სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
სევ სეი სენ

სენაკი


(ქც 4: 777,10,11, სქ. 3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 777,10,11, სქ. 3), XVII-XIX სს-ის ისტორიული საბუთები (კაკაბაძე 1921: 59, 155; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 665; 1985: 309, 793; ისტ. დოკ. 1959: 106), ლიხთ იმერეთის 1737 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 193), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 34, 150), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1991: 162), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 325), ბოროზდინის „სამეგრელო“ (ბოროზდინი 1934: 325).

ვახუშტი ბაგრატიონი სენაკის შესახებ გადმოგვცემს: „ტეხურისავ კიდეზედ არს სენაკს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, საყოფელი აფხაზთა კათალიკოზისა“ (ქც 4: 777,10,11,სქ.3).

მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდ. ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ახლანდელი ქ. სენაკის ტერიტორიაზე.

ქ. სენაკის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ქ. სენაკიდან 8 კმ-ზე, აღმოსავლეთით, მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირას, სოფ. მესამე ნოსირში 1967-1981 წწ. არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნოსირ-მუხურჩის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ელ.გოგაძე). გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სოფლური ტიპის დასახლების ნაშთი. ძეგლი ოთხფენიანია: I ფენაში დაფიქსირდა ოთხკუთხა გეგმის ნაგებობები; პირმოყრილი და მუცელგამობერილი ნახევარსფერული და მომრგვალო თასები, ჯამები, ქოთნები, კოჭბები, ტოლჩები, ქილები. უდიდესი ნაწილი შავთიხიანია, პრიალა ან გლუვი ზედაპირით, ღარული ორნამენტით. თარიღდება ძვ. წ. XVIII-XVI ან XIX-XVII სს-ით (გოგაძე 1982: 16, 51, 52). II ფენა ძირითადად წარმოდგენილია ნახანძრალი ნაშთებისაგან; გამოვლენილია ნახევარსფერული მოზრდილი ბადიები, მოზრდილი და საშუალო ზომის სუფრის ჭურჭელი შეზნექილ-ცილინდრული ყელით. ჭურჭელთა ნაწილი შავთიხიანია, გვხვდება, ასევე, მოყავისფრო, მოწითალო, მოვარდისფრო ჭურჭელი. II ფენა ძვ. წ. XV-XIV სს-ით დათარიღდა (გოგაძე 1982: 53, 54). III ფენაში მრავლდება მრგვალბაკოიანი ჭურჭელი; მკვეთრად იზრდება ყელ-პირგადაშლილი ჭურჭლის რიცხვი. ორნამენტის წამყვანი სახეობებია: ღაროვანი ფესტონები, გრავირებულ ხაზოვანი სახეები და სხვ. ამავე ფენაში წარმოდგენილია ლითონის ნივთების ჩამოსასხმელი ყალიბი, პატარა ზომის ციცხვები, ბრინჯაოს ცული, სატევარი, მძივი, სალესი ქვები. III ფენა ძვ. წ. XIII-XII სს-ით თარიღდება (გოგაძე 1982: 55, 67). IV ფენაში ძირითადად წარმოდგენილია: კანელურებიანი ჭურჭელი, ქვისა და თიხის კვირისტავები, საწაფები, ძვლის ნემსები, სალესი ქვები და სხვ. IV ფენა ძვ. წ. X-IX სს-ით თარიღდება (გოგაძე 1982: 66).

სენაკიდან 4 კმ-ის დაშორებით, სოფ. ოფაჩაფუში, გამოვლენილია ქვევრსამარხები. დაფლული იყვნენ ჰორიზონტალურად. №№2, 3 ქვევრსამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს 2 ბეჭედი, ბრინჯაოს 17 სამაჯური, ვერცხლის წყვილი საყურე რგოლი, ბრინჯაოს რგოლი, მინის 5 მძივსაკიდი, მინის 40 მძივი, ბრინჯაოს მძივები, რკინის შუბისპირები და ხანჯლისპირები, 15 კოლხური ნახევარდრაქმა (გვინჩიძე 1987: 257-262). ქვევრსამარხები თარიღდება ძვ. წ. III-II სს-ით (გვინჩიძე 1987: 262).

სოფ. ბატნაოხორუში 1966 წ. დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. გრიგოლია) გამოავლინა ორი ერთმანეთისგან შეერთებული ხელოვნური ბორცვი. ჩრდილოეთ ბორცვზე დადასტურდა ძვ. წ. IV-III სს-ის ადგილობრივი და იმპორტული მასალა, ხოლო სამხრეთ ბორცვზე კოლხური ქვევრების ფრაგმენტები. ბორცვის ჩრდილოეთ ფერდზე გამოვლინდა 2 ქვევრსამარხი. ორივე მათგანი დაფლული იყო ჰორიზონტალურად, პირით აღმოსავლეთისაკენ. ქვევრსამარხებში აღმოჩნდა თიხის ხელადები, ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები და მძივსაკიდები (გრიგოლია ... 1973: 32). ქვევრსამარხების თარიღის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ წ. IV-III სს (გრიგოლია ... 1973: 33); ძვ. წ. III-II სს (თოლორდავა 1980: 36); ძვ. წ. II ს-ის დასასრული (გვინჩიძე 1987: 268).

1971 წ. სოფ. ეკში შემთხვევით აღმოჩნდა სამონეტო განძი, 907 მონეტით. ამათგან 771 კაპადოკიის კესარიაში მოჭრილი დიდრაქმებია. ამავე ზარაფხანაშია მოჭრილი 4 დრაქმაც. 774 ცალიდან 712 მოჭრილია იმპერატორ ადრიანეს (117-138) სახელით, ხოლო 55 – ანტონინე პიუსისა (138-161). დენარების საერთო რიცხვი 131 ეგზემპლარს შეადგენს. აქედან 101 ცალი მოჭრილია სეპტიმუს სევერუსის (193-211) სახელით; 84 ცალი აღმოსავლეთის ზარაფხანის პროდუქციას მიეკუთვნება და მოჭრილია 194 წ. ეკის განძი დამარხულია 222 წელს, ან 222 წლის შემდეგ (დუნდუა 1979: 4-6, 25-106).

ნოსირის განძი შემთხვევითი მონაპოვარია. განძის შემადგენლობაშია ზოდები ბრინჯაოსი, მძივები სარდიონისა, გველის ქანდაკება ოქროსი, საკიდი ოქროსი, ნივთი ოქროსი, ღილები ვერცხლისა, ნატეხი ოქროსი ლომის გამოსახულებით, ნატეხი ვერცხლისა წნული ორნამენტით შემკული (ქორიძე 1965: 46). თარიღდება ელინისტური ხანით. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). „საკალანდარიშვილოს“ ციხე მდებარეობს ქ. სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე. ციხე შედგება კოშკისა და ორი გალავნისაგან. გალავანი (23X26 მ) წრიულია, კოშკი – კვადრატული (7X7,2 მ). კოშკი და გალავანი კირქვითაა ნაგები. ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. თარიღდება IV-V სს-ით (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 150-152).

ეკის ციხე მდებარეობს სენაკიდან 10 კმ-ზე, მაღალი მთის წვერზე. ციხე შედგება გალავნისა და ოთხკუთხა (8,8X5,25მ) კოშკისაგან. შემორჩენილია სამი სართული. კოშკს უვლიდა გალავანი, რომელიც დარღვეულია. კოშკი და გალავანი რიყისქვით და კირქვითაა ნაგები. ციხე IV-V სს-ით თარიღდება (ზაქარაია, კაპანაძე 1991: 153).
 
ბიბლიოგრაფია: ბოროზდინი 1934: 325; ბურჯანაძე 1959: 193; გვინჩიძე 1987: 257-262, 268; გიულდენშტედტი 1962: 325; გოგაძე 1982: 16, 51-67; გრიგოლია ... 1973: 32, 33; დადიანი 1962: 34, 150; დუნდუა 1979: 4-6, 25-106; ზაქარაია, კაპანაძე 1991: 150-153; თოლორდავა 1980: 36; ისტ. დოკ. 1959: 106; კაკაბაძე 1921: 59, 155; ლამბერტი 1991: 162; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 665; 1985: 309, 793; ქორიძე 1965: 46; ქც 4: 777,10,11,სქ.3.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9