სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სამწევრისი

ციხე, ეკლესია (ქც 4: 344,20).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 344,20), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 449,24). 1392 წ. მცხეთის საეკლესიო მამულების სია (ქრონიკები 1897: 196; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 95), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 139, 211, 234), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 32), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართლ-კახეთის ... 1903: 8; საქ. სიძ. 1920: 299, 302, 304, 305; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 11, 120, 121; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 77, 80, 129; 1977: 618; 1985: 732; საქ. ისტ. ქრ. 1980: 102, 107), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 117, 217, 279).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მტკვრისა და ძამის შესართავთან, ამავე სახელწოდების სოფლის მახლობლად.

სამწევრისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება სამწევრისში მდ. ძამას შესართავთან, ძამის მარცხენა და მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სკრა-ქარელის არხის ტრასის წმენდისას შემთხვევით აღმოჩენილი, სამარხიდან მომდინარე თიხის მონაცრისფროდ გამომწვარი ალაგ-ალაგ ყვითელი ლაქებით დაფარული დერგი. ჭურჭლის ყელი ტანთან შედარებით ვიწროა. მუცლის ზედა ნაწილი გამობერილია (საინვ. №85-64). ამავე მუზეუმშია დაცული სამწევრისიდან მომდინარე თიხის ფილა, რომელზეც გამოსახულია ფეხზე მდგომი ხუთი გულხელდაკრეფილი ადამიანი. მეორე ფილაზე გამოსახულია ადამიანის ექვსი ფიგურა. ფილები მოჩუქურთმებულია (საინვ. №7-20/8-9).

სოფლის დასავლეთით მდებარე ციციშვილების საგვარეულო ციხის კომპლექსში შედის დიდი კოშკი (10,2X11,2 მ), დარბაზული ეკლესია (13,2X8,8 მ), გალავანი, სამსართულიანი სასახლე და სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები. გეგმით ციხე მოგრძო მრავალწახნაგაა (82X42,3 მ). კომპლექსში გამოიყოფა ხუთი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრე შუა საუკუნეებში აქ მდგარა დიდი კოშკი. ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. მშენებლობის მესამე პერიოდს განეკუთვნება გალავნის ნაწილი, რომელიც კოშკს ეკვრის სამხრეთ-დასავლეთიდან. ყველაზე გვიანდელია XVI-XVIII სს-ის სამშენებლო ფენები. ნაგებობათა უმეტესობა მიეკუთვნება მეხუთე ფენას (ზაქარაია 1988: 73-75; სძა 1990: 389, 390).

ციხიდან ნახევარი კმ-ის დაშორებით, სოფლის თავზე, მდ. ძამის მარცხენა ნაპირის მაღალ გორაკზე აღმართულია წმინდა გიორგის VII ს-ის პირველი მეოთხედით დათარიღებული ჯვრის ტიპის ეკლესია (9,6X8,8მ; გუმბათქვეშა სიმაღლე 10,6 მ). ნაშენია მონაცრისფრო-მოყვითალო ქვიშაქვის ქვათლილებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით. ეკლესია გადახურულია კრამიტით. ეკლესია თავდაპირველად იყო წმინდა ჯვრის სახელობისა. გვიან შუა საუკუნეებში მერაბ ფანასკერტელის მიერ ეკლესიის შეკეთების შემდეგ ის წმინდა გიორგის სახელზე უკურთხებიათ (სძა 1990: 390-392).

ეკლესიაზე შემორჩენილია ორი ასომთავრული წარწერა. აღმოსავლეთის ფასადზე 912/913 წლის წარწერა გვაუწყებს სამწევრისში სარწყავი რუს გაყვანას. „ქ. ზ(ედ)ა წელსა კ-ს კონსტანტინე მეფისა ესე რუ[ვი] მე, დომნინოს, სამწევრის ჯუარისა მამასახლისმან და გიორგი თუალოის ძემან მოვიღეთ რუვი ესე ჯუარად. არავინ არს სხუაი მომხუმარე და უფალი რუვისა ამის, გარნა პატიოსანი ჯუარი და გიორგი. ვინ ესე აღმოიკითხოთ მე დომ(ნი)ნოს, მონაი ჯუარისაი [ლოცვასა მომიხსენეთ და თუალოის] ძეცა გიორგი ქრისტემან შეიწყალენ. ამენ იყავნ“ (ქართ. წარწ. კორ. 1980: 222, 223). სამხრეთ ფასადზე მერაბ ფანასკერტელის წარწერაა: „მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნეს ღმერთმან“. მერაბ ფანასკერტელი იყო ზაზა ფანასკერტელის შვილი. ცხოვრობდა XV ს-ის ბოლოსა და XVI ს-ის დასაწყისში (ჩუბინაშვილი 1948: 25).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 32; გიულდენშტედტი 1962: 117, 217, 279; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 11, 120, 121; გორგიჯანიძე 1926: 95; ზაქარაია 1957: 767-774; 1988: 73-75; მაკალათია 1961: 20-23; ორბელიანი 1981: 139, 211, 234; სძა 1990: 389-392; საქ. სიძ. 1920: 299, 302, 304, 305; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 102, 107; სევეროვი 1948: 2-11; ქართლ-კახეთის ... 1903: 8; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177; 1972: 77, 80, 129; 1977: 618; 1985: 732; ქართ. წარწ. კორ. 1980: 222, 223; ქრონიკები 1897: 196; ქც 2: 449,24; ქც 4: 344,20; ჩუბინაშვილი1948: 12-26; ჩუბინაშვილი 1970: 116-124.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9