სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სატრედო


(ქც 4: 316,8,სქ.1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 316,8,სქ.1; ბაგრატიონი 1941: 40), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 425; 1967: 149, 150; საქ. სიძ. 1909: 216, 384), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 54).

ვახუშტი ბაგრატიონი სატრედოს შესახებ გადმოგვცემს: „სატრედოს, მაშავერაზედ, შენი არს ხიდი ქვიტკირისა ზ(7)-თუალი წყალდიდობისათვის“ (ქც 4: 316,8,9).

მდებაროებდა ქვემო ქართლში, მდ. მაშავერის მარცხენა მხარეს. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ აღნიშნული ხიდი სატრედოსთან დღეს აღარაა შემორჩენილი (ლორთქიფანიძე 1938: 342, 344; კვეზერელი-კოპაძე 1972: 73).

ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. მ. სინაურიძე) კაზრეთის მახლობლად, სამების ეკლესიის პირდაპირ, მდ. კაზრეთულას მარცხენა ნაპირზე, გათხარა ტერასებზე განლაგებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსი – „სამტრედო“ ანუ „ბაბილაშენი“. ის წარმოადგენდა სათავადო რეზიდენციას და ეკუთვნოდა ბარათაშვილების განაყოფ ზურაბიშვილებს. სამტრედოს კომპლექსი შეიცავს ორ სასახლეს, კარის ეკლესიას, საცხოვრებელ და სამეურნეო სათავსებს. ერთი ქვითკირით ნაგები ორსართულიანი სასახლე დგას ზემოდან მეორე ტერასაზე. შედგება ორი დიდი ოთახისაგან. სასახლის გათხრებისას აღმოჩნდა კერა და ბუხარი. კერამიკული მასალიდან გვხვდება წითლად შეღებილ-ნაპრიალები დოქები, ხელადები, თასები და თეფშები; შავად გამომწვარი ტოლჩები, ჭრაქები; ორმხრივ მოჭიქული დოქები, ჯამები; ფაიანსის ნატეხები. მასალა თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

სასახლის ჩრდილოეთით, მისგან ოდნავ მოშორებით აღმოჩნდა მეორე, აგურით ნაგები სასახლე. გაიწმინდა სამი ანფილადურად განლაგებული სათავსო. ნიშებისა და კარ-ფანჯრების მახლობლად აღმოჩნდა აგურის იატაკის ფრაგმენტები. აღმოსავლეთით მიშენებულ კორიდორში მოწყობილი იყო ბუხარი. სასახლეში აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი თარიღდება XVII ს-ის მეორე ნახევრითა და XVIII ს-ით.

დარბაზული ტიპის ეკლესია (6X1,5 მ) ქვედა ტერასაზე მდებარეობს. ნაშენია ფლეთილი ქვით. თაღი ჩამოქცეულია. საკურთხეველი გამოყოფილია პილასტრებით. საკურთხეველში იდგა ქვის ოთხკუთხა ტრაპეზი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. თავის დროზე ეკლესიის კარებზე იყო წარწერა, რომელიც ჯერ გ.ჯამბაკურ-ორბელიანმა, შემდეგ ექ.თაყაიშვილმა გადმოწერა. მისი მიხედვით ეკლესია აუშენებიათ 1697 წელს (თაყაიშვილი 1951: 163). წარწერა ამჟამად დაკარგულია. ეკლესიის განათხარი მასალა უმთავრესად გვიანი შუა საუკუნეების კერამიკაა.

სასახლისგან მოშორებით, სამეურნეო ნაგებობათა აღმოსავლეთით, ხრამის ნაპირას აღმოჩნდა დიდი რაოდენობით შლაკი. იქვე, მახლობლად, გაითხარა ბუხრიანი ნაგებობა (7X7,1 მ) კედლებში ოთხკუთხა ნიშებითა და ჩრდილოეთიდან არსებული შესასვლელით. შენობის ცენტრში აღმოჩნდა ნათალი ოთხკუთხა ქვებითა და აგურით ნაშენი რკინის სადნობი ღუმელი, რომელიც შეიცავდა გამოსაწვავ კამერას, ქურას და მასთან დაკავშირებულ კერამიკულ მილებს. ოთახში აღმოჩნდა რამდენიმე ორმო, ქვით მოგებული პატარა მოედნები და ქვის რამდენიმე „გრდემლი“. ქურის ახლოს მეორე ქურაც დაფიქსირდა. სახელოსნოში გამოვლენილი კერამიკა სასახლეში აღმოჩენილი კერამიკის იდენტურია და თარიღდება XVII ს-ის მეორე ნახევრით და XVIII ს-ით (სინაურიძე 1985: 53-59).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 54; ბაგრატიონი 1941: 40; თაყაიშვილი 1951: 163; კვეზერელი-კოპაძე 1972: 73; ლორთქიფანიძე 1938: 342, 384; საქ. სიძ. 1909: 216, 384; სინაურიძე 1985: 53-59; ქრონიკები 1897: 425; 1967: 149, 150; ქც 4: 316,8, სქ. 1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9