სოფელი (ქც 2: 349,12).
იხსენიება ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველ ტექსტში (ქც 2: 349,12).
მდებარეობს ჯავახეთში, საღამოს ტბასთან.
საღამოს ტბის მიდამოები არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ აღნიშნული სოფელი ქართლის მეფის, დავით X-ის (1505-1525) მფლობელბაში იყო (ქც 2: 349,12).
ტბის გასწვრივ, სატრანზიტო გზის გაყოლებით, მდებარეობს სამი ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული. ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელი და გამორჩეულია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე X ს-ის მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ-სარკმელთა სათაურები შემკულია ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით. თლილი ქვით ნაგები მეორე ეკლესიაც დარბაზულია. მიეკუთვნება XIII ს-ს. აქაც კამარა ხის ბანური გადახურვითაა შეცვლილი. მორთულობა ძუნწია. მესამე, სამხრეთის ეკლესიაც XIII ს-ს მიეკუთვნება. თითქმის თავდაპირველი სახითაა შემონახული. მთაზე აღმართული ეკლესია ზოგადად განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ძლიერ დანგრეულია (მეფისაშვილი 1985: 199).
ცნობილია საღამოს ტბის სტელა, რომელზეც შემორჩენილია დავით VII ულუს (1247-1270) წარწერა: „ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელი, მეფეთა მეფე დავით“ (სილოგავა 2001: 54).
- ბიბლიოგრაფია: მეფისაშვილი 1985: 199; სილოგავა 2001: 54; ქც 2: 349,12.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.