სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
სტე

სტეფანწმიდა

(ყაზბეგი), დაბა (ქც 4: 357,21).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 357,21), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 305,10,13,14), „გერგეტის სულთა მატიანე“ (გერგეტის ... 1954: 272,2-5), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 6), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (სიგელები ... 1902: 115, 135; საქ. სიძ. 1910: 85, 359; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 65; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 196; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 922; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 197), XVIII ს-ის ხევის სტატისტიკური აღწერის მასალები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 409), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 36), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 49), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 5, 7, 179, 331; 1964: 31,33, 63, 157, 159, 181, 229, 263, 265, 267), დე გრაი დე ფუას „ცნობები საქართველოს შესახებ“ (დე გრაი დე ფუა 1985: 39, 40), რიჩარდ უილბრაჰიმის „მოგზაურობა საქართველოში“ (უილბრაჰიმი 1990: 25).

ვახუშტი ბაგრატიონი სტეფანწმიდის შესახებ გადმოგვცემს: აჩხოტის ხევის „ჩდილოთ არს სტეფან-წმიდა, დაბა კარგი. ამის დასავლით არს გერგეთი, არაგუს იქით კიდესა“ (ქც 4: 357,21,22).

მდებარეობს მდ. თერგის მარჯვენა ნაპირზე, დაბა ყაზბეგის ადგილას, თანამედროვე – სტეფანწმინდა.

XIII ს-ის მიწურულს აჯანყებულ მეფე დავით VIII-ის (1293-1311) დასასჯელად ხევში გადასული მონღოლთა ლაშქარი სტეფანწმიდასთან დიდ წინააღმდეგობას შეხვდა და უკან გაბრუნდა (ქც 2: 305,8-14). XV ს-ის საბუთის მიხედვით სტეფანწმიდელები მძევლებს აძლევენ გერგეტის სამების ტაძარს (გერგეტის ... 1954: 272,2-5). სტეფანწმიდას ყაზბეგი შეარქვეს რუსებმა. ალ.ყაზბეგის პაპის – გაბრიელ ყაზიბეგის ძე ჩოფიკაშვილის – პატივსაცემად, ვინაიდან ის რუსეთის ხელისუფლების ერთგული მოხელე გამოდგა 1804 წ. ქართველ მთიელთა აჯანყების ჩახშობის პერიოდში (მაკალათია 1934: 52; ითონიშვილი 1971: 104).

1852 წ. სტეფანწმიდაში მიწის სამუშაობის დროს შემთხვევით აღმოჩნდა ნივთები, რომელთა შორის თითქოს ხარის ოქროს (?) ქანდაკებაც ყოფილა. ნივთები უკვალოდ დაიკარგა (წითლანაძე 1976: 5). 1871 წ. პატარა სამლოცველოსთან გზის გაყვანისას გამოვლენილა რამდენიმე სამარხი, რომელთაც ფ. ბაიერნი სამთავროს ზედა სართულის სამარხების თანადროულად მიიჩნევდა (ანუჩინი 1882: 208). სამარხეული მასალიდან დაკარგვას გადაურჩა მხოლოდ მამაკაცის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ფ. ბაიერნს ერმიტაჟისათვის გადაუცია. 1874 წ. მიწის სამუშაოების დროს, ახლანდელი ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ეზოს გვერდით, აღმოჩენილა ბრინჯაოს ნივთები, რომელიც გ.ხატისოვს შეუსყიდია. კოლექცია შეიცავს: ბრინჯაოს მშვილდსაკინძებს; სამაჯურებს; უმბონებს; ქოლგისებურ ჟღარუნებს. ნივთები ინახება მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში (წითლანაძე 1976: 5). 1877 წ. ამ ადგილას გათხრები ჩაატარა გ. ფილიმონოვმა. გათხრებისას აღმოჩნდა: ოქროს ხუთსხივიანი საყურე; ოქროს ბალთა და ცისფერი პასტის მძივები; ბრინჯაოს ჯაჭვის ფრაგმენტები; ვერცხლის თასი; ბრინჯაოს 2 მათარა; სპილენძის სიტულა; ოთხივე ჭურჭელს ჯაჭვი ჰქონდა შემოხვეული და შიგ ელაგა ლითონის ორასამდე სხვადასხვა ნივთი. გათხრების პროცესში გ.ფილიმონოვს დაუღამდა. უმეთვალყურეოდ მიტოვებული ადგილი მეორე დღეს გაძარცვული დახვდა (ფილიმონოვი 1878: 26-33). ნივთების ერთი ნაწილი დაიკარგა, ნაწილი სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში მოხვდა. გ. ფილიმონოვის მონაპოვარმა შემდგომში „ყაზბეგის განძის“ სახელწოდება მიიღო (წითლანაძე 1976: 6). „განძის“ აღმოჩენის ადგილას 1878 წ. გათხრები ჩაატარა ფ. ბაიერნმა. მან აქ აღმოაჩინა ოქროსა და ვერცხლის ნივთები; ნახევრად ძვირფასი ქვებით შემკული სამკაულები; ბრინჯაოს სამაჯურები; ბეჭდები და რკინის შუბისპირები (ბაიერნი 1885: 41-45). 1879 წ. მკვლევართა ჯგუფს ს.უვაროვს, პ. უვაროვას, ვ. ანტონოვიჩს, კ.ოლშევსკის, სოფელში მცირე მასშტაბის გათხრები ჩაუტარებიათ. ფ.ბაიერნის განათხარი ფართობის სამხრეთით გამოვლენილა ცალკეული ნივთების შემცველი კულტურული ფენა და 3 სამარხი, რომლებშიც მიცვალებულთა ძვლები ცუდად ყოფილა შემონახული. განათხარი მასალა წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის ნივთებით, რომლებიც „ყაზბეგის განძზე“ შედარებით გვიანდელია (ანტონოვიჩი 1882: 253-255). 1888 წ. სტეფანწმიდაში გათხრებს აწარმოებდა ა. ბობრინსკი. მან ძირითადად შეისწავლა ყაზბეგების ეზოს გალავნის გარეთ მდებარე ფართობი. საძიებო თხრილი გაუჭრიათ საკუთრივ ეზოშიც, სადაც რკინის უფორმო ნატეხები და ცხოველთა ძვლები გამოვლინდა. ა.ბობრინსკიმ სოფლის შარაგზასთანაც გაჭრა თხრილი, სადაც აღმოჩნდა: ოქროს ორნამენტული ფირფიტა; ავგუსტეს (ძვ. წ. 97 – ახ. წ. 14) ვერცხლის დენარი; ბეჭდის 2 თვალი, რომელთაგან ერთზე მხედარი იყო ამოკვეთილი; 140 მძივი; ბრინჯაოს 4 ბეჭედი; ჟღარუნა; ჯაჭვი; ბრინჯაოსა და ვერცხლის სამაჯურები; ზამბარიანი ფიბულის ნატეხი; რკინის ისრისწვერები; შუბისა და ლაგმის ფრაგმენტები. ავგუსტეს დენარი, ზამბარიანი მშვილდსაკინძი და გემები მასალას კარგად ათარიღებენ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებით (არქ. კომ. ანგ. 1891: 299). 1934-1935 წწ. ნ.მარის სახ. მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა.კრუგლოვი) „განძის“ აღმოჩენის ადგილას ჩაატარა მცირე მასშტაბის გათხრები, მაგრამ საყურადღებო ვერაფერი გამოავლინა (კრუგლოვი 1937: 248). 1960 წ. ყაზბეგში მივლინებულმა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ი.გძელიშვილმა სადაზვერვო თხრილი გაავლო ალ.ყაზბეგის სახლ-მუზეუმსა და იქვე მდგარ ეკლესიას შორის. თხრილში კულტურული ფენა არ დადასტურდა (წითლანაძე 1976: 10). 1962 წ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. გობეჯიშვილი) განაახლა გათხრები ალ.ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ეზოში, ძველი აღმოჩენების ადგილას. №3 თხრილში გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების უინვენტარო ქვის სამარხები (წითლანაძე 1963ა: 31). 1963 წ. იმავე ექსპედიციის მიერ სახლ-მუზეუმის ეზოს ჩრდილოეთი ნაწილის გათხრებისას მხოლოდ სარდიონის მრგვალი მძივი და ქარვის რომბისებური მძივი აღმოჩნდა (წითლანაძე, გობეჯიშვილი 1964: 24).

სტეფანწმიდაში (ყაზბეგში) აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „ყაზბეგის განძი“. მასში შედის მრავალრიცხოვანი ნივთები: ლითონის ჭურჭლები; ზარები; შტანდარტები; ცხენის აღკაზმულობა; იარაღსაჭურველი; ეჟვნები; სამაჯურები; მშვილდსაკინძები; ჩქიფები; ბალთები; საყურე; საკიდები და სხვ. ლითონის ჭურჭელი წარმოდგენილია ვერცხლის პირგაშლილი ღრმა თასით. შემკულია წვერით ომფალოსისაკენ მოქცეული ექვსი ნუშისებური ბურცობით, რომელთა შორის ერთმანეთისაგან პირშექცევით გამოსახულია წყვილი გედის თავ-ყელი. გედების გამოსახულების ზემოთ და ქვემოთ შვიდი და ხუთფურცლიანი პალმეტია. ხუთფურცლიანი პალმეტის ზემოთ მოთავსებულია ლოტოსის თითო სამკვირტიანი ყვავილი. გარეპირზე ამოკაწრულია ხუთასოიანი არამეული წარწერა. ბრინჯაოს მათარები დამზადებულია სპილენძის თხელი ფირფიტისაგან. ისინი შემკულია ჭდეული წრეებითა და წერტილებით გამოყვანილი ცხოველთა გამოსახულებებით. ერთ მათგანზე გამოსახულია თევზი და ჩლიქოსანი ცხოველის სამი ფეხია შემორჩენილი. მეორე მათარაზე წარმოდგენილია ფანტასტიკური ცხოველის მკერდისა და ფრთის ნაწილი, შემკული პალმეტებითა და ზოლებით. ბრინჯაოს სიტულა პირგაშლილია, დაბალმუცლიანი, ძირქუსლიანი. ჭურჭელს ახლავს ყუნწიანი ხუფი, რომლის კიდეები ტეხილი ხაზებითა და წერტილებითაა შემკული. „განძში“ დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი სხვადასხვა ზომის ბრინჯაოს ზარები. ბრინჯაოს მცირე ზომის ითიფალურ ქანდაკებებს ხელები წინა აქვთ გაწვდილი. მარცხენა ხელში, ორ შემთხვევაში კი მარჯვენაში ყანწი უკავიათ. წელზე შემოუყვებათ სარტყელი. აცვიათ ყელიანი ფეხსაცმელი. ახურავთ ოდნავ წვერაწეული ქუდები. ერთი თავშიშველია. ქანდაკებებს ზურგზე რგოლის საშუალებით მიერთებული აქვთ ძეწკვი. „განძის“ ნივთებიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს შტანდარტები თუ ბუნიკის ბოლოები. ისინი წარმოადგენდნენ სამ სართულად განლაგებულ ჯიხვის თავებს, რომელთაგან ზოგიერთი ბოლოვდება შიშველი მამაკაცის ქანადაკებებით. მათ ხელში კვერთხი ან ჩაქუჩისებური იარღი უკავიათ. შტანდარტების ერთ ნაწილს გააჩნია ცილინდრული მოყვანილობის მილი, რომლის ორი შვერილი დაბოლოებულია ფუყე ბურთულებით ან ცხვრის თავების სქემატური გამოსახულებით. რამდენიმე შტანდარტის ცხვრის დაგრეხილ რქებზე წარმოდგენილია შიშველი, წვერიანი, თავსაბურავიანი მამაკაცის ქანდაკებები. ერთ შემთხვევაში მამაკაცს მარცხენა ხელი მეორე ადამიანისათვის თავში ჩაუვლია, მარჯვენათი კი დანა მსხვერპლისათვის ყელზე მიუბჯენია. სხვა შტანდარტზე ერთ მხარეს გამოსახულია ჩანგზე დამკვრელი, მეორე მხარეს კი – ფარიანი მამაკაცი. ერთ-ერთ შტანდარტზე წარმოდგენილია წელში მოხრილი მამაკაცი, რომლის კისერზე მობმული თოკი უკან მდგომ ფარიან მამაკაცს მხარზე აქვს გადადებული. გვხვდება შტანდარტები წყვილი მხედრის გამოსახულებით. ცხოველთა ბრინჯაოს ქანდაკებები მცირე ზომისაა. არჩვის ორი ქანდაკება ღრუა, ქვედა მხარეს გახსნილი. ზურგზე გააჩნიათ საკიდი ყუნწი. ირმის ქანდაკებებს განტოტვილრქებიანი თავი მაღლა აქვთ აწეული. ზურგზე აქვთ ყუნწი. ვერძის ქანდაკება შიგნიდან ღრუა. სხეული დაფარულია მცენარეული ორნამენტით, მხარზე გამოსახულია ვარდული. ქანდაკება ნაკლულია. ტახის (?) გამოსახულებიანი ბრინჯაოს გარსაკრავი აქა-იქ დახვრეტილია სამანჭვლე ნახვრეტებით. „განძის“ შემადგენელი ნაწილია ეშვის ფორმის ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც შემკულია რელიეფური ორნამენტით. „განძში“ გამოიყოფა ბრინჯაოს ეჟვნები. ისინი ოთხ ჯგუფად იყოფა: 1. ცხენის თავის გამოსახულებიანი ეჟვნები, 2. ეჟვნები ითიფალური მხედრების გამოსახულებით, 3. ცხოველთა ქანდაკებებით შემკული, 4. სადა ეჟვნები. „განძში“ აღმოჩნდა ბრინჯაოს 3 ცალი ცხენის ლაგმის ფრაგმენტი. იარაღ-საჭურველი უმთავრესად რკინისაა. გამონაკლისს შეადგენს ბრინჯაოს სატევრის 5 ტარი, 1 ისრისპირი და ქარქაში. სატევრის ტარები მთლიანადსხმულია. ბრინჯაოს ტარები მორგებული უნდა ყოფილიყო რკინის პირებზე, რომლებიც აღარ შემორჩენილა. რკინის შუბისპირები გრძელმასრიანია. ფართო ფრთებს შუაში დაუყვება მაღალი ქედი. ბრინჯაოს სამაჯურებიდან ერთი დამზადებულია ფართო და ბრტყელი ფურცლისაგან. თავები გახსნილია. ფირფიტას ორივე ნაპირზე შემოუყვება ჭდეული წერტილებით შევსებული ამოღარული სამკუთხედების რიგი. გვხვდება ბრინჯაოს მავთულისაგან დამზადებული სამაჯურებიც. განივკვეთში ისინი მრგვალი ან ოთხკუთხაა. თავები გახსნილი აქვთ. ზოგიერთის ზედაპირი შემკულია განივი ჭდეული ხაზებით ან ბურცობებით. გახსნილი თავები ბოლოვდება ზოომორფული გამოსახულებით. მშვილდსაკინძებისათვის დამახასიათებელია მაღალი მშვილდი და ფართო ბუდე. განივკვეთში უმეტესად მრგვალია (ზოგჯერ გრეხილი) და შემკულია განივი ნაჭდევი ხაზებით, იშვიათად, სამკუთხედებით. ერთი საკინძის მშვილდზე ცხვრის თავის სამი სკულპტურული გამოსახულებაა წარმოდგენილი. მშვილდსაკინძის ბუდეს სვასტიკის გამოსახულება ამკობს. ზოგიერთ მშვილდსაკინძზე შემორჩენილია ჯაჭვი. ბრინჯაოს ჩქიფები 5 ერთეულია. შემკულია წიწვისებური ორნამენტით, წერტილებით შევსებული სამკუთხედებით. ერთ მათგანზე გამოსახულია ირემი. ორს თავთან გაყრილი აქვს რგოლი. ერთ-ერთ რგოლზე ჯაჭვია ჩამოკიდებული. ვიწროგვერდიანი ჩქიფი სადაა. საინტერესოა ბრინჯაოს ცხოველების (ძაღლების) სტილიზებული გამოსახულებები, რომლებიც საკიდები უნდა იყოს. ცხოველებს თავი დახრილი აქვთ, პირი ღიაა, ყურები – უკან გადაწეული, კისერი და გავა ამოზნექილი, კუდი მოკლე და ზევით აპრეხილი. ფეხები ტანის გასწვრივაა გამოსახული. კუდს ქვემოთ აქვთ ჩამოსაკიდი ყუნწი. ტანი სამ ადგილას გამჭოლი სამკუთხედებითაა შემკული. ერთი მათგანის ყუნწზე ჯაჭვია მიერთებული. ბალთები წარმოადგენს ბრტყელ ფირფიტას, რომელთაც მომრგვალებული კიდეები აქვთ. შემკულია გამჭოლი, წრიული და სამკუთხა მოყვანილობის ნახვრეტებით, კონცენტრული წრეებით, ტეხილი ხაზებით, სიმეტრიულად განლაგებული კოპებით. გვხვდება წრიული მოყვანილობის ბალთებიც, რომლებიც ერთი მხრიდან ამოწეულია. ცენტრში აქვთ ბურთულა. „განძის“ ნივთებიდან საინტერესოა ოქროს შვიდსხივიანი საყურე. საკიდებიდან აღსანიშნავია გულის ფორმის ორნამენტირებული ფირფიტა. საკიდებს შორის გამოირჩევა ნივთი, რომლის მასურ ღერძს ხუთი კონუსისებური თავით დაბოლოებული შვერილი ახლავს. ყოველი კონუსი ხუთი კოპითაა შემკული. ღერძი ყუნწიანია, რომელსაც ვერძის თავის წყვილი გამოსახულება ამკობს. გარდა აღწერილი ნივთებისა, „განძის“ შემადგენლობაში გვხვდება ბრინჯაოს ჯაჭვები, სხვადასხვა ფორმის გარსაკრავები, სარდიონისა და მინის მძივები და სხვ. „ყაზბეგის განძი“ ძვ. წ. VI-V სს-ით თარიღდება. „განძის“ დიდი ნაწილი ინახება მოსკოვის სახელმწიფო მუზეუმში, სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (წითლანაძე 1976: 12-94).

სტეფანწმიდიდან ცნობილია სხვადასხვა პერიოდის ცალკეული ნივთები. ახ. წ. I ს-ის პირველი ნახევრითაა დათარიღებული ბრინჯაოს ფიბულა. I-II სს-ს მიეკუთვნება ბრინჯაოს ორწილადი აბზინდა. ფარაკი მოგრძოა, ტრაპეციის ფორმის. საქამრე რგოლი ნახევარწრიულია, ენა – მოკლე. მასთან ერთადაა სარტყლის ბოლოზე დასაკიდი ბალთა, რომელიც წარმოადგენს ერთ ადგილას გახვრეტილ მოგრძო, ბრტყელ ფირფიტას. ამავე ხანებით თარიღდება ბრინჯაოს აბზინდა წრიული მოყვანილობის შუაში გახვრეტილი ფარაკით, ნახევარწრიული საქამრე რგოლითა და მოკლე ენით. III ს-ს მიეკუთვნება ბრინჯაოს ქამრის დეტალები, მოგრძო, სწორკუთხა ფორმის ფირფიტა. IV-V საუკუნეებისაა ბრინჯაოს აბზინდა ნახევარწრიული რგოლითა და მოგრძო ენით. სტეფანწმიდიდან (?) უნდა მომდინარეობდეს ბრინჯაოს მუხლზამბარიანი მშვილდსაკინძი, რომელსაც ბრტყელი და ვიწრო, თანაბრად მორკალული მშვილდი აქვს. თარიღდება V ს-ის მიწურულითა და VII ს-ის დასაწყისით. სტეფანწმინდიდან ცნობილია VII ს-ის პირველი ნახევრით დათარიღებული ბრინჯაოს აბზინდები და ბალთები (აფხაზავა 1979: 11, 15, 39; ტაბ. XVII,44, XXV,41-45,54, XXVI,15, XXXII,24,25,-38,47,48,58,67). ნივთების ნაწილი დაცულია ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული სტეფანწმიდის გარდა, ამავე სახელითაა ცნობილი სოფელი სამცხე-ჯავახეთში, სოფ. ღვიმევსა და ჭილვანას ახლოს. ის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის (1595 წ.) მიხედვით შედიოდა ფოცხოვის ლივაში. სოფელში 25 კომლს უცხოვრია და შეწერილი ჰქონდა 10 000 ახჩა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 19, 308; 1958: 449). სამცხე-ჯავახეთის სოფ. სტეფანწმიდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ალექსეევა 1949: 191-257; ანუჩინი 1884: 208; არქ. კომ. ანგ. 1891: CCLXXIX-CCLXXXI; აფხაზავა 1979: 11, 15, 39; ტაბ. XVII,44, XXV,41,45,54, XXVI,15, XXXII, 24,25, 38,47, 48,58,67; ბაგრატიონი დავით 1941: 6; ბაგრატიონი 1983: 49; ბაგრატიონი 1986: 36; ბაქრაძე 1875: 137; ბაიერნი 1885: 41-45; გერგეტის ... 1954: 272,2-5; გიულდენშტედტი 1962: 5, 7, 179, 331; 1964: 31, 33, 63, 157, 159, 181, 229, 263, 265, 267; გობეჯიშვილი, წითლანაძე 1964: 24; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 19, 308; 1958: 449; დე გრაი დე ფუა 1985: 39, 40; ითონიშვილი 1957: 165-172; 1971: 104; კრუგლოვი 1937: 248; კრუპნოვი 1960: 214; ლორთქიფანიძე 1969: 85, 86; მაკალათია 1934: 52; მასალანი საქ. სტატ. 1907: 409; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 196; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 65; საქ. არქ. 1959: 199-202; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 197; საქ. სიძ. 1910: 85, 359; სიგელები ... 1902: 115, 135; სულავა 2003: 83-85; უვაროვა 1900: 139-155; უვაროვა, რადდე 1902: 11-19; უილბრაჰიმი 1990: 25; ქც 2: 305,10,13,14; ქც 4: 357,21; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 922; წითლანაძე 1963: 39-58; 1963ა: 33; 1976; 1977: 93; 2004; ფილიმონოვი 1878: 26-33; ჯალაღანია 1979: 56.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9