აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ახა ახი ახმ ახტ

ახალგორი

ქალაქი (ქც 4: 359,11, 412,7, 623,5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 359,11, 412,7, 623,5), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 372,24), იკოთის XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 23; 1967: 10, 11, 106; წილკნელის სარგოს ... 1925: 25-26; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 85, 267; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 561; 1974: 38, 643; 1981: 554, 779; 1985: 421; ქართულ-სპარსული ... 1955: 237), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 37, 41, 42), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 36), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 44, 70, 216, 227), დე გრაი დე ფუას „რელაციები“ (დე გრაი დე ფუა 1985: 53), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 47-53, 95-97, 275; 1964: 29, 143-145, 229).

მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, თანამედროვე რაიონული ცენტრის, ახალგორის ტერიტორიაზე.

ახალგორი XIV ს-ში ქსნის საერისთავოში შედიოდა. 1569 წ. ქართლის მეფე სვიმონ I-მა (1556-1600) ის ქსნის ერისთავს ჩამოართვა. XVII-XVIII სს-ში ახალგორი ქსნის საერისთავოს ცენტრი და მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქია (გვასალია 1967: 49).

1908 წ. ქსნის ხეობაში, სოფ. საძეგურთან შემთხვევით აღმოჩნდა ე. წ. „ახალგორის განძი“ (იხ. საძეგური). ნივთები შეაგროვა და შეიძინა ე. თაყაიშვილმა (თაყაიშვილი 1915: 139-146). 1917 წ. ახალგორის მიდამოებში აღმოჩნდა მდიდრული სამარხი, რომლის ინვენტარიც საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმმა შეიძინა (აფაქიძე ... 1955: 202).

ახალგორის ტერიტორიაზე მიკვლეულია ნეოლითური სადგომი. მასალა ინახება ახალგორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (გვასალია 1983: 49). ნ. მზარეულოვის კერძო კოლექციაში ინახებოდა ახალგორის მიდამოებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხარის 2 მასიური ქანდაკება (გაგოშიძე 1964: 85). ნივთები ამჟამად დაცულია ს. მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ახალგორში შემთხვევით აღმოჩენილი ახ. წ. IV ს-ის მდიდრული სამარხიდან ცნობილია შემდეგი ნივთები: ვერცხლის თასი, ოქროს 2 წყვილი საყურე, თვალედი ბეჭდები, ბრინჯაოს 2 აბზინდა, ორწილადი მშვილდსაკინძი და შაბურ II-ის ოქროს მონეტა (აფაქიძე ... 1955: 202; გაგოშიძე 1964: 84). მონეტის ავერსი დაშტამპულია ოქროს მონეტის, ხოლო, რევერსი – ვერცხლის მონეტის შტამპით (ჯალაღანია 1979: 12). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

ქსნის ერისთავთა ციხე-დარბაზები დგას მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, ალევის ქედის კალთაზე. მათგან კარგად შემონახულია მხოლოდ ერთი ციხე-დარბაზი. ის ქვითა და აგურითაა ნაგები და მართკუთხა ფორმა აქვს (ფართობი 1300 კვ მ). გალავანი გამაგრებულია ორი მართკუთხა, ერთი მრგვალი და ერთი მრავალკუთხა კოშკით. მაღალი ოთხკუთხა კოშკი შედარებით უკეთაა შემონახული. მას ორფერდა სახურავი ჰქონდა. კოშკის კედელში დაყოლებულია სათოფურები. მეორე ოთხკუთხა კოშკის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემონახული. სამსართულიანი მრავალკუთხა კოშკი საცხოვრებელი დანიშნულებისაა. XIX ს-ში სასახლის პირველი სართული გაუფართოებიათ და მეორე სართული დაუშენებიათ. მეორე სასახლე დგას პირველისაგან 100 მ დაშორებით. ის გეგმაში კვადრატულია. კუთხეებში ჩაყოლებულია კოშკები. სასახლე ორსართულიანი ყოფილა. ის კარით უკავშირდებოდა კუთხის კოშკებს. შემორჩენილია აბანოსა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები. მესამე, მომცრო სასახლე დგას მდინარის პირას. შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკისა და გალავნის ნარჩენები. კოშკის პირველ სართულზე დატანებულია ჭიშკარი. სართულს კამაროვანი გადახურვა აქვს. სამივე ციხე-დარბაზი XVII-XVIII სს-ით თარიღდება (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 153-159).
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1955; ბაგრატიონი 1986: 36; გაგოშიძე 1964; 1976: 10; გვასალია 1967: 9-54; გვასალია 1983: 49; გვრიტიშვილი 1955: 159; გიულდენშტედტი 1962: 47-53, 95-97, 275; 1964: 29, 143-145, 229; გორგიჯანიძე 1925: 37, 41, 42; დე გრაი დე ფუა 1985: 53; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 85, 267; ზაქარაია 1963: 110; 1969: 94-105; თაყაიშვილი 1915: 139-146; ლორთქიფანიძე 1985: 161; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 153-159; ორბელიანი 1981: 44, 70, 216, 227; სმირნოვი 1934; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 561; 1974: 38, 643; 1981: 554, 779; 1985: 421; ქც 2: 327,17; ქც 4: 359,11, 412,7, 623,5; ქართულ-სპარსული ... 1955: 237; ქრონიკები 1897: 23; 1967: 10, 11, 106; წილკნელის სარგოს ... 1925: 25-26; ჯალაღანია 1979: 12.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9