ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტაბ ტაგ ტან ტაშ

ტანძია 

სოფელი (ქც 4: 316,12).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 316,12), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 52, 53), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 443, 497, 508; საქ. სიძ. 1909: 209; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 37; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 199; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 26, 91; 1985: 910).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს, რომ აკაურთასა და ტანძიაში ყოფილა ქვიტკირით ნაგები მრავალი შენობა (ქც 4: 316,12).

მდებარეობს ბოლნისის მუნიც-ში, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. ტანძიის ტერიტორიაზე.

სოფ. ტანძია XIV ს-ის პირველ ნახევარში შეუსყიდია ქავთარ ქაჯფაძეს და შეუწირავს ფიტარეთის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის (თაყაიშვილი 1929: 84-94). 1559 წ. სიმონ მეფემ (1556-1600) განუახლა სვეტიცხოველს ძველად შეწირული ტანძიელნი მათი მამულითურთ (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 199). 1721 წ. აღწერით ტანძია საყაფლანიშვილოს სოფელია და იქ იყო მათი ზვრები. ცხოვრობდა 39 კომლი (გვრიტიშვილი 1955: 140, 175). 1658 წ. ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი.

ტანძია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფელში დგას სასახლის ნანგრევები და ორი ეკლესია. ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის თავზე არსებულ 1670 წ. მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის ამშენებელი პაპუნა ორბელიანი (ქრონიკები 1897: 508; თაყაიშვილი 1929: 94). მეორე ეკლესიაც დარბაზულია (8X5მ). ნაგებია ალგეთის მოწითალო თლილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. კარ-სარკმელები მოჩუქურთმებულია. ფასადებს ამკობს ჯვრების, ლომების, არწივისა და ქერუბიმების რელიეფური გამოსახულება. სამხრეთ კედელზე გამოსახულია მზის საათი. შემორჩენილია წარწერები: „წმიდა ნიკოლოზ მეოხ ექმენ პატრონს ორბელს“. ტანძიის ეკლესიის სვინაქსარის წარწერების ცნობით, ეკლესია 1683 წ. ააშენა მდივანბეგმა ვახტანგ ორბელიანმა (ქრონიკები 1897: 497; თაყაიშვილი 1929: 93, 94; თუმანიშვილი 1979: 24-30). ტანძიაში შემორჩენილია კიდევ რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 52, 53; გვრიტიშვილი 1955: 140, 175; თაყაიშვილი 1929: 88-95; თუმანიშვილი 1979: 24-30; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 199; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 37; საქ. სიძ. 1909: 209; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 26, 91; 1985: 910; ქრონიკები 1897: 443, 497, 508; ქც 4: 316,12.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9