სხოვი (ქც 4: 764,17).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 764,17; 870,20), XVIII ს-ის საბუთი (ქრონიკები 1967: 635), ალექსი იევლევისა და ნიკიფორე ტოლოჩანოვის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა (იევლევი 1969: 86, 166; ტოლოჩანოვი 1970: 152, 265), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 293).
ვახუშტი ბაგრატიონი სხოვის შესახებ გადმოგვცემს: „კრიხულას ერთვის, კრიხს ზეით, სხოვის ხევი, დის სამხრიდამ ჩდილოთ ... სხოვის სამხრით და კრიხის პირისპირ, აღმოსავლით კიდურს, მაღალს კლდიანს გორასა ზედა არს ციხე კუარასი მტკიცე“ (ქც 4: 764,12-19).
მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, სოფლების ზემო და შუა სხვავას ტერიტორიაზე.
1786 წ. 26 იანვარს იმერეთის მეფე დავით II-მ (1784-1789; 1792) და დადიანის ლაშქარმა დაამარცხეს რაჭაში შემოჭრილი ლეკთა და თურქთა რაზმები, რომლებსაც ბერი წულუკიძე და წერეთელი მეთაურობდნენ. დამარცხებულები სხვავასა და კვარას ციხეში გამაგრდნენ. მეფის ჯარმა სხვავას ციხეს ცეცხლი წაუკიდა. შიგ შეფარებული მტრები გაწყვიტა (სინ 1973: 747).
სოფლების ზემო და შუა სხვავას ტერიტორია, სადაც ლოკალიზდება „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული სხოვი, არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფ. ზემო სხვავაში იდგა რამდენიმე ეკლესია. სოფ. შუა სხვავაში XIX ს-ის გუმბათიანი ეკლესიაა. მასში ინახებოდა საკურთხევლის წინ აღსამართი XI ს-ის ხის ჯვარი, შემკული მოოქრული ვერცხლის ფირფიტებით, რომელზეც გამოსახულია სცენები ქრისტეს ცხოვრებიდან. ჯვარზე ამოკვეთილია მხედრული წარწერები: „ქ. უხორცოთა მთავარო გაბრიელ, მეოხ და მფარველ ეყავ ორთავე შინა ცხოვრებათა მამკობსა შენსა რატის, რაჭის ერისთავსა, და ძესა მისსა კახაბერს და ააშენენ აზნაურნი, ეკლესიასა შენსა შემავალნი, და მოხევენი და ხევნი და ეკლესიისა შვილნი...“; „ქ. წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, შეიწყალე ვახტანგ ... ისძე. მოიჭედა მისსა ნაცვლობასა შიგან...“. ჯვარი ინახება ქუთაისის ნ.ბერძენიშვილი სახ. სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში (ბოჭორიძე 1935: 289-292; უვაროვა 1894: 125-127; ჩუბინაშვილი 1959ა: 489-493).
- ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 20; ბოჭორიძე 1935: 289-338; გიულდენშტედტი 1962: 293; თაყაიშვილი 1963: 44-47; იევლევი 1969: 86, 166; სინ 1973: 747; ტოლოჩანოვი 1970: 152, 265; უვაროვა 1894: 125-127; ქრონიკები 1967: 635; ქც 4: 764,17; 870,20; ჩუბინაშვილი 1959ა: 489-493.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.