სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
სვე სვი

სვერი

სუერის ციხე (ქც 4: 150,18; 759,15,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 150,18; 416,6; 759,15,17; 822,12; 836,8; 857,24; 867,1; 869,9,12,13; 870,14; 872,5,7,8; 878,19, 893,6,8), მატიანე ქართლისა (ქც 1: 309,11), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279) ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 150,4, 173,24), ქართული ისტორიული საბუთები (კაკაბაძე 1929ა: 82; ფურცელაძე 1881: 18; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 89; ისტ. დოკ. 1958: 46, 55, 74, 78, 107; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 44, 61; ქრონიკები 1967: 635, 637; ბურჯანაძე 1959: 189, 197), 1650-1652 წწ. ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობის აღწერილობა (პოლიევქტოვი 1926: 113, 116, 184), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 301).

სვერის ციხის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „კაცხის წყლის ზევით ყვირილას უერთდება აღმოსავლეთიდან სვერის ხევი. ამ ხევზედ არს ციხე სუერი, არაოდეს ძალით აღებული. ესე დგას კლდესა ზედა და გარემოს მისსა ფრიად დიდხრამოვანსა“ (ქც 4: 759,14-16).

მდებარეობს ჭიათურის მუნიც-ში, ჭიათურიდან სამხრეთით 7 კმ-ის დაშორებით, სოფ. სვერის განაპირას.

1068 წ. თურქ-სელჩუკთა მარბიელი ლაშქარი გადავიდა არგვეთს და დაარბიეს ქვეყანა სვერის ციხემდე (ქც 1: 309,11). 1590 წ. ქართლის მეფე სვიმონმა (1556-1600) ილაშქრა იმერეთში და სვერის ციხე აიღო (ქც 4: 822,12). 1661 წ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ (1658-1675) აიღო სვერის ციხე და აბაშიძეების საგვარეულოს გადასცა (ქც 4: 836,8). 1744 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ (1720-1752) აიღო სვერის ციხე. ორი წლის შემდეგ ციხე აბაშიძეებმა დაიბრუნეს. 1757 წ. ხრესილის ომის შემდეგ ციხე იმერეთის სამეფოს კუთვნილებაა. 1763 წ. ოსმალებმა აიღეს და დაანგრიეს. ციხე მომდევნო წლებში აღუდგენიათ.

ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით (ცქიტიშვილი 1970: 34). იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის 1737 წ. რუკაზე ის გამოსახულია ქონგურებითა და სათოფურებით. იოჰან გიულდენშტედტი მას მოიხსენიებს როგორც განადგურებულ ციხეს (გიულდენშტედტი 1962: 301). 1810 წ. იმერეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ სვერის ციხე რუსეთის იმპერიის ხელშია. ამის შემდეგ მან დაკარგა თავისი ფუნქცია. ციხე იმერეთ-ამერეთის მნიშვნელოვან გზასაყარზე იდგა. საბაჟო იყო სოფ. ბერეთისა და ნიგოზეთის საზღვარზე. იქ სვერის ბატონს სასახლე ჰქონია. ტყემლოვანასა და სვერს შორის გადიოდა გზა, რომელიც ძველ ბოსლევში უერთდებოდა შორაპან-საჩხერის გზას. ბოსლევში გზა მეორე მხრივ მიდიოდა საზანო-ბოსლევ-ამაშუკეთისაკენ (ბერძენიშვილი 1966: 19-22). შუა საუკუნეებში ქართლიდან იმერეთში გადადიოდა რამდენიმე გზა, რომლებიც აღწევდნენ სვერის ციხემდე, აქედან კი – ქუთაისამდე. ალი – ჭერათხევი – ჯვარი – კორბოული – სვერი – წინსოფელი – ნავარძეთი – კაცხი – სკანდა – ჩხარი – ქუთაისი; სვერი – თვალუეთი – ჩხირაული – გეზრული – სანახშირე – შორაპანი (ცქიტიშვილი 1970: 36).

ციხე აგებულია ციცაბო ფერდზე ამოზიდულ კლდეზე. ჩრდილოეთ ფერდზე გამოქვაბულებია. ციხის შიდა ფართობია 50X15მ. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. ციხის კედლებში შეინიშნება სამი სამშენებლო დონე: 1. ადრე შუა საუკუნეების დონე ნახევრად გათლილი მცირე კვადრებითაა ნაშენი, რიგების ჰორიზონტალური წყობით, 2. განვითარებული შუა საუკუნეების დონე მოზრდილი გათლილი კვადრებითაა აგებული, 3. გვიანი შუა საუკუნეების დონე რიყის ქვითა და ფლეთილი ქვებით ნარევი წყობით აუგიათ (ცქიტიშვილი 1970: 34-38). ვახუშტი ბაგრატიონი მისი აშენების თარიღად ასახელებდა VIII ს-ის 30-იან წლებს, მურვან ყრუს საქართველოში ლაშქრობის ხანას (ქც 4: 759,15,17).

1969 წ. ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყვირილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ.თუშაბრამიშვილი) სოფ. სვერის ტერიტორიაზე მდებარე კოწიას კლდის მღვიმეში დაზვერვითი ხასიათის სამუშაო ჩაატარა. განადგურებულ ფენაში გამოვლინდა გახეხილ-გაპრიალებული ქვის სატეხი, ნავისებური ფორმის ხელსაფქვავის ნატეხი, თიხის ჭურჭლის ნატეხი. მასალა თარიღდება ადრეული ბრინჯაოს ხანით (თუშაბრამიშვილი 1971: 5-7).

სვერის ციხეზე დაზვერვებისას ზედაპირულად აკრეფილ მასალაში გამოირჩევა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ადრეანტიკური და შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ნივთები (ცქიტიშვილი 1970: 35).

ციხეზე დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებდა საქართველოს ხელოვნების სახ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ჯ.ნადირაძე). სადაზვერვო თხრილებში დაფიქსირდა ზოომორფული კერამიკის შემცველი ნასახლარის ფენები. ციხის სამხრეთით მდებარე ტერიტორია I ათასწლეულის პირველ ნახევარში აუთვისებიათ კოლხური კულტურის მატარებელ ტომებს. რაზეც მიუთითებს იქ გამოვლენილი კერამიკის ნატეხები. ციხის აღმოსავლეთ ფერდზე, სამარხში აღმოჩნდა მოყვითალო თიხის მსხლისებურტანიანი ხელადა, რაც ადასტურებს იქ გვიანანტიკური ხანის სამაროვნის არსებობას (ნადირაძე 1990: 9, 129, 130).

სვერის ციხესა და სოფლის მიდამოებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი და შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 28-37; ბურჯანაძე 1959: 177-198; ბოჭორიძე 1996: 142, 144, 207, 208, 256, 263; გიულდენშტედტი 1962: 301; დადიანი 1962: 150, 176; თუშაბრამიშვილი 1971: 5-7; იევლევი 1969: 86, 166; ისტ. დოკ. 1958: 46, 55, 74, 78, 107; კაკაბაძე 1929ა: 82; ნადირაძე 1990: 9, 129, 130; პოლიევქტოვი 1926: 113, 164, 184; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 44, 61; ტოლოჩანოვი 1970: 143, 158; ფურცელაძე 1881: 18; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279; ქრონიკები 1967: 635, 637; ქც 1: 309,11; ქც 4:150,18; 416,6; 759,15,17; 822,12; 836,8; 857,24; 867,1; 869,9,12,13; 870,14; 872,5,7,8; 878,19; 893,6,8; ცქიტიშვილი 1970: 34-38.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9