სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
სკა სკრ

სკანდა

ციხე (ქც 4: 416,6).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 416,6; 449,19; 600,21; 756,26; 820,10; 822,11; 836,9; 857,23; 883,16,17), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 376,26; 436,15; 533,2), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 174), XIII-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 143; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 56), იუსტინიანეს „ნოველები“ (იუსტინიანე 1965: 31-37), პროკოპი კესარიელის „ომი გუთებთან“ (პროკოპი კესარიელი 1965: 96, 97, 101, 181, 185, 186), მენანდრე პროტიქტორის „ორმოცდაათწლიანი ომი“ (მენანდრე პროტიქტორი 1936: 222), ტოლოჩანოვის იმერეთის სამეფოში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა (ტოლოჩანოვი 1970: 121), ჟან შარდენის „მოგზაურობა“ (შარდენი 1975: 281). ბარბაროსა და კონტარინის „მოგზაურობა“ (ბარბარო 1981: 59-62; კონტარინი 1894: 48-51), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 109, 309).

ვახუშტი ბაგრატიონი სკანდას შესახებ გადმოგვცემს: ჩიხორის „სამხრით, არს, მთის კალთას, სკანდას, სასახლე მეფეთა და ციხე დიდი, დიდშენი“ (ქც 4: 756,25-27).

მდებარეობს თერჯოლის მუნიც-ში, თერჯოლიდან 15 კმ-ის დაშორებით, სოფ. სკანდას ჩრდილოეთით მდ. ჩხარის მარცხენა ნაპირზე, მაღალ, კლდოვან გორაკზე.

წყაროებში ციხე მოიხსენიება VI ს-დან. „სკანდა და სარაპანისი მდებარეობს იბერიის საზღვრებისკენ“ (პროკოპი კესარიელი 1965: 101). „ლაზთა ორი ციხეა ზედ იბერიის საზღვართან, სკანდა და სარაპანისი. ისინი მდებარეობენ მკაცრსა და მეტად ძნელად სავალ ადგილებში. ციხეებს ლაზები ძველად დიდი გაჭირვებით იცავდნენ, რადგან იქ საზრდო სრულიად არაფერი მოდის და ადამიანებს ზურგით უხდებათ სურსათის მიტანა“ (პროკოპი კესარიელი 1965: 185, 186). წყაროების მიხედვით სკანდას ციხე IV ს-ში ააგო ეგრისის სამეფო ხელისუფლებამ ქართლის საზღვარზე, მნიშვნელოვან გზასაყარზე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებდა იმერეთსა და შავიზღვისპირეთთან. VI ს-ის პირველ ნახევარში სკანდაში ბიზანტიის გარნიზონი იდგა, მაგრამ მათ ციხე დატოვეს სურსათის უქონლობის გამო. სკანდას ციხე ირანელებმა უომრად ჩაიგდეს ხელში (პროკოპი კესარიელი 1965: 186). 532 წ. ეგრისის ხელისუფლებამ ციხე დაანგრია, მაგრამ ირან-ბიზანტიის ომის განახლებისას, 540 წ. სპარსელებმა ის განაახლეს და 562 წლამდე ეპყრათ. XV ს-ში იტალიელი მოგზაური ჯოსაფატ ბარბარო წერდა: „სკანდას საკმაოდ მტკიცე ციხესიმაგრე, გორიდან ოთხი დღის სავალზეა, რომელსაც საკმაოდ დიდი მდინარე ჩაუდის“ (ბარბარო 1981: 62). XV ს-ში ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ეს (1466-1478) იქ ციხე-დარბაზი ჰქონია (ბერძენიშვილი 1964: 7). 1583 წ. იმერეთის მეფე გიორგი II-ის (1565-1583) მემკვიდრის, 12 წლის ლევანის წინააღმდეგ გაილაშქრა მისმა ბიძამ კონსტანტინემ და დაიპყრო სკანდა. შემდგომ ლევანმა დადიანის დახმარებით დაიბრუნა ციხე. 1590 წ. ქართლის მეფე სიმონ I (1556-1600) გადავიდა იმერეთში და დაიპყრო სკანდა. თუმცა, ციხე მალევე დაკარგა (ქც 2: 533,2). 1646 წ. ლევან დადიანმა გაილაშქრა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის (1639-1660) წინააღმდეგ, მაგრამ სკანდას ციხე ვერ აიღო. 1650-1652 წწ. ალექსანდრე III-ის კარზე იყვნენ რუსეთის ელჩები ტოლოჩანოვი და იევლევი, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ იმ დროისათვის სკანდა ერთ-ერთი კეთილმოწყობილი ციხესიმაგრე იყო, აშენებული მაღალ მთაზე და მის გარშემო დიდი ხრამები იყო, რომლებსაც მტრის ლაშქარი ვერ მიუდგებოდა. ციხესიმაგრე შემოზღუდული იყო 20 მ სიმაღლისა და 600 მ სიგრძის ქვის კედლით. მასში დატანებული იყო კოშკები, რომლებზეც ზარბაზნები იდგა. გალავანში არსებული ნაგებობები შედგებოდა რამდენიმე ოთახისა და დარბაზისაგან. იქვე ინახებოდა სამეფო განძეულობა. სამეფო დარბაზი და ოთახები კარგად იყო მორთული. ციხის შიგნით იდგა წმინდა გიორგის ეკლესია, სასახლე, ხორბლით სავსე ბეღელი და სარდაფი (ტოლოჩანოვი 1970: 121). 1659 წ. სკანდას ციხეში ცხოვრობდა მეფე თეიმურაზ I (1606-1648). 1660 წ. მეფე შაჰნავაზმა აიღო ციხე და თეიმურაზ I მისი საპატიო ტყვე გახდა. XVIII ს-ში იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს (1720-1752) თავს დაესხა რაჭის ერისთავი, მაგრამ მან ციხე ვერ აიღო. ციხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმერეთის მეფე სოლომონ I-ის (1752-1784) დროს. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს გუქმების შემდეგ სკანდას ციხემ მნიშვნელობა დაკარგა.

ციხე აგებულია სოფ. სკანდას ჩრდილოეთით, ორ ღელეს შორის მაღალ ბორცვზე. ციხის ფართობია 7000 კვმ. შიდა ნაგებობებიდან შედარებით უკეთაა შემორჩენილი სასახლის აღმოსავლეთი კედელი და ეკლესიის ფრაგმენტები, რომლის ერთი თაღის თლილ ქვაზე შეინიშნება ხუთსტრიქონიანი მხედრული წარწერის ფრაგმენტები. გაირჩევა „ვინც“ და „მობრძანებაი“. ეკლესია აგებული ყოფილა თლილი ქვით. ზღუდის კუთხეებში იდგა კოშკები. დასავლეთის კოშკთან იწყება გვირაბი, რომლის სიგრძე 64 მ, სიგანე 2 მ და ჩადის ღელეში (ლექვინაძე 1961: 147). ციხის მშენებლობაში გამოყენებულია გვიანრომაულ და ბიზანტიურ არქიტექტურაში მიღებული წყობა – კედლები იგება შედარებით უხეშად გათლილი საშუალო ზომის ქვის კვადრებით. რიგებს შორის შიგადაშიგ დატანებული აქვს ბრტყელი აგურის რამდენიმე რიგისაგან შედგენილი სარტყელი (ოთხი რიგი). საფორტიფიკაციო ნაგებობების ანალიზის საფუძველზე ციხე აგებულია IV ს-ში (ლექვინაძე 1961: 146-150).

1949 წ. ციხის ტერიტორიაზე ჩატარდა მცირე სადაზვერვო სამუშაო, რომელიც გამოავლინა კედლის ადრეული ფენები (ლექვინაძე 1961: 167).

1995 წელს სკანდის ციხეზე გათხრებს აწარმოებდა შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია (ხელმძღვანელი ზ.ბრაგვაძე). გაითხრა წმ.გიორგის ეკლესიის ინტერიერი და მარანი. არქეოლოგიური მასალა ძირითადად წარმოდგენილია არქიტექტურული დეტალებით და გვიან შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტებით, რომლებიც ინახება ჩხარის მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის მუზეუმში.
 
ბიბლიოგრაფია: ბარბარო 1981: 62; ბერძენიშვილი 1964: 7, 10, 16, 18; გიულდენშტედტი 1962: 169, 303; დადიანი 1962: 174; იუსტინიანე 1965: 30-37; კონტარინი 1894: 17, 48, 51; ლექვინაძე 1961: 148-167; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 56; მენანდრე პროტიქტორი 1936: 22, 23; მუსხელიშვილი 1977: 54, 105, 113; 1980: 12, 85; პროკოპი კესარიელი 1965: 118-212; საითიძე 1990: 54-61; ტოლოჩანოვი 1970: 121, 152; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 143; ქც 2: 376,26; 436,15; 533,2; ქც 4: 416,6; 449,19; 600,21; 756,26; 820,10; 822,11; 836,9; 857,23; 883,16,17; შარდენი 1975: 281.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9