აგურია გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდაში თაღოვანი სარკმელი და 3 ნიშია. აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადების სარკმლის ზევით გამოსახულია ჯვარი (სძა 1990: 355).

ავლევის აღმოსავლეთით, 1,5 კმ-ის დაშორებით, მდ. შუა ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ძველ სასაფლაოზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (8,4X4,6მ). ნაგებია ქვიშაქვის უსწორო კვადრებით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა (სძა 1990: 354).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; თაყაიშვილი 1907: 165; ლორთქიფანიძე 1966: 72; მაკალათია 1963: 39; მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 188-193; სძა 1990: 354, 355; ქც 4: 375,17,25; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 578; 1981: 737; ხახუტაიშვილი 1966: 101, 134, 142, 143; ჯავახიშვილი 1930: 12, 35.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9