(ქც 4: 449,13). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 449,13; 752,18,21; 760,1,11,13,15; 836,3; 858,3; 888,19,22), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 442,19), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 136,36, 162,28, 176,25-27, 186,1,6), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 299-301), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 393), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ისტ. დოკ. 1953: 28, 30, 31; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 92, 94, 95, 98, 101, 115, 123, 124, 149; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 189; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 324; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 924).
ვახუშტი ბაგრატიონი საჩხერის შესახებ გადმოგვცემს: „ჯრუჭის შესართავს ზეით, ყვირილას სამხრით კიდეზედ, არს საჩხერე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ“ (ქც 4: 760,9-11).
მდებარეობს ზემო იმერეთში, მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე, ქ. საჩხერის ტერიტორიაზე.
გვიან შუა საუკუნეებში საჩხერე წარმოადგენდა წერეთლების სათავადო ცენტრს. XII ს-ში ზემო იმერეთის ტერიტორია რაჭის ერისთავს ეკუთვნოდა. XVII ს-ში აქ გაძლიერდა აბაშ აბაშიძე. XVIII ს-ში აბაშიძეთა გავლენა დაეცა და გაძლიერდა საჩხერელი წერეთლების შტო, რომლის წარმომადგენელს, პაპუნა წერეთელს მიაწერს ლეგენდა მოდინახეს ციხის აგებას 1710 წლისათვის. 1614 წ. შაჰ-აბასისაგან დევნილ ქართლ-კახეთის მეფეებს თეიმურაზ I-სა (1606-1648) და ლუარსაბ II-ს (1606-1614) საჩხერეში, წერეთლების სასახლეში შეხვდა იმერეთის მეფე გიორგი III (1605-1639). 1695 წ. ქართლის მეფე გიორგი XI (1676-1688, 1703-1709) მივიდა საჩხერის წერეთლების სასახლეში (ქც 2: 442,19). 1738 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ (1720-1740, 1741-1752) მოინდომა საჩხერისა და მისი ციხის „მოდინახეს“ ხელში ჩაგდება, რისთვისაც პაპუნა წერეთელი და მისი სიმამრი დავით აბაშიძე ვარციხეში მუხანათურად დახოცა, მაგრამ საჩხერე თავისი ციხით ისე გაამაგრეს პაპუნას ძემ და სახლიკაცებმა, რომ მეფემ ის ვერ აიღო (სოსელია 1981: 102). 1766 წ. წულუკიძეებისა და აბაშიძეებისაგან შევიწროვებული და თურქთაგან დევნილი იმერეთის მეფე სოლომონ I (1752-1784) თავს აფარებდა საჩხერეში, წერეთლების ციხესიმაგრეში (სოსელია 1981: 104, სქ. 121). 1790 წ. საჩხერეში წერეთლებთან, მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მეფე სოლომონ II (1789-1810).
საჩხერესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო ძეგლია გამოვლენილი. XIX ს-ის 70-იან წლებში საჩხერის მუნიც-ის შემთხვევით აღმოჩენებს ყურადღება მიაქცია დ.წერეთელმა (აკ. წერეთლის ძმამ). 1904 წ. სოფ. არგვეთში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ქამრის ოთხკუთხა ბალთა (12X12 სმ). მასთან იყო ცხენის თავებით შემკული ბრინჯაოს სამკაული და დუგმისებური რგოლი. ბალთა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (ქორიძე 1961: 85; კოლ. №2-36). 1909 წ. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ილ.გამყრელიძემ გადასცა საჩხერეში აღმოჩენილი სპილენძის ცული. 1910 წ. საჩხერეში გ.გამყრელიძის ვენახში აღმოჩნდა სპილენძის ნივთები. აღმოჩენის ადგილი იმავე წელს შეისწავლა ექ.თაყაიშვილმა. ნივთები მომდინარეობდა ქვაყრილიანი ყორღანიდან. ქვაყრილში გამოვლინდა შავზედაპირიანი, ვარდისფერსარჩულიანი კერამიკის ფრაგმენტები. სპილენძის ნივთები შედგებოდა: 8 სპილენძის ცულის, 8 სპილენძის დანის, 5 სპირალური სამაჯურის, 2 ფირფიტოვანი სამაჯურის, 1 ფიბულის, ქინძისთავების რგოლების, სამაჯურის ნატეხების, სპილენძის 6 კვერცხისებრი საკიდისა და სხვადასხვა საკიდისაგან. ექ.თაყაიშვილმა აღნიშნული ნივთები სპილენძის ხანით დაათარიღა და აღნიშნა, რომ ის წინ უსწრებდა ყობანურ კულტურას (თაყაიშვილი 1913: 167-172). ნივთები გადაეცა კავკასიის მუზეუმს. საჩხერის ტერიტორიიდან აღსანიშნავია შემთხვევით მოპოვებული ბრინჯაოს ერთწილადი ფიბულა (ქორიძე 1961: 120). 1938 წ. სოფ. კალვათაში აღმოჩნდა განძი, რომელიც შედგებოდა ბრინჯაოს 6 თოხის, 2 „კოლხური ცულის“, 1 „აღმოსავლურ-ქართული ცულის“, 20 კგ. ბრინჯაოს ზოდებისაგან (დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში). 1950 წ. სოფ. საირხეში აღმოჩნდა კირქვაში გამოქანდაკებული ლომის თავი. 1951 წ. სოფ. დარყაში აღმოჩნდა ბრინჯაოს ქანდაკებები ცხოველის ფიგურების გამოსახულებით (ცხენი, თხა) და ბრინჯაოს რგოლი (ქორიძე 1961: 118). სოფ. ქორეთში, სხვადასხვა უბანში აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: 1952 წ. შარვაძეების უბანში მასრაგახსნილი შუბისპირი ბრინჯაოსი, სკვითური ისრისპირები (2ც), ორწილადი ბრინჯაოს ფიბულა, კოლხური ცულის იმიტაცია, ბრინჯაოს რგოლი. 1957 წ. „ოთხზიარას“ ფართობში დანგრეულ სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს 2 ტარშეურჩენელი სატევარი, მასრაშეკრული შუბისპირი, 2 თავხვია საკინძი, ქამრის ბალთა, საკიდი, წვრილი მავთულის სამაჯური, 22 სხვადასხვა ფორმის ნაპობი სარდიონის მძივი. 1956 წ. სოფელში აღმოჩნდა ბრინჯაოს სატევარი (ქორიძე 1961: 13-15). სოფ. დურევში, ადგილ „ნავენახარში“ ნაპოვნია სხვადასხვა ეპოქის იარაღი და სამკაული (კოლ. №27-44), ბრინჯაოს 2 შუბისპირი, 4 ხელშუბისპირი, სატევარი, კოლხური ცული, სპილენძის ყუამილიანი ცულები, გრძელი თ-ს მაგვარი საკინძები და სხვ. (ქორიძე 1961: 7-36). 1954 წ. სოფ. პერევში აღმოჩნდა განძი (კოლ. 13-54), რომელიც შედგება 2 ბრინჯაოს „კოლხური ცულისაგან“ და 1 „აღმოსავლურ-ქართული“ ცულისაგან, მასური რგოლისაგან. სოფ. ჯრიაში აღმოჩნდა ბრინჯაოს თოხი (ქორიძე 1961: 37-78). 1955 წ. ჭალაში ხიდის მშენებლობისას გამოვლინდა ბრინჯაოს კვერთხი, დამუშავებული რქის ძირი, თიხის სასმისი. შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს 2 რგოლი, ოთხბურთულათავიანი საკინძი, მინის 6 მძივი. 1956 წ. საირხეში, ადგილ სახოველში მეწყრით ჩამოზვავებულ ფენაში აღმოჩნდა ირმის 2 სქემატური ქანდაკება, 2 ზარაკი, ზანზალაკი, სპირალური ხვია. 1957 წ. სოფ. სპეთში აღმოჩნდა ცხოველის თავის ქანდაკება დიდრონი რქებით. საჩხერის მუნიც-ში შემთხვევით აღმოჩენილია 7 ბრინჯაოს ბრტყელი სწორკუთხა ბალთა, შემკული ცხოველის ფიგურებით. აქედან 1 არგვეთში, 3 ქორეთში, 1 ჭალაში, 1 საჩხერეში, 1 სპეთში (ქორიძე 1961: 85-106). შემთხვევითი აღმოჩენებია სოფ. ბაჯითში (ყორღანი), ივანწმინდაში და სხვ (კუფტინი 1949: 64-82).
სოფ. სარეკის ტერიტორიაზე, რომელიც საჩხერიდან 4 კმ-ის დაშორებით, ყვირილა-ჯრუჭის შესართავთან მდებარეობს, 1959-1960 წწ. გაითხარა სარეკის ეხი. ის წარმოადგენს კლდოვან ფარდულს, რომელშიც პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია სეზონურად. ფენა პალეოლითურ ნაშთებს შეიცავს. აქ აღმოჩნდა კაჟის ნივთები: ზურგმორკალური დანები, საფხეკები. ფაუნიდან აღსანიშნავია: დომბის, შვლის, თხის, კეთილშობილი ირმის, მურა დათვის ნაშთები (თუშაბრამიშვილი 1963: 167-182; წერეთელი, თუშაბრამიშვილი 1975: 58-64).
საჩხერის შესწავლილი არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია: 1910 წ. ექ.თაყაიშვილის მიერ გათხრილი ყორღანი, ნაჩერქეზევისა და ცარცის გორის ყორღანული სამარხები, მოდინახეს სამხრეთ ფერდზე ნამოსახლარის პირველი ფენა, ქორეთის ყორღანები და სოფ. არგვეთის ნამოსახლარი.
ნაჩერქეზევი მდებარეობს საჩხერის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, წარმოადგენს ხელოვნურ დაბალ ბორცვს. მისი ზედაპირი დაფარული იყო ქვაყრილით, რომელშიც გაითხარა სხვადასხვა დონეზე განლაგებული 26 სამარხი. დაზიანების გამო მიცვალებულთა დაკრძალვის პოზის დადგენა ძნელი იყო. ბორცვის ძირზე გამოვლინდა ქვებით ამოვსებული ოთხკუთხა ორმოსამარხი ერთი მიცვალებულით, რომელიც ესვენა მარჯვენა გვერდზე ძლიერ მოხრილ პოზაში. ხელები გულმკერდის არეში ეწყო. სამარხში აღმოჩნდა თიხის 9 ჭურჭელი – შავპრიალა ვარდისფერსარჩულიანი ხელადები, ქილები, ქოთნები, ბადიები, დერგები, სპილენძის უქედო ყუნწიანი სატევრისპირები, სასაფეთქლე რგოლები, თ-ს მაგვარი ქინძისთავები, მარყუჟისებრთავიანი ქინძისთავები, საკიდები ნიჩბისებური და ცხვრის რქისებურად დახვეული თავით, თეთრი ქვის მძივები, სერდოლიკის საკიდი, კაჟის ყუნწიანი და ფუძეამოღარული ისრისპირები, შუბისპირი და სხვ. (კუფტინი 1949: 64-70).
ცარცის გორა მდებარეობს საჩხერის აღმოსავლეთ ნაწილში. შესწავლილ იქნა 1945-1946 წწ. ბ.კუფტინის ხელმძღვანელობით. წარმოადგენს ბუნებრივ ბორცვს, საიდანაც მოსახლეობა იღებდა ცარცს და პოულობდა სხვადასხვა ნივთსა და ადამიანთა ძვლებს. ბორცვის თხემზე მოწყობილი იყო 1 მ სიმაღლის ქვაყრილი, სადაც გამოვლინდა ჩაშვებული სამარხები. ბორცვის ქვაყრილების ქვეშ, ცარცოვან გრუნტში, ამოჭრილი იყო 2 ორმოსამარხი თითო მიცვალებულით, დაკრძალული მარჯვენა გვერდზე, ძლიერ მოხრილ პოზაში. ერთი დამხრობილი იყო თავით დასავლეთით, მეორე – თავით სამხრეთით. სამარხებში აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: სპილენძის 4 ყუამილიანი ცული, 4 ყუადაქანებული ცული, ტართან ერთად ჩამოსხმული სატევარი, უტარო სატევარი, ოთხწახნაგა ხიშტი, ქინძთავები ბრტყელი (1 ც), მარყუჟისებური (6 ც), თ-ს მაგვარი (3 ც) და ქოლგისებური თავებით (3 ც); მსხლისებური საკიდი, სასაფეთქლე რგოლები, ოქროს რგოლი, ქვის ცულის ნატეხი, კაჟის ფუძეამოღარული ისრისპირი, შუბისპირი, ნიჟარა-საკიდები, თიხის შავპრიალაზედაპირიანი, ვარდისფერსარჩულიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, ცალყურა ქოთნები, ბადიები, დერგი. ყორღანები თარიღდება ძვ. წ. XXIV-XXII სს-ით (კუფტინი 1949: 64-82; ჯაფარიძე 1961: 131-135).
1945-1946 წწ. ბ.კუფტინის ხელმძღვანელობით 2 ყორღანი გაითხარა ქორეთში. 1955 წ. იქ მუშაობდა თბილისის სახ. უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ოთ.ჯაფარიძე). საჩხერის მსგავსად, ყორღანები აქაც ქვაყრილიანია, შედარებით მცირე ზომის. ქორეთის ყორღანში აღმოჩნდა ქვის მშრალი წყობა, რომელიც არ იკვრებოდა. ყორღანის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა დაზიანებული სამარხები, სადაც მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ძლიერ მოხრილი პოზით, მარჯვენა გვერდზე.
ქორეთიდან 1 კმ-ის დაშორებით ადგილ პასიეთში გათხრილი ყორღანის სიმაღლე 3 მ-ია, დმ 30 მ. ქვაყრილი ფლეთილი ქვებით იყო გამართული. სამარხები ყორღანის ყრილში ერთმანეთის ახლოს იყო განლაგებული სხვადასხვა დონეზე. ძვლები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. დამხრობა განისაზღვრა 3 სამარხში, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ; ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ; ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ყორღანის ძირზე, ქვაყრილის ქვეშ რამდენიმე სამარხი იყო განლაგებული, ისეთივე დამხრობით. ხოლო ძირითადი სამარხი თავის დროზე გაუძარცვავთ. ქვაყრილში მიმოფანტული იყო ნივთები. ყორღანებში გამოვლინდა შემდეგი ნივთები: 1945 წ. სპილენძის 2 ყუადაქანებული ცული, მარყუჟისებურთავიანი ქინძისთავი, ორვოლუტიანი საკინძი, ცილინდრული მძივი, თეთრი ქვის გახვრეტილი რგოლი; 1946 წ. სპილენძის სატევრის პირები (2 ც, სიგრძე 14,3 და 14,6 სმ), 2 მარყუჟისებურთავიანი ქინძისთავი, 1 მორკალურთავიანი, ოქროს რგოლი, ქვის კვერი, თიხის მოშავო კოჭობი, ბადიის ნატეხები. 1955 წ. გამოვლინდა სპილენძის 2 ყუამილიანი ცული, 2 ყუნწიანი სატევრისპირი (სიგრძე 19,8 და 19,5 სმ), ცხვრისრქისებურთავიანი ქინძისთავი; საკიდები: მრგვალი, ჯვრის ფორმის, ღუზის ფორმის, პირამიდისებური თავებით, სპილენძის მრგვალი მძივები, 4 ნიჟარა, ღორის გახვრეტილი ეშვი, სპილენძის 1,5 ხვია, სარდიონის 3 მძივი. ყორღანის ქვაყრილში გამოვლინდა: სპილენძის 3 ყუნწიანი სატევრისპირი (სიგრძე 13, 20,5, 23,8 სმ), თ-ს მაგვარი, გადაღუნულთავიანი, მარყუჟისებურთავიანი ქინძისთავები, რგოლები, ოთხი 1,5 და ერთი 2,5 ხვია; 2 სპილენძის მავთულის სპირალი; ღორის ეშვი. სამარხებში გამოვლინდა შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. ქვაყრილში – შავი და ღია ფერის ვარდისფერსარჩულიანი ჭურჭლის ნატეხები: დერგები, ქილები, კოჭობი, ქილა, ქოთანი, ბადია. ყორღანები თარიღდება ძვ. წ. XXIV-XXII სს-ით (ჯაფარიძე 1961: 122-205).
ადგილ „კარახტინზე“ 1955 წ. შესწავლილ იქნა ნამოსახლარის ნაშთი. ამ ადგილზე მოპოვებული შემთხვევითი ნივთები დაცულია ქორეთის საშუალო სკოლის მუზეუმში. ნასახლარზე სხვადასხვა ეპოქის ნივთები ერთმანეთშია არეული.
ადრებრინჯაოს ხანის ნივთებიდან აღსანიშნავია: ქვის 2 ცულის ნატეხები; ძვლის იარაღი – ღერო; საკინძის ნატეხი; ცხოველის თიხის ქანდაკება; კაჟის ხელშუბისპირი და 2 ისრისპირი, ერთი თიხის შავზედაპირიანი ჭურჭლის ნატეხები (ჯაფარიძე 1961: 196-203).
ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი გაითხარა საჩხერის მუნიც-ის სოფ. არგვეთში. ძეგლი მდებარეობს მდ. ლაშურას მარცხენა ნაპირზე, ბორცვ „გორაკის“ დასავლეთ ფერდზე. 1963-1964 წწ. ძეგლს სწავლობდა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არგვეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. რ.აბრამიშვილი). 1981-1987 წწ. კი არქეოლოგიური კვლევის ცენტრის საჩხერის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. გ. ფხაკაძე). ნამოსახლარის უმეტესი ფართობი მდინარისგანაა გადარეცხილი. განათხარ ფართობზე გამოვლინდა სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელი მასალა: გვიანბრინჯაოს, ელინისტური და შუა საუკუნეებისა, რომლებისგან დაზიანებული იყო ადრეული ფენა. ადრებრინჯაოს ეპოქის ფენაში, რომელიც 1,5-1,7 მ სისქისაა, გამოვლინდა 2 სამშენებლო ჰორიზონტი. ორივე შეიცავს შენობათა საძირკვლის ნაშთებს, რომელზეც დაფუძნებული იყო ორმხრივ თიხით შელესილი ხის წნული კედელი. ზედა ჰორიზონტის შენობები გეგმაში ოთხკუთხაა. იატაკი თიხატკეპნილია, ნაცრისა და ნახშირის მინარევებით. კედლის წყობაში გამოყენებულია ხელსაფქვავის ქვები. კედელთან გაიწმინდა ოთხკუთხა მოკირწყლულიატაკიანი მოედანი, რომელზეც ჩამსხვრეული იყო მტკვარ-არაქსული ვარდისფერსარჩულიანი კერამიკა: პითოსი, ჯამი, ქოთანი და სხვ. ზედა სამშენებლო ჰორიზონტზე გამოვლინდა კოლხეთის დაბლობის ადრებრინჯაოს ნასახლარებისათვის დამახასიათებელი თიხის ნაწარმი, მურა-მოშავო და მონაცრისფრო კეციანი დერგების, ქილების, ქოთნების ფრაგმენტები, შემკული ქიმისებრი შვერილებითა და მოგრძო ლენტისებური ყურებით. ქვედა სამშენებლო ჰორიზონტის შენობები გეგმაში მრგვალია. თიხით შელესილი წნული კედელი ქვის კედელს ეფუძნება. იატაკი თიხატკეპნილია, დიდი რაოდენობით ნაცარ-ნახშირით შერეული. გამოვლინდა ნაცროვანი ორმოები და შვერილიანი თიხის კერები. კერის ირგვლივ ეწყო: ირმის რქის სახვნელი, კაჟის ყუნწიანი ისრისპირი, მომწვანო კაჟის სატეხი, კერამიკა, მოწითალო ქვიშაქვის ყალიბის ნატეხები, ცხოველების ძვლები.
არგვეთის ნამოსახლარის ზედა ფენაში და მის ახლო ტერიტორიაზე გამოვლინდა ელინისტური და შუა საუკუნეების ძეგლები: ნასაყდრალი, ლაბაძისეული და ნამარნევი. ლაბაძისეულსა და ნამარნევზე გაითხარა ქვითა და კირხსნარით ნაგები შენობები, გამოვლინდა ქვითკირის საწნახლები. გორაკზე გამოვლინდა აგრეთვე გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკა, ფოთლისებური სატევარი და სხვ. შუა საუკუნეების ფენაში გამოვლენილი მასალა ზოგადად თარიღდება X-XIII სს-ით. არგვეთის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულით (აბრამიშვილი 1965: 39, 40; ფხაკაძე, ორჯონიკიძე 1984: 15, 16; ფხაკაძე 1986: 29-30; ფხაკაძე, გაბიძაშვილი 1995: 19-21; საქ. არქ. 1992: 266-268).
სოფ. საირხეში, რომელიც საჩხერიდან სამხრეთით 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, 1950 წ. ადგილ „ლომინაურში“ აღმოჩნდა კირქვისაგან დამზადებული ლომის თავის ქანდაკება, რომელიც 1951 წ. გადასცეს ბ.კუფტინს. 1957 წ. საქართველოს ხელოვნების სახელიწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს ნ.ღამბაშიძეს აჩვენეს იმავე ადგილიდან მომდინარე კირქვისაგან დამზადებული სვეტის ბაზები (ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). 1957-1958 წწ. აღმოჩენის ადგილზე ჩატარებულმა გათხრებმა გამოავლინა შენობის ნაშთები და კირქვისაგან დამზადებული ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული ნივთები. 1966-1968 წწ. იქ გათხრები ჩაატარა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საჩხერის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ჯ.ნადირაძე). გათხრებისას გამოვლინდა ორი შენობის ნაშთი. შენობის ირგვლივ აღმოჩნდა ცხოველის ქანდაკების თავის ფრაგმენტი – ანალოგიური 1950 წ. აღმოჩენილისა. გამოკვეთილი იყო იმავე ჯიშის ქვისაგან. შენობის შიგნით გამოვლინდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული ქვაში გამოკვეთილი საგნები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული შენობა წარმოადგენდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ ტაძრის ნაშთს (ნადირაძე 1975: 80-100).
ექსპედიციამ სატაძრო ნაგებობის დასავლეთით მიაკვლია ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულისა და I ათასწლეულის დასაწყისის ნამოსახლარ და სახელოსნო უბანს, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 10 ჰა ფართობზე.
1966-1968 წწ. ვეშაპიძისა და საბადურის გორაზე გაითხარა ძვ. წ. I ათასწლეულის ნამოსახლარები: წინარეანტიკური, ადრეანტიკური და ელინისტური ხანის ნაშთებით. ადგილ „სახოველში“ გამოვლინდა ლითონის საწარმო უბანი. გაითხარა სამი სათავსოსაგან შედგენილი შენობა, ქურის ნაშთი. გათხრებისას აღმოჩნდა: თიხის ტიგელები, საქშენის მილები, ბრინჯაოს ზოდები, რკინისა და ბრინჯაოს წიდები და სხვ. (ნადირაძე 1972ა: 56-77).
1982-1986 წწ. საირხეში მიმდინარეობდა საბადურის გორის დასავლეთი ფერდის არქეოლოგიური გათხრები. გამოვლინდა სამი ფენა: წინარეანტიკური, ადრეანტიკური და ელინისტური. იმის გამო, რომ იქ ადრე ადგილი ჰქონდა მიწის მასივის გადაადგილებას, სტრატიგრაფია შედარებით დარღვეული იყო. წინარეანტიკურ ფენაში გამოვლინდა ქვის ცალპირი წყობის კედლების ფრაგმენტები, რომელთა იატაკზე დაფიქსირდა ბრინჯაოს კოლხური ცული, წრიული ფირფიტა, ლეგა და შავი ფერის კერამიკის ნატეხები, შემკული გეომეტრიული სახეებითა და ზოომორფული ყურებით. ადრეანტიკურ ფენაში გამოვლინდა დანახშირებულ ძელებიანი შენობის ქვის საძირკველი. ხის კედლები შებათქაშებული ყოფილა ორმხრივ. დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის თიხის ჭურჭლის ნატეხები, გამომწვარი შავად და წაბლისფრად. აღსანიშნავია: პირმოყრილი და პირგადაშლილი ბრტყელძირიანი ჯამები; ცილინდრულტანიანი სასმისის ნატეხები; ჭიქისებური სასმისები; ქოთნების, დერგებისა და ქვევრების ფრაგმენტები; ბერძნული შავლაკიანი ფიალის ფრაგმენტები. სამეურნეო დანიშნულების ნივთებიდან აღსანიშნავია: რკინის ლურსმნები, თოხი, ცული და სხვ. ზედა მესამე ფენა – ელინისტური ფენაა და 3 მ სისქისაა. ის ნახანძრალია. ფენაში გამოვლინდა სუფრის, სამზარეულო და სამეურნეო ჭურჭელი; წითლად ანგობირებული დოქები; ზედაპირნაპრიალები, მსხლისებურტანიანი დოქები, ხელადები; მოხატული სამტუჩა ხელადები; ჩალისფერკეციანი ყელწიბოიანი დოქები; პირმოყრილი დაბალქუსლიანი ჯამები; პირგადაშლილი ქოთნები; დერგებისა და ქვევრების ნატეხები.
საბადურის გორის დასავლეთ ფერდზე გაითხარა 10 სამარხი. მათგან 3 გაძარცული იყო. სამარხები ორი ტიპისაა: ორმოსამარხი და ხის ძელებითა და ქვით ამოშენებული აკლდამისებური ორმოსამარხი. აკლდამისებური სამარხები ორკამერიანია. მათზე მოწყობილი იყო ქვაყრილები. ისინი კოლექტიურია. დამახასიათებელია მიცვალებულებთან ერთად ცხენებისა და ძაღლების დაკრძალვა. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამები გაძარცული იყო, ისინი გამოირჩეოდა სამარხეული ინვენტარის სიუხვით.
სამარხი №5 მდებარეობდა მიწის ზედაპირიდან 5,6 მ სიღრმეზე. ორკამერიანია, დამწვარძელებიანი კამერა, რომელსაც ფარავდა ქვაყრილის სქელი ფენა და უქვაყრილო კამერა, სადაც დაკრძალული იყო 3 მიცვალებული და 5 ცხენი. კამერის ზომა 5X4 მ. მიცვალებულთა ძვლების ცუდი დაცულობის გამო დაკრძალვის პოზის დადგენა ჭირს. გაირჩეოდა ჩრდილოეთ კედელთან დაკრძალულის პოზა. ის იწვა მარჯვენა გვერდზე, ძლიერ მოხრილ პოზაში, თავით ჩრდილო-დასავლეთით. ასეთივე პოზა შეიმჩნეოდა დანარჩენებთანაც. მიცვალებულებში შეიმჩნეოდა ქონებრივი დიფერენციაცია. ასეთივე დიფერენციაცია შეიმჩნეოდა ცხენების აღკაზმულობაშიც. დამწვარძელებიანი კამერა მოწყობილი უნდა ყოფილიყო ძირითადი მიცვალებულისათვის, რომელიც თავის დროზე გაუძარცვავთ.
სამარხი №10 მიწის ზედაპირიდან 6 მ სიღრმეზე მდებარეობდა. წარმოადგენდა მართკუთხედის ფორმის ორმოს, რომელიც ამოშენებული იყო ხის ძელებით და გარს შემოვლებული ჰქონდა მშრალად ნაწყობი ქვის კედელი. სამარხში დაკრძალული იყო ორი მიცვალებული, მარცხენა გვერდზე ძლიერ მოხრილ პოზაში, თავით აღმოსავლეთით. სამარხში დაკრძალული იყვნენ 20-25 და 25-30 წლის ასაკის ქალები (ნადირაძე 1990: 87).
საბადურის გორის დასავლეთ ფერდზე გათხრილ სამარხებსა და ქვაყრილებში გამოვლენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა, ძირითადად თიხის ჭურჭელი და ძვირფასი ლითონის ნაწარმი. თიხის ნაწარმიდან გამოირჩევა იმპორტული ბერძნული კერამიკა: შავფიგურიანი და შავლაკიანი ლეკითოსები, შავლაკიანი ფიალები. ადგილობრივი ნაწარმიდან აღსანიშნავია ყურმილიანი ხელადა; შავპრიალა მუცელგამობერილი და პირგადაშლილი დოქები; რუხზედაპირიანი, მსხლისებურტანიანი ხელადები; პირმოყრილი ბრტყელძირიანი ჯამები; შავი და ლეგა ზედაპირნაპრიალები კოჭბები; ვიწროყელიანი დერგები და სხვ. სამკაული გამოირჩევა სიუხვითა და მრავალფეროვნებით. მათ შორისაა: ბრინჯაოს საბეჭდავი ბეჭდები, რომელთა ფარაკზე გამოსახულია გრიფონი; ირემზე მონადირე გრიფონი; თავმობრუნებული არწივის გამოსახულება; შვლისა თუ კურდღლის ფიგურა და სხვ. ვერცხლის დიადემები; საკისრე რკალები; გლუვზედაპირიანი და ზურგჩაზნექილი სამაჯურები; ოქროს სამკაულიდან გვხვდება: სხვადასხვა ფორმის, ზომისა და შემკულობის საყურეები, ყელსაბამები; ვერძის თავებით დაბოლოებული სამაჯური; ქამრის ბალთა და მასრები; ბეჭედი, რომლის ფარაკზე ამოტვიფრულია ხარის თავი; მედალიონი, ამოტვიფრული მრავალფიგურიანი კომპოზიციით. ცენტრალური ფიგურაა ხარის თავი. მის რქებს შორის მოთავსებულია არწივის ფიგურა. მრავლადაა სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფირფიტები, ღილები, კილიტები, მძივები. გარდა ამისა, გამოვლენილია ლითონის სხვა ნაწარმიც: ბრინჯაოს ილარები, მშვილდსაკინძები, სარკე, ვერცხლის სურა, ფიალა, ჩამჩა, ოქროს ციცხვი. №№5, 8 აკლდამებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ქვებები და სამფეხა სადგარი.
სამარხებსა და ქვაყრილებში გამოვლინდა ცხენის აღკაზმულობაც, მათგან აღსანიშნავია ვერცხლისა და ოქროს საშუბლეები, სამკერდულები, ბრინჯაოს ლაგმები ვერცხლის საყბეურებით, რგოლები, ავშარის მოსართავები და ეშვისებრი ოქროს საკიდები, არწივისა და იხვის ფირფიტოვანი გამოსახულებები. დიდი რაოდენობითაა ავშარის ოქროს ბალთები. აღსანიშნავია №5 სამარხში აღმოჩენილი მინის იმპორტული სანელსაცხებლე – ალაბასტრონი და მინის ფიალა. სამარხებში აღმოჩნდა: მონეტები – კოლხური ვერცხლის ნახევარდრაქმები; ბრინჯაოს ისრისპირები სამწახნაგა პირით; ბექთრის ნაწილები; სიტულის ფრაგმენტები და სხვ. საბადურის გორაზე გამოვლენილი სამარხები დათარიღებულია ძვ. წ. V-III სს-ით.
სამაროვანზე გაითხარა საკულტო მოედანი – დანახშირებული 4 კვმ ფართობი, სადაც მიმოფანტული იყო ოქროს ნივთები, ოქროს არწივის გამოსახულებები, მინის თასის ფრაგმენტები. იქვე გაიწმინდა საკულტო ორმო (სიღრმე 11 მ, დმ 2 მ), ამოვსებული ქვებით, თიხის ნაწარმით, სამკაულითა და მიწით. ორმოში აღმოჩნდა ადგილობრივი და იმპორტული კერამიკის ნატეხები. რკინის ლურსმნები და კავები, აბჯრის ნაწილები, თოხი, ოქროს მძივები, საკიდები, ბეჭედი, საკისრე რგოლი (ნადირაძე 1990: 20-97).
1986 წელს საირხეში ადგილ „კარახტინში“ გაითხარა ბრინჯაოსა და რკინის სახელოსნოს ნაშთები და I საუკუნის სამარხები. სახელოსნოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის ზოდები, ტიგელის ფრაგმენტები, თიხის საქშენი მილები, ასევე ძვ. წ. VIII–VI საუკუნეების კოლხური კერამიკის ფრაგმენტები (დოქები, ჯამები, დერგები, ზოომორფული ყურებით შემკული ტოლჩები), ხოლო სამარხებში გამოვლინდა ვერცხლისა და ბრინჯაოს ბეჭდები, ფიბულები, აბზინდები, საკერებელი ფირფიტები, მინის საკინძისთავები და შავად, მოწითალოდ და ჩალისფრად გამომწვარი დოქები (მახარაძე, ბრაგვაძე 1990:32-38).
1988 წელს საირხეში, წყაროსთავის გორაზე, გაითხარა ექვსფენიანი ნამოსახლარი. სტრატიგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე, ფენები შემდეგნაირად დათარიღდა: I ფენა-ძვ. წ. I-ახ.I სს; II ფენა-ძვ. წ. II-I სს; III ფენა-ძვ. წ. III-II სს; IV ფენა-ძვ. წ. IV- III სს. მიჯნა; V ფენა-ძვ. წ. VI-IV სს-ის I ნახევარი; VI ფენა-ძვ. წ. VIII-VII სს (ბრაგვაძე 1997: 32-34). განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს III ფენა, სადაც აღმოჩნდა კვადრებით ნაგები შენობის ნაშთები, ე. წ. ქერჩის სკოლის კრატერისა და ატიკური სკიფოსის ფრაგმენტები (ბრაგვაძე 1997: 32-34).
საჩხერისა და მის მახლობელ ტერიტორიაზე შესწავლილ ძეგლებზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი და შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
- ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1965: 39, 40; არქ. მას. კატ. 1955: 9-20; ბრაგვაძე 1997: 32-34; გიულდენშტედტი 1962: 299-301; დადიანი 1962: 136, 162, 176, 186; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 445; თაყაიშვილი 1913: 167-172; თუშაბრამიშვილი 1963: 167-182; ისტ. დოკ. 1958: 28, 30, 31; კუფტინი 1940: 8; 1949: 62-82; 1974: 131-153; ლეჟავა 1962: 49, 50; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 189; მახარაძე, ბრაგვაძე 1990: 32-38; ნადირაძე 1967: 68; 1971: 72-75; 1971ა: 185-187; 1972ა: 56-77; 1975; 1990; საქ. არქ. 1992: 266-268; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 92, 94, 95, 98, 101, 115, 123, 124, 149; სოსელია 1966: 196, 198; 1981: 79-148; ფხაკაძე 1978: 3-13; 1986: 29, 30; ფხაკაძე, ორჯონიკიძე 1984: 15-17; ფხაკაძე, გაბიძაშვილი 1995: 19-21; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 924; ქც 2: 442,19; ქც 4: 449,13; 752,18,21; 760,1,11,13,15; 836,3; 858,3; 888,19,22; ქორიძე 1961; ყიფიანი 1993: 34-47; შარდენი 1975: 393; წერეთელი, თუშაბრამიშვილი 1975: 58-64; ჯაფარიძე 1950: 69, 70; 1961: 122-203.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.