(ქც 4: 351,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 55,16), მისივე „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 85,18), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 67,26; 77,3; 86,13; 351,14; 406,28; 430,21; 437,18; 438,5; 569,20; 590,26; 593,23,25,27; 594,17; 617,23), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 350,14; 415, სქ. 2,3; 417,7; 425,29; 487,29,30), „მოქცევაი ქართლისაი“ (ძქალძ 1964: 115, 116), 1392 წ. ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი (ქართ სამართ. ძეგ. 1970: 179), 1618, 1622, 1628 წწ. სიგელები (ქრონიკები 1897: 442, 444, 447), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 33).
ვახუშტი ბაგრატიონი საფურცლის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ნარეკუავის ჩრდილოთ, არაგვის პირს, არს საფურცლე და საფურცლის ჩდილოთ მისაქციელი, მთის ძირს“ (ქც 4: 351,14).
მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მცხეთიდან ჩრდილოეთით 14 კმ-ზე, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ნატახტარის ტერიტორიაზე (გვასალია 1983: 15).
წყაროებში საფურცლე მოიხსენიება II ს-იდან. მეფე ამაზასპმა აქ დაამარცხა დვალეთის გზით შემოსული ოსთა ლაშქარი (ქც 1: 55,16; ქც 4: 67,26). IV ს-ში ქართველთა განმანათლებელს, წმინდა ნინოს, საფურცლის ერიც მიეგება (ქც 1: 85,18; ქც 4: 77,3, 86, 19). XVI-XVII სს-ში საფურცლე იყო ქართლ-კახეთის მეფეთა სადგომი. 1511 წ. საფურცლეში მდგომი კახეთის მეფე ალექსანდრე I (1476-1511) მოკლა მისმა შვილმა გიორგიმ (გიორგი II, ავ-გიორგი 1511-1513). 1560 წ. თბილისის ციხიდან გამოსულმა ყიზილბაშებმა საფურცლესთან გამართულ ბრძოლაში შეიპყრეს ბაგრატ მუხრანბატონის შვილი არჩილი (ქც 4: 406,28). 1630 წ. თეიმურაზ I-მა საფურცლეში მოიწვია და შემდეგ მოაკვლევინა ზურაბ არაგვის ერისთავი (ქც 4: 437,18).
1981 წლიდან სოფ. ნატახტრის სამხრეთით მდებარე ველზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა.აფაქიძე). გათხრები მიმდინარეობდა რამდენიმე უბანზე – ნატახტარი I, II, III, IV.
ნატახტარი I სამაროვანს წარმოადგენს და 3 ფენას შეიცავს. I ფენა შუაბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. აქ გაითხარა კატაკომბური ტიპის 4 სამარხი. თითოეული კატაკომბური სამარხი წარმოადგენს ოვალური ფორმის ორმოს, რომელსაც ჩრდილოეთით ან სამხრეთით აქვს თახჩის ფორმის დასაკრძალავი კამერა. 4 სამარხიდან მხოლოდ ერთში დადასტურდა მიცვალებული, რომელიც დაკრძალული იყო მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით აღმოსავლეთისაკენ. დანარჩენი სამარხები კრემაციულია, ან კენოტაფს წარმოადგენს. სამარხებში აღმოჩნდა წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლები. საქონლის თავთან ან კისრის არეში ობსიდიანის ანატკეცები დადასტურდა. მიცვალებულისა და საქონლის ძვლების გარშემო თიხის ჭურჭელი იყო თავმოყრილი. კერამიკა ძირითადად მოყავისფროდ და ლეგა-მონაცრისფროდაა გამომწვარი, შემკულია ე. წ. „მარგალიტისებრი“ და ამობურცული კოპებით, ამოკაწრული გეომეტრიული სახეებით. II ფენაში გაითხარა ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ით დათარიღებული ორმოსამარხები. III ფენა ადრე შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი წითლად გამომწვარი ქვევრებისა და მცირე ზომის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი (აფაქიძე ... 1989ა: 64; სადრაძე 1993: 24-38; სადრაძე 2002: 66-76).
ნატახტარი II სამაროვანი მდებარეობს ნატახტარი III-ის სამხრეთ-დასავლეთით 800-850 მ-ის დაშორებით. სამაროვანი ორიარუსიანია, სულ გაითხარა 139 სამარხი – გვიანბრინჯაოს ხანის 28 და ელინისტური ხანის 111 სამარხი. გვიანბრინჯაოს ხანის სამარხები ქვაყრილიანი იყო, მაგრამ ყრილები განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს. სამარხებში მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისაკენ. №70 სამარხი კენოტაფს წარმოადგენს. ამ სამარხებისათვის დამახასიათებელია ცენტრალურ-ამიერკავკასიური და სამთავრული კულტურებისათვის დამახასიათებელი კომპლექსების თანაარსებობა. თარიღდება ძვ. წ. XV-XIII სს-ით. ელინისტური ხანის ზოგიერთ ორმოსამარხს გარშემოუყვება რიყის ქვები, დანარჩენი კი მიწაყრილიანია. ყველა სამარხი ინდივიდუალურია, გარდა ერთისა (№62), სადაც 3 ინდივიდი ერთმანეთზეა დაკრძალული. ამ ხანის სამარხებში მიცვალებულები ძირითადად დაკრძალულია თავით აღმოსავლეთისაკენ, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილი. მიცვალებულთა ნაწილს თავი ქვის ბალიშზე ედო. სამარხებში აღმოჩნდა მოწითალოდ, შავად და ლეგაფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რკინის მოხრილი დანები, ფოთლისებრი გრძელმასრიანი შუბისპირები, რკინისა და ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, სარდიონისა და პასტის მძივები (აფაქიძე ... 1987: 47-51; აფაქიძე ... 2004: 73-75; სადრაძე 1991: 16, 17; 2002: 111).
ნატახტარი III მდებარეობს თბილისი-დუშეთის გზის 25-ე კმ-თან. იქ დადასტურდა 3 ფენა. I ფენაში დაფიქსირდა ადრებრინჯაოს ხანის სამეურნეო ორმოები, რომლებშიც აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა: სადგარი, ბადია, ქოთანი, ხელსაფქვავი და სხვა. II ფენა წარმოადგენს შუაბრინჯაოს ხანის სამაროვანს. გაითხარა 6 სამარხი – მათ შორის 2 კატაკომბური სამარხია, 2 ყორღანი და 2 ორმოსამარხი. III ფენა წარმოადგენს სამაროვანს. გაითხარა შუადან გვიანბრინჯაოზე გარდამავალი ხანის 2 სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ე. წ. ბაიბურთის ტიპის თიხის ჭურჭელი. აქვე გაითხარა გვიანი ბრინჯაოს ხანით დათარიღებული 19 სამარხი, რომლებშიც წარმოდგენილია სამთავრული კულტურისათვის დამახასიათებელი კომპლექსები (აფაქიძე ... 1991: 83, 84; აფაქიძე ... 1995ა: 9, 10; სადრაძე 1993: 16, 17; 2002: 111).
ნატახტარი IV წარმოადგენს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანს, გაითხარა რამდენიმე სამარხი (აფაქიძე ... 1986: 34-35).
სოფლის სამხრეთით, საქართველოს სამხედრო გზის მარცხენა მხარეს, დგას კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია (5,1X4,1 მ). თარიღდება შუა საუკუნეებით. ნალისებრი აფსიდის ღერძზე აქვს ერთი სარკმელი; კედლებში მთელ სიგრძეზე ხის ძელები ყოფილა ჩატანებული.
- ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1986: 34, 35; აფაქიძე ... 1987: 47-51; აფაქიძე ... 1989ა: 64; აფაქიძე ... 1991: 83, 84; აფაქიძე ... 1995ა: 9, 10; აფაქიძე... 2004: 73-75; ბაგრატიონი 1986: 33; გვასალია 1983: 15; სადრაძე 1991: 16, 17; 1993: 16, 17, 24-38; 2002: 66-76, 111; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179; ქრონიკები 1897: 442, 444, 447; ქც 1: 55,16; 85,18; ქც 2: 350,14; 415,სქ.2,3; 417,7; 425,29; 487,29,30; ქც 4: 67,26; 77,3; 86,13; 351,14; 406,28; 430,21; 437,18; 438,5; 569,20; 590,26; 593,23,25,27; 594,17; 617,23; ძქალძ 1963:115, 116.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.