ველი (ქც 4: 366,9,12), სოფელი (ბაგრატონი 1941: 201).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 366,9,12; ბაგრატიონი 1941: 201), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 521), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39).
ვახუშტი ბაგრატიონი აშურიანის შესახებ გადმოგვცემს: „კასპის დასავლით მინდორი მტკუარსა და კუერნაქს შუა არს აშურიანი, უწყლოობით უნაყოფო, უფლისციხემდე ... აშურიანს ზეით არს უფლისციხე“ (ქც 4: 366,8-12).
მდებარეობს ქ. კასპის დასვლეთით, კვერნაქის ქედსა და მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირს შორის.
აშურიანის ველი უძველესი დროიდან საზამთრო საძოვრებად გამოიყენებოდა (გვასალია 1983: 11).
1963 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მთა ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. ალ. კალანდაძე) კასპის რაზმმა აშურიანის ველზე, სადგურ მეტეხის მახლობლად შეისწავლა ყორღანი (ბარამიძე 1964: 15). 1965 წ. იმავე ინსტიტუტის რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. გ. ლომთათიძე) კასპის რაზმმა მეტეხის აგურის ქარხნის №1 კარიერის ტერიტორიაზე და სადგურ გრაკალთან, ე. წ. სალოკი ხევის მიდამოებში გათხარა 7 ყორღანი, 2 მეტეხთან, 5 გრაკალის მიდამოებში (შატბერაშვილი 1966: 13). 1966 წ. რაზმმა კვლავ გააგრძელა სამუშაოები აშურიანის ველზე, სადაც რამდენიმე ყორღანი გამოავლინა (შატბერაშვილი 1967: 36-38). 1968 წ. იმავე ინსტიტუტის თეთრიწყაროს ექსპედიციის (ხელმძღ. ნ. თუშიშვილი) კასპის რაზმმა აშურიანის ველზე 3 ყორღანი შეისწავლა (შატბერაშვილი 1969: 6). 1977 წ. აშურიანის ველზე დაზვერვითი სამუშაოები აწარმოვა იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კასპის ექსპედიციამ (ხელმძღ. ზ. შატბერაშვილი), რომელმაც გამოავლინა ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, ყორღანული სამარხები და გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები (მირცხულავა ... 1980: 69-71).
აშურიანის ველზე, სადგურ მეტეხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მეტეხის ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი, სადაც შემორჩენილი იყო 0,05 მ სისქის თიხატკეპნილი იატაკი. ნაგებობას მოწნული და თიხით შელესილი კედლები ჰქონია. იატაკის ცენტრალურ ნაწილში გაიწმინდა თიხის მრგვალი, ძირგახვრეტილი კერა. იატაკსა და კერაზე აღმოჩნდა ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი, სქელკეციანი, მსხვილმარცვლოვანი თიხისაგან დამზადებული, სადა, უორნამენტო კერამიკა: დერგები, ქოთნები, ქილა, სამყურა ჭურჭელი და სხვა (ფხაკაძე 1967: 318-326).
აშურიანის ველზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ნამოსახლარი, სადაც ადგილ-ადგილ ხანძრის კვალია შემორჩენილი. იქ გამოვლენილი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტების მიხედვით, ნამოსახლარი ადრებრინჯაოს ხანით თარიღდება. მისგან აღმოსავლეთით, 300 მ დაშორებით, მდინარისპირა ფლატესთან მდებარეობს ადრე და შუაბრინჯაოს ხანის ნასახლარები, სადაც აღმოჩნდა ობსიდიანისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები (მირცხულავა ... 1980: 71).
აშურიანის ველის ყორღანებიდან ყველაზე უკეთ მეტეხისა და გრაკალის ყორღანული ჯგუფებია შესწავლილი. მეტეხის №1 ყორღანი მდებარეობს სადგურ მეტეხის მახლობლად. სამარხს შემოწყობილი ჰქონდა რიყის ქვების 0,85 მ სიმაღლის ყრილი. ყორღანს აღმოსავლეთი მხრიდან გააჩნდა 4,5 მ სიგრძისა და 0,8 მ სიგანის დახრილი დრომოსი. ყორღანის ცენტრში აღმოჩნდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი ოთხკუთხა მოყვანილობის სამარხი ორმო (2,8X2,2X1,85 მ). მასში აღმოჩნდა თიხის 24 ჭურჭელი: დერგები, ქილები, ქოთნები, ყურიანი და უყურო ჯამები, სასმისები და სხვა. ჭურჭლის ქვის სარქველი, ბრინჯაოს სატევარი, მასრაგახსნილი შუბისპირი, სარდიონის მძივით შემკული საკინძი, ოქროს ფუყე და სარდიონის ოვალური მძივები. სამარხის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეებში გამოვლინდა მსხვილფეხა საქონლის თავ-ფეხისა და ნეკნების ძვლები, ცენტრალურ ნაწილში კი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ძვლები. სამარხში ადამიანის ჩონჩხი არ აღმოჩენილა. ყორღანი თარიღდება ძვ. წ. XVI-XV სს-ით (ბარამიძე 1965: 57).
გრაკალის №1 ყორღანი მდებარეობს სადგურ გრაკალთან, ე. წ. სალოკი ხევის მარცხენა ნაპირზე. ყორღანი ქვამიწაყრილიანია. ყრილის ქვეშ გამოვლინდა ოთხკუთხა მოყვანილობის დასაკრძალავი ორმო (2,1X1,85X2 მ). სამარხში აღმოჩნდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის თიხის 23 ჭურჭელი: დერგები, ქილები, ქოთნები, ყურიანი ჯამები და სხვ. ისინი გამომწვარია შავად, რიგ შემთხვევაში ვარდისფერი სარჩულით. ყველა ზედაპირნაპრიალებია. ჭურჭელი სადაა. მხოლოდ 3 მათგანია ორნამენტირებული. დასაკრძალავ ორმოში ადამიანის ჩონჩხი არ აღმოჩენილა. ყორღანი თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის დასასრულით (შატბერაშვილი 1966: 13).
სალოკი ხევის მიდამოებში შესწავლილი 3 ქვაყრილიანი გორასამარხის დმ 12 მ აღწევს. სამარხი ორმოები თითო მიცვლებულისათვის იყო განკუთვნილი. მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ ოთხკუთხა მოყვანილობის ორმოებში, მოხრილი კიდურებით, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთით ან ჩრდილოეთით. სამარხებში აღმოჩენილი ჭურჭელი შავპრიალაა. ყელი და მხრები შემკული აქვთ რელიეფური, ჭდეული და სხვ. ორნამენტირებული სახეებით. სამარხები თარიღდება გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდით (შატბერაშვილი 1966: 14). აშურიანის ველის არქეოლოგიური მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1941: 201; ბაგრატიონი 1986: 39; ბარამიძე 1964: 15; 1965: 57; გვასალია 1983: 11; მირცხულავა ... 1980: 69-71. ფხაკაძე 1967: 318-326; ქც 4: 366,9,12; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 521; ქრონიკები 1897: 197; შატბერაშვილი 1966: 13, 14; 1967: 36-38; 1969: 6;
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.