ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტბე ტბი

ტბეთი

  1. (შავშეთის) (ქც 4: 673,12; 679,12,14,17).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 673,12; 679,12,14,17), მატიანე ქართლისა (ქც 1: 260,1; 292,9), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატუნიანთა“ (ქც 1: 380,10; 386,1,2, 9,10), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 247,8; 483,23), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ... 1979: 119), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 212, 220, 221, 223, 226, 227, 230, 232, 237, 240, 542), გვიანი შუა საუკუნეების თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 67).

    ვახუშტი ბაგრატიონი შავშეთის აღწერისას ტბეთის შესახებ გადმოგვცემს: „სათლეს ზეით არს ტბეთი, სამხრით ამ მდინარის კიდესა, რომელმან მოიგო სახელი მუნ მყოფთა მცირედთა და მრავალთა ტბათაგან. ტბეთს არს ეკლესია გუმბათიანი, მდიდრად ნაგები, და დიდშუენიერი. ... იჯდა აქ ეპისკოპოზი, მწყემსი ანაკერტს ზეითისა, სრულიად შავშეთისა და არტანუჯისა. ტბეთის პირისპირ, ჩდილოთ კერძ, მდინარის გაღმა, არს თუხარისი“ (ქც 4: 679,12-18). „ერუშეთს მზღვრის ... დასავლით მთა არსიანი, სადაცა გარდავლენან გზანი შავშეთს და ტბეთს“ (ქც 4: 673,8-12).

    ლოკალიზდება ისტორიულ შავშეთში. სოფ. ტბეთი ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში, ართვინის ოლქში. ცნობილია ჯევიზლის სახელით (თურქული წყაროები ... 1983: 67,შენ.89).

    აშოტ კუხმა X ს-ის დასაწყისში იქ ააგო საეპისკოპოსო ტაძარი და დასვა ეპისკოპოსად სტეფანე მტბევარი (ქც 1: 260,1, 380,10). საბა მტბევარმა ბიზანტიის აგრესიისაგან თავდასაცავად ტბეთის თავს, ეკლესიის მახლობლად, ააგო ციხესიმაგრე და უწოდა „სუეტი“ (ქც 1: 386,1,2,9,10). X ს-ში ტბეთი წარმოადგენდა კულტურის მნიშვნელოვან კერას. მეფე დავით VII ულუმ (1247-1270) სარგის ციხისჯვარელ-ჯაყელს სიგელით უბოძა საყდარი ტბეთი შავშეთში (ქც 2: 247,7,8). XVI ს-ში შავშეთი დაიპყრეს ოსმალებმა, რის გამოც ზემო ტბეთი გაუკაცრიელებულა. ქვემო ტბეთში კი 12 კომლი ცხოვრობდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 159).

    შავშეთის ტბეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1992: 100; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 212, 220, 221, 223, 226, 227, 230, 232, 237, 240, 542; თურქული წყაროები ... 1983: 67; ქრონიკები 1897: 25, 275; ქც 1: 260,1; 292,9; 380,10; 386,1,2,9,10; ქც 2: 247,8; 483,23; ქც 4: 673,12; 679,12,14,17; ჩილდირის ... 1979: 119.
  2. (ქართლის) (ქც 4: 221,6; 372,25).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 221,6; 372,25), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 200; საქ. სიძ. 1920: 135; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 204; 1981: 26, 140, 360, 420, 453, 479, 522, 524, 549, 567; 1985: 70, 160, 419; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 113; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 136; აქტები ... 1856: 469), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39, 41), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 277, 293).

    ვახუშტი ბაგრატიონი დიდი და პატარა ლიახვის მიდამოების აღწერისას გადმოგვცემს: „ტბეთს ზეით არს ნაციხარი. ამას ზეით ითხრების ქვა შავი დუდეთს“ (ქც 4: 372,25,26).

    მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, ცხინვალიდან 3,5 კმ-ის დაშორებით, სოფ. ერედვის მახლობლად (მაკალათია 1971: 80, 81).

    იოჰან გიულდენშტედტი სოფელ ტბეთს ორგან ასახელებდა: პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს და რაჭაში – რიონზე, კრიხულას ქვემოთ (გიულდენშტედტი 1962: 277, 299). იოანე ბაგრატიონი ტბეთის სახელით ორ სოფელს იცნობდა: საამილახვროსა და ცხინვალის სოფელ ტბეთს (ბაგრატიონი 1986: 39, 41).

    ცხინვალის მუნიც-ის სოფ. ტბეთიდან ვარაუდობენ ცნობილი ქართული ფეოდალური გვარის – მტბევარის წარმოშობას (მაკალათია 1971: 80, 81). IX-X სს-ში მათ ტბეთში ჰქონიათ სასახლე და ციხესიმაგრე. დღეისათვის იქ შემორჩენილია: X-XI სს-ის ეკლესია ბორცვის ჯვარი; გვიანი შუა საუკუნეების მაცხოვრის ეკლესია ციხესიმაგრისა და სხვა შენობათა ნანგრევები (ბარნაველი 1959: 150). ტბეთის ტაძარს ამკობდა ჩუქურთმიანი და წარწერიანი ქვები. ჩუქურთმიანი ქვები შემდგომში გამოუყენებიათ ცხინვალის საავადმყოფოს აგებისას. წარწერიანი ქვები დაკარგულია. შემორჩენილია ტაძრის არქიტრავის ქვა წარწერით: „ქ. სახელითა ღმრთისაითა ესე ბალაჰვარი მე ტბელმან პატრიკმან ძემან ქავთარისამან დავდევ სალოცავად სულსა ჩემსა და შვილთა ჩემთა. ჯვარო ბორცვისაო მეოხ გვექმენ.“ დანარჩენ წარწერებში მოხსენიებულია ქავთარ, ივანე, ოქროპირ და დავით ტბელები (მაკალათია 1971: 80, 81; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 68, 69).

    ცხინვალის მუნიც-ის სოფ. ტბეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

    ამბროლაურის მუნიც-ის სოფ. ტბეთი მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ამბროლაურიდან 28 კმ-ის დაშორებით. სოფლეში დგას XI-XII სს-ის მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია (6X3,45მ). ნაგებია შირიმის გათლილი და კლდის ქვით. შესასვლელი ჰქონია სამი მხრიდან. მათგან ჩრდილოეთის კარი მოგვიანებით ამოუქოლავთ. სამხრეთის ფასადზე ჰქონია დაზიანებული წარწერები, რომლებიც ასე იკითხება: „წმიდაო სამებაო,“ „წმიდაო გიორგი შეიწყალე“ (ბოჭორიძე 1994: 61-63).

    ტბეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

    გარდა აღნიშნულისა, ტბეთის სახელწოდების სოფლები საქართველოში დღეისათვის არის: ჯავის, გულრიფშის, შუახევისა და ახალგორის რაიონებში.
     
    ბიბლიოგრაფია: აქტები ... 1866: 469; ბაგრატიონი 1986: 39, 41; ბარნაველი 1959: 150; ბოჭორიძე 1994: 61; გიულდენშტედტი 1962: 271, 293; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 20, 419; 1953: 113; დადიანი 1962: 106, 146; მაკალათია 1971: 80, 81; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 200; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 136; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 68-69; საქ. სიძ. 1920: 135; ქართ. სამართ. ძეგ. 1979: 204; 1981: 26, 140, 360, 420, 453, 479, 522, 549, 567; 1985: 70, 160, 419; ქართ. წარწ. კორ. 1980.
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9