ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტაბ ტაგ ტან ტაშ

ტაბაკინი


(ქც 4: 757,2,4). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 757,2,4), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 299).

ვახუშტი ბაგრატიონი ტაბაკინის შესახებ გადმოგვცემს: „სვირის ხევს ზეით მოერთვის სამხრიდამვე ყვირილას ტაბაკინის ხევი. გამოსდის ფერსათსავე, მოდის სამხრიდამ ჩდილოთ. ტაბაკინს ამ ხევს ერთვის გენებერულის ხევი. სდის ფერსათს. და ტაბაკინს არს მონასტერი, კეთილს შუენიერს ადგილს და აწ უქმად“ (ქც 4: 757,1-5).

მდებარეობს ზესტაფონის მუნიც-ში, ზესტაფონიდან სამხრეთით 7 კმ-ის დაშორებით, მდ. აჯამურის (მდ. ყვირილას მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ტაბაკინის ტერიტორიაზე.

XVIII ს-ში ტაბაკინი შედიოდა ისტორიულ ლომსიათხევში (ცქიტიშვილი 1964: 72).

სოფ. ტაბაკინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფ. კინოფის ტერიტორიაზე აღმოჩნდა შუაბრინჯაოს ხანის დასაწყისის ბრინჯაოს ყუამილიანი ცული. ტაბაკინის ჩრდილოეთით 2 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფ. ზემო კლდეეთში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ჭვირული ბალთა. იმავე სოფელში 1941 წ. მიწის დამუშავების დროს დაზიანდა რამდენიმე სამარხი.

1941 წ. დეკემბერსა და 1942 წ. იანვარში კლდეეთში მოეწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის განყოფილების ერთობლივი ექსპედიცია (ხელმძღ. დ.ლომაძე). შემთხვევით აღმოჩენილი ნივთების ადგილზე გაითხარა 6 ქვაყრილიანი ორმოსამარხი. №№1, 2 სამარხებში დაკრძალული იყო თითო მიცვალებული, №4 სამარხში – ორი. მიცვალებულები ესვენა კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით. №3 სამარხში დაეკრძალათ შეკაზმული ცხენი, №6 სამარხში – ძაღლი და შეკაზმული ცხენი (ლომთათიძე 1957ა: 5).

კლდეეთის სამაროვანზე აღმოჩნდა მდიდარი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა: I. ჭურჭელი: ვერცხლის პატერა, რომლის ტარი შემკულია ვერძის თავის სკულპტურული გამოსახულებით; პინაკი; ფინჯნები და ლანგრის ფრაგმენტები. მინის სანელსაცხებლე და სასმისის ფრაგმენტები. II. საბრძოლო იარაღი: ბრინჯაოს კვერთხისთავი, აბჯრის ფრაგმენტები, რკინის შუბისპირები, სამფრთიანი ისრისპირები, სატევარი, მახვილი, რომელსაც ახლავს ვერცხლის ბუდეში ჩასმული სარდიონის გემა არწივისა და ქალღმერთის გამოსახულებით. III. სამეურნეო იარაღი: რკინის დანა, ნამგალი, ცული. IV. სამკაული: ოქროს საკისრე რკალი, აგრაფი სარდიონის გემით, რომელზეც გამოსახულია თავსაბურავიანი მამაკაცის პორტრეტი, მოთვალული მართკუთხა ბალთები, შემკული ფრინველების გამოსახულებებითა და ძეწკვზე დამაგრებული მრგვალი ფირფიტებით, სხვადასხვა ფორმის საკიდები, ვარდულები, საყურე მტევნის გამოსახულებით, ორწილადი სამაჯური, სამაჯური გველისთავისებური დაბოლოებებით. ვერცხლის საკისრე რკალი, ორწილადი სამაჯური, ბეჭედი სარდიონის გემით, რომელზეც გამოსახულია ლომის ნადირობა ირემზე. ბრინჯაოს ფარაკიანი ბეჭედი ფრინველის გამოსახულებით, სხვადასხვა ფორმის საკიდები, რკინის ბეჭედი სარდიონის გემით, რომელზეც გამოსახულია მეომარი ხელში ქალღმერთ ნიკეს ფიგურით, ბეჭედი სარდიონის გემით, რომელზეც გამოსახულია ათენა პალადა. მინის სხვადასხვა ფორმის მძივები, ლურჯი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავი მხედრის გამოსახულებით, მინისებური პასტის, ქარვის, სარდიონის, ოპალის, ამეთვისტოს მძივები. V. ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები: ოქროს მშვილდსაკინძი ალმანდინის თვლით, ვერცხლის მშვილდსაკინძები, აბზინდები, ბრინჯაოს ბალთა ცხენოსნის გამოსახულებით, მშვილდსაკინძები. VI. მაგიური და საკულტო დანიშნულების ნივთები: ვერცხლის ბუდეში ჩასმული ავგაროზი-კბილი, ზარაკი, ბრინჯაოს ირმის ქანდაკება ოთხი ზარაკით, საკიდები: შვლის, ძაღლის, ცხვრის, ხარის თავის, ჯიხვის თავის, ფრინველის გამოსახულებით. VII. ცხენის აღკაზმულობა: ბრინჯაოს სალტე, ბალთა, ჭვირული საყბეური, აბზინდები, ეჟვნები, რკინის ლაგამი და აბზინდები (ლომთათიძე 1957: 13-92). VIII. მონეტები: ოქროს სტატერი – 13 ცალი, ვერცხლის დრაქმა პართიის მეფეების გოტარზეს 9 ცალი და ვოლოგეზ I-ის 2 ცალი, რომის იმპერატორების: ავგუსტეს 11 ცალი დენარი; თითო დიდრაქმაა ნერვას, ადრიანეს, ანტონინე პიუსისა და მარკუს ავრელიუსის (ლომთათიძე 1957ა: 92-98; აბრამიშვილი 1974: 75-78, 85, 108). კლდეეთის სამაროვანი თარიღდება ახ. წ. II ს-ით. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

იმავე 1941 წ. სოფ. კლდეეთის მახლობლად ადგილ „ქურდოულაზე“ მიწის დამუშავების დროს აღმოჩნდა ბიზანტიური სპილენძის მონეტა, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (აბრამიშვილი 1989: 129).

სოფ. ტაბაკინში დგას ძლევის წმინდა გიორგის ორნავიანი ეკლესია. აქვს ნახევარწრიული აფსიდა ერთი სარკმლით. სამხრეთის მხარეს სტოაა. ჩრდილოეთის ნავი და სტოა აღმოსავლეთით ბოლოვდება ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესიის ქვეშ საძვალეა. ინტერიერი მოხატულია რელიგიური სიუჟეტებითა და ქტიტორთა პორტრეტებით. სამხრეთის კედელზე შემონახულია ქუთაისის ეპისკოპოსის გერმანე ჩხეტიძის გამოსახულება, რომელსაც ახლავს მხედრული წარწერა: „აქა წმიდა გიორგის მონასტერი ძლევისა და ყოლა წმიდისა ღვთისმშობლისა დაკნინებული დაოხრებული აღვაშენე მე, ჩხეტიძემა ქუთათელმა გერასიმე...“ ეკლესია აიგო VI-VII სს-ში. ხელმეორედ აშენდა X ს-ში. განახლდა და მოიხატა XVI ს-ში (გაფრინდაშვილი, ჩუბინაშვილი 1969: 28-33; მამაიაშვილი 1991: 3-13).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1974: 75-78, 85, 108; 1989: 129; გამყრელიძე 2009: 79; გაფრინდაშვილი, ჩუბინაშვილი 1969: 28-33; გიულდენშტედტი 1962: 299; ლომთათიძე 1957ა; მამაიაშვილი 1991; ცქიტიშვილი 1964: 72; ქც 4: 757,2,4.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9