სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სათხე


(ქც 2: 349,12). იხსენიება ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველ ტექსტში (ქც 2: 349,12).
მდებარეობს ბოლნისის მუნიც-ში, მდ. კაზრეთულას მარცხენა ნაპირზე, შემაღლებულ ტყიან ფერდობზე.

სათხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სათხე ადგილის სახელია, რომელიც შემდგომ ეკლესიის სახელს დაუკავშირდა. სათხის ეკლესია დარბაზული ტიპისაა (15X6,7მ). დგას ორსაფეხურიან საძირკველზე. ნაგებია მოყვითალო ქვის დიდი ქვათლილებით. სამი მხრიდან აქვს სხვადასხვა დროის მინაშენები: ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ეკვდერი, სამხრეთიდან სტოა კარიბჭით. ჩრდილოეთის ეკვდერი უფრო ძველია. ნაგებობის ძირითადი ნაწილი წაგრძელებული სწორკუთხედია, ღრმა ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარეს, კედელში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოწყობილი. ნაგებობა გადახურულია ცილინდრული კამარით. დაბურული ყოფილა კრამიტის ორფერდა სახურავით. ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. მოგვიანებით ეკლესიას სტოა მიუშენეს და შესასვლელი სტოაში მოექცა. ეკლესიის კანკელი ამჟამად ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). კანკელი საინტერესოა როგორც მხატვრული დეკორით, ისე წარწერით, რომელშიც მეფე ლაშა-გიორგია (1207-1223) მოხსენიებული. ეკლესია თარიღდება X ს-ის დასასრულით. გადაკეთებულია XIII ს-ის პირველ მეოთხედში. ბოლოს XVII ს-ში გადაუკეთებიათ. ეკლესიის კედლებში აქა-იქ ჩაშენებულია უფრო ადრეული სტელების ფრაგმენტები, რომლებიც V-VI სს-ით თარიღდება (ჯაფარიძე 1976: 93-95; ჯაფარიძე 1980: 273). ეკლესიის ფასადებზე X-XI სს-ის ასომთავრული წარწერებია, სადაც ეკლესიის კალატოზი და მშენებლები უნდა იყვნენ მოხსენიებული. ჩრდილო-აღმოსავლეთი სადგომის აღმოსავლეთ ფასადზე 1662 წლის მხედრული წარწერაა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ XVII ს-ში ეკლესია გადაუკეთებიათ. ეკლესიას გარს არტყია მშრალი წყობით ნაგები ქვის გალავანი, რომელსაც შესასვლელი აქვს დასავლეთიდან (თაყაიშვილი 1951: 161; დოლიძე 1971: 131-159; ქართ. წარწ. კორ. 1980: 255-258).

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული სათხის გარდა, ცნობილია ნინოწმინდის მუნიც-ის სოფ. სათხე, რომლის მახლობლად 1991, 1993 წწ. საქართველო-აშშ-ს ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ზ.ქიქოძე, ფ. კოლი) მიაკვლია ადრეული ბრინჯაოს ხანის ტერასულად განლაგებულ ნასახლარს, რომელსაც ეკავა მთის თხემი და კალთები. იქ რამდენიმე უბანზე ჩატარდა მცირე მასშტაბის გათხრები. სათხის ნასახლარის A1 უბანზე, ისევე როგორც ძეგლის სხვა უბანზე აღმოჩენილი კერამიკა შავად და მოწაბლისფროდაა ნაპრიალები. ზოგიერთი ფრაგმენტი შემკულია ჭრილი ორნამენტით. A2 და A3 უბნების თიხის ჭურჭელში გამოირჩევა პირმოყრილი ღრმა ჯამები და მომრგვალებულტანიანი კოჭობები, რომელთაც პირთან ზოგჯერ კოპი ან ყური აქვთ დაძერწილი. ზოგჯერ კოპი მოზრდილ ჭურჭელსაც აქვს მუცელზე. ერთ ფრაგმენტს შემოუყვება ამოკაწრული სამკუთხედები. ყურები ძირითადად მრგვალ-ბრტყელი განივკვეთისაა. გვხვდება „მენისკური“ ტიპის ყურიც. ერთ შემთხვევაში გვაქვს ამგვარი ტიპის ორმაგი ყურიც. B1 უბანზე კერამიკული ნაწარმის გარდა აღმოჩნდა ქვის სამეურნეო დანიშნულების იარაღები და ლითონის ოთხწახნაგა ისრისპირი. თიხის ჭურჭლიდან აღსანიშნავია პირმოყრილი ღრმა ჯამები და ტაფები, მომრგვალებული და ბიკონუსურტანიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელთა ნაწილი შემკულია ჭრილხაზოვანი, ჩაღარულ-ამობურცული, რელიეფური და სხვ. სახის ორნამენტით. გვხვდება გვერდებშედრეკილი ჭურჭლისა და მრგვალი სარქველების ფრაგმენტები, შუაგულამოღარული გადასატანი კერის ნაწილები, თიხის ცხვრის ფიგურები და სხვ. ქვის ნაწარმი წარმოდგენილია ნავისებური ხელსაფქვავებით, სანაყებით, სარქველებით, კაჟის ნამგლის ჩასართებით. ნამოსახლარი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებით (აიზეკი, ქიქოძე ... 1993: 22-29; ქიქოძე ... 1998: 42-44). სათხის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგაფია: აიზეკი, ქიქოძე ... 1993: 22-29; ბერძენიშვილი 1964: 11; დოლიძე 1970: 4-18; 1971: 131-159; თაყაიშვილი 1951: 161; სინაურიძე 1985: 7, 8; ქართ. წარწ. კორ. 1980: 255-258; ქც 2: 349,12; ქიქოძე ... 1998: 42-51; ხარაძე 1991: 39; ჯაფარიძე 1976: 93-95; 1980: 273, 274.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9