სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
სომ სონ სორ სოხ

სოხუმი

ცხუმი ქალაქი (ქც 1: 42,29; 235,5), საერისთავო, დაბა (ქც 4: 781,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 42,29), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 235,5; 238,14), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 34,1; 111,2), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 156,7), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 172,7; 258,7,8; 269,2; 284,9; 780,10,12; 781,სქ.3; 796,10; 801,11; 864,სქ.1), 1737 წ. ლიხთიმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 194), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 180, 183, 184, 194, 197, 200, 120, 123, 153, 154, 181), სკილაქს კარიანდელის „მოგზაურობა“ (ყაუხჩიშვილი 1967ა: 48), სტრაბონის „გეოგრაფია“ (ყაუხჩიშვილი 1957: 86, 91-93, 120-123, 125, 126, 140), პლინიუს გაიუს სეკუნდუს უფროსის „ბუნების ისტორია“ (ლატიშევი 1948: 186, 187), პომპონიუს მელას „ქვეყნიერების აღწერილობა“ (გამყრელიძე 1965: 29, 31), ფლავიუს არიანეს „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ (კეჭაღმაძე 1961: 41-43, 51), აპიანეს „მითრიდატიკა“ (ყაუხჩიშვილი 1959: 195), კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ (ლომოური 1955: 45), იპოლიტე რომაელის „დიამერისმოსი“ (გეორგიკა 1961: 20), ამიანე მარცელინუსის „ისტორია“ (გეორგიკა 1961: 112), ევსევი კესარიელის „ქრონიკები“ (გეორგიკა 1961: 32), ანონიმი ავტორის „ევქსინის პონტოს პერიპლუსი“ (კეჭაღმაძე 1961: 88, 90, 91), სტეფანე ბიზანტიელის „ეთნიკა“ (გეორგიკა 1934: 277), ეპიფანე მონაზონის „ანდრია მოციქულის ცხოვრება“ (გეორგიკა 1967: 113, 114), კატერინო ძენოს „შენიშვნები რაინდ კატერინო ძენოს სპარსეთში მოგზაურობისა და სპარსელთა ომების შესახებ“ (მამისთვალაშვილი 1981: 33), ჯოსაფატ ბარბაროს „მოგზაურობა ტანასა და სპარსეთში“ (მამისთვალაშვილი 1981: 55), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1991: 11, 107), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 259), ივანე შილტბერგერის „მოგზაურობა ევროპაში, აზიასა და აფრიკაში“ (შილტბერგერი 1867: 45, 46), ათანასე ნიკიტინის „მოგზაურობა ინდოეთში“ (ბარანოვი 1939: 74), ჟან დე-ლუკის „აღწერა პერეკოპისა და ნოღაის თათრების, ჩერქეზების, მეგრელებისა და ქართველებისა“ (ლუკი 1879: 422), რაინეგსის „კავკასიის ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერილობა“ (რაინეგსი 1797: 3), პეისონელის „სავაჭრო ურთიერთობათა აღწერა“ (პეისონელი 1927: 29), ქათიბ ჩელების „ჯიჰან ნუმა“ (ჩელები 1978: 132-135), ბოროზდინის „სამეგრელო“ (ბოროზდინი 1934: 18,60), კ.კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოს შესახებ (კოხი 1981: 120, 123, 130), ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა კავკასიაში“ (დიუბუა დე მონპერე 1843: 316, 317), ალექსანდრე დიუმას „კავკასია“ (დიუმა 1964: 412), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 84-87, 92-94, 105, 106, 260-275), ტრაპიზონის ფაშას სეიდ-სულეიმანის 1813 წ. წერილი (საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 139).

ვახუშტი ბაგრატიონი ცხუმის შესახებ გადმოგვცემს: „კოდორის დასავლეთად დის მდინარე ცხომისა, გამომდინარე კავკასისა და მოერთვის ზღუას ჩრდილოდამ. ამ წყალზედ, მთაში, არს ცხომი, და ისახელების მდინარე ესე ამისგან. იყო ცხომი ქალაქ და საერისთაო და აწ დაბა“ (ქც 4: 781,15).

ლოკალიზდება დღევანდელი ქ. სოხუმის ადგილზე. ცხუმი სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა სახელით იხსენიება: დიოსკურია (სტრაბონის „გეოგრაფია“ XI, II,16; პლინიუსის „ბუნების ისტორია“ VI, 15-16), სებასტოპოლისი (კატერინო ძენო, შარდენი და სხვ.), ცხუმი (ლეონტი მროველი, ვახუშტი და სხვ.).

სოხუმი თავდაპირველად დიოსკურიად იწოდებოდა. დიოსკურიის ეტიმოლოგიის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: მკვლევართა ერთი ნაწილი სახელწოდებას „დიოსკურია“ ადგილობრივი ტოპონიმის გრეციზირებულ ფორმად მიიჩნევს (ორბელი 1911: 195-215; შენგელია 1963: 826); მეორენი – ადგილობრივ ტოპონიმად (ჯანაშია 1952: 16; მიქელაძე 1974: 105). მესამენი – ბერძნულ სახელწოდებად (თრაფში 1969: 219).

დიოსკურიის ლოკალიზაციის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, ის ლოკალიზდება მდ. კოდორის შესართავთან, ისკურიას კონცხთან (უსლარი 1881: 390-391; ივაშჩენკო 1926ა: 93-103); მეორენი ვარაუდობენ, რომ დიოსკურია მდ. ბესლეთის შესართავთან მდებარეობდა და სოხუმის ყურეშია ჩაძირული (სოლოვიოვი 1947: 99; თრაფში 1969: 212; ვორონოვი 1980: 22-24).

დიოსკურიის სტატუსის შესახებაც სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. მკვლევართა ერთი ნაწილი მას პოლისად მიიჩნევს (ბოლტუნოვა 1979: 259; ლორთქიფანიძე 1979: 325); მეორენი ემპორიონად (ლორთქიფანიძე 1978: 134-143); მესამენი – ძვ. წ. VI-V სს-ის ემპორიონად, ხოლო ძვ. წ. IV ს-დან ბუფერული, შერეული, პოლისური ტიპის ქალაქად (გამყრელიძე 1993: 57-64).

ძვ. წ. VI-I სს-ში დიოსკურია კოლხეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრია. ძვ. წ. II-I სს-ის მიჯნაზე პონტოს მეფის მითრიდატე ევპატორის რეზიდენციაა. აღნიშნულ ხანაში აქ იჭრებოდა მონეტები დიოსკურიის სახელით. ახ. წ. I ს-დან სებასტოპოლისი ეწოდა. I-VI სს-ში რომაელ-ბიზანტიელთა მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული ციხე-ქალაქია. XI ს-დან ცხუმად იწოდება. 737-738 წწ. მურვან ყრუმ დალაშქრა. XII-XIII სს-ში საქართველოს სამეფოს მნიშვნელოვანი ზღვისპირა ქალაქი და მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაა. იმავე ხანებში, ის ცხუმის საერისთავოს ცენტრადაც ითვლებოდა. XIV ს-ის დასაწყისში სამეგრელოს მთავარმა გიორგი დადიანმა ცხუმის საერისთავოს ძირითადი ნაწილი დაიკავა. 1330 წ. გიორგი ბრწყინვალემ ცხუმი დაიბრუნა და ბედიელს გადასცა. XIV ს-დან ცხუმი გენუელთა ფაქტორიაა. 1473 წ. გენუელებმა ცხუმი დატოვეს (ანჩაბაძე 1959: 248). XV ს-ის დასაწყისში სოხუმი აფხაზეთის მთავარი ქალაქი იყო. XV ს-ის მეორე ნახევარში კი მხოლოდ დიდი ციხესიმაგრეა. XVI-XVII სს-ში მცირე ქალაქია (მესხია 1983: 142). 1724 წ. სოხუმში თურქების გარნიზონი ჩადგა. 1733 წ. აფხაზებმა ისინი განდევნეს, მაგრამ მალე თურქებმა სოხუმი ისევ დაიკავეს. 1806 წ. თურქებმა სოხუმი დატოვეს. 1810 წლიდან სოხუმში რუსული გარნიზონი განლაგდა.

სოხუმი და მისი მიდამოები არქეოლოგიურად მეტ-ნაკლებად შესწავლილია. 1886 წ. სოხუმში, მდ. ბესლეთის სანაპიროზე, არქეოლოგიური გათხრები ვ.სიზოვმა აწარმოა (სიზოვი 1889: 14). 1925 წ. კი ა. ბაშკიროვმა (ბაშკიროვი 1926: 16). 1922-1926 წწ. სოხუმსა და მის შემოგარენში სადაზვერვო სამუშაოები მ.ივაშჩენკომ ჩაატარა (ივაშჩენკო 1926: 101); 1935 წ. წითელ შუქურაზე სადაზვერვო ხასიათის სამუშაოები ჩაატარა მატერიალური კულტურის ისტორიის სახელმწიფო აკადემიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა.იესენი). 1938 და 1940 წწ. სოხუმის ცენტრში და სოხუმის მთის სამხრეთ ფერდობზე არქეოლოგიური გათხრები აწარმოა ლ. სოლოვიოვმა. 1951 წ. სოხუმის მთაზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარეს ალ.კალანდაძემ და მ.თრაფშმა. 1958-1959 წწ. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა. აფაქიძე). 1971-1980 წწ. ეშერის ნაქალაქარზე მუშაობდა აფხაზეთის ენისა და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. გ. შამბა).

ქ. სოხუმში, სოხუმის მთაზე დაფიქსირდა აშელის ხანის იარაღები (ზამიატნინი 1961: 76). სოხუმიდან 2-5 კმ-ის დაშორებით, სოფ. ქვედა და ზედა იაშთხვაზე აღმოჩნდა შელი-აშელის დროის დისკოსებური და კუბისებური ნუკლეუსები, წვეტანები, საფხეკები; მუსტიეს ეპოქის წვეტანები, საფხეკები, ნუკლეუსები. აგრეთვე ზედაპალეოლითის ეპოქის ნუკლეუსები, ანატკეცები, წვეტანები (ზამიატნინი 1961: 76-82, 120, 169-180). სოხუმიდან 6 კმ-ის დაშორებით გვარდას მთაზე აღმოჩნდა შელი-აშელის ხანის ანატკეცები, სახოკები, წვეტანები (ზამიატნინი 1961: 91).

ქვედა ეშერაში, ვერეშჩაგინის ბორცვზე, აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, სადაც დაფიქსირებულია კანელურებიანი ჭურჭლის ფრაგმენტები. ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილში დადასტურებულია 4 ურნასამარხი მეორადი დამარხვის წესით. პირველი და მეორე სამარხების ინვენტარში შედიოდა: ბრინჯაოს ცული, ხანჯალი, მასური რგოლები, ბრინჯაოს სარტყლის ფრაგმენტები, სერდოლიკის მძივები (100ც), პირამიდული ფორმის საკიდი. მესამე უინვენტარო სამარხში დაფიქსირდა ადამიანის ჩონჩხი. მეოთხე სამარხში გამოვლინდა: ბრინჯაოს ცული, შუბისპირი, რკინის შუბისპირი, ბრინჯაოს ხანჯალი, ყელსაბამი, ბრინჯაოს მძივი (კუფტინი 1949ა: 178-200).

ქვედა ეშერაში, კიურ-დერეს დასახლებაში, გამოვლენილია ადრებრინჯაოს ხანის დოლმენების ჯგუფი. პირველი დოლმენის ზომები: 2,1X2,93X3,68მ. ინვენტარი: ბრინჯაოს სფერული ღილები, კასრისებური მძივები, სფერული ფორმის საკინძი, სპირალური სამაჯურის ფრაგმენტი; მოწითალო და მოშავო ფერის ჭურჭლის ნატეხები (კუფტინი 1949ა: 266-268). მეორე დოლმენი გაძარცულია. ზომები: 2,5X2,55X2,02 მ. ინვენტარიდან შემორჩენილია ბრინჯაოს შუბისპირი (კუფტინი 1949ა: 272, 273). მესამე დოლმენის ინვენტარი: ბრინჯაოს ცული, ანკესი, შუბისპირები, მძივები, მოწითალო კეცის ჭურჭელი (კუფტინი 1949ა: 276-277). მეოთხე დოლმენში გამოვლინდა: სპილენძის ცული, ფირფიტები, კასრისებური და მრგვალი მძივები, საკიდი, სპირალური საყურეები, სფერული ღილები, მოწითალო ფერის ჭურჭლის ფრაგმენტები (კუფტინი 1949ა: 269-270). მეხუთე დოლმენში აღმოჩნდა: ბრინჯაოს შუბისპირი, სარტყელი, ბიკონუსური მძივები, საკიდები, თიხის ჭურჭელი (ჯაფარიძე 1959: 79-92). მეექვსე დოლმენის ინვენტარი: ბრინჯაოს შუბისპირი, კაჟის ისრისპირები, თიხის კვირისტავი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. დოლმენი თარიღდება ძვ. წ. 2400-2200 წწ. (ჯაფარიძე 1959: 95-100).

სოხუმის დასავლეთით, წითელ შუქურაზე გამოვლენილია გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, სადაც დადასტურებულია ე.წ. ქსოვილიანი კერამიკა (თრაფში 1955: 185-188). წითელ შუქურაზე გაითხარა 131 სამარხი (მეორეული დაკრძალვა ურნებში, ორმოსამარხები). მიცვალებულები დაკრძალულია მოხრილ პოზაში, ზოგიერთი მათგანი თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით. ინვენტარი: თიხის ქოთნები, ფიალები, სასმისები, ბრინჯაოს ცულები, რკინის ცულები, შუბისპირები, ისრისპირები, მახვილები, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ფიბულები, ბალთები, მძივები. ისინი ზოგადად ძვ. წ. VIII-III სს-ით თარიღდება (თრაფში 1969: 82-208). მათში გამოყოფილია ორი ჯგუფი: ე. წ. „უფროსი ასაკის“ სამარხები, რომლებიც ძვ. წ. VIII-VI სს-ით თარიღდება და „უმცროსი ასაკისა“, რომლებიც ძვ. წ. V, IV-III, III-II სს-ით თარიღდება (ლორთქიფანიძე 1978: 46-51).

სოხუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ე. წ. „სოხუმის მთაზე“ გამოვლენილია ნამოსახლარი და სამაროვანი. ნამოსახლარის ფენებში დადასტურებულია თიხის ქილები, ქვაბ-ქოთნები, კოჭბები, დოქები, ხელადები, კრამიტები, რკინის წალდი. მასალა თარიღდება ძვ. წ. V-II სს-ით (კალანდაძე 1953ა: 35-52). სამაროვანზე წარმოდგენილია კრემაციული და ინჰუმაციური სამარხები. ინჰუმაციური სამარხების ინვენტარი: შავლაკიანი ამფორისკის ძირი, საბრძოლო ცული, მახვილები, შუბისპირები. კრემაციული სამარხების ინვენტარი: ბრინჯაოს სამაჯურები, ვერცხლის მშვილდსაკინძები. ინვენტარი თარიღდება ძვ. წ. V-II სს-ით (კალანდაძე 1953ა: 54-55).

„სოხუმის მთის“ ჩრდილოეთით, ქ. სოხუმისა და სოფ. ბირცხას საზღვარზე მდებარეობს გუადიხუს სამაროვანი. გათხრილია 91 სამარხი. გამოყოფილია სამარხთა „უფროსი“ და „უმცროსი“ ასაკის ჯგუფები. „უფროსი ასაკის“ სამარხთა ჯგუფში წარმოდგენილია 17 ინჰუმაციური და 15 კრემაციული სამარხი. ინვენტარი წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, რკინის საბრძოლო ცულებით, შუბისპირებით, ისრისპირებით. თარიღდება ძვ. წ. VII-VI სს-ით (ლორთქიფანიძე 1978: 55). „უმცროსი ასაკის“ სამარხთა ჯგუფში წარმოდგენილია 48 კრემაციული და 12 ინჰუმაციური სამარხი. კრემაციული სამარხების ინვენტარში ძირითადად წარმოდგენილია: სამკაულები – სამაჯურები, მშვილდსაკინძები, ყელსაბამები, მძივები; ინჰუმაციურში – რკინის საბრძოლო ცულები, შუბისპირები, ისრისპირები, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულები – სამაჯურები, ფიბულები, მძივები; ადგილობრივი და იმპორტული კერამიკა – სკიფოსები, ქოთნები, თასები, ჯამები, ლანგრები და სხვ. ერთ სამარხში (№39) აღმოჩნდა კოლხური თეთრი – ნახევარდრაქმა. სამარხები ძვ. წ. V-II სს-ით თარიღდება (თრაფში 1969: 45-77).

ქ. სოხუმში, პუშკინის ქუჩაზე დადასტურებულია ძვ. წ. V-II სს-ის ფენა, სადაც წარმოდგენილია შავლაკიანი ჭურჭლის ნატეხი, შავლაკიანი ლეკითოსისა და მეგარული თასის, ამფორებისა და ადგილობრივი კერამიკის ფრაგმენტები, პირამიდული საწაფი (ვორონოვი 1969: 51); სასტუმრო „რიწასთან“ დაფიქსირდა ძვ. წ. III-II სს-ის ფენა, სადაც აღმოჩნდა ამფორების, შავლაკიანი ჭურჭლის ნატეხები, ამფორისკი, პირამიდული საწაფი (სოლოვიოვი 1947: 121).

ქ. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით, 15 კმ-ის დაშორებით შემთხვევით აღმოჩნდა კერამიკული წარმოების ნაშთი. იქ გამოვლინდა ადგილობრივი დამღიანი ამფორის ფრაგმენტი დიოსკურიის შემოკლებული სახელით (ლორთქიფანიძე 1978: 43; შამბა 1976: 77-80).

ქ. სოხუმის ყურის ფსკერზე აღმოჩნდა მარმარილოს რელიეფური სტელა, რომელიც ძვ. წ. 430-420 წწ. თარიღდება (ლორთქიფანიძე 1966: 166-168; გამყრელიძე 1997: 3-19).

ქ. სოხუმიდან 10 კმ-ის დაშორებით, სოფ. ქვედა ეშერაში აღმოჩენილია ცალკეული სამარხები და ნაქალაქარი. გათხრილია ძვ. წ. VI ს-ის მდიდრული სამარხი. მასში გამოვლინდა: შავფიგურული თასი, საბეჭდავი-ბეჭედი (შამბა 1983: 33-37).

ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია საფორტიფიკაციო ნაგებობის სისტემა – კედლები, თხრილები, კოშკები, „ყაზარმული“ ტიპის ნაგებობები, რომლებიც ნაგებია თლილი ქვებით; კერამიკული ნაწარმი – პითოსები, ჯამები, თასები, ამფორები, დოქები. მათ შორის ადგილობრივი და იმპორტული ჭურჭლის – როდოსულ-იონიური, ატიკური შავფიგურული, სინოპური, მცირეაზიური კერამიკის ფრაგმენტები, ჭრაქები, წყალსადენის მილები, კრამიტები, სამკაულები, რკინის შუბისპირები, ისრისპირები. ნაქალაქარი ძვ. წ. VI-I სს-ში ფუნქციონირებდა (შამბა 1980: 10-60).

სოხუმის სანაპიროზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 3 სხვადასხვა დროის ციხესიმაგრე გამოვლინდა. პირველი ციხესიმაგრე ნაგებია გრანიტის ლოდებით, კირხსნარითა და აგურის ორფენიანი სარტყლით (1 ჰა). ნაწილობრივ შემორჩენილია 7 ოთხკუთხა ფორმის კოშკი, ხოლო მთლიანად – ჩრდილოეთის მხარის კედელი (სიგრძე 80 მ). ის განეკუთვნება კასტელუმის ტიპის ციხესიმაგრეს და ახ. წ. I-II სს-ით თარიღდება. მეორე ციხესიმაგრე (2-2,5 ჰა) ნაგებია „ოპუს მიქსტუმ“-ის წესით – გრანიტის ქვებითა და აგურის სარტყლებით კირხსნარზე. ციხის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია 2 სწორკუთხა კოშკი. ისიც კასტელუმის ტიპის ციხესიმაგრეა და თარიღდება ახ. წ. III-IV სს-ით. მესამე ციხესიმაგრე კვადრატული გეგმისაა (0,6-0,8 ჰა). ნაგებია „პიუს ინცერტუმ“-ის ტექნიკით, გრანიტის ქვებითა და აგურით კირხსნარზე. ნაწილობრივ შემორჩენილია 2 ოთხკუთხა კოშკი. სანუმერო ტიპის კასტელუმს განეკუთვნება და თარიღდება ახ. წ. VI ს-ის პირველი ნახევრით (თრაფში 1969: 298-315; თოდუა 2003: 95-98).

სოხუმის ყურედან 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ცალკე მდგომი სადარაჯო კოშკი სწორკუთხა გეგმის (6,30X6,45 მ). ნაგებია რიყის ქვებითა და კირხსნარით. კოშკი სებასტოპოლისის ერთიან თავდაცვით სისტემაში შედიოდა. ფუნქციონირებდა II-VI სს-ში.

აღნიშნული ციხესიმაგრეების ტერიტორიაზე აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა – აგურები, კრამიტები, წყალსადენის მილები, ამფორები, ქვევრები, წითელლაკიანი ჯამები, ლანგრები; ლუთერიები, ბრინჯაოს ოინოხოია, პატერები, რკინის შუბისპირები, დანები, მინის ჭურჭელი, ძვლის სტილოსები; ბრინჯაოსა და რკინის ფიბულები, სამაჯურები, მძივები და სხვ. (თრაფში 1969: 318-351). განსაკუთრებით აღსანიშნავია ლათინურწარწერიანი კირქვის ფილა, რომლის პირველ სტრიქონში იმპერატორ ადრიანეს სახელია შემორჩენილი, მეორეში ფლავიუს არიანეს, მესამეში კი მითითებულია მისი ტიტული – ლეგატი (ელნიცკი 1964: 203-210; გამყრელიძე 2012: 153-161, 265).

VIII-X სს-ის მატერიალური კულტურის ნაშთები სოხუმში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. XI-XIII სს-ის არქეოლოგიური ძეგლები წარმოდგენილია მდ. ბესლეთის მარცხენა ნაპირზე. დადასტურებულია ხის ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, ხელადები, ჭრაქები, ლანგრები. ბაგრატის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XII-XIV სს-ის საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, მოჭიქული კერამიკა და სხვ. (თრაფში 1975: 131-171).

სოხუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ბაგრატის ციხე (55X27 მ). გეგმაში ოვალური ფორმისა. ნაგებია რიყისა და კირქვის თლილი ქვებით. შემორჩენილია ოთხკუთხა გეგმის 2 კოშკი. შიდაციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამი სამარხი. აღნიშნულ ფართობზე დადასტურებულია მრავალრიცხოვანი სუფრისა და სამზარეულო დანიშნულების კერამიკა, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, ხელსაფქვავები, საწაფები და სხვ. ციხე XII-XIV სს-ში ფუნქციონირებდა (ვორონოვი 1980: 104, 105).

სოხუმიდან 4 კმ-ის დაშორებით, მდ. კელასურის ხეობიდან იწყება აფხაზეთის დიდი კედელი ანუ კელასურის კედელი, რომლის მშენებლობა ახ. წ. VI ს-ში უნდა დაწყებულიყო (ივაშენკო 1926ა: 30-36).

სოხუმსა და მის მიდამოებში აღმოჩენილია ბერძნული (ათენის ტეტრადრაქმა ძვ. წ. II-I სს-ის; ამისოს ბრინჯაოს მონეტა ძვ. წ. II-I სს-ის) და რომაული (მარკუს ანტონიუსისა და ავგუსტუსის ძვ. წ. I-ახ. წ. I სს; გალბას, კომოდუსის, კარაკალას) ხანის მონეტები. აგრეთვე ადგილობრივი მონეტები – კოლხური თეთრი და არისტარქეს ძვ. წ. 52-51 წწ. დრაქმა.

სოხუმსა და მის მიდამოებში აღმოჩენილია შემდეგი განძები: სოხუმის მთის განძი, რომელიც შედგება 12 დიდი და 1 მომცრო კოლხური ცულისაგან, გაურკვეველი დანიშნულების ორი ნივთის (შესაძლოა ცულის) ფრაგმენტის, ბარის მოყვანილობის სეგმენტური იარაღის ნატეხისა და სპილენძის 3 ზოდისაგან. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულითა და I ათასწლეულის დასაწყისით (კალანდაძე 1953: 12-21); სოხუმში მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა თიხის ჭურჭელში ჩაწყობილი ძვ. წ. XIII-XII სს-ის სეგმენტური იარაღები (ქორიძე 1965: 25, 26, 94). განძი ინახება სოხუმის მუზეუმში; ლეჩქოფის განძი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა, შედგებოდა 15 ცულისაგან. მათგან ნაწილი დაკარგულია. 2 ცული სოხუმის მუზეუმშია დაცული. თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII სს-ით (ქორიძე 1965: 48, 59); ღურზულის სამონეტო განძში 469 ეგზემპლარია. განძის შემადგენლობაშია კესარიული დიდრაქმები. განძი თარიღდება ახ. წ. II ს-ით.
 
ბიბლიოგრაფია: ანჩაბაძე 1959: 248; ბარანოვი 1939: 74; ბაშკიროვი 1926: 16; ბოლტუნოვა 1979: 259; ბოროზდინი 1934: 18, 60; ბურჯანაძე 1959: 194; გამბა 1987: 84-87, 92-94, 105, 106, 206-275; გამყრელიძე 1993: 57-64; გამყრელიძე 1997: 3-19; გამყრელიძე 2012: 152-162; გეორგიკა 1934: 277; 1961: 112; 1967: 113, 114; დადიანი 1962: 180, 183, 184, 194, 197, 200, 120, 123, 153, 154, 181; დიუბუა დე მონპერე 1843: 316, 317; დიუმა 1964: 412; ელნიცკი 1964: 203-210; ვორონოვი 1969: 51; 1980: 22-24, 104, 105; ზამიატნინი 1961: 76-82, 91, 120, 169-180; თოდუა 2003: 95-98; თრაფში 1955: 185-188; 1969: 45-77, 82-208, 212, 219, 298-315, 318-351; 1975: 131-171; იესენი 1937; ივაშჩენკო 1926: 93-103; 1926ა: 30-36; კალანდაძე 1953ა: 12-21, 35-52, 54, 55; კეჭაღმაძე 1961: 41-43,51, 88, 90, 91; კოხი 1981: 120, 123, 130; კუფტინი 1949ა: 178-200, 266-277; ლამბერტი 1991: 11, 107; ლატიშევი 1948: 186, 187; ლომოური 1955: 45; 1958ა: 195; ლორთქიფანიძე 1966: 166-168; 1979: 325; ლორთქიფანიძე 1978: 43, 46-51, 134-143; ლუკი 1879: 422; მამისთვალიშვილი 1981: 33, 55; მესხია 1983: 142; მიქელაძე 1974: 105; ორბელი 1911: 195-215; პეისონელი 1927: 29; რაინეგსი 1797: 3; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 139; სიზოვი 1889: 14; სოლოვიოვი 1947: 99, 121; უსლარი 1881: 390, 391; ქც 1: 42,29; 235,5; 238,14; ქც 2: 34,1; 111,2; 156,7; ქც 4: 172,7; 269,2; 258,7,8; 284,9; 780,10,12; 781,3,სქ.3; 796,10; 801,11; 864,სქ.1; ქორიძე 1965: 24, 25, 48, 59, 94; ყაუხჩიშვილი 1957: 86, 91-93, 120-123, 125, 126, 140; 1959: 195; 1967ა: 48; შამბა 1976: 77-80; 1980: 10-60; 1983: 33-37; შარდენი 1975: 259; შენგელია 1963: 826; შილტბერგერი 1867: 45, 46; ჩელები 1978: 132-135; ჯანაშია 1952: 16; ჯაფარიძე 1959: 79-100.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

See also: ცხუმი
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9