ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტოლ ტონ

ტოლა

ციხე (ქც 4: 749,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 749,22; 762,22; 763,9; 770,5), 1793 წ. შეწირულობის წიგნი (დას. საქ. საბ. 1921: 95), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 119, 291).

ვახუშტი ბაგრატიონი ტოლას შესახებ გადმოგვცემს: ტოლას „ხევი მოერთვის რიონს ჩდილოდამ. ამ ხევზედ, დასავლის კიდეზედ, არს, კავკასიდამ ჩამოსულს მთის კლდეზედ, ციხე ტოლა, შენი ფრიად მაგარი“ (ქც 4: 762,18-22).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. პირველ და მეორე ტოლას ტერიტორიაზე (ბერაძე 1983: 12).

სოფელი და ციხე წარმოადგენდა რაჭის უკიდურეს სოფელს რაჭა-ლეჩხუმის საზღვარზე. იოჰან გიულდენშტედტის აღწერით, ციხე ტოლა მდებარეობს ონს ქვემოთ, რიონის მარჯვენა მხარეს და აქვს დიდი გაშლილი სოფელი (გიულდენშტედტი 1962: 291). XVIII ს-ის დასასრულისათვის პირველი ტოლა ეკუთვნოდათ გელოვანებს, რომლებსაც იქ ჰქონდათ ციხე-დარბაზი და სასახლე. მეორე ტოლა საყიფიანო იყო (ბერაძე 1975: 148, სქ. 39). 1793 წ. მანუჩარ ყიფიანმა სოფ. ტოლაში მცხოვრები გლეხები შესწირა გელათის მონასტერს (დას. საქ. საბ. 1921: 95). სოფ. ტოლაში ყმა-მამულები ჰქონდა ველტყევის ნათლისმცემლის ეკლესიას (ბერაძე 1975: 150). შქმერის ქედის გადასასვლელით ტოლა უკავშირდებოდა ცხენისწყლის სათავეებში მდებარე სოფლებს, უმოკლესი გზით კი – ჭყვიშის ციხეს (ბერაძე 1983: 143).

სოფელი ტოლა და ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფ. პირველ ტოლაში არის ციხის ნანგრევები და მაცხოვრის ეკლესია; მეორე ტოლაში წმინდა სამების ეკლესიაა. ორივე ეკლესია დაზიანებულია (ბოჭორიძე 1994: 124, 269).

მაცხოვრის ეკლესია დარბაზულია (6,3X4,7 მ). ნაგებია შირიმისა და რიყის ქვით. იატაკი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. თითო სარკმელია აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში. დასავლეთის კარის გასწვრივ, გარედან, ჯვრის გამოსახულებაა (ბოჭორიძე 1994: 124).

სამების ეკლესია დარბაზულია (5X3,8 მ). ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებით. შესასვლელი დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი მხრიდანაა. თითო სარკმელია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. დაზიანებული ტრაპეზი საკურთხევლის შუაშია. საკურთხეველში პატარა თახჩებია. ჩრდილოეთი კედლის ცენტრში მოზრდილი თახჩაა. დასავლეთის კედლის თავზე ჯვრის გამოსახულებაა (ბოჭორიძე 1994: 124).
 
ბიბლიოგრაფია: ბარნაველი 1959: 20; ბერაძე 1975: 132-153; 1983: 12, 143; ბოჭორიძე 1934: 204; 1994: 124, 269; გიულდენშტედტი 1962: 113, 291; დას. საქ. საბ. 1921: 95; საქ. ისტ. რუკა 1923; ქც 4: 749,22; 762,22; 763,9; 770,5.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9