სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სარკინე

სარკინეთი, ქალაქი, მცხეთის უბანი (ქც 1: 15,18; 17,21; 18,10; ქც 4: 350,2; 364,24; 552,24).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 15,18; 17,21; 18,10), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 350,2; 364,24; 552,24), „მოქცევაი ქართლისაი“ (შატბერდის კრებული 1979: 320), ცხოვრება შიოსი და ევაგრესი (ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 69, 113), IX-XIV სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 186; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 3; 1970: 179; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 18; ქრონიკები 1892: 6, 11, 12, 60, 88), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 189, 273).

ლოკალიზდება მცხეთის დასავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, შიომღვიმის მიდამოებში, ჯოჯოხეთის ხევიდან მდ. ქსნამდე და ნასტაგისამდე, სავანეთის ქედსა და გრძელ მინდორზე (აფაქიძე 1963: 206).

სარკინეში არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა 1946 წ. ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლის ნ. ღამბაშიძის მიერ, რომელმაც მიაგნო ანტიკური ხანის ნაგებობებისა და რკინის დასამუშავებელი სახელოსნოების ნაშთს. ამ მიდამოებში 1953 წ. დაზვერვებს, ხოლო 1954-1956 წწ. გათხრებს აწარმოებდა ისტორიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა. აფაქიძე). გამოვლინდა ციხესიმაგრის ნანგრევები, ლითონის საწარმოთა ნაშთები და არქიტექტურული დეტალები. 1971-1975 წწ. სარკინეში გათხრები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა.ბოხოჩაძე). 1979-1980 წწ. იქ სამუშაოები აწარმოა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე). შესწავლილ იქნა ნაქალაქარის დასავლეთით მდებარე კარიბჭის კომპლექსი (აფაქიძე ... 1982: 211-212).

სარკინეს არქეოლოგიური ძეგლები ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ციხესიმაგრის ნანგრევები, რომლებიც ძირითადად სავანეთის ქედთანაა დაკავშირებული და სახელოსნოს ნაშთები, რომლებიც გრძელ მინდორზე დადასტურდა. თუმცა, ორივე ამ ადგილას გვხვდება როგორც ნაგებობების, ისე სახელოსნოს ნაშთები. სარკინეს ამ ორ უბანზე აღმოჩნდა: რკინის საწური ბრძმედის ნანგრევები, ლითონის გამოსადნობი სახელოსნო, რომელიც რამდენიმე განყოფილებისაგან შედგება, საოქრომჭედლო სახელოსნო; ამ სახელოსნოდან მომდინარეობს ნივთები: რკინის ცულები, რკინისტარიანი ნიჩაბი, რკინის ისრისპირები, შუბისპირი, ქვის სათლელი იარაღების ნამზადები, ბრინჯაოს სხვადასხვა ნივთი (ჭურჭლის ყური, ხელოსნის ხელსაწყო და სხვ.). გრძელ მინდორზე გამოვლინდა კირქვის არქიტექტურული დეტალები. მათ შორის ორვოლუტიანი სვეტისთავი, ორნამენტირებული სვეტის, ნახევარსვეტისა და ლავგარდანის ფრაგმენტები (აფაქიძე 1959: 71-75; 1963: 206-214).

სარკინეში გამოვლინდა ტერასულად განლაგებული, ქვათლილებით, ალიზის აგურითა და ხის მასალით ნაგები საკულტო და საცხოვრებელი შენობის ნანგრევები, რომელიც დახურული იყო წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. იატაკი მოგებული ყოფილა თიხის ფილებით. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩნდა: მინის ჭურჭელი, წითელლაკიანი ჯამები, ძვლის სამკაულები, ოქროს მძივები, სხვადასხვა ფორმის საკიდები, ვერცხლის ზარი, რკინის ლურსმნები, ბრინჯაოს ანჯამები და სხვ. აგრეთვე ქვიშაქვის ბაზის ფრაგმენტი, ხოლო იატაკის დონეზე გამოვლინდა თიხის ნიღბები, დიონისესა და არიადნას ქანდაკებები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოპოვებული მასალა თარიღდება ძვ. წ. II-I სს-ით (ბოხოჩაძე 1973: 37-44; 1977ა: 95, 96).
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე 1959: 71-75; 1963: 206-214; აფაქიძე ... 1982: 211-212; ბოხოჩაძე 1973: 37-44; 1977ა: 95, 96; გამყრელიძე 2009: 82; გიულდენშტედტი 1962: 189, 273; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 186; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 18; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 3; 1970: 179; ქრონიკები 1892: 6, 11, 12, 60, 88; ქც 1: 15,18; 17,21; 18,10; ქც 4: 350,2; 364,24; 552,24; შატბერდის კრებული 1979: 320; ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 69, 113.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9