სასახლე, ციხე (ქც 4: 371,1,4).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 371,1,4), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“, მეორე და მესამე ტექსტი (ქც 2: 444,4; 456,19; 507,11), „ძეგლი ერისთავთა“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106, 116), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 27; ქრონიკები 1967: 45; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 112), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 72, 76), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 58), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 101, 279).
ვახუშტი ბაგრატიონი აჩაბეთის შესახებ გადმოგვცემს: „თამარაშენს ზეით ერთვის (მდ. ლიახვს) თირის მონასტრისხევი. ამ ხევზედ, გორის ძირს, არს აჩაბეთი, სასახლე და ციხე მეფეთა“ (ქც 4: 370,25, 371,1).
მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფლების, ზემო და ქვემო აჩაბეთის ტერიტორიაზე.
VII ს-ში აჩაბეთის სახელს ატარებდა ხევი, რომელიც მოიცავდა დიდი ლიახვის შუა და ზემო წელს (გვასალია 1983: 109). „ქართლის ცხოვრებაში“ მოიხსენიება „გზა აჩაბეთისა“, რომელიც ქართლს დვალეთთან (შიდა ქართლის მთიანეთთან) აკავშირებდა (ქც 2: 456,19).
ქართლის მეფე ლუარსაბ I (1525-1556) სპარსელებთან ბრძოლისას აჩაბეთის ციხეს აფარებდა თავს (ქც 2: 507,11). გივი ამილახვარის აჯანყების დროს (1742-1745) ქართლ-კახეთის მეფეებს თეიმურაზ II-სა (1744-1762) და ერეკლე II-ს (1744-1798) რამდენჯერმე მოუხდათ აჩაბეთის ციხის აღება. 1759 წ. ლეკებმა იქაურობა ააოხრეს და იქიდან მრავალი ტყვე წაასხეს (ხერხეულიძე 1989: 58). აჩაბეთიდან მომდინარეობს ლიახვის ხეობის ფეოდალთა – მაჩაბელთა გვარი (გვასალია 1983: 108).
აჩაბეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
1955 წ. შიდა ქართლში ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) მიერ ჩატარებული დაზვერვების დროს სოფ. აჩაბეთის მახლობლად, „საქორეთის გორაზე“ აიკრიფა ენეოლითური ხანის კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები (მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 187).
აჩაბეთის ციხე მდებარეობს სოფ. ზემო აჩაბეთის ცენტრში, მდ. თირისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ციხე ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შედგება კოშკისა და გალავნისაგან. კოშკი პირველი სართულის სიმაღლეზე ოთხკუთხაა (10X10 მ), ზედა ნაწილში კუთხეები მომრგვალებულია. შემორჩენილია მისი ოთხი სართული. კოშკის სამხრეთით თაღებიანი ნაგებობების ნანგრევებია. მცირე გალავნით შემოზღუდული კოშკი ეკუთვნის მშენებლობის პირველ პერიოდს. გალავანი გეგმით ნახევარწრიულია და პატარა ფართობი უკავია. მეორე გალავანი უფრო დიდ ფართობს შემოსაზღვრავს. იგი თითქმის პირველის პარალელურია. მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ბეღელია. მესამე გალავანი მოიცავს დაახ. 700 კვ მ ფართობს. გეგმით ის არაწესიერი ოთხკუთხედია. გალავნის შიგნით დგას წმ. ესტატეს დარბაზული ტიპის ეკლესია (6X4 მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (მაკალათია 1971: 28; ზაქარაია 1982: 62).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 41; ბერძენიშვილი 1965; გვასალია 1983: 108, 109; გვრიტიშვილი 1953: 109-131; გიულდენშტედტი 1962: 101, 279; ზაქარაია 1968; 1982: 62; მაკალათია 1971; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 27; მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 187; ორბელიანი 1981: 72, 76; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 112; ქრონიკები 1967: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 106, 116; ქც 2: 444,4; 456,19; 507,11; ქც 4: 371,1,4; ხერხეულიძე 1986: 58.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.