ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტეზ

ტეზერი

ტეძერი (ქც 4: 377,28; 890,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 377,28; 890,22), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 51), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ისტ. დოკ. 1958: 46, 47; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 138, 371).

ვახუშტი ბაგრატიონი ტეძერის შესახებ გადმოგვცემს: „სურამის ბეკმიდამ ასტყდების მაღალი გორა ... ამ მთის სამხრით არს ბეკამი, ტეძერი, ვიდრე შოლამდე“ (ქც 4: 377,26-29).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, ხაშურიდან 7 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. ტეზერის ტერიტორიაზე.

1735 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ (1720-1752) ტეძერს მყოფი ვახუშტი აბაშიძის წინააღმდგ გააგზავნა თავისი ძმა გიორგი და ლევან აბაშიძე, რომლებმაც მას სახლი დაუწვეს, თვითონ კი ნავარძეთის ციხეში დაამწყვდიეს (ქც 4: 890,20-23; 891,1,2). 1759 წ. მეფე თეიმურაზ II-მ (1744-1762) ტეძერთან დაამარცხა ლეკები (ბაგრატიონი 1983: 51). XVIII ს-ის მეორე ნახევრის აღწერით, ტეძერი სააბაშოში შედიოდა (ბაგრატიონი 1986: 45).

ტეძერი (ტეზერი) არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფელში, მჭედლიშვილების უბანში, მდებარეობს გვიანი ბრინჯაოს ხანის პატარა გორანამოსახლარი (25X12 მ), სადაც ზედაპირულად აიკრიფა შავად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, კაჟის ნამგლის დაკბილული ჩასართები, ხელსაფქვავის ქვა და სხვ. (სძა 1990: 448).

სოფლის სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის XIX ს-ის დარბაზული ეკლესია (13,5X8 მ). ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. კამარა, კონქი და საბჯენი თაღები ხისაა. სამხრეთით და დასავლეთით თაღოვანი შესასვლელებია. აფსიდი ნახევარწრიულია. აფსიდის სარკმლის მარცხნივ ორი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის იატაკი შემაღლებულია, შუაში ნახევარწრიული არდაბაგით. დარბაზის დასავლეთ ნაწილში პატრონიკეა. იატაკი მოგებულია ქვის ფილებით. სამხრეთის შესასვლელს შემოვლებული აქვს პროფილირებული ჩარჩო. მოგვიანებით ეკლესიისთვის მიუშენებიათ სამრეკლო, რომელიც დაზიანებულია (სძა 1990: 448).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 51; ბაგრატიონი 1986: 45; ისტ. დოკ. 1958: 46, 47; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 138, 371; სძა 1990: 448; ქც 4: 377,28; 890,22.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9