მონასტერი (ქც 1: 273,24).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 273,24), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 377,11, სქ. 1; 379,15), XIII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 208; ისტ. დოკ. 1958: 55; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 561; ქართულ-სპარსული ... 1984: 45, 47), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44).
მდებარეობდა ხაშურის მუნიც-ში სოფ. ალის დასავლეთით, მდ. ჭერათხევის ხეობაში.
ვახუშტი ბაგრატიონი ულუმბოს შესახებ გადმოგვცემს: ჭერათხევის „ზეით არს მონასტერი ულუმბას, უგუნბათო, დიდი დიდშენი, მიქელ იგ (13) მამათაგანის ქმნული, და დაფლულ არს მიქელ მუნვე, ზის წინამძღვარი“ (ქც 4: 377,9-13).
ალიდან ლიხთიმერეთში გადასასვლელი ერთი გზა მიემართებოდა ულუმბა – დედაბერა – ღოდორა – ლიჩი – ნადაბურის მიმართულებით. გზა ძირულის ხეობით გადიოდა შორაპნისაკენ (გვასალია 1989: 6).
ძველი მონასტრის ადგილას ახლა აღმართულია 1871 წ. ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით აგებული ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც დაშენებულია ძველი ეკლესიის კედლებზე. ძველი ეკლესია საკმაოდ დიდი ყოფილა – სიგრძით დაახლ. 24 მ. ეკლესია მოხატული ყოფილა (კიპაროიძე 1974: 36). მონასტერი ერთ-ერთ ასურელ მამათაგანს, მიქაელ ულუმბოელს დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). აქ მოღვაწეობდა იოანე მთაწმინდელი (ქც 1: 273,24). XIV ს-ში მონასტერი თემურ-ლენგის ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს, ქუცნა ამირეჯიბს, მონასტერი აღუდგენია 1400-1415 წლებში (ქრონიკები 1897: 78) XVIII ს-ის პირველ ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო – „ზის წინამძღვარი“ (იოსელიანი 1936: 274). XIX ს-ში დაზიანებულია მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები. შემდგომ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ. ეკლესია დარბაზულია (16X9,30 მ). ნაგებია ფლეთილი ქვითა და ქვათლილებით. შესასვლელი სამხრეთითა და დასავლეთით აქვს. სამხრეთის კარი ძველი ეკლესიისაა. აფსიდა ნახევარწრიულია. აფსიდსა და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში – ორ-ორი. XX ს-ის 70-იან წლებში ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე აღმოჩნდა XI ს-ის ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი: „ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გოვირგოვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსავლისავე ...“ (კიპაროიძე 1974: 45-46).
ულუმბო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 44; ბაქრაძე 1875: 151; გვასალია 1989: 6; იოსელიანი 1936: 274; ისტ. დოკ. 1958: 55; კიპაროიძე 1974: 36-47; სძა 1990; 412-414; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 561; ქართულ-სპარსული ... 1984: 45, 47; ქრონიკები 1897: 208; ; ქც 1: 273,24; ქც 4: 377,11,სქ.1; 379,15.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.